№35 ადამიანის ზნეობრივი ზეაღსვლა
ადამიანის სიცოცხლის მიზანია არა პირადი კმაყოფილების ძიება, არამედ დაუსრულებელი წინსვლა გონებრივ-ზნეობრივი სრულყოფისათვის (მოძღვ., 66); „ესე არს უმაღლეს ყოველთა კაცობრივთა აღსავალთა, რათა კაცი ამაღლდეს ყოველთა ნივთთა ზიარებისთვის და თვინიერ პირადის საუკუნის ძიებისა, უსასყიდოლოდ იყოს მსგავსი ღმერთ-კაცისა იესოსი“ (წერ. და მსჯ., 6).
წამყვანი ძალა ამ მიმართულებით იესო ქრისტეა. სხვა გზა არ არსებობს: „მისი მოძღვრება ლამპარია, მანათობელი გზისა, მისი სახე აღმავსებელი სასიცოცხლო ენერგიითა“ (ალექსი, 1,21; ტკბილო იესო); რწმენა და ცოდნა მარტო არ კმარა, საჭიროა საქმე (ბრძოლა თავის თავთან, 16,22). ეს საქმეა ზნეობრივი თვისებების განმტკიცება. თვით დიდი ასკეტი, მარხვისა და ლოცვის იშვიათი მაგალითი, ადამიანის სიმაღლეს საზღვრავს არა გარეგანი ხორცის დამსჯელი საქმიანობით, არამედ ზნეობრივ-იდეალური თვისებების განვითარებით. თავისთავად ეს საქმე მსუბუქია, ყველასათვის ხელმისაწვდომი. „მან სახიერმან და ყოვლად ბრძენმან ღმერთმან არა დასდვა მძიმე რამე და გარდაუხდელი კანონი, რათა ვერ შემძლებლობითა მიზეზ გვეყო. არა სთქვა ოქროთა სიმრავლე მიცემად. გინა ნივთიერი მსახურება, არამედ სრულიად უფასო, ადვილი და მოკლე გზა, თვით ბუნებასა შინა ჩვენსა აგებული“ (მოძღვრება, 44,27). მოქმედების ძირითადი საზომი და შინაარსის განმსაზღვრელია: „ყოველი, რომელი გინდეს თქვენ, რათა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ჰყავთ მათდა მიმართ“ (ბრძოლა თავის თავთან, 31). ამავე დროს ქრისტეს მსუბუქი უღელი ზნეობრივი ზეაღსვლა – „ჯვარია“ შინაგანი ბრძოლით და ხანგრძლივი ღვაწლით მოსაპოვებელი. ხორციელი ვნებანი ებრძვიან ადამიანის იდეალურ მისწრაფებებს, სულიერ ვნებათა, ბროტების გამოსადევნად მთავარი იარაღია ლოცვა, მარხვა და უპოვარება-უანგარობა.
აღსარებისთვის
რომელი აღსარებასა შინა თავსა თვისსა იმართლებდეს. იგი უკურნებელ ჰყოფს სულსა თვისსა, რამეთუ არა იცის მან ჭეშმარიტი ძიება მიზეზისა და გულის-ხმის ყოფა საღვთო არა მოუგია მას.
აღსარების თქმაში ბარგები არ არის საჭირო და მრავალ ურგები სიტყვებით მიმოდაბნევა, არამედ პირდაპირ სთქვი: თავი გაიმტყუნე, შენი უთმენლობა აღიარე და ნუ იწყებ თავის მართლებას, თუ გინდ სხვისი ბრალი იყოს მაინც, შენ რომ ვერ მოითმინე, მაინც ბრალეული ხარ და ამას იგლოვდე.
აგრეთვე, ვინმემ რაიმე წაგართვა, გინა დაგაბრკოლა და წაეკიდე მას და აღსარებაშიც მას ამტყუნებ და თავს იმართლებ იცოდე ქრისტეს მოძღვრება სულ არ გაგიგია, და ჭეშმარიტ აღსარებისაგან სრულიად შორს ხარ.
ჭეშმარიტი აღსარების მთქმელი ოდეს წარსდგება მღვდლის წინაშე ოლარის ქვეშ ყოვლად შემუსვრილია და სირცხვილი თავისი უღირსებისა არ აძლევს ნებას მიზეზისა ძიებად და სხვისადმი დაბრალებად. არამედ მხოლოდ თავსა თვისსა განაშიშვლებს და ყოველ საქმეში ბრალდებულად თავსა ხედავს და არა სხვასა.
ნუ ეძიებ სხვისა კანონსა და ნუ იტყვი, თუ იგი რად არღვევს ქრისტეს მცნებას. არამედ ეძიე შენი კანონი თუ შენ რა გმართებს ყოფად, რათა ქრისტეს მოწაფეობა გაამართლო საქმით.
ნუ ერჩი ბოროტსა განმზრახსა სულსა, უკეთურსა, რომელი გეტყოდეს ვითარმედ, – უკეთუ შენ ყოველთვის დაუთმო ძმასა შენდამი შეცოდება იგი წახდების და მიეჩვევისო, არამედ მოიგონე სიტყვა სახიერის მოძღვრისა, რომელი იტყვის სამოცდაათშვიდ გზის შენოდობასა და სიტყვებასა და ამისგან სცანი, რომ შენი საკუთარი კანონია ყოვლადვე და მარადის მოთმინება.
თუმცა ძმისა კანონია არა გავნოს მოყვასსა, გარნა შენი კანონი დაითმინო მისი კანონია, რომ არ გაგინოს, მაგრამ შენი კანონია, რომ მაგინებელი აკურთხო, მისი კანონია ბოროტი არ გიყოს მტრულად, მაგრამ შენი კანონია, რომ ბოროტის წილ ბოროტი არ მიაგო და მტერი შეიყვარო. ამისთვის ღვთის წილ ბოროტი არ მიაგო და მტერი შეიყვარო. ამისთვის ღვთის მოყვარენი და ზეციერი სიბრძნის მუშაკნი მისდევენ კანონსა თვისსა და სდებენ სულსა თვისსა ქრისტესთვის მოთმინებითა.
კაცად კაცადმან თვისი ტვირთი იტვირთოს. მაშ შენ შენი იტვირთე!