№34 ჟანგბადი ჩვენი არსობისა
ანუ ისუნთქეთ სამ თვლაში ერთხელ
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჩვენს დედაქალაქში ჟანგბადი ჭირს და ეს უკვე ყოველგვარი ხელსაწყოების გარეშეცაა შესამჩნევი (თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი ხარ), არც მოქალაქეები გამოირჩევიან, მაინცდამაინც, მწვანე ნარგავებისადმი გულისხმიერებით და ამ მიდრეკილებას ვერც სახელმწიფო მოხელეებს დავაბრალებთ.
ჰოდა, რაკი ვერ დავაბრალებთ, ერთნიც და მეორენიც (ყოველ შემთხვევაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა) იმაზეა გამეცადინებული, სადმე რამე ააშენონ (იმისდა მიხედვით, ვის რაზე გასწვდება ჯიბე) და მოჭრან, რაც კი ხელს უშლით.
ასე მაგალითად, სულ ახლახან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისთვის კერძო სამშენებლო კომპანია ამ კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის გამზირზე) 15 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარის მოჭრის ნებართვისთვის მიუმართავს.
თავის მხრივ, საქალაქო სამსახურს მესაკუთრისთვის უფლება მიუცია, მოეჭრა 5 ძირი ელდარის ფიჭვი და 3 ძირი ჰიმალაის კედარი (მოჭრის ნებართვის აღება ფასიანია), ხოლო ერთი ძირი ელდარის ფიჭვის, 2 ძირი იფნისა და 3 ძირი პალასის ფიჭვის გადარგვა დაავალა იმავე ტერიტორიაზე მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდში.
ეს მაგალითი გამონაკლისი არ არის (ანუ მხოლოდ საილუსტრაციოდ მოვიტანე), რადგან უკვე ტრადიციად გვექცა, რომ მწვანე ნარგავები მაღალსართულიანი კოლოფების (ჩვენ რომ ჯიუტად საცხოვრებელ სახლებს ვუწოდებთ) წამოჭიმვას ეწირებიან (იმიტომ რომ მოქალაქეები უძრავ ქონებას აგროვებენ).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ქალაქში უკვე მწვანე ნარგავებსაც უჭირთ გახარება (უჟანგბადობა მათაც აწუხებთ!) და თბილისს ეკოლოგიური კატასტროფისგან უკვე მწვანე ნარგავებიც ვეღარ იხსნიან, იბადება რიტორიკული კითხვა-შეგონება: ან გვითხრან, რომელი პლანეტიდან არიან ჩვენი ბუნებამოძულე თანამოქალაქე-ჩინოვნიკები, ან, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც დაგვასწავლონ უჟანგბადოდ სუნთქვა, თუ აირწინაღებს არ გვირიგებენ?! –