№34 რატომ გაუგზავნა ტრუმენმა სტალინს ოქროს მონეტა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობებისა და „ცივი ომის“ მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაურებს ერთმანეთთან კავშირი არ შეუწყვეტიათ და საკმაოდ ხშირი კონტაქტები ჰქონდათ სხვადასხვა ფორმით. პროფესორი გენადი კაშკინი წერს: „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული დასავლური ქვეყნების ლიდერები საკმაოდ ჭკვიანები და გამოცდილები იყვნენ საიმისოდ, რომ სტალინთან სრულად გაეწყვიტათ ურთიერთობები. მათ კარგად ესმოდათ, რომ საბჭოთა ბელადთან კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და არასოდეს უთქვამთ უარი მასზე. საგულისხმოა, რომ დასავლეთელები ყოველთვის პირველები ეხმიანებოდნენ სტალინს და ამას სხვადასხვა ფორმით ახორციელებდნენ. ზოგჯერ ძალიან ორიგინალური ფორმითაც. 1947 წლის აპრილში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა საბჭოთა ბელადს ოქროს მონეტა გაუგზავნა საჩუქრად, რომელიც ერთ ეგზემპლარად გახლდათ დამზადებული. მონეტაზე 1945 წელს, მდინარე ელბაზე საბჭოთა და ამერიკელი ჯარისკაცების შეხვედრის ეპიზოდი იყო გამოსახული და ეწერა: „დამარცხებული გერმანიის კარიბჭესთან, ამერიკელთა ძმური დახმარებით“. მალევე სტალინმა პლატინის მონეტა დაამზადებინა ერთ ეგზემპლარად, რომელიც ჰარი ტრუმენს გაუგზავნა. საბჭოთა ბელადის გზავნილზე სტალინური პირდაპირობით ეწერა: „წითელი დროშის აღმართვა საბჭოთა კავშირის მიერ განადგურებული ფაშიზმის შუაგულში“. პლატინის მონეტაზე რაიხსტაგზე დროშის აღმართვის ეპიზოდი იყო აღბეჭდილი.
მსგავსი კომუნიკაციები დიპლომატიური ურთიერთობების ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა. სტალინს კი უზადოდ ესმოდა დიპლომატიური ენა და არც გზავნილის შინაარსის გაგება უჭირდა და არც პასუხი ეშლებოდა. მონეტებთან დაკავშირებულ ეპიზოდს მაშინდელი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებს თავის მემუარებში, რომელიც „პერესტროიკის“ დროს დაიბლოკა და მოგვიანებით გამოაქვეყნეს. მოლოტოვი წერს: „ეს ის პერიოდია, როცა ჩერჩილმა ფულტონში „ცივი ომი“ გამოგვიცხადა და საბჭოთა-დასავლური ძმობა შარშანდელი თოვლივით გაქრა. სტალინმა თავისთან დამიძახა. ოქროს მონეტა წინ დამიდო და მკითხა:
– ამაზე რას იტყვი?
მონეტა ყურადღებით დავათვალიერე. კვლავ მაგიდაზე დავდე და სტალინს მივუგე:
– ტრუმენის გზავნილს ჰგავს. მცირეხნიან ძმობას გვახსენებს და ალბათ, დიპლომატიურ ხელს გვიწვდის საურთიერთოდ. თუმცა, მათ დაუხმარებლადაც მოვსპობდით ჰიტლერს. ეს მან კარგად იცის და ძმობას ამიტომაც უსვამს ხაზს.
სტალინმა გაიცინა. უხმოდ დამიკრა თავი და მითხრა:
– ჰოდა, ჩვენს გზავნილსაც ხაზგასმით გავუგზავნით და მასში სიმართლეს ჩავაქსოვთ.
– რას აპირებ? – ვკითხე სტალინს.
– რაიხსტაგზე ჩვენ მიერ აღმართული წითელი დროშა დღემდე მოსვენებას არ აძლევთ ანგლოსაქსებს. პლატინის მონეტაზე სწორედ ამ ეპიზოდს ამოვატვიფრინებ და ზედ ეწერება, რომ ფაშიზმი ჩვენ გავანადგურეთ. რას იტყვი, ცუდი აზრია? – მითხრა სტალინმა.
– კარგია. მე მომწონს, – ვუთხარი სტალინს.
ოთხი დღის შემდეგ ჰარი ტრუმენს „თეთრ სახლში“ მიუტანეს სტალინის საპასუხო გზავნილი“.
სტალინი აბსოლუტური მმართველი იყო. სახელმწიფო დიპლომატიურ ურთიერთობებში მისთვის წვრილმანები არ არსებობდა და ამიტომაცაა ნიშანდობლივი მონეტებთან დაკავშირებული ისტორია. ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საგულისხმო ეპიზოდია ავტომობილ „პობედასთან“ დაკავშირებული ამბავიც. გორკის საავტომობილო ქარხნის დირექტორი ივანე ლოსკუტოვი ასეთ ისტორიას ყვებოდა: „დიდი სამამულო ომის დამთავრებისთანავე, სამხედრო ტექნიკის წარმოებიდან მსუბუქი ავტომობილების წარმოებაზე გადავეწყვეთ. ამხანაგ სტალინის ბრძანება იყო, რომ გამოგვეშვა საშუალო კლასის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც გამძლეც იქნებოდა, ლამაზიც და ყველა ძირითად მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. ასე შეიქმნა პირველი მოდელი „მ-20“ 1946 წელს. მას ჯერ „პობედა“ არ ერქვა და მოსკოვში წავიღეთ მატარებლის სპეციალური პლატფორმით, რათა სტალინისთვის წარგვედგინა. სტალინთან შეხვედრის წინ უზომოდ ვღელავდი. ვფიქრობდი, ვაითუ არ მოეწონოს-მეთქი. თუმცა, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. პირადად მე ვიჯექი საჭესთან, სპეციალურ პოლიგონზე, სტალინი და მთავრობის სხვა წევრები კი, პატარა ტრიბუნიდან მადევნებდნენ თვალყურს. ყველა ტესტს რომ მოვრჩი, მანქანა ტრიბუნასთან მივაყენე. გადმოვედი და დავდექი, თან სტალინის „განაჩენს“ ველოდი. სტალინი დინჯად მომიახლოვდა. შემომხედა და მითხრა:
– ოსტატურად ატარებთ მანქანას., შეიძლება, მე და მოლოტოვი „გაგვაკატავო?“
– მობრძანდით, დაბრძანდით, ამხანაგო სტალინ! – ვთქვი მე და მძღოლის გვერდითა სკამის კარი სწრაფად გავაღე.
– უკან დავსხდებით, – მითხრა სტალინმა და სანამ ნაბიჯს გადავდგამდი, კარი სტალინის დაცვის უფროსმა ვლასიკმა გააღო. ბელადი და მოლოტოვი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ.
მე საჭეს მივუჯექი, მაგრამ პაუზა გავაკეთე, რადგან სტალინი მანქანის სალონს ათვალიერებდა.
– კარგი სალონია. რაღას უცდით, დავიძარით, – მითხრა სტალინმა.
პოლიგონს ხუთი წრე დავარტყით და სტალინი ისეთ პროფესიონალურ კითხვებს მისვამდა, რაც თითქმის ყველა დეტალში ჩახედულს თუ შეუძლია. ამან ძალიან გამაკვირვა. მანქანა რომ კვლავ ტრიბუნასთან გავაჩერე და გადმოვედით, სტალინმა მოლოტოვს ჰკითხა:
– რას იტყვი, მოგწონს?
– კი, კარგი მანქანაა, – მიუგო მოლოტოვმა.
– მე კი ვიტყვი, რომ მშვენიერი მანქანაა, – მომიბრუნდა სტალინი და დააყოლა, – გილოცავთ, ამხანაგო ლოსკუტოვ! მართლაც რომ, მშვენიერი ავტომობილი შეგიქმნიათ. მშვენიერებას კი საკუთარი სახელი სჭირდება. რას არქმევთ?
– „სამშობლოს“, ამხანაგო სტალინ! – სხაპასხუპით მივუგე სტალინს.
– „სამშობლოს“? – თავი გააქნია სტალინმა და დააყოლა, – არ ივარგებს, ცუდად გაიჟღერებს, როცა იკითხავენ: რა ღირს „სამშობლოო“. სამშობლო კი არ იყიდება. მოდი, „პობედა“ (გამარჯვება) დავარქვათ. ომში გამარჯვება ძალიან დიდი ფასი დაგვიჯდა და გამარჯვებული ხალხისთვის შექმნილი ეს ავტომობილი ხელმისაწვდომ ფასში მივყიდოთ პატიოსან ადამიანებს.
ასე მონათლა სტალინმა ჩვენი საავტომობილო წარმოების სიამაყე.“
ტრუმენი, ჩერჩილი და სხვები, ალბათ, არასოდეს ანიჭებდნენ მანქანებს საკუთარ სახელებს, მაგრამ სტალინი რის სტალინი იყო, რომ ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალშიც არ ჩარეულიყო და იდეოლოგიური კორექტივები არ შეეტანა მასში.