№34 რატომ უნდა მონაკოს პრინცობა თორნიკე ტყემალაძეს და ვინ პატიჟებს მას გრანდიოზულ ლოკაციებზე გამართულ წვეულებებზე
„მისტერ ვალენტინმა,” თორნიკე ტყემალაძემ, ცხელი ზაფხული განსაკუთრებულად გაატარა. ჯერ ნიცაში, შემდეგ მონაკოში და კანში იმყოფებოდა, ბოლოს კი საბერძნეთის კუნძულებზე გადაინაცვლა და კარგადაც დაისვენა. თორნიკეს მოგზაურობა განსაკუთრებით უყვარს და ის სამსახურიდანაც ხშირად დადის მივლინებებში.
თორნიკე ტყემალაძე: ამ ეტაპზე პარფიუმერიულ ბიზნესში ვარ, კერძოდ „ლუტეციაში”. ბრენდ-მენეჯერი ვარ და ბრენდებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რა შემოვიდეს ბაზარზე და ასე შემდეგ მევალება. ძალიან მომწონს ჩემი სამსახური, ჩემი სფეროა, ძლივს ვიპოვე საკუთარი თავი. ხშირად მიწევს მივლინებაში წასვლა საფრანგეთში, იტალიაში. 26 ბრენდი მაქვს ჩაბარებული და მათ წარმომადგენლებს ვხვდები. ხშირად დავდივართ გამოფენებზე და ვარჩევთ ბრენდებს, რომლებიც კარგი იქნება ქართული ბაზრისთვის. ყველა შეხვედრის შემდეგ იმართება ავთერ-ფართი ან გემზე, ან ლამაზ, გრანდიოზულ ლოკაციაზე. ძირითადად არჩევენ ხოლმე ისეთ ლოკაციას, რომელთანაც დაკავშირებული იქნება შემდეგი სუნამო და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
– მოგზაურობაც გიყვარს?
– ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიყვარს. თვითმფრინავი იქნება, მატარებელი, „მარშრუტკა”, თუ ავტობუსი არ აქვს მნიშვნელობა. კაპრიზებიც არ მაქვს და ვცდილობ ხოლმე, კომფორტულად ვიყო. როდესაც მივლინებაში მიდიხარ, იქ ყველაფერი გაწერილია და შენს კომფორტზე არ არის მორგებული. არ მივდივართ უბრალო სასტუმროში, რადგან რომელ სასტუმროში გაჩერდები, რა ავტომობილით მიხვალ გამოფენაზე, ეს უკვე ერთგვარი პრესტიჟია და შენს სტატუსსაც განსაზღვრავს. რა გაცვია, როგორ გაცვია – ყველაფერზე გიყურებენ.
– განსაკუთრებული ზაფხული გქონდა, ულამაზეს ადგილებს სტუმრობდი.
– ნიცადან დავიწყე, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ – ქართველებიც, უცხოელებიც. პარფიუმერებიც ვნახე, რომლებსაც მანამდე დავუმეგობრდი. შემდეგ წავედი მონაკოში და ბოლოს – კანში. კანში სიტუაციას დავაკვირდი – ერთი სახლი მინდა, რომ მქონდეს.
– ყიდვას აპირებ?
– ყიდვას – ჯერ არა, სურვილი მაქვს. ძვირადღირებული ვილები სადაც არის, იქ მინდა. მონაკო ჩემი ოცნების ქალაქია, სულ მინდოდა მისი ნახვა და წელს ეს სურვილი ავიხდინე.
– მონაკოში არ გინდა სახლი?
– მონაკოს პრინცობა მინდა. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი მონაკოს პრინცი. ბევრი საინტერესო ხალხიც გავიცანი, რადგან მიყვარს კომუნიკაცია. კლუბში რომ მივდივარ და ვინმეს გავიცნობ, ეგრევე იწყება ინფორმაციების გაცვლები, მეორე დღეს ერთად ვართ და ერთად დავდივართ.
– მონაკოში პრინცად ხომ არ გრძნობდი თავს?
– ვეცადე, პრინცულად მეგრძნო თავი, მაგრამ მათ ცხოვრებას რომ შეხედავ, მერე – ჩვენს ცხოვრებას, „ფეისბუქზე” ქართულ სტატუსებს რომ წაიკითხავ, ვეღარაფერს იგრძნობ. საფრანგეთიდან წავედი სანტორინზე, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ულამაზესია და რომანტიკული. მივხვდი, რომ იქ უნდა წახვიდე შეყვარებულთან ერთად ან ნახო ვიღაც, ვისთანაც ერთად იქნები და არა – მეგობრებთან ერთად. სანტორინიდან წავედი ჩემს მეგობართან, კალამატაში და შემდეგ ზაკინტოსზე, რომელიც ცნობილია თავისი საოცარი პლაჟებით. შტორმშიც მოვყევით. იახტაზე ავედით გამოწკეპილები, გოგონებიც ამოვიდნენ შლაპებით და მერე – ვინ ვის ასწრებდა, ვერ გაიგებდი. საბოლოოდ გადავრჩით. ძალიან ლამაზია, სამოთხესავით, თუმცა, როდესაც იქ ვიყავი, ამას ვერ ვაანალიზებდი ბოლომდე. რომ ჩამოვედი და ფოტოებს ვათვალიერებ, ყველაფერი იმდენად ლამაზია, რომ შოკში ვვარდები – ეს სად ვიყავი. მოგზაურობისას ერთხელ, თვითმფრინავმა გამასწრო, ერთხელ – გემმა. ღამე გვიან ვიძინებდი, ამიტომ დილით ადგომა მიჭირდა ხოლმე. ბევრი კარგი კლუბია, პაბები. საქართველოში არასდროს დავდივარ კლუბებში, მაგრამ უცხოეთში როცა ვარ, რელაქსაციისთვის მივდივარ ხოლმე.
– რომანტიზმი ახსენე და ხარ რომანტიკული?
– ძალიან რომანტიკული ვარ და მეც მიკვირს ხოლმე. ეს ძირითადად პრივატულ ურთიერთობებში გამოიხატება. ვიღაცამ რომ შემომხედოს, ცივი ადამიანი ვჩანვარ, მაგრამ შინაგანად ძალიან რომანტიკული ვარ. სისულელეებიც გამიკეთებია, ადრე უფრო. ახლა აღარ ვაკეთებ სისულელეებს.
– ახლა შეყვარებული ხარ?
– შეყვარებული არ ვარ, მაგრამ არც მარტო ვარ. ჩემ გვერდით ყოველთვის არის ხოლმე ადამიანი, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ.
– რა მოთხოვნები გაქვს სერიოზული ურთიერთობისთვის?
– გულწრფელად გეუბნებით: მთავარია, ადამიანი იყოს ჭკვიანი, გარეგნობაც კარგი უნდა ჰქონდეს. თუნდაც ერთი ღამის ურთიერთობა იყოს, არ შემიძლია, როცა ადამიანი არ არის საინტერესო. ყოფილა შემთხვევა, გამიცნია ადამიანები და იმდენად არასაინტერესოები ყოფილან, რომ არანაირი სურვილი არ გამჩენია, მათთან რამე გამეკეთებინა. ჩემთვის მისი სიჭკვიანიდან მოდის ვიზუალურობაც და ყველაფერი. რომ დაილაპარაკებს და „ხეა”, მასთან ყველაფერი დამთავრებულია.
– მოგზაურობისას გაგიცნია ვინმე, ვისთანაც შემდეგშიც გაგიგრძელებია ურთიერთობა?
– ძირითადად, მოგზაურობის შემდეგ მთავრდება ხოლმე ურთიერთობები. თუმცა ამ ეტაპზე არის ვიღაც, ვისთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა, კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. ასეთი საინტერესო ურთიერთობა ჯერ არ მქონია და მომწონს: ის იქ არის, მე – აქ, ხან ერთად ვართ, ხან – არა. ჯერჯერობით ეს საინტერესოა ჩემთვის და შეიძლება მომავალში უინტერესო გახდეს. ამ ეტაპზე სერიოზულ ურთიერთობებზე არ ვფიქრობ. მინდა, უცხოეთში გავიარო მაგისტრატურა. სწორად ავარჩიო ის, რაც მინდა, რომ მერე არ ვინანო.
– ისეთი გარეგნობა გაქვს, ალბათ, ბევრს იტალიელი ჰგონიხარ.
– კი. ბევრს ვგონივარ იტალიელი და საბერძნეთშიც სულ იტალიურად მომმართავდნენ. ალბათ, წინა ცხოვრებაში იტალიაში ვცხოვრობდი. პირველივე ჩასვლაზე ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს უკვე ვიყავი ნამყოფი. დეჟავუ მემართებოდა – აქ გამივლია, აქ ნამყოფი ვარ..
– რას ფიქრობ ქალსა და მამაკაცს შორის გენდერულ თანასწორობაზე?
– ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ და ჩემთვის ქალი და კაცი თანასწორია. ცოლმა არ იმუშაოს, ქმარმა იმუშაოს, ცოლმა სახლი დაალაგოს, ქმარმა არ დაალაგოს... ასეთი რაღაცები ჩემთან არ „მოსულა.“ მარტო ვცხოვრობ ორი წელია, მე თვითონ ვუვლი თავს, ვაუთოებ, ვრეცხავ ჭურჭელს, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არ მაქვს პრობლემა. არ მინდა ისეთი ცოლი, რომელიც სულ სახლში იჯდება, სახლს დაალგებს. რა თქმა უნდა – სახლი დალაგებული უნდა იყოს, ჭურჭელი დარეცხილი, ვინ დარეცხავს მე თუ ის - ეს სხვა საკითხია. მაგრამ არ მინდა, რომ თავისი საქმე არ ჰქონდეს და სულ სახლში იყოს.
– ერთგული ხარ?
– ძალიან ერთგული ვარ. სხვასთან არ მაქვს ურთიერთობა, თუ წინასთან არ დავამთავრებ. შეიძლება, ერთ კვირას ერთთან მქონდეს ურთიერთობა, მეორე კვირას – მეორესთან, მაგრამ წინა ურთიერთობას აუცილებლად დავამთავრებ და მერე დავიწყებ ახალს. იყო ვიღაც ვისთანაც კარგად ვიყავი, მაგრამ უცხოეთში წავიდა, ახლაც გვაქვს კონტაქტი, მაგრამ აღარ მგონია, რამე გამოვიდეს.
– რა შემთხვევაში ამთავრებ ურთიერთობას?
– ძალიან ეჭვიანი ვარ და ყველა ურთიერთობა, ძირითადად, ამის გამო მთავრდება. ისეთი ეჭვიანი ვარ, საკუთარი თავი მბეზრდება და მერე წარმოვიდგენ ხოლმე, მას როგორ მოვბეზრდები. ალბათ, საბაბიც მაქვს ხოლმე. ერთხელ რომ ვეტყვი ადამიანს, მეორედ, მესამედ და იგივეს აკეთებს, არავითარ სცენის მოწყობას არ აქვს აზრი, მე მივიდვარ ჩემს გზაზე, ის – თავისაზე. ჩემზე არ ეჭვიანობენ ხოლმე, რადგან თუ ადამიანთან ვარ, ესე იგი მასთან მთელი გულით, სულით ვარ, თუ ადამიანთან ურთიერთობა მომწონს, ვცდილობ, ეს ორივესთვის სასიმოვნო იყოს.