კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-33(868)


„ბურატინოს“ და ირინა ვარლამოვას საუბარი ორწუთნახევარს გაგრძელდა. ერთი წუთის შემდეგ, „კაგებეს“ უკვე დადგენილი ჰქონდა იმ ქუჩის ტელეფონ-ავტომატის ადგილმდებარეობა, საიდანაც ქალი რეკავდა. ამიტომ, ავტომატურ სატელეფონო სადგურში მყოფი „კაგებეს“ ოფიცერი პირდაპირ პირველი მობილური ჯგუფის უფროსს დაუკავშირდა რაციით და უთხრა:
– ავლაბარში გავარდით. შაუმიანის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარედ რომ პირველივე ტელეფონ-ავტომატია, ზარი იქიდანაა შემოსული. სწრაფად!
პირველი ოპერატიული ჯგუფი ორმოც წამში უკვე დანიშნულების ადგილზე იყო, მაგრამ ტელეფონ-ავტომატთან არავინ იყო. სპეცოპერები, მანქანაში ისხდნენ და იქიდან უთვალთვალებდნენ სატელეფონო ჯიხურს. ჯგუფის უფროსი კი რაციით ავტომატურ-სატელეფონო სადგურში მყოფ „კაგებეს“ თანამშრომელს დაუკავშირდა და უთხრა:
– აქ არავინაა.
„კაგებეს“ თანამშრომელს ცალ ყურზე მოსასმენი ჰქონდა მიმაგრებული, რომლითაც „ბურატინოსა“ და ვარლამოვას ლაპარაკს ისმენდა. ხელში კი რაცია ეკავა და მიუგო:
– გამორიცხულია, საუბარი ახლაც მიმდინარეობს და ხომ არ შეგეშალათ ადგილი?
– არა. ზუსტად მითითებულ მისამართზე ვართ, – მიუგო ოპერჯგუფის მეთაურმა და დააყოლა, ახლახან ვიღაც შევიდა ჯიხურში და დარეკვა სცადა, მაგრამ ყურმილი დაკიდა და უკან გამოვიდა.
– ქალია?
– კაცი.
– უთვალთვალეთ და დააკავეთ, – თქვა ავტომატურ სატელეფონო სადგურში „მყოფმა „კაგებეს“ თანამშრომელმა და დააყოლა, – საუბარი დაამთავრეს.
„ბურატინოსა“ და ვარლამოვას საუბრის დასრულებიდან ათი წუთის შემდეგ, ზურაბ გიგაური უკვე ყველაფრის საქმის კურსში იყო. ის კონსპირაციულ ბინაში იმყოფებოდა და ავტომატურ სატელეფონო სადგურში მყოფმა მისმა კოლეგამ მოკლედ და გარკვევით ჩააყენა მაიორი საქმის კურსში.
– უცნაურია, – ჩაილაპარაკა ზურაბმა. შემდეგ რაციით პირველი ოპერატიული ჯგუფის უფროსს დაუკავშირდა და ბოლოდან დაიწყო:
– სატელეფონო ჯიხურიდან გამოსული მამაკაცი სადაა?
– ჯიხურიდან ას მეტრში დავაკავეთ. მაშინ, როცა ავტობუსში ასვლა უნდოდა. ჩემებს ჰყავთ მანქანაში და თქვენს მითითებებს ველოდებით.
– განყოფილებაში მოიყვანონ და ათ წუთში მეც მივალ.
– გასაგებია, – მიუგო გიგაურს პირველი ოპერჯგუფის უფროსმა.
– მოიცა, ხაზზე დარჩი, – თქვა ზურაბმა, – ხომ არაფერი შეგეშალათ. ნამდვილად მითითებულ მისამართზე მიხვედით.
– დიახ, ამხანაგო მაიორო, ნამდვილად მითითებულ მისამართზე ვართ.
– კეთილი. ახლა მანდ ტექნიკურ ჯგუფს გამოვგზავნი და თქვენც განყოფილებაში მოდით
***
მაიორი გიგაური მანქანიდან დაუკავშირდა „კაგებეს“ ტექნიკური ჯგუფის უფროსს და დაავალა, სასწრაფოდ გაერკვიათ, რა ხდებოდა შაუმიანის ქუჩაზე მდებარე სატელეფონო ჯიხურში შემავალ ქსელში და მისთვის მოეხსენებინათ. „კაგებეს“ განყოფილებაში რომ მივიდა, დაკავებული მამაკაცი უკვე იქ დახვდა. მაიორმა ყურადღებით შეათვალიერა ოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელიც უკიდურესად დაბნეული ჩანდა და ვერ გაერკვია  რა ხდებოდა მის თავს.
– დაბრძანდით, – უთხრა ზურაბმა დაკავებულს, – თქვენი ვინაობა დაასახელეთ.
– ვარდენ შარიქიანი, – ამოილუღლუღა მამაკაცმა.
– სად ცხოვრობთ?
– იქვე, სადაც დამიჭირეს.
– სახლში ტელეფონი გაქვთ?
– დიახ.
– სად მიდიოდით ავტობუსით?
– კინოში.
– მარტო?
– არა, მეგობარს უნდა შევხვედროდი და დამიჭირეს.
– ტელეფონი გაფუჭებული გაქვთ სახლში?
– არა. მუშაობს.
– მაშინ, ქუჩიდან რატომ რეკავდით.
– რა, არ შეიძლება, უფროსო? – შიშით იკითხა შარიქიანმა.
– როგორ არა, მაგრამ ცოტა უცნაურია. იქვე ცხოვრობთ და ტელეფონზე დასარეკად ქუჩაში გამოდიხართ, როცა სახლიდან შეგეძლოთ, დაგერეკათ. ვის ურეკავდით.
„მოსულიერებულმა“ დაკავებულმა ოფლი მოიწმინდა სახიდან და გიგაურს უთხრა:
– უფროსო, საქმეც ისაა, რომ სახლიდან ვერ დავრეკავდი. ჩემი სირანა, ჩემი ცოლი, სახლშია და დავიწვებოდი.
– ეგ როგორ?
– ვერა ხვდებით?
– ვერა.
– სვიდანიაზე მივდიოდი ერთ ქალთან.
– გასაგებია, – გაეცინა გიგაურს და დააყოლა, – მერე?
– რა მერე, უფროსო, – მხრები აიჩეჩა ვარდენ შარიქიანმა, – მერე ის, რომ დამიჭირეს და არ გამიშვეს. ის ქალი კი კინოთეატრ „ისანთან“ მელოდებოდა და ვსტრეჩა გავმაზე.
– ქუჩიდან რატომ არ დარეკეთ?
– გაფუჭებული იყო უფროსო და იმიტომ.
– გასაგებია. საბუთი გაქვთ თან?
ვარდენმა მაიორს თავისი პასპორტი მიაწოდა და უთხრა:
– აი, ჩემი პასპორტი.
მაიორმა ყურადღებით შეამოწმა დაკავებულის პასპორტი და ვარდენს უკან დაუბრუნა. შემდეგ მას სახლის ტელეფონი ჰკითხა. ხელით ანიშნა, – გაჩუმდიო და შარიქიანის სახლში დარეკა:
– გისმენთ, – მოესმა ზურაბს ქალის ხმა.
– ბატონ ვარდენს სთხოვეთ, თუ შეიძლება, – თქვა გიგაურმა.
– აჯან? – იკითხა სომხურად ქალმა.
– შარიქიანის ბინაა? – დაეჭვდა ზურაბი.
– კი, კი, შარიქიანის ბინაა.
– ვარდენი მინდა, ვარდენ შარიქიანი.
– ნაჩნოი სმენაშია, ცავატანემ, – ვინ კითხულობს.
– თქვენ, ქალბატონი სირანა ბრძანდებით.
– სირანა ვარ, სირანა. თქვენ ვინ ბრძანდებით?
– მე გოგი ვარ უბილავა, ვარდენის ძველი მეგობარი. გუშინ ჩამოვედი ტაშკენტიდან, ხვალ ისევ მივდივარ და მისი ნახვა მინდოდა.
– ხვალ იქნება. შუადღეზე მოვა და დარეკეთ, – თქვა სირანამ.
– კარგი. ნახვამდის, – ზურაბმა ტელეფონი დაკიდა და შარიქიანს ჰკითხა:
– სად მუშაობთ?
– კინომეხანიკი ვარ. ფილმებს ვუშვებ კინოთეატრ „სპარტაკში“.
– ღამის სეანსებიც გაქვთ? – გაეცინა მაიორს.
– ზოგჯერ, – სიცილითვე მიუგო ვარდენმა, – სირანას ვუთხარი, მთავრობის ხალხი მოდის ნაჩნოი პრასმოტრზე და იქ მივდივარ-მეთქი. აბა, ხომ არ ვეტყოდი, სვიდანიაზე მივდივარო?
– რომელ საათზე იყო პრასმოტრი? – იკითხა მაიორმა.
– ცხრაზე, უფროსო.
– დაგაგვიანდათ. უკვე თერთმეტი შესრულდება. სახლში რომ მიხვალთ, მეუღლეს ეტყვით – გადაიდოო?
– უფროსო, შეიძლება, დავრეკო? – იკითხა გათამამებულმა ვარდენმა, რომელიც მალევე მიხვდა, რომ გაუშვებდნენ.
– დარეკეთ.
– შარიქიანმა თავის საყვარელს დაურეკა და უთხრა, რომ თითქოს მეუღლე გაუხდა ცუდად და ამიტომ ვერ მივიდა პაემანზე. შემდეგ მიელაქუცა, მოუბოდიშა და ნებართვა მიიღო, რომ მასთან მთელი ღამით მისულიყო სახლში. ყურმილი რომ დაკიდა, ზურაბს კმაყოფილებით უთხრა:
– ნაჩნოი სეანსი არ გამაზულა. ზაირასთან მივდივარ კინოს საყურებლად.
გიგაურმა ძლივს შეიკავა სიცილი. ვარდენს შეხედა და ჰკითხა:
– დარწმუნებული რატომ ხართ, რომ გაგიშვებთ?
უკვე საბოლოოდ „მოსულიერებულმა“ შარიქიანმა კი მაიორს გაუღიმა და უთხრა:
– უფროსო, შენ თვითონ არ დარწმუნდი, რომ ჩისტი ვარ და არაფერს გატყუებ. აქ რაში გჭირდები. შენ ისედაც ბევრი საქმე გექნება.
– მე თუ არა, სირანას ხომ ატყუებ?
– ინაგდა შეიძლება. გამიშვებ თუ კამერაში გამამკეტავ?
– გაგიშვებ, მაგრამ ერთი პირობით.
– ბრძანე, უფროსო.
– თუ ენას კბილს დააჭერ და არავისთან იტყვი, რომ აქ იყავი.
– კაცობას გეფიცები.
– კარგი. წადი შენს ზაირასთან. სასიამოვნო კინოსეანსს გისურვებ, – უთხრა ვარდენს მაიორმა. შემდეგ ერთ-ერთ ხელქვეითს უხმო და დაკავებული გაისტუმრა. მაიორი გიგაური კვლავ ფიქრებში ჩაიძირა და ცდილობდა, მიმხვდარიყო, რა მოხდა. ნახევარი საათი გაუჩერებლად სცემდა ბოლთას კაბინეტში. ამ დროს ტექნიკური ჯგუფის უფროსი მოვიდა და გიგაურს უთხრა:
– შეიძლება?
– მოდი. ჩქარა მითხარი, რა გაარკვიეთ.
– ამხანაგო მაიორო, როგორც გავარკვიეთ, სატელეფონო ხაზი ქუჩის ტელეფონ-ავტომატიდან ბინაშია არალეგალურად გადაყვანილი და ისეა გაკეთებული, რომ ქუჩაში არ მუშაობს. როგორც ჩანს, ქალი ბინიდან ლაპარაკობდა, – თქვა ტექნიკური ჯგუფის უფროსმა და გიგაურს იმ ბინის მისამართი დაუსახელა, საიდანაც ვარლამოვა ლაპარაკობდა.
– ეს ხომ ვარდენ შარიქიანის სახლის გვერდითაა, – წამოიძახა გიგაურმა, რომელსაც დაკავებულის პასპორტი ჰქონდა ნანახი და მისამართი ახსოვდა, თან დააყოლა, – ეს რომ მცოდნოდა, მართლა არ გავუშვებდი ჯერ და ყველაფერს დაწვრილებით გამოვკითხავდი.
– რა ბრძანეთ? – იკითხა ტექნიკური ჯგუფის უფროსმა.
– არაფერი, – თავი გააქნია მაიორმა და დაამატა, – გაარკვიეთ, ვისი ბინაა?
– დიახ. ბინა გენო აივაზოვს ეკუთვნის, მაგრამ თვითონ იქ არ ცხოვრობს, აქირავებს. როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ბინის პატრონი აივაზოვი მეიდანშია და იქ ჩვენი ოპერჯგუფი წავიდა. გაქირავებულ ბინაშიც ოპერები იმყოფებიან.
– ვინ იქირავა ბინა, ხომ არ დაგიდგენიათ?
– ვიღაც მუსიკოსი ყოფილა. ახლა გასტროლებზეა ციმბირში. მეტი არაფერი ვიცით, მაგრამ ჩვენები ინტენსიურად მუშაობენ, – მიუგო გიგაურს ახალმოსულმა.
– სულ ესაა? – იკითხა მაიორმა.
– ჯერჯერობით, სულ ესაა, – მიუგო გიგაურს, ტექნიკური ჯგუფის უფროსმა.
– კარგი. თავისუფალი ხართ, – თქვა ზურაბმა. ახალმოსული რომ გაისტუმრა, ვარდენ შარიქიანის საყვარლის, ზაირას, ტელეფონის ნომერი აკრიფა, რომელიც მაიორმა მაშინ დაიმახსოვრა, როდესაც ვარდენი რეკავდა ქალთან.
– ალო! – გაისმა ყურმილში ქალის ხმა კარგა ხნის ლოდინის შემდეგ და გიგაურმა ღიმილით გაიფიქრა, – ალბათ, „შურიმურობენ“ და ჩემთვის არ სცალიათო.
– საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ზაირა.
– ზრდასტი, ვინა ხარ?
– ვარდენს სთხოვეთ.
– სხვაგან მოხვდი, – თქვა ზაირამ და ყურმილის დაკიდებას აპირებდა, მაგრამ მაიორმა არ აცალა:
– დროზე დაუძახე! უთხარი, – მილიციიდან გირეკავენო.
როგორც ეტყობოდა, ვარდენ შარიქიანი ზურაბისა და ზაირას საუბარს ისმენდა პარალელური ტელეფონით და მყისვე უპასუხა:
– გისმენ, უფროსო. ხომ მშვიდობაა?
– ვარდენ-ჯან, ჩემთან, მილიციაში უნდა მოხვიდე სასწრაფოდ. გადაუდებელი საქმე მაქვს. ქალბატონ ზაირას კი ჩემგან დიდი ბოდიში მოუხადე. მანქანას გამოგიგზავნი და აბა, მისამართი მიკარნახე. თანაც, ჩვენი შეთანმხება ხომ გახსოვს?
ვარდენმა გიგაურს თავისი საყვარლის ბინის მისამართი უკარნახა და დააყოლა:
– აბა, მაშ! მახსოვს, როგორ არ მახსოვს. ვსიო, სავერშენნო სეკრეტნო.
– ათ წუთში მზად იყავი. მანქანას გამოვუშვებ, – თქვა ზურაბმა და ყურმილი დაკიდა.
– ხომ არაფერი გიჭირს, უფროსო. რით დაგეხმარო? – საქმიანად იკითხა ზურაბთან დაბრუნებულმა ვარდენ შარიქიანმა.
მაიორმა სკამზე მიუთითა ახალმოსულს და ვარდენი რომ დაჯდა, უთხრა:
– ბატონო ვარდენ, ძალიან სერიოზული კაცი ჩანხარ და იმედია, ჩვენი საუბრის შესახებ არავისთან არაფერი გითქვამს.
– აბა, მა რა! ხომ შეგპირდი, – შარიქიანმა ტუჩებზე საჩვენებელი თითი მიიდო და დააყოლა, – ვარდენ შარიქიან მაგილა. ლაყბობა არ მიყვარს.
– ასეც ვიცოდი, – თქვა ზურაბმა, – ეჭვი არ მეპარება, რომ სამშობლოს პატრიოტიც ხარ.
– ბა ვონც? – წაუსომხურა შარიქიანმა და ჩაარაკრაკა, – ვარ, ვარ პატრიოტი, ვარ, აბა, როგორ?
– ჰოდა, თუ პატრიოტი ხარ, უნდა დაგვეხმარო, – მშვიდად თქვა გიგაურმა და ვარდენს გამომცდელად შეხედა.
– აბა, როგორ. დაგეხმარები. თქვი, რაშია საქმე?
– შენ ყურადღებიანი კაცი ხარ. არაფერი გამოგეპარება და ბევრი რამ გეცოდინება, – ზურაბმა შარიქიანს ბინის მისამართი დაუსახელა, სადაც მუსიკოსს ჰქონდა ნაქირავები ოთახები და დააყოლა, – ინფორმაცია მაინტერესებს ამ ბინაზე და იქ მცხოვრებლებზე.
– მაინც, რა გაინტერესებს, უფროსო – ბინის პატრონის ამბავი თუ მისი მდგმურები?
– ყველაფერი ყველას შესახებ.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3