№35 რატომ მიიჩნევს თავს ზოგიერთი ქალი ქორწინებაში დაჩაგრულად
რატომ არ ვართ ბედნიერები? რა გვიშლის ხელს, რომ ჩვენი ცხოვრება ისეთი იყოს, როგორც წარმოგვიდგენია? განსაკუთრებით ქალები რჩებიან ხოლმე იმედგაცრუებულები, როცა საყვარელ ადამიანთან ერთად ოჯახს ქმნიან და შემდეგ ხვდებიან, რომ რაღაც შეეშალათ. ფსიქოლოგები ხსნიან მიზეზებს, რის გამოც ქალბატონები ვერ პოულობენ ბედნიერებასა და სიმშვიდეს ოჯახში. მათთვის ქორწინება ხშირად ტვირთია, ცოლის სტატუსი კი – შემაწუხებელი ბორკილები.
ლიზა (31 წლის): ძალიან მძიმე ასატანი ყოფილა, როცა თავს უიღბლოდ მიიჩნევ და ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა. მე ასეთ ოჯახზე არ ვოცნებობდი. ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა. როცა ჩემი მომავალი ქმარი შემიყვარდა, მასზე უკეთესი არავინ მეგონა და დარწმუნებული ვიყავი, რომ თავადაც ასეთი განცდა ჰქონდა. ურთიერთობა ძალიან სწრაფად გაღრმავდა და გასერიოზულდა. პროცესებს ორივე ვაჩქარებდით. ძალიან გვინდოდა ერთად ყოფნა. უკვე ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ მაშინდელ ამბებს, ვხვდები, რომ არასწორად მოვიქეცი და შედეგებს ახლა ვიმკი.
– არასწორად რატომ მოიქეცით, რას ნანობთ?
– იმას ვნანობ, რომ ვიჩქარე ცხოვრების თანამგზავრის არჩევა. ისეთ ადამიანზე დავამყარე იმედები, რომელმაც ისინი ვერ გამიმართლა. უფრო პირიქით – ჩვენი ურთიერთობა დღითიდღე ფუჭდება. ასევე, ჩემი წარმოდგენა მასზე. ეს საშინელებაა. რა არ გავაკეთე, მისი გული რომ მომეგო, იმ ხუთი წლიდან, რაც გათხოვილი ვარ, ოთხი წელი მაქსიმალურად ვცდილობდი, მისთვის მესიამოვნებინა. საკუთარ სურვილებზე, ოცნებებზე უარი ვთქვი.
– ცნობილია, რომ მამაკაცებს არ სჭირდებათ ქალისგან მსხვერპლი.
– დიახ. ეს ფაქტია, რაშიც უკვე დავრწმუნდი. უცნაურია, რომ ამდენი ხანი დამჭირდა ამის მისახვედრად. ჩემი ქმრის ცინიზმი ყველა ზღვარს გადავიდა. ყველაფერს აკეთებს, რომ ბედნიერებაში ხელი შემიშალოს.
– რა არის ამის მიზეზი – საყვარელი ჰყავს? თქვენ არ უყვარხართ?
– ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ საყვარელი ჰყავს. ჩემი პრობლემა სხვა ქალი არ არის. მისი საქციელიდან გამომდინარე ვასკვნი, რომ საყვარელი არ უნდა ჰყავდეს.
– თქვენ იცით, როგორ იქცევიან კაცები, რომლებსაც საყვარლები ჰყავთ?
– სხვების მონაყოლიდან ვიცი, იმდენი რამე იწერება ამ თემაზე, იმდენი მითქმა-მოთქმაა, რაღაც დასკვნების გაკეთება შეიძლება. მე ქმრის საყვარლის პრობლემა არ მაქვს. ცოლის სტატუსი მბორკავს, ხელს მიშლის და სულს მიხუთავს.
– რას გულისხმობთ? ცოლის სტატუსი რაში გიშლით ხელს?
– ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს. შებოჭილი ვარ, ვნერვიულობ, რომ არ ვარ ისეთი თავისუფალი, როგორიც მინდა, ვიყო. მაქსიმალურად ვიკავებ თავს, რამე ისეთი არ ვუთხრა, რაც ისე ატკენს გულს, რომ ყველანაირ დამაკავშირებელ ძაფს გაწყვეტს ჩვენ შორის. არადა, იმდენი რამე მინდა ვუთხრა... ისე გავლანძღავდი და ისეთ საშინელ სიტყვებს ვეტყოდი, ყველაფერს, რასაც მასზე ვფიქრობ. ძალიან ბევრი ნეგატივი დამიგროვდა.
– იქნებ ჯობს, ყველაფერი უთხრათ, დაიცალოთ. მერე უფრო ადვილად გააგრძელებთ ცხოვრებას.
– არა. ვერ ვბედავ. მე სხვანაირად გავიზარდე. სხვანაირი პრიორიტეტებით. ჩემს თავს ბევრი რამის უფლებას ვერ ვაძლევ. ეს ჩემი შინაგანი დაბრკოლებაა, რომელსაც ცოლის სტატუსი მადებს. შეიძლება, კარგად ვერ გიხსნით, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სუფთა ჰაერი არ მყოფნის. რატომ ვერ მოვიგე მისი გული, რატომ არის ყველაფრით უკმაყოფილო. რატომ ვერ გაჩნდა ჩემსა და მას შორის ის ურთიერთობა, რომელიც მეუღლეებს შორის უნდა იყოს? ვერაფრით მოვახერხე მისი გულის მოგება. სულ ვფიქრობ, რას ვერ ვაკეთებ ისე, რომ კმაყოფილი იყოს. არასრულფასოვნების კომპლექსიც გამიჩნდა. ბედნიერი არ ვარ. ვდარდობ. საკუთარი თავის სიყვარული აღარ მაქვს. ზოგჯერ ჩაცმა და თმის დავარცხნა მეზარება. ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. გული გამიტეხა ჩემმა ქმარმა. მას არ ვაინტერესებ და აზრი დაკარგა ჩემმა ცხოვრებამ.
– ცოტა გაუგებარია, რა ხდება თქვენსა და მეუღლეს შორის. თუ საყვარელი არ ჰყავს, რა არის თქვენი გაუცხოვების მიზეზი?
– არ ვიცი. მართლა ვერაფერი გავიგე და ნერვიულობამ ლამის გამაგიჟოს. ზოგჯერ სერიოზულად ვფიქრობ, რომ თავისუფალი ქალები გაცილებით ბედნიერები არიან. მათ არჩევნის თავისულფება აქვთ. არავინ ეუბნებათ – ცოლი ხარ და მოითმინეო.
– თქვენ ვინ გეუბნებათ?
– ვისაც არ ეზარება, ყველა. საკმარისია მეგობარს, ოჯახის წევრს, დაქალს ჩემი ამბავი შევჩივლო, რომ ეგრევე მომვარდებიან: „შენ ხმა არ ამოგეღება! ხალხი ისეთ ქმრებს უძლებს! რა გაკლია? არ გცემს და მადლობელი იყავი!” მოკლედ, შოკში ვარ. თუ არ მცემს, კმაყოფილი და ბედნიერი უნდა ვიყო? – ვერ ვიქნები ბედნიერი, ვერანაირად, იმიტომ რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ჩემი ქმრის ყურადღება მაკლია. იმის აღიარება, რომ ვჭირდები. მე რომ ცოლის სტატუსი არ მაკისრებდეს ვალდებულებებს, ჩემს ქმარს ისეთ ცირკს მოვუწყობდი, მაღიარებდა და დამაფასებდა. ახლა მის თვალში უწყინარი დიასახლისი ვარ, რომელსაც თუ გინდა, არად ჩააგდებ. ასეთი ოჯახი ვერ იქნება ჩემთვის ბედნიერი და ვერც იმ კაცთან ურთიერთობა მომგვრის სიამოვნებას, რომელიც მიყვარს. დიახ, მიყვარს ჩემი ქმარი. უცნაურია, ხომ, ამ ყველაფრის შემდეგ. მაგრამ გულს, თურმე, ვერ უბრძანებ. ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივი იქნებოდა, გულის დამორჩილება და ქმრის გადაყვარება რომ შემეძლოს.