კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ ვერ უპოვეს ერთმანეთს ეროსი მაჯგალაძემ და რობერტ სტურუამ „საიდულმო გასაღები“ და რა კონფლიქტი მოხდა თეატრში

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„მოდი, წელიწადში ერთხელ მაინც, მხოლოდ რამდენიმე საათით გულწრფელად ვუცქიროთ ერთმანეთს თვალებში. გვიყვარდეს ერთმანეთი არა თეატრალურად, ისე, უბრალოდ,  ადმიანურად! არა ვიშურნოთ... არა ვიძულვოთ... არა ვიფლიდოთ... არა ვიქადოთ!.. და განშორებისას იმდენჯერ ვუთხრათ ეს უბრალო, კაცური ჭეშმარიტება ერთმანეთს, რომ სამუდამოდ ჩაგვებეჭდოს გულსა და გონებაში“... ეროსის ეს სიტყვები ერთხელ თეატრალური საზოგადოებისთვის უთქვამს,  – წერს თავის წიგნში „ჩვენი ეროსი“ თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე, რომელსაც ეროსი მანჯგალაძესთან შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ აქედან გაიცნობთ ყველაზე ახლოს ეროსის, მის ხასიათსა და მოქმედებებს, პრინციპებს, ურთიერთობებს, მიდგომებს, ისეთს, როგორსაც არ იცნობდით მას აქამდე, ან ნაკლებად იცოდით რამე მის შესახებ. მაშ ასე, სულ სხვა ეროსი.     
„ძალიან შეეჩვია ეროსი ქობულეთის სანატორიუმ „საქართველოს“. სამი წელი ერთად ვისვენებდით... ეროსი თითქმის ყოველთვის პირველი სართულის პირველ ოთახში ჩერდებოდა... აივანზე ვერაფერს შეინახავ, ღამით შეიძლება, ვინმემ ხელი შემოყოს და წაიღოს... ეროსის აივანზე ხილი დაუწყვია, საზამთრო, ვაშლი, ატამი. ხილი ძალიან უყვარს. ბაზარში დიდხანს, საგულადგულოდ არჩევს. გამყიდველები უფასოდ  სთავაზობენ. უარობს. კარგი შემირჩიეთ, ის იქნება თქვენი პატივისცემაო. ერთ დილას ალიაქოთი ატყდა სანატორიუმში. გვიან ღამით ვიღაცას ეროსის ხილი მოეპარა – გარედან
შემოსულებს, რასაკვირველია. პირველ ლუქსშიც გადასულიყვნენ... – არ ვიცი მე, როგორც გინდათ, ისე გამიჩინეთ ჩემი ატამი... მსხალი... ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეთ დიდი საზამთროც იყო, – ამბობს შეფარული იუმორით და იღიმება – ხომ იცით, კარგი ატამი რა ღირს? წუხელი მაინც მომესწრო შეჭმა... დამსვენებლებს სალაპარაკო გაგვიჩნდა. ეროსი ერთობა მომხდარი ამბით. რესტორანში მიიპატიჟეს მილიციის ხელმძღვანელმა მუშაკებმა. – ასე იოლად ვერ გადარჩებით! – მაინც თავისას არ იშლის ეროსი. ყველას უხარია ეროსისთან ურთიერთობა. ყველა საბაბს ეძებს, მასთან ერთად რომ მოილხინოს. ეროსი ხათრს ვერ უტეხს და მიჰყვება კიდეც. საღამოს, ალბათ, ათი თუ თერთმეტი საათი იქნებოდა, რომ „კურზალიდან“ დაბრუნდა... – ეს როგორ გაგიბედეს, ეროსი? ამხელა მსახიობს როგორ მოგპარეს?..– ვეუბნები მე.  – რა იცოდნენ ჩემი თუ იყო... ოთახში ერთად შევედით, ვსაუბრობდით თეატრზე... აივანზე რაღაც ქაღალდებში შეხვეული დაინახა, ხილით სავსე. დიდი საზამთროებიც მოეტანათ, ერთი კი არა, სამი თუ ოთხი. – ა, ძმაო, ქურდებმა გაიგეს ჩემი რომ იყო და ორმაგად დამიბრუნეს... წრიალებს, ვერ ისვენებს.

გავედით ეზოში, იქვეა ჩამოსაჯდომი სკამები... – შენ ეს მითხარი, ახმეტელზე რომ წერ, კარგია, მე ყველაფერს ვკითხულობ, ხომ იცი? – მერე მახალისებს, თბილ სიტყვებს მეუბნება, მაქებს, უცებ მეკითხება – ახმეტელს ნაკლი არაფერი ჰქონდა? რატომ არაფერს წერ ნაკლზე? – რას გულისხმობ, ეროსი? – საერთოდ, ჩვენთან მიღებული არ არის ნაკლოვანებებზე წერა. განა შეიძლება, კაცი უნაკლო იყოს?.. იცი, რატომ გეუბნები, საქმე ახმეტელში კი არ არის, ყველას ეხება. როცა ნაკლზე, შეცდომებზე არ წერთ, საკითხავადაც ისე საინტერესო არ არის. აი, ნახე, როგორ წერენ ფრანგები თავიანთ დიდ მწერლებზე, მსახიობებზე... ასე უნდა ქნათ თქვენც... არ გეწყინოს... ადამიანური სისუსტე უფრო საინტერესოა მკითხველისთვის, ვიდრე – ქება. – მაგას დიდი კულტურა უნდა, ეროსი, მარტო წერისა კი არა, კითხვისაც... გვიჭირს ჩვენს დიდ ადამიანებზე კრიტიკის მოსმენა... მთლად ადვილი ასახსნელი არ არის, რად ხდება, რომ გარდაცვლილებს ვაიდეალებთ, ხოლო იმავე რანგის ცოცხალ ადამიანს საოცრად გულგრილად ვექცევით. ჩვენ გვერდით ძნელი ასატანია თუნდაც გენიოსი...  – ეროსი! შენზე რომ წიგნს დავწერ, რა ნაკლი ჩაგიწერო? ხომ დავწერ ოდესმე, თუ ცოცხალი ვიქენი... ოო... ეს უკვე სხვა საკითხია... ახლა მოგაგონდა ნაკლზე წერა? კი ბატონო, დაწერე: ძალიან მიყვარს ქეიფი, საშინლად მეშინია მიცვალებულების... კიდევ რა ვთქვა? ცოტა ნაკლი ვთქვი? მიყვარს კარგი ხილი... მეტი რა ვთქვა?.. – აი, ხომ ხედავ, რა ძნელია ნაკლზე წერა. ქეიფი და დროსტარება რა ნაკლია, კარგი ხილი ვის არ უყვარს. აიღე და შენ დაწერე: უზომოდ უყვარდა თეატრი, პოეზია, სპორტი. არ არის ეს ნაკლი? თუ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. „უზომო“ ნიშნავს, რომ მე ზომიერება არ მქონია და, მაშასადამე, დიდი ნაკლიც მაქვს – სახუმარო კილოთი მეუბნება...
... პირველი ოთახის წინ სამედიცინო სამორიგეო პუნქტია, სადაც მთელი ღამე მორიგეობდნენ ექიმები. უცბად მივხვდი, რატომ ჩერდებოდა ეროსი პირველ ნომერ ოთახში – ექიმებთან ახლოს იყო! ეშინოდა, აი, რატომ იყო, რომ იმ ოთახს არ შორდებოდა. უფრო მშვიდად იძინებდა, იმედიანად...
...ეროსი ამტკიცებდა, რომ ყველაზე ადრე არტისტები კვდებიანო. ცოტა ხანს ცოცხლობენ, პეპლებივით არიან საწყლებიო... მითხრა და მაგალითებით დაიწყო თავისი აზრის განმტკიცება. რამდენი წლისა მოკვდა გიორგი შავგულიძე? შალვა ღამბაშიძე? პიერ კობახიძე, უშანგი, სულ ახალგაზრდა მოკვდა... მე შევეკამათე – არტისტები კი არა პოეტები კვდებიან ადრე-მეთქი. ყველას სიცოცლის ასაკი არ ვიცოდი... მეორე დღეს ბიბლიოთეკაში შევედი, თითქმის ორი საათი დავკარგე და ამოვიწერე, თუ რომელმა ქართველმა მწერალმა რამდენხანს იცოცხლა. მართლაც არასახარბიელო სურათი აღმოჩნდა... ეროსის აზრით, არც დრამატურგები ცოცხლობენ დიდხანს, რადგან ისინიც შინაგანი კონფლიქტებით იტანჯებიანო. ყველაზე მეტად მსახიობი და დრამატურგი ატარებს
შინაგან  კონფლიქტს. ისინი ამით ცხოვრობენ და იგივე მიზეზი ჭამს მათ სასიცოცხლო ენერგიასო. დაახლოებით ასეთი იყო ეროსის მსჯელობის ლოგიკა.
...ეროსი  ოცნებობს თავისი ტელესერიალი შექმნას. რამდენიმე სერიად აქვს ჩაფიქრებული გადაცემა. მიზიარებს თავის აზრს, ეძებს, წვალობს. თეატრში არაფერს ვაკეთებ და რაღაცით ხომ უნდა შევიქციო თავიო. მაინცდამაინც დიდი ხალისით არ ლაპარაკობს რუსთაველის თეატრზე, ასე მგონია, საერთოდაც არ სიამოვნებს ამ თემაზე  საუბარი. მისი გამოთიშვა თეატრის „მაგისტრალური ხაზიდან“ უდიდეს ტკივილს აყენებს და არ უნდა ჭრილობების გახსნა. თუმცა, ზოგი საკმაოდ უხვად აყრიდა მარილს სულის ჭრილობებს...
...რობერტ სტურუას თეატრს თავისი ლიდერიც ჰყავს – რამაზ ჩხიკვაძე. მოვიდა ეროსის საყვარელი ადამიანი თავისი დიდი აქტიორული შესაძლებლობებით. რობერტ სტურუა და რამაზ ჩიკვაძე  თანამოაზრეები არიან. ერთად ამკვიდრებენ ახალ თეატრალურ პრინციპებს. თეატრში აღარ არიან დიმიტრი ალექსიძე და მიხეილ თუმანიშვილი. რა მოხდება, როგორ წარიმართება ეროსის ბედი? საფიქრალი პრობლემა გახდა!.. სტურუა თეატრში ისევე ბუნებრივად მონახავს თავის ადგილს, როგორც ეს ალექსიძისა და თუმანიშვილის შემთხვევაში მოხდა? ეროსი ხომ ფართო დიაპაზონის მსახიობია? ფაქტობრივად, მას მოსინჯული აქვს ყველა ჟანრი  და რა უნდა იყოს ისეთი, მისი ტალანტი რომ ვერ დაძლევს?.. იმდენად მდიდარია არტისტული შესაძლებლობანი, რომ მან უნდა იპოვოს ახალ რეჟისურასთან შემხვედრი წერტილები. ჩვენ ვლაპარაკობთ რობერტ სტურუაზე, მის სტილზე, სამყაროს მისებურ ხედვაზე. ეროსის თითქოს ცოტა როლი არ შეუსრულებია სტურუასთან... უკვე სულ სხვა პროცესები იწყება 1975 წლიდან. თეატრის მთელ ცხოვრებას მოიცავს რობერტ სტურუას შემოქმედება. მისი პოლიტიკური თეატრი ამკვიდრებს ახალ თეატრალურ ესთეტიკას და ეროსი თითქმის შვიდი წელი „ახალი ტალღის“ მიღმა რჩება. მოცდენილია მისი მდიდარი არტისტული შესაძლებლობანი. ის რუსთაველის თეატრში, ფატქობრივად აღარაფერს ქმნის. სცენაზე მიწყდა მისი ხმა... კი არ განელდა მისი არტისტული ტემპერამენტი, არამედ რობერტ სტურუამ და მან ვერ უპოვეს ერთმანეთს რაღაც „საიდუმლო გასაღები“. ეროსი ამიტომ სთხოვდა დიმიტრი ალექსიძეს: იცოდეთ, ძალიან მჭირდებით, საიდუმლო გასაღებები შემომეხარჯაო... ეროსის არტისტული ბუნებისთვის ახლობელი არ აღმოჩნდა სამყაროს სტურუასებური ხილვა. ლაპარაკი არ არის იმაზე, რა არის კარგი და რა – ცუდი. ორივე კარგია, მაგრამ ხელოვანთა განსხვავებული ბუნება შეხვდა ერთმანეთს. ერთად უნდა ეძებნათ გამოსავალი... ეროსი გრძნობდა, რომ თანდათან კარგავდა ცოცხალ კავშირს „მეორე სიცოცხლესთან“ და ამის ატანა არ შეეძლო. „მანქანა გაჩერდა, იქიდან ეროსი მანჯგალაძე გადმოვიდა. რაღაც უგუნებოდ მეჩვენა. ჩვენი ჯგუფი (სტუდია-სახელოსნო) შეათვალიერა და უცებ თქვა: – რუსთაველის თეატრიდან მოვდივარ, მიმიღებ შენს სტუდიაშიო? – მიგიღებ, – ვუპასუხე მე, – ოღონდ, რუსთაველის თეატრიდან ნუ წახვალ, ეს არც ისე უბრალო ამბავია,  როგორც გეჩვენება!“ –  ამას წერს მიხეილ თუმანიშვილი. მიაკითხა თავის რეჟისორს. თითქოს გამოსავალი იპოვა. „მეორე დღეს ის მოვიდა ჩვენთან ხმაურიანი, აღგზნებული და რაღაც ქსოვილის ვეება ფუთა მოათრია. როცა გავშალეთ, გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო – ეს იყო ჩვენი „ჭინჭრაქას“ ფარდა!..“ სულისშემძვრელი სურათია!...
…მენატრება დიდი სცენაო, ეთქვა ერთხელ და ყველაფერი ამით გათავდა. ნაბიჯიც არ გადაუდგამს თავის დასაცავად, არ უმძლავრია თავისი დიდი ნიჭის უფლებებისთვის. არც არავისთვის შეუჩივლია. ცხოვრება კი მკაცრი იყო თავისი კანონებით... ყოველდღე, ყოველ საღამოს 7 და 8 საათზე, როცა თეატრში თავიანთ საგრიმიოროებში ბრუნდებოდნენ მსახიობები, ეროსის სულში ქარიშხალი მძვინვარებდა. არყევდა მთელ მის შინაგან სამყაროს. არ შეეძლო, გაქცეოდა მას და ამიტომ მოწამებრივის მოთმინებით იტანდა ტანჯვას... არც არასდროს უფიქრია თეატრის „პარტიზანულ ომებში“ ჩართულიყო ან თავად გაემართა ვინმესთან ომი. ყველა უყვარდა, დიდი სიყვარულით უყვარდა თეატრის კედლებიც, სცენაც, რეჟისორებიც, მსახიობებიც, სცენის მუშებიც... კარგად ახსოვდა, რომ მან ვერაფერი მიიღო 1964 წლის კონფლიქტიდანაც. თავადაც გული ეტკინა და სხვებსაც ატკინა. მხოლოდ ერთხელ გამოხატა თავისი პროტესტი საყვარელი თეატრის მიმართ და ისიც უხმაურო, უსიტყვო... გასტროლებზე, როცა აზდაკი ვერ ითამაშა, როცა მოხდა არმოსახდენი. სასტუმროს ოთახში ჩაიკეტა და ყველას განუდგა. არ გამოვიდა ოთახიდან, საჭმელს შეუგზავნიდნენ ხოლმე და ასე უცნაური, გამაოგნებელი შინაპატიმრობა მოუწყო თავს. მაგრამ, ეს იყო თეატრისთვის სილის გაწნა, რომელსაც შეუშლელი რამ შეეშალა...  როცა თვითმფრინავიდან გადმოლასლასდა განმარტოებული, მხოლოდ ძალზე ახლობლებს უთხრა, რომ მან რწმენა დაკარგა და თეატრიდან წასვლის აზრიც მაშინ შეუჩნდა... ჩვენ ვერასდროს შევიტყობთ, თუ რას ფიქრობდა ეროსი მომწყვდეულ ოთახში. რა აგონდებოდა, რა ენატრებოდა... თეატრი არასდროს ინანიებს თავის შეცდომებს... ეს ეროსიმაც კარგად იცოდა და არც ელოდა ვინმესგან მონანიების მსგავს აღსარებას... თავის განვლილ გზასაც გაიხსენებდა, მომავალზეც დაფიქრდებოდა. მიწვებოდა ტახტზე თუ ოთახში იწრიალებდა, არ ასვენებდა ფიქრი თეატრზე, მაგრამ არავის სთხოვდა დახმარებას... ასე შეუმჩნევლად, თანდათან უახლოვდებოდა სიკვდილი, რომლისაც მას საოცრად ეშინოდა... სათოფეზე არ ეკარებოდა კონფლიქტებს, მაგრამ მისი მდგომარეობის მსახიობს მაინც არ შეეძლო განცალკევებით დგომა. პროცესები, რომელიც თეატრში ხდებოდა, მისგანაც მოითხოვდა გარკვეულ პოზიციას...
ახალგაზრდობის წლებში ხშირად ვწერდი კრიტიკულ წერილებს კინოსურათებზე, ლიტერატურაზე, თეატრზე... ეროსიმ ალექსანდრეს როლი ითამაშა ფილმში „წარსული ზაფხული“. ეს  მისი პირველი გამოსვლა იყო ეკრანზე. წერილი დავწერე ფილმზე, ეროსი შევაქე, მაგრამ მაინც ჩვევამ წამძლია და შენიშვნაც გავუკეთე: თეატრალურია მისი თამაშის მანერა-მეთქი. უწყინარი შენიშვნა მეგონა. ეროსისგან მადლობის თქმას ველოდი, ყოველ შემთხვევაში, კრიტიკას მაინც არა. შესასვლელთან შევჩერდი. დავინახე, ეროსი მოდიოდა, ვანო ჯინჯიხაძეც ჩემთან იდგა... მოვიდა ეროსი, ცოტა შეჭიკჭიკებული იყო. – აა... მოიცა... მოიცა, – თქვა და ჯიბეები მოიქექა, – რამდენი მანეთი მოგცეს იმ სტატიაში? თქვი, რამდენი მოგცეს და მე გადაგიხდი, რომ მეორედ აღარ დაწერო ასეთი წერილი!.. – მითხრა ეროსიმ. – ეროსი... ეროსი... რას ამბობ, – შეწუხდა ვანო. მე ჯერ დავიბენი, მეგონა, ხუმრობდა. როცა შევატყვე განაწყენებული იყო, საუბრის სხვა თემაზე გადატანა ვცადე. არ გამომივიდა. ის თავისას ამბობდა და ჯიბეებში იჩხრიკებოდა. – ეროსი, მაგაზე ხვალ ვილაპარაკოთ! – ვუთხარი მე ნაწყენი კილოთი. – შენთან არაფერი მაქვს სალაპარაკო. მარტო ერთს გეტყვი და დაიმახსოვრე: ყველა შენს სალანძღავ წერილს ვკითხულობ. იცი, რა გითხრა?.. სადამდე უნდა უყურო ადამიანს უკნიდან?... ჰა, სადამდე?.. თვალებში შეხედე და კარგ წერილს დაწერ. შენთან მეტი სათქმელი არა მაქვს რა. თქვა და წავიდა, ზუსტად მომარტყა „აქილევსის ქუსლში“. თითქოს უცებ გამოვფხიზლდი, უცებ რაღაც განათდა... ერთი ხელის დაკვრით მომაშორა თვისება, რომელიც შეძენილი მქონდა და ვტკბებოდი კიდეც ამ თვისებით... მაინც მეწყინა. ეროსი მართალი იყო და მეწყინა. ნაკლზე საუბარს უფრო სხვა სიტუაციაში ვამჯობინებდი. „მოსულიყო, ეთქვა, ერჩია“ – ვფიქრობდი ჩემთვის და რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო მეტად ვღიზიანდებოდი. მეორე დღეს ვანო ჯინჯიხაძემ მითხრა, ეროსი ნანობს, ვასოს გული ვატკინეო. რაკი ნანობდა თავის საქციელს, მაინც გამიხარდა, მაგრამ არ შევიმჩნიე. თითქმის ერთი თვე არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს. ორივე ნაწყენი ვიყავით. მაშინ თეატრში წესად შემოვიღე რიგითი სპექტაკლების რეცენზირება. ყოველ მეორე დღეს ვაფასებდი სპექტაკლს, თუ როგორ ჩატარდა წარმოდგენა. ვბეჭდავდი და კედელზე ვაკრავდი. ზოგჯერ დასის შეკრებაზე განვიხილავდით მთელი კვირის შედეგს. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს კარგად მოვიხსენიე ეროსის კვირის რეპერტუარი. დამთავრდა შეკრება. კიბეებზე ჩავდიოდი. უცებ ვიღაც ზურგიდან მომეხვია, მაკოცა და კიბეებზე ჩაირბინა. ეროსი იყო!..
მე ამ პროცესების უშუალო მოწმე ვიყავი, ამიტომ ხშირად მიკვირს, იმდენ ზღაპარს ყვებიან ხოლმე იმჟამინდელ რუსთაველის თეატრზე. ზოგჯერ, ვერც კი ვცნობ, სად ხდებოდა ის, რასაც ისინი ყვებიან. მე სად ვიყავი?“

скачать dle 11.3