№35 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ბოლო დროს ძალიან გახშირდა გარდაცვლილი საერო პირების ეკლესიიდან გამოსვენება. რამდენად სწორია ასეთი ქმედება?
პასუხი: ეს ქრისტიანული ტრადიციაა. წინათ საქართველოს ყველა სოფელსაც კი თავისი ეკლესია ჰქონდა. სწორედ იქ აღნიშნავდა სოფელი ჭირსა და ლხინს – ყველა მნიშვნელოვანი ქმედების ადგილი ეკლესია იყო. ეკლესიაში ინანიებდნენ, იწერდნენ ჯვარს, ინათლებოდნენ და აქვე ასვენებდნენ მიცვალებულებს და სამუდამო განსასვენებელში მიაცილებდნენ. ალბათ, შემჩნეული გექნებათ, რომ სოფლის ეკლესია ძირითადად სწორედ სასაფლაოზე იყო აღმართული. ეს ტრადიცია, გასაგები მიზეზების გამო კომუნისტების დროს მოიშალა. საბედნიეროდ, ხალხი დაუბრუნდა ეკლესიას და ძველი ტრადიციებიც აღდგა.
კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩაგვეთვლება ისეთ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება, სადაც ფულადი ჯილდოებია დაწესებული?
პასუხი: გათამაშებაში მონაწილეობის მიღება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ზნეობას, მაგრამ ამით გატაცებას შეუძლია აზარტისა და მეტოქეობის გამოწვევა. ამიტომ ამ საქმიანობის მიმდევარს, ეს საქციელი ცოდვად ჩაეთვლება. თავისთავად, ფულის შოვნა არ არის ცოდვა, რადგან წმიდა მამებს მიაჩნდათ, რომ ფულის გამოყენება სასიკეთო საქმეებისთვისაც შეიძლება. მაგრამ, ფული, სამწუხაროდ, ადამიანის ვნებიან გულს იპყრობს. წმიდა იოანე ოქროპირი წერდა: მინახავს ხალხი, ვინც აგროვებს ფულს გლახაკებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი თანხის შეგროვების შემდეგ, შესძულებია ეს გლახაკნი.
კითხვა: ჩემი ახლობლის შვილმა გადაწყვიტა, მონასტერში შედგეს ბერად. ოჯახში, სიხარულის ნაცვლად დაბნეულობაა. შეიძლება თუ არა, ასეთ გადაწყვეტილებაზე წინააღმდეგობის გაწევა?
პასუხი: თუ ადამიანი უფლისკენ მიისწრაფვის, მისი დაბრკოლება დაუშვებელია. მით უმეტეს, თუ ოჯახში სხვა შვილებიც ჰყავთ, ერთი უნდა გაიმეტონ მშობლებმა უფლისთვის. მონასტერში ხომ უკეთ ილოცებს ის და შეეწევა თავის მშობლებს, ოჯახს, ქვეყანას. ამგვარი გადაწყვეტილების დაშლა და წინააღმდეგობის გაწევა ცოდვად ითვლება.
კითხვა: არსებობენ თუ არა ენერგეტიკული ვამპირები?
პასუხი: როდესაც ვამბობთ ტერმინს – „ენერგეტიკული ვამპირი“, უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის საეკლესიო ტერმინი – ეს ოკულტიზმის ენაა. ენერგეტიკული ვამპირები, როგორც ასეთნი, არ არსებობენ, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის სულიერი არსი გარშემომყოფთაც გადაეცემათ, ამიტომ სხვადასხვა ადამიანის სიახლოვე სხვადასხვაგვარად მოქმედებს ჩვენზე. ღვთისგან მადლმინიჭებულ ადამიანთა გვერდით გვეუფლება სიმშვიდე, სათნოება, გვეძლევა ძალების მოკრების საშუალება და პირიქით – ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა გვთრგუნავს, სასიცოცხლო ძალებს გვაცლის. თუ გსურთ, არ გადატვირთოთ მოსაუბრე, იქონიეთ მის მიმართ კეთილი განწყობა, შეიძინეთ მოსმენის უნარი.
კითხვა: ძალიან დიდი სურვილი მაქვს მართლმადიდებლად მოვინათლო, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ, რა საიდუმლოებებში მეკრძალება ეკლესიაში მონაწილეობის მიღება?
პასუხი: თქვენ ყველანაირ ქრისტიანულ საიდუმლოში გეკრძალებათ მონაწილეობის მიღება. არც მფარველი წმიდანი გყავთ, რომელიც მხოლოდ ნათლობის შემდეგ მოგენიჭებათ. ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება, მალე მოინათლოთ. ეს თქვენი მეორედ, სულიერად, დაბადება იქნება. მანამდე კი შეგიძლიათ, დაესწროთ წირვა-ლოცვას, სანამ მღვდელმსახური კათაკმეველებს (მოუნათლავებს) არ მოსთხოვს, დატოვონ ტაძარი. მონათვლის შემდეგ, ეცადეთ, ხშირად იაროთ წირვა-ლოცვაზე.