№34 რატომ იმყოფებიან ეკლესიაში სიარულის მიუხედავად, ადამიანები დამძიმებულ, დანევროზებულ მდგომარეობაში
14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე მართლმადიდებელი ქრისტიანები მარიამობის მარხვას იცავენ და ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ხვდებიან. მარიამობის მარხვა, 4 ძირითად მარხვას შორის, ერთ-ერთია და მისი დაცვა ყველა მორწმუნე ქრისტიანისთვის აუცილებელია. სწორედ მარიამობის მარხვის პერიოდში აღვნიშნავთ ფერისცვალებასაც, რომელიც ერთ-ერთი აღმატებული საეკლესიო დღესასწაულია და უშუალოდ, მაცხოვართან არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ქრისტიანთა რწმენის მიხედვით, იესო ქრისტე იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. იესო ნაზარეველი, რომელსაც ხედავდნენ, უსმენდნენ და ხელით ეხებოდნენ, არ იყო უბრალოდ ადამიანი, არამედ იესო ქრისტეს პიროვნებაში იყო შერწყმული სრული ღვთაებრიობა. აღდგომამდე და სულთმოფენობამდე, მისი მოწაფეებიც ვერ აცნობიერებდნენ, ვინ იყო მათი მასწავლებელი. როგორც იცით, ძველი აღთქმის მიხედვით, შეუძლებელი გახლდათ ღმერთის ხილვა. მაგრამ, უკვე ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობდნენ: ჩვენ ვიხილეთ ღვთის ღმერთი. რადგან უფალი დედამიწაზე ადამიანის სახით, განკაცებული მოვიდა, ამიტომ შესაძლებელი გახდა მისი ხილვა. მაცხოვრის ადამიანური ბუნება ფარავდა მის ღვთაებრივ ბუნებას, იმ დიდებას, რომლის ხილვა ადამიანს არ ძალუძს. იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება რწმენის თვალით იხილვებოდა და იხილვება. ურწმუნოთათვის მაცხოვარი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. მეორედ მოსვლის დროს კი, უკვე ყველასთვის ხილული და განცხადებული გახდება იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და მოვა ის დიდებით.
– თუმცა, მეორედ მოსვლამდე, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უფალი დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, მან საკუთარი ღვთაებრიობა, საღვთო დიდება განუცხადა მოწაფეებს.
– კი და ეს სწორედ ფერისცვალების დროს, თაბორის მთაზე მოხდა. იესო ქრისტე, ღმერთი ამქვეყნად ადამიანებს ეცხადება იმ ზომით, როგორც ადამიანი გაუძლებდა მის სიდიადეს და დარჩებოდა ცოცხალი. თაბორის მთაზე მომხდარი უფლის ფერისცვალება იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ამბის შესახებ სამი სახარება მოგვითხრობს, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფერისცვალება თორმეტ უდიდეს დღესასწაულს შორის შეიყვანა. ზეციური იერუსალიმი გარდაიქმნება თაბორის მთად, რომლიდანაც უნდა ჩამოხვიდეთ, დაუბრუნდეთ ამ სოფელს, განაგრძოთ ცხოვრება, ატაროთ თქვენი ჯვარი, ახვიდეთ გოლგოთაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესვლა სასუფეველში. შესაბამისად, ეკლესიის მთელი ისტორია სწორედ ზეციური იერუსალიმის თაბორად გადაქცევაა. ფერისცვალების შემდეგ, ეკლესია, რომელიც არის სასუფეველი ღვთისა, ეჯახება ამ სოფელს, შემოდის ჯვარი, გოლგოთა და ჩნდება პირველი მოწამე, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეკლესია კი ჩამოდის თაბორის მთიდან და შეუდგება გოლგოთის ძნელ და მძიმე გზას, რომლის შემდეგაც დგება სასუფეველი ცათა.
– მორწმუნის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მუდმივად ფერისცვალება, გარდაქმნა, მასში ახალი კაცის დაბადება. თუმცა, ამას ხშირად ისინიც ვერ ახერხებენ, წლების განმავლობაში რომ დადიან ეკლესიაში, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობენ.
– ხედავ, მოდის ადამიანი, ჯვარი ჰკიდია, ხელზე ფსკვნილი უკეთია. იფიქრებ, რა კარგი ქრისტიანიაო, მაგრამ, ის შინაგანად შეიძლება, იმ ფარისეველზე მეტი ფარისეველი იყოს, რომელიც მაცხოვარმა ამხილა და ორი კი არა, სამი გულიც ჰქონდეს. ჩვენ დიდი ხანია, სახარების უარყოფით პერსონაჟებს გავასწარით, ფარისევლებზე უარესები ვართ – ვფიქრობთ: ყველა მარხულობს და, მოდი, მეც ვიმარხულებ; ყველას მოძღვარი ჰყავს, მოდი, მეც ავიყვან მოძღვარს. თუ ოდესმე ქრისტიანობის, ეკლესიის დევნა დაიწყება, ბევრი იტყვის: მე იმიტომ ვიყავი ქრისტიანი და დავდიოდი ეკლესიაში, რომ ყველა დადიოდა და სხვანაირად არ შეიძლებოდაო. ღმერთმა დაიფაროს ყველა ის ადამიანი, ვინც მოჩვენებითად შეინახავს მარხვას, მოჩვენებითად დადის ეკლესიაში; რომელიც ფარისევლურ, მოხიბლულ მდგომარეობაშია. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ნებისმიერი საქციელი, მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას გულისხმობს. ვინც სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი.
– როდესაც მაცხოვარი მოვიდა, მან სწორედ მათ უქადაგა, რომლებსაც ეგონათ, რომ ღმერთთან იყვნენ და საბოლოოდ, მათ მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს.
– როცა მოვიდა მაცხოვარი და განკაცდა, მან პირველად იმათ უქადაგა, რომლებსაც ეგონათ, ღმერთთან იყვნენ, ღმერთის მცნებებს იცავდნენ, ოღონდ გარეგნული ქმედებებით. სამწუხაროდ, დღესაც ასეა: ბევრი ქრისტიანი გარეგნულად მოწესრიგებული, ფორმაშია, ხან წვერი აქვს მოშვებული, ფსკვნილს ატარებს, შეიძლება, გულზე ხატებიც ეკიდოს, რამდენიმე ტაძარი მოილოცოს, მაგრამ შინაგანად არ იყოს განწმენდილი. ზუსტად ასეთი მდგომარეობა ამხილა იესო ქრისტემ. ჩვენს ქვეყანაშიც თითქოს არ არის სარწმუნოების პრობლემა, მაგრამ მაინც ამდენი დანევროზებული და მწუხარებით შეპყრობილია. წირვიდან მოდის ადამიანი და არ უხარია, არ იცინის, არ მიდის მეგობართან და არ უზიარებს თავის სიხარულს – სადღაც ეჩქარება, უფრო მეტ განკითხვასა და დამძიმებულ მდგომარეობაშია. რაც უფრო მეტი შემეცნება მიიღო უფლისგან, მით უფრო მეტად უნდა საზოგადოებისგან განშორება: მე მეტი გავიგე, რაღაცას ვემსახურები. წარმართებმა იცოდნენ რაღაცის მსახურება და დღეს თანამედროვე ადამიანებიც ემსახურებიან ამ რაღაცას. კულტის მსახურებაში არიან და ბოლომდე არ იციან, ეს რის მსახურებაა. ნებისმიერ ნათლობას, ან ჯვრისწერას რომ დაესწროთ, იშვიათად ნახავთ გახარებულ ადამიანს. მათ საკუთარ თავში შინაგანი ადამიანი უნდა დავანახვოთ და გარეგანი მაშინვე შეიცვლება, როგორც კი მისი შინაგანი დაიწყებს ზრდას, გამოსწორებასა და ფერისცვალებას. ამიტომ, ჩავიხედოთ არა მატერიალურ სარკეში, არამედ სულიერ სარკეში. წავიკითხოთ პავლე მოციქულის ეპისტოლეები, იოანე ოქროპირის განმარტებით და მერე მივხვდებით, რომ ჩვენში შინაგანი ადამიანი არ არსებობს.