№34 როგორ აღმოაჩინა და გამოსცადა საკუთარ თავზე მაღალმთიან აჭარაში დიაბეტის სამკურნალო წყალი ამირან მახაჭაძემ
როგორც შუახევი-ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბუთურაულის გამგებელი, ბატონი ამირან მახაჭაძე ამბობს, მან სოფლის მახლობლად, უნიკალური წყალი აღმოაჩინა, რომელიც დიაბეტს კურნავს. მისი სამკურნალო ძალა საკუთარ თავზე გამოსცადა და ახლა თავს მხნედ და ჯანმრთელად გრძნობს. მართალია, ამის შესახებ, შესაბამის ორგანოებსა და სპეციალისტებს ჯერ დასკვნა არ დაუდიათ, მაგრამ ფაქტია, სოფელში ბევრი ადამიანი ჩადის, მიაქვთ წყალი, სვამენ და შედეგით კმაყოფილები არიან. ახლა ბატონი ამირანი იმის მოლოდინშია, რომ მის აღმოჩენილ დიაბეტის სამკურნალო, უნიკალურ წყალზე დადებით დასკვნას გასცემენ და ამით მისი სოფელი, ცნობილი გახდება.
ამირან მახაჭაძე: ჩვვენი სოფელი წყლებით მდიდარი არ არის, თუმცა ოთხ ადგილას, ბუნებრივი წყალი გადმოდის, რომელიც 149 კომლს, სპეციალური მოწყობილობით, სახლებში აქვს შეყვანილი. სოფელი ტყეშია ჩაფლული და სუფთა გარემოში ვცხოვრობთ. სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე კიდევ ერთი წყალი, რომელიც მიწიდან ამოედინება და დიაბეტის სამკურნალო თვისებები აქვს. მე რომ არ მქონოდა დიაბეტი, არ დამელია და საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე არ გამომეცადა მისი ეფექტი, ამას ხმამაღლა არ ვიტყოდი. დარწმუნებული ვარ, ეს წყალი ბევრ ადამიანს უშველის. დაახლოებით, მოსახლეობის 80 პროცენტი დიაბეტითაა დაავადებული და თუ ამ წყლის მიღებით მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ამას რა ჯობია? ვინც ეს წყალი დალია, ყველა კმაყოფილია.
– როგორ აღმოაჩინეთ წყალი, რომელსაც თქვენი თქმით, დიაბეტის სამკურნალო თვისებები აქვს?
– ზემო აჭარაში საკმაოდ გახშირდა ხეების დაავადება. ბევრი ხე გახმა. სოფლის მახლობლად რამდენიმე ხე გახმა და ვიფიქრე, სხვა ხეებიც არ დააავადოს, მოვჭრი-მეთქი. სოფლის ბოლოს, სოფლიდან 450 მეტრში, გამხმარი ხეები დავჭერი მეზობელების დახმარებით და ტრაქტორი ავიყვანე, რომ იქიდან გამოგვეტანა. დაღმართში რომ მოათრევდა მოჭრილ ხეებს, ვეღარ შეძლო მისი ჩამოტანა და ტრაქტორი გავუშვით, ხარები ავიყვანეთ ხეების ჩამოსატანად. მიწაზე, ტრაქტორის ნაკვალევზე, უცნაური ღრმულები შევამჩნიე, რომელშიც წყალი ჩამდგარიყო. დავაკვირდი და წყალი ჟონავდა. მოკლედ, საკმაოდ შორსაა დასალევი წყალი იმ ადგილიდან, მე კი შაქარი მაქვს და ოცი ლიტრი წყალი არ მყოფნიდა დასალევად. ერთმანეთს ვეუბნებოდით მუშაობის პროცესში, ახლა შენ წადი წყლის მოსატანად და ახლა შენო. მოკლედ, ბოლოს, სიარულით რომ დავიღალეთ, ვთქვი, აგერ, მიწიდან რომ ამოდის წყალი, იმას დავლევ-მეთქი. გავსინჯე, უცნაური გემო ჰქონდა. ბლანტი მომეჩვენა, თუმცა დასალევად მსუბუქი იყო. ავავსებდით ჭურჭელს და მთელი დღე ვსვამდი. სამი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად ვსვი. იმ პერიოდში შაქარს არ შევუწუხებივარ, თავს კარგად, ენერგიულად ვგრძნობდი. მომატებული წყურვილის გრძნობაც ნელ-ნელა გამიქრა. გავიზომე შაქრის დონე სისხლში და ნორმაში მქონდა. გამიკვირდა, რადგან ასეთი მაჩვენებელი დიდი ხანია, არ მქონია.
– ესე იგი, რომ არა თქვენი დაავადება, ამ წყლის სამკურნალო თვისებას ვერ მიხვდებოდით?
– ნამდვილად ვერ მივხვდებოდი და უბრალოდ, წყურვილს მოვიკლავდი. ჯერ კიდევ არ მჯერა, რა სასწაული და სამკურნალო წყალი აღმოვაჩინე ჩემს სოფელში.
– თუ მიმართეთ შესაბამის უწყებებს და წყალი ლაბორატორიულად შეამოწმეთ?
– როგორ არა. სამჯერ ჩავედი ლაბორატორიაში, ჩავიტანე წყალი და დასკვნას შესაბამისი სპეციალისტებისგან დიდი ხანია, ველოდები. რატომღაც აჭიანურებდნენ პასუხს. ახლა კი, ბათუმში სპეციალურად ჩავედი და ლაბორატორიაში ისევ მივიტანე წყალი. ჩემს თვალწინ დაბეჭდეს სპეციალურ ჭურჭელში და თბილისში გადმოაგზავნეს შესამოწმებლად. ახლა დასკვნის მოლოდინში ვარ.
– როგორც ვიცი, ბევრი ადამიანი ჩამოდის თქვენს სოფელში ამ წყლის წასაღებად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სათანადო დასკვნა მისი სამკურნალო თვისებების შესახებ, არ დევს.
– დიახ, ასეა. რიგი დგას. საქართველოს ყველა მხრიდან ჩამოდიან, მიაქვთ წყალი და როგორც ამბობენ, კმაყოფილები არიან. ზოგჯერ ვხუმრობ, იმდენი ხალხი მოდის ამ წყლის წასაღებად, მთელი საქართველო ამ დაავადებით ყოფილა დატანჯული-მეთქი (იცინის). მოკლედ, ღამეებს ათენებენ, რადგან ნელ-ნელა მოედინება წყალი მიწიდან და ჭურჭლის ავსებას დიდი დრო უნდა. დამიჯერეთ, წამლებს რეგულარულად ვიღებდი და ახლა, კარგა ხანია, წამალი არ დამილევია. ჩემი ექიმი – მაია გაოცებულია, რა დალიე ასეთი სასწაულმოქმედი, წამლები რომ აღარ გჭირდებაო (იცინის). ვინც ინსულინს იკეთებდა, აღარ სჭირდებათ, გადააგდეს და თავს მშვენივრად გრძნობენ... ასეთი ხალხი ჩემი თვალით მყავს ნანახი და დასკვნის დადება, ისევ გაჭიანურებურია. არ ვიცი, ვის არ აწყობს ეს ამბავი... ფაქტია, საქართველოში ბევრი წყალია, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. თუ დიაბეტის სამკურნალო წყალიც გვექნება და ეს ოფიციალურად დადასტურდება, ამას რა ჯობია? წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი იგრძნობს შვებას.
– მართალია, რომ ამ წყლით გარკვეულმა პიროვნებებმა ბიზნესი დაიწყეს და მისი გაყიდვა სცადეს?
– მართალია, გავიგე, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მიჰქონდათ და ყიდდნენ. გავბრაზდი, როგორ შეიძლება, იმ წყლის გაყიდვა, რომელიც ბუნებრივად გამოდის მიწიდან და დაავადებებს კურნავს? ამაზე ხელის მოთბობა შეიძლება? ავდექი და რკინის ბაკი დავაყენე, სადაც წყალი, ნელ-ნელა ივსება, გროვდება და რიგში დიდხანს დგომა აღარ უწევთ. ყველაფერს ვიღონებ, რომ ამ წყლის უნიკალურობა დავამტკიცო და ადამიანებს დიაბეტის დაძლევაში დავეხმარო. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ და კიდევ ბევრი, ვინც ჩემი სოფლიდან წყალი წაიღო, დალია და თავს ჩიტივით გრძნობს. ბევრი მეუბნება, ადექი და სია გააკეთე, განკურნებული ხალხის ჩანაწერები დადე, რომ უფრო მეტად დაიჯერონო... რად უნდა ამას სია და გამოკითხვა? ფაქტია, რამდენმა იმკურნალა ამ წყლით. დილის ცხრა საათზე მომიწია იმ ადგილას მისვლა და წყლის რიგში უკვე 70 ადამიანი იდგა. სანამ დასკვნა დაიდება, თუ მანამდე ვუშველით შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ამდენ ადამიანს, ამაზე დიდი წყალობა რაღა უნდა იყოს. იმ ადგილს, სადაც ეს წყალი აღმოვაჩინეთ, ნატბედი ჰქვია უძველესი დროიდან და იმედი მაქვს, თუ ამ წყლის უნიკალურობა ლაბორატორიულად დამტკიცდა, ეს სახელი დაერქმევა.