კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ვინ დაარწმუნა გიორგი მეორე, გასცლოდა აქტიურ პოლიტიკას და გადასულიყო მშვიდ, განცხრომით ცხოვრებაზე

თათია ფარესაშვილი გია მამალაძე

 1089 წელს, სახელმწიფოს პატრიოტთა დაჯგუფებამ დაარწმუნა მეფე გიორგი მეორე, ჩამოშორებოდა აქტიურ პოლიტიკას, დასჯერებოდა მეფეთ-მეფის ტიტულს, გადასულიყო მშვიდ და განცხრომით ცხოვრებაზე, რაც ძალიან უყვარდა და ქვეყნის მართვა თავისი თექვსმეტი წლის ვაჟისთვის, დავითისთვის გადაეცა. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი – გიორგი. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ჩვენი საამაყო ხელმწიფის თანამებრძოლი და მასთან დაახლოებული პირი, გიორგი ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსს ასე ახასიათებს: „კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სვიანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა“.
 გიორგი ჭყონდიდელი გიორგი მეორესთან ერთად თანააღზრდილი და გიორგის ძის, დავითის აღმზრდელი იყო. მასზე ცნობები ცოტაა, თუმცა, მაინც კარგად ჩანს, რომ გახლდათ უდიდესი დამსახურების საეკლესიო და რაც მთავარია, სახელმწიფო მოღვაწე, დიდი პატრიოტი და სარდალი. 1104 წელს ჩატარებული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერაში“, წმიდა გიორგი ჭყონდიდელზე წერია: „ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავლმცა არიან წელნი“. ანუ, რუის-ურბნისში ის „კრების თვალად“ ითვლებოდა.
 დავით მეოთხის გამეფებისა და ხელისუფლების სათავეში მცირეწლოვანი მეფის ერთგული და ნიჭიერი გუნდის მოსვლის შემდეგ ქვეყანა შეუდგა აღმშენებლობას. დაიწყო მმართველობის, ფინანსურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამხედრო რეფორმები, ეკლესიის წმენდა უღირსი პირებისაგან. დავით აღმაშენებელმა ქრისტიანობას დაუმორჩილა სახელმწიფო. ეკლესიას და საეკლესიო იერარქიას კი არა, ქრისტიანულ სარწმუნეობას, მორალს. ჩვენმა მეფემ სახელმწიფო და ეკლესია, ფაქტობრივად, გააერთიანა საერთო მიზნისთვის – ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფოს შესაქმნელად. სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აღიარებული იქნა ქრისტიანული მორალი. ამისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ქართული ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, გიორგი ჭყონდიდელის მწიგნობართუხუცესად, ვაზირთა ხელმძღვანელად, ვაზირთა უპირველესად დანიშვნა. ამ სახელოს (თანამდებობის) შემოღებით, უფრო სწორად მწიგნობართუხუცესის თანამდებობაზე ჭყონდიდელი ეპისკოპოსის დანიშვნით, მეფემ ეკლესიის წარმომადგენელს მისცა დიდი საერო ხელისუფლება, თანამედროვე პრემიერ-მინისტრის, სახელმწიფო კანცლერის რანგის მაგვარი და ამგვარად, საერო ხელისუფლება ქრისტიანულ მორალს და დისციპლინას დაექვემდებარა. მხოლოდ იმიტომ კი არ დანიშნა დავით აღმაშენებელმა გიორგი ჭყონდიდელი ვაზირთა უპირველესად, რომ ენდობოდა, არამედ იმიტომაც, რომ იმ დროიდან ქართულ სახელწიფოში მეფის მერე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ფიგურა, აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირთა ხელმძღვანელი, იქნებოდა სასულიერო პირი, უქორწინებელი ბერი, რომელსაც პოლიტიკური მადა, ქონების მოხვეჭის მცდელობა, შვილებისათვის მამულების მოგროვებისა და მათთვის მემკვიდრეობით ძალაუფლების გადაცემის სურვილი არ ექნებოდა. ამგვარად გამოირიცხა ქვეყანაში რომელიმე დიდგვაროვნის გაძლიერება და მეფემდე, ქვეყნის მეთაურამდე მიახლოება-აღზევება. გამოირიცხა ოჯახური თუ  საგვარეულო კლანების შექმნა-გაძლიერება, რომელიმე სინიორიის დაწინაურება სხვებზე მეტად. გამოირიცხა მექრთამეობა და ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის მხრიდან მეფის ანუ სახელმწიფო ღალატიც. ბერს რაში დასჭირდებოდა ქვეყნისა თუ მეფის მტრობა და მტრებთან დაკავშირება. ღვთისმოშიში ბერი ყველაფერ ამაზე მაღლა დგას. ოფიციალურად, ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ხელში გადავიდა მემკვიდრის აღზრდის საქმეც. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ჭყონდიდელი „ვითა მამა არს მეფისა, აგრე ყველა საურავი უიმისოდ არ იქნების“. რაც მეტად ასკეტურად  გაიზრდებოდა ტახტის მემკვიდრე, უკეთესი იქნებოდა სახელმწიფოსთვის. იმ დღიდან საეკლესიო ლიტერატურაც სამეფო სასახლიდან ურიგდებოდათ ეკლესია-მონასტრებს და ასე კონტროლდებოდა სარწმუნოებრივი სიწმინდეც ქვეყანაში, რომ რაიმე ერესს არ შეერყვნა.
 გარდა ამისა, გიორგი ჭყონდიდელი გახდა სააჯო კარის ხელმძღვანელი, ანუ უმაღლესი სასამართლოს მეთაურის ფუნქციები ჩაიბარა. ამგვარად, სახელმწიფოში სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა დაევალა ბერს, რომლის მოქრთამვაც შეუძლებელი იქნებოდა და რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ერთი კრიტერიუმი - ღვთის შიში. მართლაც, ჭყონდიდელი ეპისკოპოსი იყო „მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთა ხელისამპყრობელი,“ ანუ შემწე.
გიორგი ჭყონდიდელი გახლდათ შესანიშნავი სარდალიც, არაერთი სამხედრო ოპერაციის მეთაური, რომელიც ძალიან კარგად დაგეგმა და ჩაატარა, სხვა მამულიშვილებთან ერთად. 1110 წელს, თურქ-სელჩუკების თვალის ასახვევად, დავით მეფე დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ასეთ მანევრებს ხშირად მიმართავდნენ ჩვენი საამაყო ეპოქის საამაყო შემქმნელები, დავით აღმაშენებელი და მისი გუნდის წევრები, რათა მოედუნებინათ დამპყრობთა ყურადღება და მოულოდნელად დაერტყათ მათთვის. ქვემო ქართლში ჯერ კიდევ თურქ-სელჩუკები იყვნენ გაბატონებულნი. გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელთან შეიკრიბნენ სარდლები „თევდორე (ჭყონდიდელის დისწული), აბულეთი და ივანე ორბელი, და სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე”. ესე იგი ისეთი მოულოდნელი, სწრაფი და წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს ქართველებმა, თურქ-სელჩუკები გაოგნებულნი დარჩნენ და ღამით გაიპარნენ ქვემო ქართლის დიდი ნაწილიდან. 1116 წელს „წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავიცა, მეფისა მუხნარს ყოფასა.”
გიორგი ჭყონდიდელი ქართული მამულიშვილობის სიმბოლოა, ქართული ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ერთიანობის სიმბოლო. მის საეკლესიო და საერო „სახელოებში“, თანამდებობებში კარგად ჩანს, რომ ჩვენს სახელმწიფოში საერო და სასულიერო ხელისუფლების სიმფონია იყო, ოღონდ არა ბიზანტიური ტიპის, არამედ წმინდად ქართული  (ამ თემაზე სხვა დროს).
არმიის გაძლიერების მიზნით, დავით მეფემ ყივჩაღებთან ელჩები გააგზავნა და ყივჩაღთა ერთ-ერთი ტომის მეთაურს, ათრაქა შარაღანის ძეს მის სამსახურში შემოსვლა შესთავაზა. ამ საქმის მოსაგვარებლად ჩვენმა დიდმა ხელმწიფემ იქორწინა ათრაქა შარაღანის ძის ასულზე, გურანდუხტზე. გაუხარდათ ყივჩაღებს, ისინი სამხედრო საქმიანობით შოულობდნენ ხოლმე სამსახურსა და ქონებას. მაგრამ ოსებსა და ყივჩაღებს შორის მტრობა იყო. ყივჩაღებს შევიწროებული ჰყავდათ ისინი. ამიტომ, ოსებისგან მშვიდობიანი გზა ითხოვეს.
მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე ოსური სამეფო-სამთავრო არსებობდა. ოსების ბელად-მთავართა შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ქართველი მეფეები. ნათესაობაც და პოლიტიკური კავშირებიც ჰქონდათ – დავით აღმაშენებლის ბებია, დედოფალი ბორენა, ერთ-ერთი ოსური სამეფოს მეფის, ურდურეს ასული იყო. საქართველოს მეფეები ოვსებსაც ქირაობდნენ ხოლმე მეომრებად.
ხელმწიფეს ოსეთში თან ახლდა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი. „შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. დავით მეფემ ოსებისა და ყივჩაღთა მეთაურებისგან მძევლები აიყვანა,  ბრძოლა რომ არ წამოეწყო რომელიმე მხარეს. ჩრდილო კავკასიის ველებიდან, სადაც მოსულები იყვნენ ყივჩაღები, საქართველომდე, არაგვის კარამდე, დარიალამდე, ციხე-სიმაგრეებში ქართული სამხედრო ნაწილები ჩააყენა. მემატიანეს თქმით, ასე შეარიგა  მტრულად განწყობილი ორი ხალხი ერთმანეთს.
ოსეთში ყოფნისას დიდი მწუხარება დაატყდა თავს დავით აღმაშენებელს - მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი. დიდი პატივით გადმოასვენეს მისი წმიდა ნეშტი და დაკრძალეს გელათში, რომელიც თავის საძვალედ აეშენებინა დავით მეფეს. იგლოვა მთელმა სამეფომ. ორმოცი დღე გლოვობდა ჩვენი ხელმწიფე მეგობრისა და თანამებრძოლის, „ყოველთა გზათა და საქმეთა და ღვაწლთა მოზიარის“ დაკარგვას შავებში ჩაცმული, როგორც მამას და „უმეტესცა მამისა“, სანამ მისი უმცროსი ვაჟი, ვახტანგი არ დაიბადა. ვახტანგის შეძენის სიხარულით მიატოვა გლოვა. ასეთი დიდი სიყვარული ჰქონდა უდიდეს ქართველს ერთ-ერთი უდიდესი ქართველისადმი.
 скачать dle 11.3