№34 მამამთილი ოჯახის დანგრევით მემუქრება
ინტიმური საუბრები
სულ ექვსი თვეა, რაც გავთხოვდი და მამამთილმა ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია. როცა ბესო გავიცანი, არაფერი დამიმალავს ჩემს შესახებ. ყველა წვრილმანი მოვუყევი ჩემი წარსულიდან და არც იმის გამო დავუწუნებივარ და უთქვამს ჩემზე უარი, რომ განათხოვარი ვიყავი. არც იმას ვამბობ, შეცდომა დავუშვი პირველად რომ გავთხოვდი-მეთქი, ზოგმა რომ იცის თავის მართლება. არა! უბრალოდ, მიყვარდა, ვუყვარდი და შემდეგ მოხდა გაუგებრობა, ვიჩხუბეთ. რაღაც პერიოდი დავშორდით, ისევ შევრიგდით... და, იმ დღიდან დაიწყო, გაუცხოება. მივხვდით, აღარ გვიზიდავდა ერთმანეთი და ცივილიზებულად, მშვიდად, ჩხუბისა და აყალ-მაყალის გარეშე, დავშორდით. შემდეგ, ბესოც გამოჩნდა, ავაწყვეთ ურთიერთობა და ოჯახი შევქმენით. სანამ ცოლად გავყვებოდი, ვთხოვე, შენს მშობლებს უთხარი განათხოვარი რომ ვარ-მეთქი. შემპირდა, მაგაზე არც იფიქრო, მე მოვაგვარებ, აუცილებლად ვეტყვიო. მოკლედ, რომ გავთხოვდი, მერე მთხოვა, ჩემი მშობლებისთვის არ მითქვამს განათხოვარი რომ ხარ, ვიცოდი, დამიშლიდნენ შენთან სერიოზულ ურთიერთობას, არ თქვა, საიდან გაიგებენო. მე არ ვიტყოდი, მაგრამ რა დაიმალება? ბესო ცდილობდა, თავისი მშობლები და სანათესაო, ჩემებთან არ ყოფილიყვნენ ახლოს, რომ ვინმეს ჩემზე რამე არ წამოსცდენოდა. თუ ჩემს ნათესავებთან მივდიოდით და დედამთილ-მამამთილიც დაპატიჟებული იყო, ბესოს არ მოჰყავდა. ერთ დღეს, არ ვიცი საიდან, მაგრამ მამამთილმა გაიგო ეს ამბავი და გადაირია. სახლში გაწითლებული სახით მოვარდა, დაიწყო ყვირილი, ილანძღებოდა – რად მინდოდა განათხოვარი ქალი ოჯახში, სხვისი ნაცოლარი რატომ უნდა მეჯდეს სახლში, როგორ დამიმალეთ ეს ამბავიო. აღარ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ბესომაც თავი იმართლა, ვიცოდი, არ მომაყვანინებდით, მიყვარდა და ამიტომ დავმალე. ეს არაფერ შუაშია, მე არ გითხარით სიმართლეო. ასე იყო თუ ისე, მამამთილი დამემუქრა, ამ სახლიდან დღეს თუ არა, ხვალ მაინც გაგიშვებ და ეს იცოდეო. ცდილობს, შემავიწროოს, ზედ არ მიყურებს, მამცირებს. არადა, მანამდე – შვილო, შვილოს, დამძახოდა, ხან რას მიყიდდა და ხან – რას. თავისი საძმაკაცო-სანათესაო რომ მოდიოდა, მაქებდა და მადიდებდა. ხუმრობდა, ასეთი კარგი გოგო ამ ჩემს გლახა ბიჭს როგორ გამოჰყვაო. დედამთილი არ მაჩვენებს, მაგრამ ვიცი, ეჩხუბება, მე მიცავს და შვილის გამო არაფერს მეუბნება. თუ მარტო ვართ, თბილად მელაპარაკება, მაგრამ როგორც კი, მისი ქმარი მოვა სამსახურიდან, თავს იკავებს და აღარ მეკონტაქტება. რომ იტყვიან, არც მწვადს წვავს და არც შამფურს. ჩემსა და ბესოს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობაა და ვცდილობთ, სახლიდან ხშირად გავიდეთ და დაძაბულობა, ამით განვმუხტოთ. თუმცა, როდემდე შევძლებთ ასე ცხოვრებას, აღარ ვიცი. ვიცი, ჩემი ქმრის ბრალია, თავის დროზე რომ ეთქვა სიმართლე, ამ სიტუაციაში არ ჩავვარდებოდით. თუმცა, იმაზეც ვფიქრობ, იმოქმედებდა თუ არა ჩემი განათხოვრობა ჩვენს სიყვარულზე. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. იქნებ ჯობდა, რომ არ თქვა და დღეს ერთად ვართ. იქნებ ჯობდა, ეთქვა და ახლა გარკვეული იქნებოდა ყველაფერი. დავიბენი, ვეღარ ვხვდები. მაგრამ, ზუსტად ვიცი, ჩემი მამამთილი იმდენს იზამს, მე და ბესო იმ სახლიდან წავალთ და მარტო ავაწყობთ მშვიდ ცხოვრებას.
ნინი, 25 წლის.