№34 კილოგრამები – ქალის მტერი
ძალიან ბევრ ქალბატონს თავის მოსისხლე მტრად კილოგრამები მიაჩნია და ვერაფერს უხერხებს მარადიულ შეკითხვას – რატომ ვიმატებ წონაში?!
სანამ შიმშილს დაიწყებდეთ, ჯერ მიზეზებში გაერკვიეთ. სხვანაირად სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.
1. დამოკიდებული ხართ საკვებზე – ეს თითქმის ნარკოტიკზე დამოკიდებულებასავითაა. რა უნდა ქნათ? – დააკვირდით, მიირთმევთ თუ არა საკვებს სიამოვნებისთვის, თანაც, ხშირად. თუ ამას სისტემატური სახე აქვს, დროა, დაფიქრდეთ და გონიერებას მოუხმოთ. გადადით სასარგებლო, დაბალკალორიულ საკვებზე.
2. ცოტას მოძრაობთ და ცოტა გძინავთ – დღეში 10 000 ნაბიჯი მაინც უნდა გადადგათ. ამას ნელ-ნელა შეეჩვევით. იძინეთ 8 საათი მაინც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ დღე-ღამეში რვა საათზე ნაკლები გძინავთ, აუცილებლად დააგროვებთ ზედმეტ კილოგრამებს.
3. ხშირად ნერვიულობთ – სტრესი ანგრევს მადაზე კონტროლს. ჭარბი მადის დაოკება კი რთულია. ამიტომ, ამოირჩიეთ საკვები, რომელიც დაბალკალორიული იქნება. თუ მაინც უნდა ჭამოთ, ჭამეთ ის, რაც არ გაგასუქებთ. კარგია მაგნიუმის, D ვიტამინის და B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები.
4. წყალს ცოტას სვამთ – დიახ, წყალი და არა სხვა რომელიმე სითხე. წყლის დალევა დაგიცავთ ჭარბი კილოგრამებისგან. ყავა, ჩაი, წვენი – პირიქით, შეზღუდეთ. თან, გახსოვდეთ, თითოეულ კილოგრამზე ნერვიულობაც სტრესია.
გადადგით ნაბიჯი
ოპტიმიზმისკენ
დაიწყეთ იმით, რომ გადაეჩვიეთ საკუთარი თავის განსჯას. ნუ ეცდებით, თავი საშინელ დამნაშავედ გამოიყვანოთ, თუნდაც სერიოზული შეცდომა გქონდეთ დაშვებული. რა თქმა უნდა, შეცდომა უნდა დაინახოთ, გააანალიზოთ და გამოასწოროთ, მაგრამ მის გამო თვითგვემა არ ღირს. გიყვარდეთ და დააფასეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
არასდროს შეადაროთ თქვენი თავი სხვას – თუნდაც ძალიან წარმატებულს. მით უმეტეს, არ შეადაროთ თავი მეგობარს, რომელსაც ფიქრობთ, რომ თქვენზე მეტად გაუმართლა. არავინ იცის, ვის როგორ და როდის უმართლებს. ცხოვრება მოულოდნელობებითა და სიურპრიზებითაა სავსე.
არ მოგერიდოთ მომავლის გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკი. გაუზიარეთ სიხარული სხვებსაც, შეიძლება, საპასუხო პოზიტივი ვერ მიიღოთ, მაგრამ სასიამოვნოდ ხომ დაიტვირთებით.
მაშინვე ნუ ჩავარდებით პანიკაში, როცა რაღაც არ გამოგივათ. სიძნელეების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ყველაფერი გაივლის. მთავარია, მომავლის იმედი და რწმენა არ დაკარგოთ, „მაგრად დადგეთ“ ნებისმიერ სიტუაციაში.
თუ ატყობთ, რომ პრობლემებით ძალიან დატვირთული ხართ – აიღეთ სუფთა ფურცელი და ჩამოწერეთ პუნქტებად. მერე გადახედეთ „ცივი გონებით“ და მიხვდებით, რომ მათი მოგვარება სრულიად შესაძლებელია.
შეეცადეთ, ხშირად გაინებივრეთ თავი. თქვენ იმსახურებთ, რომ საკუთარი თავი გიყვარდეთ. მნიშვნელოვანია, გჯეროდეთ, რომ ხვალ ყველაფერი გაცილებით უკეთესი იქნება.
შექმენით თქვენ გარშემო პოზიტიური, სიხარულის ატმოსფერო. ხალისი და მხიარულება გადამდებია. მას შეუძლია, ადამიანი კრიზისიდან გამოიყვანოს და კიდევ, გახსოვდეთ – ოპტიმისტები გვიან ბერდებიან.
როგორც ვულკანზე
დავიწყოთ დეტალური ანალიზით, ანუ, დაფიქრდით და სანამ კონკრეტულ სიტუაციაში ემოციებს ამოაფრქვევთ, ძალები კარგად გათვალეთ. გააანალიზეთ შედეგებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად, ფეთქებადი ხასიათი თქვენც შეგიშლით ხელს ნორმალურ ცხოვრებაში და თქვენს გარშემო მყოფებსაც. გაგიჭირდებათ ნორმალური ურთიერთობების „დალაგებაც“. შეიძლება, ემოციების მართვა? – რა თქმა უნდა, შეიძლება. თანდაყოლილი თვისება არ არის, მაგრამ ისწავლით.
ემოციურობას ვერ დამალავ. ადამიანები იბადებიან თავისი ემოციებით და სულ უემოციურობაც არ ვარგა. მოკლედ, ოქროს შუალედი უნდა იპოვოთ.
უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ხასიათი უცვლელი და მარადიული მოცემულობაა. ეს არ გახლავთ რეალობა. ყველას შეუძლია, შეიცვალოს. მთავარია, მოტივაცია. თუ ხვდებით, რომ თქვენი ემოციურობით უკვე დიდი ხანია, ვულკანზე ცხოვრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დრო დამდგარა! ისე უნდა შეიცვალოთ, რომ თქვენმა ხასიათმა პრობლემები არ შეგიქმნათ. ჯერ გადაწყვიტეთ, რომ გახდეთ უფრო მშვიდი და მომთმენი, შემდეგ კი დაიწყეთ ურთიერთობების დალაგება. სხვათა შორის, მოთმინება ძვირფასი თვისებაა და ბევრჯერ გამოგიყვანთ რთული სიტუაციიდან, თავიდან აგარიდებთ სკანდალსაც.
„ჩართეთ“ ვნება
ვნებების სიმძლავრეს დადებითი მუხტი შეაქვს წყვილის ურთიერთობაში. ვის არ უნდა, ხელახლა განიცადოს ის ემოცია, რომელიც პარტნიორთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე ჰქონდა, როცა საყვარელი ადამიანის მარტო შეხებაც კი, სიამოვნების ჟრუანტელს ჰგვრიდა. ვნების „ჩართვა“ შესაძლებელია, მხოლოდ მონდომებაა საჭირო. ყველამ ვიცით, რომ ვნების „აფეთქებისთვის“ ნაპერწკალია აუცილებელი. ნაპერწკალიც გაჩნდება, თუკი იქნება „ცეცხლი“ და „შეხების წერტილი“. ბუნებრივია, ყოველდღიური რუტინა, სტრესი, პრობლემები... დაღლა მოქმედებს ჩვენზე და ზოგჯერ გვავიწყდება ყველაზე მთავარი – ცხოვრება მშვენიერია და ამ მშვენიერებას საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ამძაფრებს. თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული სოციალური როლი გვაქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სიყვარულისგან, ვნებისგან განცდილი ბედნიერება ყველას გვინდა. დაეხმარეთ საკუთარ თავს – მოდუნდით, მოეშვით, მიეცით თავს უფლება, დაისვენოთ, განიტვირთოთ და სიამოვნება მიიღოთ. გაიხსენეთ საყვარელი გასართობი და გამონახეთ მისთვის დრო, „გაათავისუფლეთ“ ტვინი საზრუნავისგან. დაე, ახლა სხეულმა „იფიქროს“ და თამაშის საკუთარი წესები გიკარნახოთ. მოუსმინეთ მას და მიენდეთ, მოგეწონებათ.
გაააქტიურეთ ჰორმონი ტესტოსტერონი. რისკი – რაღაც უცხოს, შეუცნობლის მოსინჯვა ნამდვილად ღირს და ნუ იტყვით ამაზე უარს. გაერთეთ სასიყვარულო თამაშებით. აჰყევით პარტნიორს და ენდეთ მას. ვნება „ჩაირთვება“, თუკი პრობლემებს დროებით მაინც დაივიწყებთ და მხოლოდ სიყვარულის ენაზე ილაპარაკებთ.