№34 ცხოვრების შინაარსი
როდესაც ადამიანის ყოფიერება არ არის ღმერთით ავსებული და არც ცხოვრებითაა სავსე: ის ემსგავსება გამოუვალ, მკვდარ სიცარიელეს.
ყველაფერი სიცარიელეა, ვაკუუმია, ღმერთით არ არის სავსე.
ყოველი სული მკვდარია, თუ ღმერთით არ არის სავსე.
ადამიანები იმდენად არიან ცოცხლები, რამდენადაც მათში ღმერთი ცხოვრობს. რამეთუ – მხოლოდ ღმერთია ცხოვრება.
ამიტომ ყველა ადამიანი თანაბრად ცოცხლად ჩათვალო – ილუზიაა. არიან ცოცხლები და არაცოცხლები, რაც დამოკიდებულია მათში ღმერთის მყოფობის ზომაზე, იმ ცხოვრების ზომაზე, რასაც ისინი თავის თავში ატარებენ.
შიშით გეუბნები: არიან არაცოცხალი ადამიანები. ისინი თითქოს არ არიან, და იმდენად განსხვავდებიან ცოცხლებისგან, რამდენადაც სიზმარში ნანახი საგნები – სინამდვილეში მყოფი საგნებისგან. თუმცა, გამოუცდელებს ისინი ცოცხლებად ეჩვენებათ.
ისინი ხომ არსებობენ? განა ისინი არ არიან? – იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ, როდესაც კოცონი ქრება, კვამლი კიდევ დიდხანს რჩება.
კვლავ მოქცევა და მიქცევა
ადამიანის ზნეობრივ ცხოვრებაში მოქცევისა და მიქცევის შესაბამისად ბუნებაც ავლენს თავის მოქცევებსა და მიქცევებს კეთილისა და ბოროტის სახით.
ადამიანების მაღალ ზნეობრივ პერიოდში ბუნებაც განიცდის კეთილის მოქცევასა და ბოროტის მიქცევას; და პირიქით, ადამიანების ურწმუნოებისა და უზნეობის დროს ბუნება განიცდის მოქცევებს – ბოროტების სახით და მიქცევებს – კეთილის სახით. ავადმყოფობები, ეპიდემიები, გვალვები – ამავე კანონს ემორჩილებიან.
ადამიანის სიკეთის შესაბამისი ზომით იძლევა ბუნება თავის ნაყოფსა და სიჯანსაღეს. ეს გამოცდილება ხალხმა ასეთი სიტყვებით გამოხატა: რა რწმენაცაა, ის ზომაა.
ადამიანის უმწეობა და ღვთის განკაცების აუცილებლობა
ცდომის შედეგად ადამიანი ვნებათა გარემოში მოექცა – ვნება საკუთარ თვისებად გადაექცა, „ადამიანის საკუთარი თვისება არის ცოდვა მარადის ბოროტებისკენ სირბილით მავალი“ (მოძღვრება, 4). მართალია, გონება და სინდისი უჩვენებს ადამიანს მის ვინაობას და ღვთაებრივ წარმოშობას, მაგრამ ვნებათა ღელვა, წონასწორობა-დაკარგული და ნივთიერი საცთურით დამძიმებული ნება ადამიანისა აჩლუნგებს მის შინაგანს მხედველობას (ბერის დღიურიდან. შინ. საქ. 1912 წ. ¹2-3). გამოღვიძებულს ადამიანს ნების სიმტკიცე არ ყოფნის. მას არ შეუძლია საკუთარი ძალღონით თავი დააღწიოს ვნებათა მონობას (მოძღვ., 4). ამქვეყნიურ ვნებათა მიზიდულობის საწინააღმდეგოდ საჭირო შეიქმნა ადამიანისთვის იდეალური ყოფის ხილული მაგალითის ჩვენება, „ძალა მადლისა, რომელსაც ადამიანი სამარადისოდ უნდა უყურებდეს“ (მოძღვ., 23) და რომელიც უნდა იზიდავდეს მას (ალექსი, წ. 1, 39). მეორე მხრით, ადამიანი თავისი ბუნებით ისე შორსაა ღვთისაგან, რომ მას არ შეუძლია აღსვლა მისდამი, თუ თვით ღმერთი არ გადმოვიდა მასთან, არ ეზიარა მის ბუნებას (ბრძოლა თავის თავთან, 8-9): „ჩვენი სულის საიდუმლო ხორცის თვალით უწვდომია, მაგრამ მადლისა იგი იგრძნობს, ვინც იესოს შესდგომია“ (ალექსი, წ. 1,8). ასეთია საფუძველი ღვთის განხორციელებისა ქრისტეს სახით. ქრისტეს ღვთაების ჭეშმარიტებას ალექსი ბერი ამყარებს მისი მოძღვრების ზნეობრივ სიმაღლეზე, რაც მთელმა კულტურულმა ქვეყანამ აღიარა. ქრისტიანობა ჭეშმარიტება რომ არ იყოს შეუძლებელია ამდენ ხალხს, განურჩევლად წოდებისა და განათლებისა, მიეღო იგი და თავი შეეწირა მისთვის (ხალხი და ეკლესია. 14-15). „ჩვენ ვერ ხელგვეწიფების, რომელი იგი გვესმა და ვიხილეთ, ვითარცა არა ვიტყოდეთ“. საქ. მოციქ. 4.20 (ხალხი და ეკლესია, 29). ქრისტეს გამოცხადებით ადამიანის მოწოდება უაღრესად ამაღლდა, რადგანაც ადამიანს გზა გაეხსნა ღვთიურ სისრულისაკენ აღსვლისათვის. „ხოლო ქრისტეს განხორციელებით უმეტესობა პირველისა მივიღეთ, რამეთუ კაც იქნა ღმერთი, რათა ღმერთ ჰყოს ადამი“ (წერ. და მსჯ., 5). „სიყვარულმან და სიმდაბლემან გადმოიყვანა ღმერთი ზეცით და თანაზიარჰყო გლახაკთა ჭირვეულთა“ (მოძღვ., 15).