№34 როგორ დაშალა არასანქცირებული მიტინგი გენერალმა შოთა გორგოძემ
გენერალი რომან გვენცაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „ეროვნული მოძრაობის პიკია. ყოველდღე თბილისის რამდენიმე უბანში მიტინგები იმართება სხვადასხვა მოთხოვნით. გვერდს არც ჩვენ, მილიციას, გვივლიან, სამინისტროს წინ იკრიბებიან და მიტინგობენ. იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე იყო, მე კი – მისი ერთ-ერთი მოადგილე. ერთ დღეს ჩვენი სამინისტროს შენობასთან მიყოლებით ექვსი მიტინგი გაიმართა. ერთი ჯგუფი რომ მიდიოდა, მეორე მოდიოდა და რას აღარ ყვიროდნენ. ერთი სიტყვით, ჩვენს მუშაობას აბრკოლებდნენ. მეხუთე მიტინგის შემდეგ რომ მეექვსე დაიწყო, რომელსაც არც თუ ისე უმნიშვნელო პარტია ატარებდა, შოთა ვარლამოვიჩმა ითმინა, ითმინა და რომ აყვირდნენ: მილიციის „ნასედკებო“, პოსტები დატოვეთო, პირდაპირ მომიტინგეებთან ჩავიდა. ერთ-ერთ ორატორს მეგაფონი გამოართვა და ხელით ანიშნა ხალხს – გაჩუმდითო. ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე. ვარლამოვიჩმა კი მომიტინგეებს მიმართა: მე მილიციის „ნასედკა“ კი არა, მილიციის გენერალი ვარ. ხოლო თუ ვინაა თქვენ შორის მილიციის „ნასედკა“, მათ სიას, თუ გინდათ, ახლავე წაგიკითხავთო... ამის თქმა იყო და მომიტინგეები „რატომღაც“ უმალვე დაიშალნენ.“