კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ თაღლითობენ ლიკა ყაზბეგის სახელით და როდის მიხვდა ის, რომ ორეული გამოუჩნდა

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლიკა ყაზბეგის სახელით ვიღაცამ შექმნა „ფეისბუქ-გვერდი“, საიდანაც გოგონებს ლიკას სახელით სწერს და ფოტოსესიას სთავაზობს. ლიკამ ამის შესახებ „ფეისბუქზეც“ დაპოსტა, ამ გვერდსაც მიმართა, მაგრამ არ აუქმებენ. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ლიკა ყაზბეგის სახელს ეფარებიან. მანამდე მას ორეული გამოუჩნდა, რომელიც მისი სახელის გამოყენებას ცდილობდა.
– რას ფიქრობ, რა მიზნით გააკეთეს გვერდი შენი სახელით და სწერენ გოგონებს?
– თავიდან ვფიქრობდი, რატომ შეიძლებოდა გაეკეთებინათ გვერდი ლიკა ყაზბეგის სახელით და გოგონებისთვის მიეწერათ. არ ვიცი, ალბათ, იფიქრეს, რომ ორი სამი წლის შექმნილი სააგენტო არ იქნებოდა ისეთი ავტორიტეტული.  პრესტიჟურლ სააგენტოებს შორის კი მე  და „ნატალი“ გამოვირჩევით სტაჟით. ყველამ იცის, რომ ჩემს სააგენტოს ბევრი ცნობილი მოდელის სახელი უკავშირდება: ანუკი არეშიძე, ნინა სუბლატი, ნინი და ნათია ნებიერიძეები, ნინო ჩქარეული. იფიქრეს, რომ ვინმეს მახეში გასაბმელად კარგი კანდიდატურა ვიყავი. მადლობა ღმერთს, ზღვა რაოდენობის ნაცნობი და მეგობარი მყავს. მალევე შემატყობინეს მათი საქმიანობის შესახებ და  მიმოწერის ტექსტიც ჩამიგდეს „მესინჯერში”. შეიძლება, თემას ჩემდაუნებურად ვაზვიადებ კიდეც. ძალიან მგრძნობიარე ვარ, როცა საკითხი ჩემს სააგენტოს, ჩემს ბავშვებს ეხება. ეს ადამიანი აუცილებლად გამომჟღავნდება. ჩემი აზრით, ალბათ, არშემდგარი მამაკაცია, რომელსაც ქალები არ სწყალობენ. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჩემს სახელზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა გოგონების მისაზიდად.  შეიძლება, იუმორითაც შევხედოთ ამ ყველაფერს, მაგრამ ნამდვილად არ მეცინება, როცა ჩემს წმინდა საქმეს, ჩემს პროფესიას ეხებიან.
– პოლიციას არ მიმართე?
– არაკონფლიქტური ვარ. მთელი ცხოვრება ადამიანებთან ურთიერთჰარმონიას ვეძებ და ამიტომ გაიწელა ეს პრობლემა ამდენ ხანს.  ყოველდღე ველოდები, იქნებ დღეს გააუქმონ, იქნებ ხვალ-მეთქი. და გადის დღეები...  სოციალური ქსელის ადმინისტრაციასაც მივმართე და ჯერჯერობით მაინც არის ეს ანგარიში „ფეისბუქზე”. თუ ცივილიზებულად არ მოგვარდა, მაშინ იძულებული ვიქნები, იმ სამსახურს დავუკავშირდე, რომელიც რადიკალურ ზომებს გაატარებს. ეს სამსახური პოლიცია არ არის... მათ შეიძლება, მძიმე სანქციები დაეკისროთ, რაც არ მინდა. ისიც შემეძლო, ვინმე ჩემი ახლობელი შეთანხმებოდა, რომელსაც სწერდნენ და მისულიყო. მეც წავყვებოდი და დავადგებოდი თავზე. მაგრამ, ეს არ გავაკეთე, არ მინდა, აგათა კრისტობა.
– სხვა დროს თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, შენი სახელით ბოროტად ესარგებლათ?
– პირველი შემთხვევა არ არის. ჩემს სახელს „ლაივში“ იყენებდა ერთი გოგო, რომელიც გოგი ლევაშოვ-თუმანიშვილთან მუშაობდა. საქმიანი ურთიერთობა გვქონდა, რომელიც მალე უნდა დასრულებულიყო. საქმე კი დასრულდა, მაგრამ ამ ადამიანმა გააგრძელა ჩემთან ურთიერთობა. თავისი ინიციატივით, სისტემატურად დადიოდა სააგენტოში სტუმრად. მოდის სფეროში  ჩემგან ძალიან ბევრი ადამიანი გაიცნო და დაუმეგობრდა. ვიცოდი, მოსწონდა ის სამყარო, სადაც ვიყავი. მეც ხელს ვუწყობდი და არ ვუშლიდი,  ახლოს ყოფილიყო და დამტკბარიყო ამ ყველაფრით... მერე შევამჩნიე, რომ ჩემი მიბაძვა დაიწყო. შეიჭრა „ჩოლკა”, იცვამდა ისე, რა სტილიც მე მიყვარდა.  არ ვიყავი ძალიან დაკვირვებული და კირკიტა, ამიტომ მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე, „ორეული“ რომ  გამომიჩნდა, როცა ისეთი რამ ჩაიცვა, რომელიც მეგონა, მხოლოდ მე მქონდა.  თბილისში არც იყიდებოდა, უცხოეთიდან ჩამომიტანა დაქალმა. ფიზიკურად არ შეიძლებოდა ჰქონოდა.  სად, როგორ იშოვა, არ ვიცი. ბუნებამაც შეუწყო ხელი. სიმაღლე ერთნაირი გვქონდა, სახისა და თვალების ფორმაც, ცხვირი, თმის ფერი. რაღა დაგიმალო და ერთხელ ისეთი გამომეცხადა სტუდიაში,  კინაღამ საკუთარი სახელი დავუძახე.  მოკლედ, ამ ახლად გამომცხვარმა „ლიკა ყაზბეგმა“ ცოტა ხანში თავისი სააგენტო გააკეთა. რა დაარქვა, არ ვიცი, არც დავინტერესებულვარ,  ურთიერთობა აღარ გვქონდა. ჩემთან ხომ ვეღარ ივლიდა, ან რაღად უნდოდა, რაც წასაღები იყო, უკვე წაიღო... ჩემი ხელოვნება მოიპარა, თურმე ლუპით მაკვირდებოდა, როგორ ვამეცადინებდი მოსწავლეებს... მერე გავიგე, რომ თავის მოდელებს თვითონ ასწავლიდა სიარულს... მაშინდელი  ჩემი განწყობა მახსოვს. არასასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი, მაგრამ დიდ განცდებში არ ჩავვარდნილვარ. მებრალებოდა კიდეც. ყოველთვის მეცოდება ის, ვინც, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად, სხვას იყენებს. მალე ისეთი ამბავი გავიგე, სასაცილოდ ნამდვილად აღარ მქონდა საქმე. გავიგე, რომ ეს, „ვითომ ლიკა” ჩემი სახელით დადიოდა კომპანიებში და ჩვენებისთვის დაფინანსებას სთხოვდა. დღემდე გაოცებული ვარ, როგორ გარისკა – რატომ იფიქრა, რომ ვერ მიხვდებოდა ვინმე, ან ჩემამდე არ მოაღწევდა ეს ყველაფერი?! სანამ ერთმა ბიზნესმენმა ქეჩოში არ წაავლო ხელი და კაბინეტიდან არ გამოისროლა, მანამდე რა ხდებოდა ჩემს თავს, არ ვიცოდი. ეს მამაკაცი ჩემი ოჯახის ახლობელი გახლდათ და დაბადებიდან მიცნობდა.  
– საბოლოოდ, როგორ გააჩერე?
– მოკლედ, მე და ჩემმა მეგობრებმა დავგეგმეთ, როგორ განგვეიარაღებინა „ლიკა ყაზბეგი 2“, და უცებ... მხსნელად სიყვარული მომევლინა. როგორ მიყვარს ეს ღვთიური გრძნობა, რომელიც ერთ ბიჭს გაუჩნდა ამ გოგოს მიმართ, არ იცით. ვიღაცას შეუყვარდა ეს გოგო და  ცოლად მოიყვანა. მერე  (გაახაროს ღმერთმა) მყარად  დასვა სახლში ეს ჩვენი პლაგიატი.   თავისდაუნებურად, მეც მიხსნა ზედმეტი პრობლემებისგან და ის გოგოც მოარიდა შარს.  ასე გვიხსნა ამურმა მეც და... ჩემი „მეორე მეც“.
– ლიკა, როგორ გაატარე ეს ზაფხული?
ისე მოხდა, რომ 5 წელი არ დამისვენია, რასაც დასვენება ჰქვია. ყოველთვის მივდიოდი მეგობრებთან ერთად 10 დღით, ორი კვირით და ფანტასტიკურ დროს ვატარებდით... მერე... მერე ჩავთვალე, რომ პატიმრის მეუღლისთვის არ იქნებოდა ლამაზი, იგივე რიტმით მეცხოვრა და 4 წელი თითქმის არსად ვყოფილვარ. თუ არ ჩავთვლით მშობლიურ ყაზბეგში სტუმრობას ოჯახთან ერთად და იმერეთში წავყევი დედაჩემს, დედულეთი რომ მოგვენახულებინა. ორჯერ აჭარაშიც ვიყავი. ჯერ ცნობილი კომპანიის ფილიალის გახსნაზე მიმიწვიეს, მოგვიანებით, ჩემი პროექტის ჩვენებაზე ვიყავი, როგორც სტუმარი. ჰო, კიდევ საინგილოში გავემგზავრე შარშან, გიორგობაზე,  ქურმუხის წმიდა გიორგის ტაძარი მოვილოცე. ეს იყო და ეს.  ჩემმა დამ, ლიზამ, ამისრულა ოცნება და ვნახე მესტია, უშგული. გული მწყდება, ესპანეთში რომ  არ წავედი. ჩემი მეგობარი იქ ცხოვრობს და მთელი 4 წელი მეხვეწებოდა, ჩავსულიყავი – დასვენებას, საქმიან ვიზიტს შევუხამებდი (ბარსელონაში ჩვენება უნდა დაგვეგეგმა). ფეხს ვითრევდი, ბოლოს ვუთხარი, რომ მერჩივნა, მეუღლის გამოსვლას დავლოდებოდი. ერთად  გესტუმრებით-მეთქი. წელს, კი ვეღარ მივდივარ. ჩემი დისშვილის, თათა ჯაშის ქორწილია და მთელი ოჯახი ჩართულები ვართ სამზადისში.
– სვანეთიდან როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდი მოხევე გოგო?
– მთელი სვანეთი სავსეა უცხოელებით და რა სირცხვილია, რომ მე წელს პირველად ვიყავი. არ მიწყენენ სვანები... ყაზბეგი უფრო ლამაზია. უფრო დიდებულია ჩემთვის. ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი ყაზბეგში. ჩემი საძინებლიდან მყინვარწვერი ჩანდა – თითქოს მის ძირში მეძინა, ისეთი შეგრძება მქონდა. რა ვქნა, ჩემს სალ კლდეებს ვერაფერზე გავცვლი. სვანეთის გზა  იყო სერიოზული ექსტრემი.  არასდროს ვყოფილვარ ასეთ გზებზე. უფრო სწორად კლდეებზე. დღემდე მიკვირს, ავტომობილით იქ როგორ ვიარეთ. მე რომ გზის შემეშინდება – ყაზბეგის გზებს მიჩვეულს... ყველა სამეგრელოს გზით ჩადის მესტიაში. ჩვენ კი სათაფლიის მონახულება გადავწყვიტეთ და  იმ გზით წავედით, რომელიც უფრო ახლოსაა სვანეთთან.  მეგობრებმა დაგვირეკეს და რომ გაიგეს, საიდან ვაპირებდით წასვლას, ისე შეეშინდათ, ნახევარ საათში ერთხელ გვირეკავდნენ, გაეგოთ, ჯერ კიდევ ცოცხლები ვიყავით თუ არა. მობრუნების შანსიც არ იყო. ჩვენზე თავზეხელაღებულები უცხოელები იყვნენ. ზოგი ფეხით გვხვდებოდა, ზოგი – ველოსიპედით. ჩვენ და უცხოელები ვიყავით მხოლოდ.   დაგვიღამდა და სოფელ ცანაში გვიმასპინძლეს სვანებმა. გვითხრეს, დიდი ხანია, უცხოელის გარდა, სტუმარი არ მიგვიღიაო. იქ რა უნდოდა ქართველს, კომფორტის მოყვარული ხალხი ვართ. რომ შეიძლებოდეს სახლშიც კი მანქანით ვივლიდით. ძალად ექსტრემალები ვიყავით იმ დღეს. სულ მიკვირდა, ფსიქოლოგები რომ ამბობდნენ, შიში სასარგებლოაო. ჩემს დას რომ  არ შეშინებოდა,  იმ ღამეს გზას გავაგრძელებდით, სოფლისკენ არ გადავუხვევდით და არ ვიცი, ეს ინტერვიუ დღეს შედგებოდა თუ არა ჩვენ შორის. წელს, ყველაზე მიმზიდველი შემოთავაზება საბერძნეთიდან მქონდა – მონასტრიდან (მონაზვნად არა, რა თქმა უნდა). დედა სიდონიასთან ვმეგობრობ. მითხრა, ცოტა ხნით ჩემთან ჩამოდიო – სადაც მთელი მსოფლიოდან ჩადიან სასულიერო პირები, ტურისტები... ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე და დედაომ მიმიწვია. მასთან ურთიერთობა, გარემო, ზღაპრული პეიზაჟი – ეს ყველაფერი ვიცი, ძალიან დადებით გავლენას მოახდენდა ჩემზე, მაგრამ წელს ვერ ვახერხებ ჩასვლას.
скачать dle 11.3