კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 უნდა გაუმხილოს თუ არა ქმარს ცოლმა საიდუმლო და როდის არის ტყუილი გამართლებული

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

ქალს რომ მამაკაცზე უკეთ შეუძლია ტყუილის თქმა და ამ ტყუილის „შეფუთვა“, ამაზე არავინ დავობს. თუ ქალი გადაწყვეტს, რომ ითამაშოს, ის ამას ძალიან ოსტატურად, მოხერხებულად და ნიჭიერად გააკეთებს. მამაკაცების უმრავლესობას კი ტყუილში საკმაოდ ადვილად გამოიჭერ. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები თითქმის თანაბრად ხდებიან ღალატის მსხვერპლი, მაგრამ მამაკაცების ღალატი მეტად ჩანს. შესაბამისად, პროცენტებიც მათ საზიანოდ მეტყველებს ხოლმე. 


თეონა (35 წლის):
მე ვცხოვრობ „მძიმე სიმართლესთან“ ერთად, რომელიც ტვირთია ჩემთვის, მაგრამ იძულებული ვარ, ბოლომდე ვათრიო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ცხოვრება მექნებოდა. არავინ თქვას, რომ ტყუილში ცხოვრება ადვილია, მაგრამ ასე მოხდა და ახლა რა გავაკეთო, არ ვიცი. თავის დასამშვიდებლად ერთი ხერხი გამოვიგონე – არ ვფიქრობ ჩემს პრობლემაზე.
– შეიძლება, ფიქრების დაბლოკვა?
– თუ ძალიან ეცდები, შეიძლება. ძნელია, დამღლელია, დამთრგუნველია, მაგრამ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს. ისეთი რაღაც დამემართა, რომ უკეთესობისკენ ვერაფერს შევცვლი. მხოლოდ არსებული რეალობის შენარჩუნება თუ მიშველის. ქმარი მყავს, უკვე ექვსი წელია. მყავს ოთხი წლის შვილიც, მაგრამ არ ვიცი, ჩემი შვილის მამა ის არის თუ არა. გაოცებული ხართ? მეც არ მჯერა ზოგჯერ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს მოხდა. რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, არავინ იცის ამ ეჭვების შესახებ. ამას როგორ ვიტყვი. ისეთი ამბავი ატყდება...
– ანუ, საყვარელი გყავთ?
– არა, საქმეც ეგაა. არანაირი საყვარელი არ მყავს. მხოლოდ ერთხელ მოხდა და ასეთი მძიმე შედეგი მივიღე. საყვარელი არ მყავს, თუმცა ქმარს ვუღალატე. საბედნიეროდ, მამაკაცები ივშიათად ხვდებიან ცოლის ორგულობას. ისინი ჩვენზე, ქალებზე გაცილებით გულუბრყვილოები და მიმნდობნი არიან. ზოგჯერ მეცოდება ხოლმე ჩემი ქმარი. მას ხომ წარმოდგენა არ აქვს, რამხელა საიდუმლოს ვუმალავ, მაგრამ სიმართლე მასაც გაანადგურებს, მეც და ჩვენს ოჯახსაც, ყველანი უბედურები ვიქნებით. ამით თავს არ ვიმართლებ, მაგრამ რეალურად ვაფასებ სიტუაციას. თანაც, შეიძლება, ბავშვის ნაწილში ვცდები და ის ნამდვილად ჩემი მეუღლის შვილია.
– მაპატიეთ, მაგრამ რანაირად შეიძლება, არ იყოთ დარწმუნებული, ვისგან გყავთ შვილი.
– ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ რეალობა ესაა. როცა გავთხოვდი, ორი წელი შვილი არ გვყავდა. ოცდარვა წლის ვიყავი, როცა ჩემს შეყვარებულთან ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეყვარებულთან ერთად მყავდა მეგობარი, რომელსაც ძალიან ვენდობოდი და ძალიან მიყვარდა. ოღონდ, მეგობარი – ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და არა „ბოიფრენდი“. ოცი წლის ვიყავი, როცა დავმეგობრდით და ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მიუხედავად ამისა, დავიფიცებ, ერთხელაც არ ვმდგარვართ ცდუნების წინაშე.
– არც მისი მხრიდან შეგინიშნავთ ინიციატივის მსგავსი ან სხვანაირი გამოხედვა? ქალებს ასეთი რაღაც არ ეშლებათ.
– არანაირი სხვანაირი გამოხედვა. ერთი წამითაც კი არ დავეჭვებულვარ მასში. ჩვენს მეგობრობას სქესი არ ჰქონდა – გულწრფელი იყო და აბსოლუტურ ნდობაზე დამყარებული. მე მასზე კარგი მესაიდუმლე არ მეგულებოდა. ყველა პრობლემაზე მასთან გავრბოდი. შეყვარებულიც პირველად მას გავაცანი. გამიხარდა, ერთმანეთს რომ გაუგეს და დამეგობრდნენ
– ანუ, საყვარელი და ქმარი ერთმანეთს იცნობენ?
– არ არის საყვარელი. ღმერთო, როგორ ვნანობ, რომ ჩვენ შორის ეს გაუგებრობა მოხდა. საყვარელი რომ ყოფილიყო, ამდენსაც არ ვინერვიულებდი. ავხსნი, რასაც ვგულისხმობ – როცა საყვარელს იჩენ, ზუსტად იცი, რას აკეთებ, ანუ შეგნებულ, გაცნობიერებულ ქმედებას აქვს ადგილი. რაც მე შემემთხვა, იმიტომ არის დამთრგუნველი და გამანადგურებელი ჩემთვის, რომ არ მინდოდა. ახლაც რომ ვფიქრობ, ჭკუიდან ვიშლები, ეს როგორ დამემართა...
– ანუ მეგობართან დაწექით ისე, რომ არ გინდოდათ? მაშინ, რამ გაიძულათ.
– პრობლემები მქონდა ქმართან. ძალიან გვიყვარდა და ახლაც გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საშინელი, მძიმე პერიოდი დაგვიდგა, ლამის გაყრამდე მივედით. ცუდად ვგრძნობდი თავს და ნუგეშიც არსაიდან ჩანდა. ყოფილხართ როდესმე დეპრესიულ, უიმედო მდგომარეობაში? როცა აქეთ-იქით აწყდები გალიაში მომწყვდეულივით და ხავსს ეძებ, რომ მოებღაუჭო. ასეთი ხავსი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, რომელსაც მხარზე ავუტირდი. წამიერი სისუსტე იყო, დამიჯერეთ, სულ ერთი წამით არაფერზე ვიფიქრე და აღმოვჩნდი მასთან ერთად საწოლში. ეგრევე ვინანე მომხდარი, როგორც კი გამოვფხიზლდი და რეალობა გავაანალიზე. მაგრამ იცით, რაშია საქმე? ამ ამბის მერე ქმართან ურთიერთობა დამილაგდა და მალე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.
– ქმართან, კონკრეტულად, რა პრობლემები გქონდათ?
– სიმართლე გითხრათ, ახლა ვეღარც კი ვიხსენებ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ გული ძალიან მქონდა ნატკენი. რაღაც პერიოდში გაუცხოებულებივით ვიყავით. მიყვარდა ქმარი და განვიცდიდი... არსებობს რაღაც, რასაც ვერ ავხსნი. თითქოს ნაწილ-ნაწილ ვიგლიჯებოდი. არც ახლა ვარ უკეთეს დღეში. ქმარს ვეფერები და სულ დაძაბული ვარ. შვილზე გიჟდება. სრული ჰარმონია და ბედნიერება გვაქვს, რომ არა ეს ჩემი საიდუმლო... ფაქტობრივად, ვსარგებლობ ქმრის გულუბრყვილობით. ის ვერაფერს ხვდება, მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ სიმართლე არ გაიგოს.
– იმ მეგობართან რა ურთიერთობა გავქთ?
– მაქსიმალურად ვერიდები და ისიც ასე იქცევა. ხვდება მომხდარის უხერხულობას. ეტყობა, იმასაც აწუხებს. ისე მინდა, ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოვშალო ეს პერიოდი, მაგრამ არ გამომდის. ქმარსაც სიმართლეს ვერასდროს ვეტყვი – ჩვენ გარშემო ყველაფერი დაინგრევა.
скачать dle 11.3