№34 ინვესტორული ინდულგენცია
ანუ კაფეს გახსნას რა უნდა?!
იმ მიზეზით, რომ აღმაშენებლის გამზირი ყურადღების ეპიცენტრში მოექცა (ლამის დღე ერთი იყო და მარში – სამი), ამ ტერიტორიით, როგორც იქნა, დედაქალაქის მერიაც დაინტერესდა.
დაინტერესდა და აღმოაჩინა (არადა მანამდეც რომ შეესრულებინა თავისი მოვალეობა, არც ერთი მარშიც არ იქნებოდა), რომ აღმაშენებლის გამზირზე ჩამოლაგებული კაფეები, თურმე, კანონს არ იცავდნენ. ამიტომაც მათ მეპატრონეებს კანონის დაცვა, ანუ ღია ტერასების დემონტაჟი (თუ ნებართვას არ აიღებენ) მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, 10 000-ლარიანი ჯარიმის გამოწერას დაჰპირდა.
შესაძლოა, იმიტომ, რომ შეუჩვეველს ნუ შეაჩვევეო (მათ შორის, კანონის მოთხოვნის დაცვასაცო), 16 კაფეს მეპატრონეს პროტესტის ნიშნად კაფეები დაუხურავს (გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარი ყოფილა, იმ მიზეზით, რომ ღია ტერასების სტუმრები უცხოელი ტურისტები არიანო).
რაკი იმ ხსენებული 16-დან 14 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ფაქტი უცხოელ ინვესტორთა დევნად შეფასდა (საზოგადოების ნაწილის მიერ).
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონი, წესითა და რიგით, ყველასთვის კანონი უნდა იყოს, მაგრამ დავამატებთ, რომ, თურმე, უცხოელი, თანაც, ინვესტორი, ხელშეუხებელია, იქნებ პირდაპირ ინვესტორების მონებად გვეკურთხებინა ეს ჩვენი ბედკრული თავები?! –