№34 რატომ არ გაუხარდათ აფხაზებს რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლა და რატომ იქცა საქართველო კვლავ ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ადგილად
ვლადიმირ პუტინის აფხაზურ ვოიაჟამდე რუსეთის პატრიარქი კირილი, არც მეტი, არც ნაკლები, ამ ჩვენი ცხინვალის რეგიონის ნომერ პირველ სეპარატისტს, ანუ „იუჟნაია ოსეტიას“ მორიგ „პრ.“ ბიბილოვს შეხვდა. მათი შეხვედრა კიდეც დაანონსდა, მანამდე კი ზემოხსენებულმა „პრ.-მა“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბიბილოვმა) რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა შემდეგი: „თრუსოს ხეობა, კობი და დუშეთის რაიონი, ძირძველი ოსური მიწებია, მაგრამ ამის გამო ომს ხომ ვერ გამოვუცხადებთ ვინმეს?! ეს არასწორი იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ოდესღაც ყირიმიც იყო სკვითების, ალანების. ჩვენ ვამბობთ, რომ მონღოლეთში არიან ოსები, რომ უნგრეთში არიან ოსები. ჩვენ ვიცით, რომ ის ჩვენი მიწებია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ იქ დაბრუნდნენ ოსები: თავიანთ სახლებში, თავიანთი წინაპრების საფლავებთან, თავიანთ სიწმიდეებთან. მაგრამ არარეალურია იმაზე აგრესიულად ლაპარაკი, რომ ჩვენ ამ მიწებს დავიბრუნებთ.“ რატომ მიანიჭა ეგზომ დიდი პატივი რუსეთის ეკლესიის პატრიარქმა ჩვენებურ სეპარატისტს, მით უფრო, რომ შეხვედრის ანონსში აღნიშნული იყო, მხარეები ცხინვალში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აგების საკითხსაც განიხილავენო და რატომ მიაყურისძირეს ეს ინფორმაცია ქართულმა პოლიტიკურმა წრეებმა? – ამ თემას კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ბიბილოვმა ისევ ახსენა თრუსოს ხეობა, როგორც ძირძველი ოსური მიწა, მაგრამ პატივი დაგვდო, არ დავიპყრობთო. რატომ მოექცა ასე დემონსტრაციულად უარყოფითად მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიას, თუ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი ეს შეხვედრა, ვიცით, რომ ბიბილოვი არის ცხინვალის რუსეთთან მიერთების მომხრე და რადგან ეს ჯერ არ უნდა რუსეთს, ამ ტიპის შეხვედრებით უქონავს პირს ოს სეპარატისტებს?
– ცალსახად უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი რამ ხდება ისეთი, რასაც პოლიტიკური კონიუნქტურა უდევს საფუძვლად. რა თქმა უნდა, რუსული ეკლესია არის რუსული სახელმწიფოს დასაყრდენი, ოღონდ დარწმუნებული იყავით, რუსეთში ასი კაციდან ერთსაც კი არ ეცოდინება კირილისა და ბიბილოვის შეხვედრის ამბავი. რუსულ პრესაში ამაზე აქცენტი არ გაკეთებულა.
– „სპუტნიკით“ გავრცელდა ინფორმაცია.
– ეს არის შიდა მოხმარებისთვის, რომ ბიბილოვის მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდეს ოსი საზოგადოების თვალში და გარკვეული ხარკი იქნა გაღებული იმ ერთგულებისთვის, რასაც ბიბილოვი რუსეთისადმი იჩენს. გარდა ამისა, ჩვენ ამ ფაქტს უნდა შევხედოთ უფრო ფართოდ და მოვლენები ერთმანეთთან უნდა დავაკავშიროთ. ვხედავთ, რომ რუსეთი განსაკუთრებულად ცდილობს ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ სხვანაირი მიდგომების დემონსტრირებას, განსაკუთრებულში ვგულისხმობ განსაკუთრებული კეთილგანწყობის ჩვენებას და, ფაქტობრივად, რუსეთმა ცხინვალი, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, უკვე მიიერთა.
– ალბათ, ამის დასტურივე იყო ლავროვის მიერ „იუჟნაია ოსეტიას“ „ელჩ“ მედოევთან ერთად გამართული პრესკონფერენცია და განცხადება, თქვენი თანხმობის გარეშე ჩვენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მოთხოვნებს არ შევასრულებთ, თქვენი სატრანზიტო ფუნქციით ვერავინ ისარგებლებსო.
– ეს ერთგვარი კომპლექსის გამოვლინებაა: ცხინვალში კულახმეტოვის „ელჩად“ დანიშვნიდან მოყოლებული, თანამშომლობის ფორმატის გაზრდით დამთავრებული, როდესაც ყველა ოსური ძალოვანი სტრუქტურა გადაეცა რუსეთს: რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება თუ ბორდერიზაციის გააქტიურება. კირილთან შეხვედრაც ამ საერთო სქემაში ჯდება. მაგრამ მხოლოდ იმისთვის არ შეხვედრია კირილი ბიბილოვს, რომ ოსების თვალში ბიბილოვის ავტორიტეტი გაიზარდოს, არამედ სხვა გზავნილებიც იყო. კერძოდ, აფხაზებისთვისაც, რომ აი, რა სიკეთე მოაქვს რუსეთის პოლიტიკის დაყოლას.
– აფხაზებს პუტინი ჩაუვიდათ სოხუმში, გასაგებია, რომ სხვა მიზეზით ჩადის და არა იმიტომ, რომ აფხაზებს გაუგოროს წითელი კვერცხები.
– პუტინი აფხაზების გამო არ ჩასულა სოხუმში.
– მაგრამ აფხაზებმა ხომ გაილაღეს: რამხელა რანგის ადამიანი გვეწვიაო?
– აფხაზები ვერ გაილაღებენ, იმიტომ რომ ახლახან შევხვდით აფხაზებს სტამბოლში და ვერ ვიტყვი, რომ სიხარულით მიიღეს ინფორმაცია პუტინის სოხუმში ჩასვლის შესახებ: სულერთი იყო მათთვის. აფხაზებს თავიანთი სატკივარი აქვთ: ისინი ფიქრობენ, რომ პუტინის ჩასვლა ნიშნავს ხაჯიმბას დანებებას მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხში.
– ჩვენი სეპარატისტები ჩვენზე ჭკვიანები არიან?
– ეს სხვა თემაა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენზე მწვავედ განიცდიან თავიანთი სუვერენიტეტის შეზღუდვას, მაგრამ ამას ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საბოლოოდ, აფხაზების განწყობები რუსეთის მიმართ მერყეობს ანტაგონიზმსა და ნიჰილიზმს შორის: ვგულისხმობ მოაზროვნე აფხაზებს, თორემ ისეთებიც არიან, ოღონდ ფული იშოვონ და მათთვის ყველაფერი სულერთია. აფხაზები გაღიზინებულები არიან ტურისტული სეზონის ჩავარდის გამო; იმის გამო, რომ რუსები მათგან დაუთმობელს ითხოვენ. მოკლედ, აფხაზები ყველაზე ადრე მიხვდნენ, რომ ჩამოკიდებულები არიან რუსულ ფინანსურ ნემსზე და, ფაქტობრივად, მომავალი არ აქვთ. ოსები ამას ვერ ვხდებიან და არც აინტერესებთ, იქნებიან თუ არა დამოუკიდებლები. აფხაზეთში დამოუკიდებლობის შეგრძნების ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ოსებში. ოსებისთვის დამოუკიდებლობა მოულოდნელი ამბავი იყო და არც სჯერათ დღემდე, რომ იქნებიან; ხვდებიან კიდეც, რომ ვერ იქნებიან. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლება ეუბნება აფხაზებს, აი, ოსები კარგად რომ იქცევიან, ჩვენც კარგად ვექცევითო. დანარჩენი გზავნილები კი არის ჩვენთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის.
– და რა გვითხრეს ანატოლისა და კირილის ამ შეხვედრით და პუტინის ვიზიტით სოხუმში? რომ არ ჩასულიყო, აფხაზეთი ისედაც ჯიბეში არ აქვს?
– მისი ჩასვლა ამ გზავნილის სიმძაფრეს ზრდის ჩვენთვის კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ რუსეთის პოლიტიკა ამ რეგიონში არ შეიცვლება. არადა, რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში კი არა, თავის ავტონომიურ რესპუბლიკებში არ ჩასულა კაი ხანია და მალე თათარსტანსა და მოსკოვს შორის უმძაფრესი კონფლიქტი დაიწყება, იმიტომ რომ მოსკოვი არ ახანგრძლივებს ელცინის დროს მოსკოვსა და თათარსტანს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ცენტრსა და ავტონომიას შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ. მაშინ თათარსტანმა, ფაქტობრივად, სუვერენიტეტი გამოაცხადა და გამსახურდიასდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ომანიძემ მიულოცა კიდეც მათ ეს მოვლენა. ამ ხელშეკრულებას ვადას უგრძელებდნენ ყოველ 10 წელიწადში. შესაბამისად, 2007 წელს გაგრძელდა 2017-მდე, მაგრამ წელს მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ აღარ გააგრძელოს და ამან გამოიწვია დიდი აღშფოთება თათარსტანში; უცებ გაახსენდათ, რომ სუვერენიტეტი გამოაცხადეს, პრეზიდენტით დაწყებული და ბომჟით დამთავრებული. ახლა კულუარული მოლაპარაკებებია თათარსტანსა და მოსკოვს შორის და მე არ ვიცი, ეს რით დასრულდება. შეიძლება, სხვა ავტონომიებსაც გაახსენდეს, სუვერენიტეტი და თქვან, თუ თათარსტანისთვის შეიძლება, მათთვის რატომ არ შეიძლება?!
– ამ ფონზე რა ეაფხაზეთებოდა?
– საქმეც ესაა. გზავნილს აკეთებს. ხაზს უსვამს, რომ მოსკოვი სამხრეთ კავკასიაში თავის პოლიტიკას არ შეცვლის, ანუ არ შეასრულებს იმ დოკუმენტს, რაც მიიღო აშშ-ს კონგრესმა.
– არ დათმობს მთლიანად საქართველოს, არ დათმობს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებს...
– იმ პრობლემების მოგვარებაზე ამბობს უარს, რაც კონგრესმენების დოკუმენტშია ნათქვამი. მოსკოვი თვლის, რომ სამხრეთ კავკასია არის მისი გავლენის სივრცე და ის ორი მის მიერ აღიარებული რესპუბლიკა კი – მისი მეგობარი და მათ გვერდით იქნება.
– თამაშია, ესე იგი.
– ამას ჰქვია გეოპოლიტიკური სვლები. პოლიტიკა არის ეს და არა ლაპარაკი. „ბრიქსის“ შეხვედრიდან, სადაც დიდი ღონისძიებები დასახეს ჩინეთთან ერთად, ჩავიდა აფხაზეთში – ესეც სვლაა.
– ჩინეთმაც გააკეთა განცხადება ამერიკულ ახალ სანქციებზე: არასწორია ცალმხრივად დაწესებაო.
– ცხადია, იმიტომ რომ ჩინეთი შეწუხებულია ამ სანქციებით. მისი ეკონომიკა ბევრადაა დამოკიდებული იმ შეკვეთებზე, რომლებსაც ის იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ისეც ხდება, რომ ერთი და იგივე ჩინური ორგანიზაცია ემსახურება რუსეთსაც და ამერიკასაც და ამ სანქციებით ეს საშუალება შეიზღუდება. ჩინეთი ცენტრალიზებული ეკონომიკის ქვეყანაა და სანქციებით ნებისმიერი მსხვილი კორპორაციის შეზღუდვა ჩინეთის ეკონომიკის რყევას იწვევს.
– ისევ ბიბილოვსა და კირილს დავუბუნდები. ანუ დავიმშვიდოთ გული?
– კირილს სულ არ აინტერესებს, რას იტყვის ბიბილოვი და ის ცხინვალის ეპარქიას ცნობს საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში. მაგრამ კირილი და, ზოგადად, რუსული ეკლესია მწვავედ განიცდის ბერძნული ეკლესიის აქტივობას ცხინვალსა და აფხაზეთში. ამიტომაცაა, რომ მათთვის მიუღებელია ეგრეთ წოდებული ახალი ათონის ჯგუფი არქიმანდრიტ დბარის ხელმძღვანელობით და ცხინვალში არსებული ეგრეთ წოდებული ალანური ეკლესია, რომელიც ერთ-ერთ განკვეთილ ბერძნულ ეკლესიაზეა მიბმული. ამდენად, სანამ ბერძნული ეკლესია არ ამოიკვეთს ფეხს, არანაირ თანამშრომლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი.
– მაგრამ განუხილავთ ცხინვალში რუსული ეკლესიის მშენებლობის საკითხი და ბიბილოვს ვინ ეკითხება ცხინვალის ქართული ეპარქიის ტერიტორიაზე რა აშენდება, რატომ შეუთანხმდა მას?
– შეიძლება, ამაზე ილაპარაკეს: შესაძლოა, ბიბილოვმა შესთავაზა, მაგრამ, თუ საქართველოს ეკლესიის თანხმობა არ იქნა, რუსეთის ეკლესია ცხინვალში ვერაფერს ააშენებს.
– ჩვენთვის რამდენად სახიფათოა, რომ, როდესაც გორის ავტობანზე ჩაივლის ამერიკული ტანკების კოლონა, სოხუმში ჩავა პუტინი. ეს მხოლოდ კუნთების თამაშია თუ შეიძლება, გავარდეს კიდეც?
– არ მგონია, გავარდეს, იმიტომ რომ რუსეთს მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განსახორციელებელი და სიტუაციის დაძაბვა ხელს არ აძლევს. ამდენად, ძალის დემონსტრირებაა ერთადერთი, რაც შეუძლიათ და არა იმიტომ, რომ რუსეთი დასუსტდა. ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნებზე მათ წარმოადგინეს ახალი წყალქვეშა ნავი, რომელმაც ყველა გააოცა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მდგომარეობა გაგრძელდება. ეს არის 2000-ანი წლების ინერცია, პერსპექტივა კი რთულია. ერთი სიტყვით, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ეს არის კუნთების თამაში.
– უამრავი თემა წამოიწია ამ ბოლო დროს მარშებისა და ბანერებთან პატრულირების სახით. როგორ შეუძლია მტერს, გამოიყენოს ეს რეალობა სამოქალაქო დაპირისპირების გასაღვივებლად ქვეყანაში?
– ჩვენ ურთულეს მდგომარეობაში ვართ და კბილებით ვინარჩუნებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ისე მოვახერხეთ, რომ მხარეების უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური სამიზნე გავხდით. ფაქტობრივად, ჩვენს ტერიტორიაზე ორი სუპერსახელმწიფო უპირისპირდება ერთმანეთს. ჩვენთან ტარდება სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამერიკელები, ბრიტანელები, უკრაინელები და სხვა და, ამასთან, ჩვენს ტერიტორიაზევე ტარდება რუსული სამხედრო წვრთნები ოსებისა და აფხაზების მონაწილეობით და ამ ორ წვრთნას ერთმანეთისგან 70 კილომეტრი აშორებს. ამ სიტუაციის გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ მოსკოვს კარგად ესმის, რომ ამ პროცესებში საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის როლი არის მეორეული. უკვე საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი აღარ არის ქვეყნის ორიენტაცია. საქართველოს ხელისუფლება კარგად აცნობიერებს ამ ვითარებას, ამას ვერ აცნობიერებენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ვიღაც-ვიღაცების ფინანსურ მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებულები: პოლიტიკური პარტიები იქნება თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. საქმე ისაა, რომ მხარეებმა ჩვენს ტერიტორიაზე მთავარს მიაღწიეს: მათ მოახერხეს საქართველოს პოლიტიკური კლასისა და ქართველი საზოგადოების ისე გახლეჩა, რომ ისინი ერთ საკითხზეც კი ვერ თანხმდებიან. არადა ცივილიზებულ ქვეყანაში ყოველთვის ხერხდება სტრატეგიულ საკითხებზე შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ჩვენთან ეს გამორიცხულია. და ეს არის მხარეების მთავარი მიღწევა, ჩრდილოეთსა თუ დასავლეთს აქვს თავისი ზემოქმედების საშუალება საქართველოში. ასეთი მიზნის მიღწევისთვის, რომ ასეთი შედეგი მიიღონ დაინტერესების ქვეყანაში, ხალხს აჯილდოებენ. ჩვენთან ეს შედეგი მიღწეულია!