კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 სანთლის წვეთები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი


ეს საქმე კომისარმა მხოლოდ თავისი უნიკალური ალღოს წყალობით გახსნა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მარსელმა მოკლა დედა, დაჭრა დეიდა და მათი დანაზოგი გადამალა. მარსელი მაშინვე დააკავეს, თუმცა ირწმუნებოდა, რომ არავინ მოუკლავს. მეგრე ადგილობრივმა კომისარმა გამოიძახა, რომელიც მარსელთან მეგობრობდა და არ სჯეროდა პოლიციის ვერსიის. მეგრე უხალისოდ, მაგრამ მაინც გაემგზავრა ამ ღვთისგან მივიწყებულ მხარეში. ხორცის გამყიდველმა თავისი ფორანით ჩაიყვანა. სოფელში ყველა სახლი ას წელზე მეტის მაინც იყო და სევდიანად გამოიყურებოდა. მეგრეს გუნება წაუხდა. აქ არც ელექტროგაყვანილობა იყო. სახლებს სანთლებითა და ნავთის ლამპებით ანათებდნენ. ერთადერთი კაპიტალური სახლი ჰერცოგს ეკუთვნოდა. ისიც ამ დასახლებიდან საკმაოდ მოშორებით იდგა. სახლი, სადაც დები პოტრიუები  ცხოვრობდნენ, სოფლის შუაგულში გახლდათ. სხვა სახლებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ წინ პატარა დუქანი ჰქონდა დახლით, სადაც ადგილობრივები ღვინოსა და ლუდს მიირთმევდნენ. დები პოტრიუები ახალგაზრდები აღარ იყვნენ. ერთი და სამოცდახუთი წლის იყო, მეორე – სამოცდასამის. მძარცველმა სამოცდასამი წლის ოლივია მოკლა. ის საწოლში იპოვეს მკვდარი. მკერდში დანით, ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ის მაშინვე მოკვდა. მეორე და – სილვია, ფანჯარასთან იპოვეს, გასისხლიანებული. რამდენიმე ჭრილობიდან წამოსულმა სისხლმა დაასუსტა და გონება დაკარგა. თუმცა, ფანჯრის გაღება და  მეზობლების საშველად მოხმობა მოასწრო. ორ საათში დააპატიმრეს ოლივიას უკანონო შვილი – მარსელი. მარსელს დედასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. მიდიოდა და ბუღალტერიის დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარებოდა. ცოლი და ოთხი შვილი ჰყავდა. ჰერცოგმა, როგორც თავის მოურავს, მიტოვებული წისქვილი აჩუქა და მარსელმა მყუდრო სახლად აქცია. დალევა უყვარდა და როცა სვამდა, აგრესიული ხდებოდა. დეიდას სძულდა და ამას არ მალავდა. მეზობლები ამბობდნენ, დედასაც ეშინია მისი და იმიტომ აძლევს უფლებას, შემოსავლებიდან რაღაც სარგებელი ნახოსო. მკვლელობის დღეს მარსელი დებთან იყო. კურდღელიც დაკლა, რომელიც დედამ შეუწვა და ივახშმეს. მარსელმა თეთრი ღვინო დალია და სახლში წავიდა. ცოლმა დაადასტურა, რომ მისი ქმარი რვა საათისთვის მთვრალი დაბრუნდა.  მკვლელობის იარაღი, დიდი სამზარეულოს დანა ბუხარში იპოვეს. ხის ტარი თითქმის სრულიად დანახშირებული იყო. შესაბამისად, მასზე აღარც თითების ანაბეჭდი არსებობდა. სამაგიეროდ, ბევრგან იყო მარსელის ანაბეჭდები – კომოდზე, მის უჯრებსა და ზარდახშაზე, სადაც დები ფასიან ქაღალდებსა და ფულს ინახავდნენ. საწოლში, სადაც დედამისი მოკლეს და გვამი პოლიციამ იქვე იპოვა, აღმოჩნდა ღილი მარსელის ზამშეს ქურთუკიდან. მოკლულს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. როგორც ჩანს, გული მძინარეს გაუგმირეს. მეგრეს თავისი არგუმენტები ჰქონდა. მყარად ჩამოყალიბებული თეზისები, თუ რატომ არ შეიძლებოდა, დედა მარსელს მოეკლა:
1. რატომ დაწვა მარსელმა დანა, მაშინ, როცა უამრავი ანაბეჭდი დატოვა კომოდსა და კონვერტზე, სადაც დები ფულს ინახავდნენ;
2. რატომ დადიოდა სანთლით ხელში ოთახებში, მკვლელობის შემდეგაც. ამაზე მეტყველებდა სტეარინის წვეთები, რომლებიც ყველგან იყო;
3. რატომ არ მიდიოდა სისხლიანი კვალი პირდაპირ საწოლიდან ფანჯარასთან.
სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით კომისარმა ძიება დაიწყო. უპირველესად, გადარჩენილი და მოინახულა. ის საწოლზე იწვა, თვალებგახელილი. ყველაფერი ესმოდა, ყველაფერს გრძნობდა, ხედავდა, მაგრამ არ ლაპარაკობდა. კომისარმა რამდენჯერმე სცადა მისი დაკითხვა, მაგრამ ამაოდ. მოხუცი ქალი ჯიუტად დუმდა და მხოლოდ გაბოროტებული მზერით ათვალიერებდა ყველას, ვინც მის ოთახში შედიოდა. კომისარი მეგრე ვერასდროს იტანდა ამ ძველ, ინგლისურ სახლებს, საშინლად სევდისმომგვრელები სიძველით რომ „სუნთქავდნენ“. მეგრემ მარსელთან შეხვედრა და ლაპარაკი მოისურვა. მარსელი დიდი ინტელექტით არ ბრწყინავდა, თუმცა ველურსაც არ ჰგავდა. მან კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ დედასთან უსიამოვნებები ჰქონდა. დეიდა ვერ იტანდა, ეს სიმართლეა, მაგრამ დედას უყვარდა და თავადაც ჰქონდა მიჯაჭვულობა ამ ქალის მიმართ, რომელმაც შობა. ოთხი საათის შემდეგ კომისარმა დანაშაულის სრული სურათი წარმოიდგინა. ადგილობრივ კომისარს ერთი ჭიქა ცივი ლუდის მოტანა სთხოვა და შეუთანხმდა, როგორც კი ცოტას დაისვენებდა, მოუყვებოდა სიმართლეს სკანდალური მკვლელობის შესახებ.
– ოღონდ, რასაც მოვყვები, ყველა სიტყვა უნდა გაიგონოს ცოცხლად გადარჩენილმა მის პოტრიუამ.
– რა ხდება, მეგრე?
– ყველაფერს გაიგებთ, როცა დრო მოვა.
– მისის პოტრიუამ დაუფარავი ირონიით შეხედა სამართალდამცველებს. ცოცხალი თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი სიავითა თუ ზრახვით სავსე. მეგრემ თავდაჯერებული მზერა მოავლო ოთახში შეკრებილებს და ჩაახველა.
– მოკლედ, დროა, დავასრულოთ ეს საქმე. მარსელს დედა არ მოუკლავს. მას ეს არაფერში  სჭირდებოდა. იმ დღეს მან დედასთან ერთად ანგარიშების წიგნი დაათვალიერა. მისგან გასამრჯელოც მიიღო. გემრიელად ივახშმა, ღვინო დალია და კმაყოფილი გაემართა სახლისკენ. დედამისიც არ დარჩენილა ამ შეხვედრით უკმაყოფილო, თუმცა, დაიღალა და ადრე დაწვა დასაძინებლად. ძილი გაუტყდა მის დას, რომელსაც დაც სძულდა და მისი შვილიც. მკითხავთ, რატომ სძულდაო? იმიტომ, რომ შურდა მისი. ბედმა ისე ინება, რომ უფროსმა პოტრიუამ ვერც სიყვარული გამოსცადა და ვერც კაცის ალერსი. მარტოსული იყო და თავისი დის ყოველი შეხვედრა შვილთან, აცოფებდა, საკუთარ მარტოსულობას ახსენებდა. მოგეხსენებათ, ასაკში ხასიათიც იცვლება და მძიმდება. ასე რომ, უფროსმა პოტრიუამ გადაწყვიტა და მოეკლა, ხოლო მკვლელობა მისი შვილისთვის დაებრალებინა, რაც თითქმის გამოუვიდა. ქურთუკიდან ჩუმად მოგლიჯა ღილი და მოკლულის გვერდით დააგდო. დას მძინარეს ჩაარჭო დანა, მერე კი თავი დაისერა. რა თქმა უნდა, ეშინოდა ტკივილის, როცა ამას აკეთებდა და ოთახში აქეთ-იქით დაბარბაცებდა, რასაც სისხლის კვალი მოწმობს. ახლა რაც შეეხება სანთელისგან ჩამონაღვენთ სტეარინს. იცით, რატომ აღმოჩნდა ის ასე უაზროდ მიმობნეული ყველგან და საკუჭნაოშიც კი? პოტრიუამ კომოდი რომ ამოქექა, ფასიანი ქაღალდები და ფული გადამალა, რომ პოლიციას ეფიქრა, თითქოს მარსელმა გაიტაცა. სინამდვილეში, თავად გადამალა ერთ-ერთ კასრში. მომიტანეთ ხერხი ან ნაჯახი და დაკარგულ ფულს ახლავე ვიპოვი. იმ კასრშია, რომელზეც ყველაზე მეტი სტეარინის წვეთებია. ვხედავ, რომ ჩემს სიტყვებში ეჭვი არ გეპარებათ. ყველაზე კარგი დადასტურება კი მისის პოტრიუას სახეა. შეხედეთ მას, თითქოს რაღაცის თქმაც უნდა, თუმცა მეეჭვება, რამით გაიმართლოს თავი.
მეგრემ საწოლისკენ გაიშვირა ხელი, სადაც დაჭრილი პოტრიუა იწვა. ქალს სახე სიძულვილისგან დაბრეცოდა და კომისარს სისხლით სავსე მკვლელის თვალებით უმზერდა.

скачать dle 11.3