№35 ვიზით მოზიდულები
ანუ ვირს პიტნას ცხვირში აჩრიდნენო
ჩვენმა ოკეანის გაღმელმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რფ-ის ტერიტორიაზე პირველ სექტემბრამდე შეაჩერა არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა და, რაც მთავარია, პირველი სექტემბრის მერეც ეს პროცედურა მხოლოდ მოსკოვში აღდგება. თუმცა საქართველოში აშშ-ის საელჩოც მიიღებს განაცხადებს რუსეთის მოქალაქეებისგან, რომ ამ უკანასკნელებმა აშშ-ური ვიზები აიღონ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც რფ-ის მოქალაქეებს ამ მომსახურების მიღება შეუძლიათ, თბილისში (თბილისსა და კიევში) მოლოდინის დროც საკმაოდ მცირეა, განსხვავებით სხვა ქვეყნების დედაქალაქებისგან.
ვაშინგტონში ხსენებული ცვლილება რფ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების შემცირებით ახსნეს (მოგეხსენებათ, პრ. პუტინის გადაწყვეტილებით, 755 ამერიკელი დიპლომატი გაამგზავრეს რუსეთიდან, დარჩენილი 455 კი ამ საქმეს ვერ ჰყოფნისო).
შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს მოსკოვში აშშ-ის ბიზნეს და ტურიზმის კატეგორიის ვიზების მისაღებად, 85 კალენდარული დღით დაცდა მოუწევთ, სტუდენტური ვიზის მისაღებად – 36 დღით, სხვა ტიპის არასაიმიგრაციო ვიზების მისაღებად კი – 53 დღით.
ამის პარალელურად, კიევსა და პეკინში იმავეს ლოდინისთვის 4 დღე იქნება საკმარისი, თბილისში – 8, ასტანაში – 23, ტაშკენტში – 43, ხოლო კაიროში – 23.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ „როსტურიზმი“ აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, საქართველოსგან თავი შორს დაიჭირეთო, გამოდის, იმ ვირის როლში ჩამდგარან (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წყალობით), პიტნა რომ ეჯავრებოდა და მაინც ცხვირში აჩრიდნენ. –