კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რა კვალი დააჩნია მამა პეტრეს გულს სამღვდელოების უარყოფითმა დამოკიდებულებამ და როგორ ემზადება ის საოპერაციოდ

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ცოტა ხნის წინ მამა პეტრე (კვარაცხელია) გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს და საოპერაციოდ ამზადებენ. როგორც გვიყვება, გული ბავშვობიდან აწუხებდა, მაგრამ ყურადღებას არასდროს აქცევდა... მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, როგორც ცუდი, ასევე კარგი, მაგრამ, რაც მთავარია,  უამრავი ადამიანის სიყვარული ახალგაზრდობაშივე დაიმსახურა. მამა პეტრე ფიქრობს, რომ მისი ფიზიკური გულის ტკივილი სულიერმა გულის ტკივილებმა გამოიწვია... ჩვენ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მამა პეტრეს და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს, რომელშიც, როგორც  ამბობს, აღსარებას გვეუბნება:
მამა პეტრე:
გული ბავშვობიდან მაწუხებდა, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არასდროს მიმიქცევია. ექიმების ქრონიკული შიში მაქვს და არასდროს მიფიქრია, რომ მივსულიყავი საავადმყოფოში და კაპიტალური გამოკვლევა ჩამეტარებინა. ბოლო დროს გულმა ძალიან ინტენსიურად შემაწუხა. ტაძარში შაბათ-კვირას მიწევს წირვა-ლოცვაზე დგომა და ხშირ შემთხვევაში ეს ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მაგრამ ყოველთვის ვაიძულებდი თავს,  რომ ფეხზე ვმდგარიყავი და ბოლომდე დამეთმინა ყველა ის შემოტევა. ბოლოს, როდესაც ცუდად გავხდი, მარტო ვიყავი სახლში...  შემეშინდა ერთი რამის – მარტო რომ დავრჩე და ვერავინ ვერაფერი გაიგოს. ჩემს მეგობარს დავურეკე. იმან სასწრაფოს გამოუძახა და ძალიან სწრაფად მოვიდნენ. შემდეგ გადამიარა და მეორე დღეს გადავწყვიტე ჩემებთან წავსულიყავი, წალენჯიხაში, სადაც მეორე დღეს კიდევ უფრო დიდი გულის შეტევა დამემართა. იქაც, რა თქმა უნდა, ძალიან დროულად ჩაერია სასწრაფო, გადამიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ჩემი და ეკითხება ექიმს: ახლა გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ რა წამალი შეიძლება მივცეთ, რომ არ გაუმეორდესო. ექიმი მიყურებს, მიყურებს და ამბობს: სახლში გექნებათ თხილის წკეპლა და უნდა ურტყათ კარგად. ასეთ მდგომარეობაში რომ არის ასეთი ახალგაზრდა, სირცხვილია, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამ ოპერაციას ძალიან მარტივად აკეთებენო.
– მამაო, რამ გამოიწვია თქვენი გულის  ტკივილი?
– ეს გულის შეტევაც არ იყო ერთჯერადი აქტი, პირველი შემთხვევა. მას რა თქმა უნდა, თავის წანამძღვრები ჰქონდა. ამაში არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ჩვენი ცხოვრება არ არის ისე მოწყობილი, რომ გული არ გეტკინოს. მიუხედავად ამისა, შეიძლება, ბევრი რამისგან თავი დაიცვა და გული მართლაც არ იტკინო, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო ჩემი არჩევანია, ვიდრე რეალობა. უფრო მინდა გული მეტკინოს, ვიდრე რაღაცებს გულგრილად შევხედო. ჩემთვის ყველაზე დიდი გულისტკივილი არის გულგრილი დამოკიდებულება ადამიანებისადმი, ქილიკი, განკითხვა, სიძულვილი, რაც ძალიან დიდი დოზით არის დაგროვილი საზოგადოებაში და ამან, რა თქმა უნდა, ჩემში თავისი ნეგატიური როლი შეასრულა. ჩემთან მეუფე იყო  მოსული და მან თქვა ის, რასაც ჩემს თავთან მარტო დარჩენილი ვფიქრობდი: მამაო, ხომ მძიმეა გულის ტკივილი, მაგრამ უფრო მძიმეა, როდესაც გული სულიერად გტკივაო. როდესაც გული სულიერად გტკივა, მას ვერანაირი ქირურგიული ჩარევა ვერ უშველის და ეს იწვევს, სწორედ, ყველა ფიზიკურ ავადმყოფობას. სწორედ, აქედან გამომდინარეა ის, რაც ჩემში მოხდა და  წლების განმავლობაში გროვდებოდა. ვითმენდი, ვიტევდი, ხშირად ღიმილით ვატარებდი, ხშირად ვცდილობდი,  გარეგნულად არ შემემჩნია და ყურადღება არ  მიმექცია, მაგრამ საკუთარ თავთან დარჩენილს, ძალიან ბევრჯერ გოლგოთა გამომივლია, ძალიან ბევრჯერ მიგრძნია თავი გარიყულად, მიუსაფარ სიტუაციაში; რომ საზოგადოება არის აბსოლუტურად რკინის თეატრი და აქ გულის ტკივილიც კი დანაშაულია, რადგან ჩვენს ქვეყანაში არასწორ დიაგნოზებს სვამენ ადამიანებზე, ვგულისხმობ პიროვნების დახასიათებებს.
– იყო პერიოდი, როდესაც თქვენი და თქვენი შვილის მიმართაც წამოსულა საზოგადოების რაღაც ნაწილის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება. ალბათ, ეს ყველაფერი ცუდად აისახა თქვენზე.
– ვიქნები ძალიან გულწრფელი და მინდა, გახსნილად ვისაუბრო იმაზე, რაც წლების წინ ჩემ მიმართ გაისმოდა. დაგროვილი განკითხვა, შური, ბოღმა, ტელევიზიაში, პრესაში, ყოველდღიურობაში, ოღონდ ვერ ვხვდებოდი, რატომ და ყველას ყველაფერს ვპატიობ მთელი გულით. გულის გულშიც კი, იმ ადამიანების მიმართ აგრესია არ მქონია, საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი: იმიტომ ამბობენ, რომ შენ აძლევ ამის საფუძველს; იმიტომ, რომ შენში არის ისეთი პრობლემა, რომელსაც შენ ვერ ხედავ და გარე თვალი უფრო ხედავს. ჩემს შვილთან დაკავშირებულმა ბუმმა, რომელიც ორი წლის წინ დატრიალდა ჩვენს ოჯახში – არაფრის გამო ამხელა აურზაური, ჩემი შვილი ფსიქოლოგიურად შეიწირა.  რაღაც კვალი ამან ჩემშიც დატოვა. იმიტომ კი არა, რომ ჩემს შვილს ვამართლებდი, ან თავს ვიმართლებდი, გასამართლებელი არაფერი გვჭირს, იმიტომ რომ ეს არ იყო ტრაგედია, დანაშაული, ცოდვა. მე ვარ მართლმადიდებელი მღვდელი და მე ზუსტად ვიცი ჩემი სტატუსი, ჩემი მდგომარეობა. მე ვიცი, რა არის ჩემთვის აუცილებელი და მთავარი და ვცდილობ, ამას ღირსეულად გავართვა თავი, მაგრამ მღვდლის შვილი სხვა პიროვნებაა და მას თავის ცხოვრება აქვს, ის არის პიროვნება და მას აქვს თავისუფალი ნება.  ეკლესიური ცხოვრება მემკვიდრეობით არ გადადის და ეს არის არჩევნის თავისუფლება.  მე პირდაპირ ვიტყვი: ძალიან ბევრი სასულიერო პირის დამოკიდებულებამ ჩემი შვილის მიმართ ძალიან დაგვაბრკოლა მე და ჩემი ოჯახი. ამის გამო მე, პირიქით, იქით ვთხოვ მათ შენდობას, იმიტომ რომ მინდა, დაფიქრდნენ.
– მამა პეტრე, უამრავ ადამიანს უყვარხართ, როგორ გამოხატავენ თანადგომას?
– როდესაც ინგოროყვას კლინიკაში ვიწექი, ღამით არ მეძინა, იმიტომ რომ ტკივილები მქონდა. მაქვს უძილობა, ყველაფერს განვიცდი, როდესაც გტკივა, ყველაფერი ერთად გტკივდება, ის უხილავიც, რაც აქამდე არ გტკენია. ღამის ოთხი საათი იყო და ვიღაც სრულიად უცხო პიროვნება მწერს: მამა პეტრე, შეიძლება თქვენთან პალატაში შემოვიპარო და საჩუქარი დაგიტოვოთ? ვკითხე: ვინ ბრძანდებით-მეთქი. რაღაც მინდა გადმოგცეთ, თუ შეიძლებაო. უარის თქმაც მეუხერხულა, რადგან ვინ იცის, მას რა გულით უნდოდა, ეს სიკეთე გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, შეიძლება-მეთქი და დაახლოებით თხუთმეტ წუთში მოვიდა. ჯერ მესაუბრა იმაზე, თუ როგორ უყვარს ჩემი პოეზია, რომ ლოცულობს, მამა პეტრე კარგად იყოს და გამოჯანმრთელდეს, მერე ჯიბისკენ გააცურა ხელი და მითხრა: მამა პეტრე მე მინდა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი თქვენ გადმოგცეთ, ამაზე ღირებული არაფერი მქონია, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და გადმომცა ინდური ამეთვისტოს ულამაზესი ფსკვნილი, რომელიც უწმიდესს სოფიკო ჭიაურელისთვის უჩუქებია მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. არ ვიცი მას ესიამოვნება თუ არა, რომ დავასახელო. ეს ბიჭი სოფიკო ჭიაურელთან ერთად მოღვაწეობდა, როგორც მსახიობი და სოფიკოს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ამ ბიჭისთვის უჩუქებია: მე მივდივარ ამ ქვეყნიდან და მინდა, ეს შენ დაგიტოვოო. წარმოიდგინეთ, რა ძვირფასი და ღირებულია ეს მისთვის. გადმომცა, როგორც გული და მითხრა, ჩემზე მეტად ახლა ეს თქვენ გჭირდებათ, ამაზე ილოცეთ და მერწმუნეთ, აუცილებლად გამოჯანმრთელდებითო. იმ დღიდან ეს ადამიანი გვერდიდან არ მომცილებია და მპირდება, რომ მთელი ცხოვრება  განსაცდელის ჟამს ჩემ გვერდით იქნება, თუმცა, რომც მოინდომოს, ვერც წავა, იმიტომ რომ ეს ფსკვნილი არის მარადიული წრებრუნვა, მასზე ტრიალებენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები და ამ წრეს თავს ვერავინ დააღწევს, რადგან გასასვლელი არ აქვს და ის ადამიანიც აქედან ვერასდროს გავა. ვიხსენიებ ჩემს უწმიდესს, სოფიკო ჭიაურელს, „ჩემს ფუფალას“, როგორც ის ბიჭი ეძახის. ეს იყო ჩემთვის სიცოცხლის მომნიჭებელი სიხარული. მე არ მჭირდებოდა გულის ტკივლის მოვლენა, რომ დავრწმუნებულიყავი, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს. ეს ისედაც ვიცი, ყოველი ფეხის ნაბიჯზე აჩრდილივით დამყვება. ამ ადამიანების ძალისხმევით, განუსაზღვრელი სიყვარულით, მხარში დგომით, მორალური მხარდაჭერით, ხშირ შემთხვევაში მატერიალურითაც მოვედი აქამდე.
– ამ ავადმყოფობის პერიოდში, ალბათ, ბევრი რამ გადააფასეთ და სხვანაირად აღიქვით...
– რა თქმა უნდა, უფრო სხვა სიბრტყეზე ვიმყოფები. მადლობა უფალს, რომ ისე გამაძლიერა, ყველა ემოციას თანაბრად ვიღებ – დადებითსაც და უარყოფითსაც. აქამდე მისვლა იყო ძალიან რთული, ახლა ადვილად ვარ, რაც არ უნდა თქვან, გავიღიმებ, ადრე განვიცდიდი. დღეს უკვე ჩემთვის სიხარულიც და მწუხარებაც, წარმატებაც და წარუმატებლობაც ერთი საზომით იზომება. თუმცა ვერ ვხვდები, რა არის წარმატება და რა – წარუმატებლობა, იმიტომ რომ შინაგანად სხვა დუღილი მაქვს, სხვა ძიებები დაიწყო და დღეს უკვე ყველაფრით დაღლილს, როგორც შექსპირი იტყოდა, სანატრელად სიკვდილი არ დამრჩა, ჩემთვის ყველაზე დიდი მოგზაურობა სხეულიდან გასვლის შემდეგ იწყება. ოღონდ ჯერ არა, ამისთვის ჯერ კარგი „საგზალი“ არ მაქვს დაგროვილი და არ ვარ მზად. მე აუცილებლად შევალ საოპერაციოში, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩემი მეუღლის დაჟინებული მოთხოვნაა, ჩემი ექვსი შვილისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ჩემი უახლოესი გარემოცვა მოითხოვს, მაგრამ მე საოპერაციოდან რომ გამოვალ, საზოგადოებაში ისევ იგივე იქნება – ისევ იგივე გულის ტკივილი. ამ ასაკში იმდენად დიდი დოზით მომეცა ყველაფერი ღვთისგან, შეიძლება ვიღაცამ მკითხოს, რა მოგეცა? როგორ არა, უამრავი ადამიანის სიყვარული, ამაზე დიდი არ არსებობს. თამამად შემიძლია ვთქვა, ალბათ, თავის დროზე, გალაკტიონს, ტერენტის „შეშურდებოდათ“ ამხელა სიყვარულის, ამხელა პატივისცემის. ეს მე არ მეკუთვნის, ეს მე არ მეხება, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვამბობ. ეს მათი სულიერი მდგომარეობაა, ისინი არიან ასეთები და მხოლოდ იმიტომ. უბრალოდ, მე აღმოვჩნდი საჭირო დროს საჭირო ადგილზე. მე არ ვარ ის, ვინც ასე უნდა უყვარდეთ, მე ძალიან ბევრი მიკლია იქამდე, სადაც ნამდვილი მამა პეტრე, უნდა იდგეს, ის პეტრე, რომელიც უფლის მარჯვენით დგას და ის პეტრე, რომლის მხრებზე სარწმუნოების ტაძარი დაიდგა. მე რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე, ხომ ამდენი ხალხი, ამდენი ახალგაზრდა მოდის ჩემთან ტაძარში, უფრო მეტი მოვიდოდა...
– რას გულისხმობთ, მოწოდების სიმაღლეზე დგომაში?
– არის უამრავი ხარვეზი, რაც ჩემს თავში არ მომწონს. ვაკვირდები საკუთარ თავს გვერდიდან, მარტო შიგნიდან არა. არ მომწონს რაღაცები  – იყო თავის დროზე პოპულისტური მომენტები. ნახეთ, როგორ აღსარებას გეუბნებით. მქონდა ამბიცია, რომ ხალხს ვყვარებოდი, მქონდა ამისკენ მისწრაფება. ინტერვიუს მიცემა ძალიან მინდოდა და თუ დამირეკავდნენ, მიხაროდა. ეს პერიოდები იყო ძალიან დიდი დოზით, რაც,  დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, არასწორია. მივედი რაღაც ეტაპამდე, ოღონდ ეს არ არის სრულყოფილების საფეხური, იქამდე ჯერ ბევრი მიკლია. მაგრამ პირველი ნაბიჯი მაინც არის. უფრო მოსმენა მინდა. მინდა, სულ ვისმენდე და ყველაზე მეტად ვსწავლობ სიჩუმის მოსმენას. სიჩუმისგან უფრო მეტს ვიგებ, დამერწმუნეთ. მე უპირველესად ჩემს თავზე ვამბობ, აქამდეც ვცდილობდი, მაგრამ დღეიდან უფრო მეტად შევეცდები, რომ დღეიდან აუცილებლად მოტივირებული ვიქნები, რომ ადამიანებს გული არ ვატკინო. იმიტომ რომ, როგორც მეუფემ ბრძანა, სულიერი გულის ტკივილი უფრო მძიმეა. ერთმანეთი უნდა დავინდოთ, ჩვენს ქვეყანაში თუ პრობლემები დაგროვდა, უმეტესად ფსევდო ქრისტიანული აზროვნების ბრალია. იცით, გული რატომ მტკივა, როდესაც ადამიანები ცუდს აკეთებენ, ისევ მათ უბრუნდებათ. არ გეთამაშებით კეთილი ბიჭის როლს. ამ წამს ვარ ძალიან გულწრფელი. ვარ ძალიან მართალი, რასაც გეუბნებით. ჩათვალეთ, რომ ეს აღსარებაა.
скачать dle 11.3