კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 ბაზარში

თათია ფარესაშვილი არდაშელ თაქთირიძე

- მამა, მამაა! - რამდენი ხანია, არ მინახავს! რა იცის ამ კაცმა, დაადებს თავს და გარბის. მთელი ცხოვრება ასეა - მამაჩემი წინ გარბის, ოჯახი უკან მივდევთ. ბათუმში გვაქვს ასეთი ფილმი გადაღებული 8-მმ-იან კინოფირზე. მიშამ გადაიღო - ჩემმა ძმამ. მარტო მონადირე კი არა, ფოტომონადირეცაა - ისეთ კადრს დაიჭერს, გაგაგიჟებს.
- მამა, მამაა! - ალბათ, ვერ მოისვენა სახლში, ბაზარში გამოვიდა. პერანგზე ნაქსოვი სვიტრი გადაუცვამს. ააა, ეს ის სვიტრია, რიგაში რომ იყიდა. ზემოდან თავის საყვარელი ყავისფერი ქურთუკი აცვია. ძლივს არ ჩააცვა დედაჩემმა მუქი პერანგი, თორემ „წყალკანალის” სასადილოს მენიუ ყოველდღე მუცელზე აწერია. რა უნდა ამ საახალწლოდ? ნაღდად, კარალიოკის ჩირს იყიდის! ვა, ხორცის სექციასთან მივიდა.  ყიდულობს, ნაჭრებს არჩევს. გამეცინა. ჩვენს ოჯახში მუდამ არის ხორციანი სადილი, უხორცო კერძი არ უყვარს, ვერ აძღობს.
- მამა, მამაა! - სად დაიკარგა, აქ არ იყო, ხორცის დახლთან? აჰა, ინდაურებში გადასულა. ახალ წელს ინდაურის საცივს აფასებს, განსაკუთრებით, დედაჩემის გაკეთებულს, სქელს, ბარკალი რომ გგონია და კისერს გადმოიღებ. ისე, დედაჩემის გაკეთებული საჭმელები მეც მიყვარს, კარგი ხელი აქვს. ერთხელ, მამაჩემმა ინდაური მოიყვანა, მაგრამ ფეხზე ინფექცია შეეჭრა და დაუჩირქდა. საწყალი ინდაური ძვალი და ტყავი გახდა. მამაჩემმა ფეხი მოაჭრა და რომ მოუშუშდა, ხის პროთეზი გამოუთალა და მიამაგრა. მოკეთდა, გაფხორილი ჟოფრეი დე პეირაკივით დააბიჯებდა.
- მამა, მამაა! - ბატებსა და იხვებში რაღა უნდა?!. ალბათ, ფიქრობს, ინდაურის საცივი ჯობია, ბატის თუ იხვის. მე თუ მკითხავთ, ინდაურის საცივს ვერაფერი შეედრება. იხვზე გამახსენდა - მე და ჩემს ძმას ერთი იხვი გვყავდა - ვიტვიტა. მამაჩემს არ ვაკვლევინებდით. ერთხელ, დილით, საქათმე რომ გამოვაღეთ, ჩვენი ვიტვიტა თავმოღრღნილი ეგდო.
- კვერნა შემომძვრალაო! - დაასკვნა მამაჩემმა. იმ დღიდან შემძულდა საკვერნეთი და სამაჩვეთი. თურმე, კვერნას ჩვევა ჰქონია, ხაფანგში რომ გაებმება, თავს მოიმკვდარუნებს. რომ გამოხსნი, გეცემა და ხელზე გიკბენს პრინციპით - „გამიშვი და გაგიშვებ!” ხელს გაუშვებ და გარბის, მაგრამ თურმე არსებობს მეთოდი - პატარა ჯოხი უნდა აიღო და კვერნას უკანალში შეურჭო. ეტკინება, სიმწრით პირს გააღებს და ხელს გამოაცლი. - ჰოდა, შვილო, მამა-შვილი წავიდნენ დაგებული ხაფანგების მოსაჩხრეკადო, - მომიყვა მამაჩემმა - დაუნახავთ, მკვდარი კვერნა გდია ხაფანგში გაბმული. მამას გამოუხსნია და კვერნას ხელში ჩაუსია კბილები.
- შვილო, ჯოხი უკანალშიო! - დაუძახა შვილს. შვილს კვერნის გამოხსნის მეთოდი არ სცოდნია, აუღია დიდი კეტი და მამამისისთვის უთხრია.
- კვერნას, შე შობელძაღლო, მე კიდევ ეგ მინდაო?! - სიმწრით ღრიალებდა თურმე კაცი.
- მამა, მამაა! - ვეღარ ვხედავ, ვიღაცის სკამზე ავედი. ჰო, აი, დავინახე, ხილის დახლთან მისულა, ჩირებს უტრიალებს. ხომ ვთქვი, კარალიოკის ჩირის გარეშე სახლში არ წავა-მეთქი. ტკბილეული უყვარს - შეუძლია, მანქანა გაყიდოს და იმ ფულით ჰალვა იყიდოსო, - ხუმრობს ხოლმე დედაჩემი. იმიტომაცაა, მთელ ოჯახს კბილების პრობლემა რომ გვაქვს. ერთხელ, დედაჩემს კბილი ასტკივდა, გადის და გამოდის. ჩვენ ამ დროს ფეხბურთს ვუყურებთ, „დინამო” თბილისი თამაშობს. დედაჩემს კბილის ექიმის სახელი ახსოვს - დარეჯანი, მაგრამ გვარს ვერ იხსენებს, რომ „ტელეფონების წიგნში” იპოვოს.
- კაცო, რა გვარია დარეჯანი, არ გახსოვს? - წინ გადაუდგა მოქანავე სავარძელში მჯდომ მამაჩემს.
- გაიწი, ქალო, გვერდზე, მაყურებინე!
- დარეჯანი, კბილის ექიმი რა გვარია?
- დარეჯანი, დარეჯანი, ჩემი შნო და მაგის ჯანიო! - გაულექსა მამაჩემმა.
- გამახსენდა, ჯანიაშვილიაო! - გაიხარა დედაჩემმა.
აი, ტკბილეულიც უყიდია, ბაზრიდან გადის. დროზე უნდა დავეწიო, თორემ ისეთი სიარული იცის, მთელი ცხოვრება ის წინ გარბის, ოჯახი უკან მივდევთ.
- მამა, მამაა! - დავეწიე, ხელი წავავლე. მოტრიალდა. უცხო კაცი გაკვირვებული შემომაცქერდა. შემრცხვა, ხელი გავუშვი და ბოდიშის მაგვარი ჩავილუღლუღე.
მაშინ გამახსენდა ერთი უფროსი მეგობრის ნათქვამი:
- გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ძებნას დაუწყებო! - სისველე ვიგრძენი. ორივე თვალიდან წამოსული ცრემლი ნიკაპის ქვეშ იკვრებოდა და მკერდზე, გულთან მეწვეთებოდა.
скачать dle 11.3