კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ქართულ მედიცინას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პროფესორი – გურამ უნგიაძე დაუბრუნდა

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

 პროფესორ გურამ უნგიაძეს თავისი მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის უმეტესი ნაწილი, რუსეთში აქვს განხორციელებული და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც რუსეთისა და საქართველოს სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო პროფესიულ წრეებში. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში. არის ორასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ცოტა ხნის წინ გურამ უნგიაძე სამშობლოში დაბრუნდა და პროფესიულ საქმიანობას დღეს კლინიკური მედიცინის ინსტიტუტში აგრძელებს.  ბატონი გურამი ასრულებს ნებისმიერი მასშტაბის დიაგნოსტიკურ და სამკურნალო ენდოსკოპიურ ჩარევას ზემო სასუნთქ გზებზე, ტრაქეასა და ბრონქებზე. მისი დონისა და მასშტაბის პროფესიონალის საქართველოში ჩამოსვლა ქართული ენდოსკოპიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა, რომლის თხოვნითაც პროფესორი გურამ უნგიაძე ქართულ მედიცინას დაუბრუნდა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გურამ უნგიაძე ქართული მედიცინისთვის დიდი შენაძენია: „საქართველო მდიდარია ინტელექტუალური პოტენციალით, მაგრამ ამ პოტენციალს გამოვლენა და დაფასება უნდა. ყოველთვის ვცდილობ საქართველოსთვის არ დაიკარგოს საუკეთესო კადრები და ქვეყნიდან წასული პროფესიონალები მოვიზიდო. პროფესორი გურამ უნგიაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ქალაქ მოსკოვში, ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელად, დღეს საქმიანობას აგრძელებს სამშობლოში, ჩვენს ინსტიტუტში, როგორც ბრონქოლოგიისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ამით მე ბედნიერი ვარ – ბატონი გურამი ჩვენთვის დიდი შენაძენია!“
მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების, მიღწევებისა და წლების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების მიზეზებზე თავად ბატონი გურამი გვესაუბრა.

გურამ უნგიაძე (განათლება და პროფესიული გამოცდილება):
– 1973 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, რის შემდეგაც სწავლა გავაგრძელე ორდინატურაში, მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. ყოველთვის მინდოდა, რომ ქირურგი გავმხდარიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე რუსეთში წასვლა, სადაც ბევრი შესაძლებლობა იყო ამ სპეციალობის დასაუფლებლად.
– რუსეთში როგორ გაგრძელდა თქვენი სამედიცინო კარიერა?
– პირველად ქალაქ პოდოლსკში, ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა, მოგვიანებით, გავხდი პასუხისმგებელი ქირურგი, სამი წლის შემდეგ კი, უკვე მოსკოვის 67-ე საავადმყოფოში მიმიწვიეს სამუშაოდ. შემდეგ დამაინტერესა ონკოლოგიამ და მოსკოვში, ონკოლოგიურ ცენტრში, გასაუბრებაზე მივედი. იმ პერიოდში ენდოსკოპიური მეთოდით დიაგნოსტიკა და მკურნალობა ახალი დარგი იყო და გადავწყვიტე მისი ათვისება.
საბჭოთა კავშირის მთავარმა ენდოსკოპისტმა, პროფესორმა ბორის პოდდუბნიმ, პირველმა შექმნა ენდოსკოპიური სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა.
გამიტაცა ზედა სასუნთქი გზების ენდოსკოპიამ და ბრონქოლოგიამ. 1982 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკის განხრით.
– გარკვეული პერიოდი საქართველოში ჩამოხვედით და აქ ეწეოდით თქვენს პროფესიულ საქმიანობას. რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში ჩამოსვლა და შემდგომ, ისევ რუსეთში დაბრუნება?
– მას შემდეგ, რაც დისერტაცია დავიცავი, ოჯახის თხოვნით, საქართველოში დავბრუნდი და მეორე საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა ქირურგიული განყოფილების გამგედ. ცხრა წელი ვიმუშავე აქ და როცა ჩემმა პირველმა ხელმძღვანელმა, ბორის პოდდუბნიმ შემომთავაზა ჩემთვის საინტერესო თემაზე მუშაობა, კერძოდ, ზედა სასუნთქი გზების, ტრაქეისა და ბრონქების სიმსივნეების ენდოსკოპიური მკურნალობა ლაზერის გამოყენებით, არც დავფიქრებულვარ – 1989 წელს დავბრუნდი მოსკოვში, ნ. ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. ვმუშაობდი ჯერ ექიმად, შემდეგ წამყვან სამეცნიერო მუშაკად. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები,  მომენიჭა პროფესორის წოდება. პროფესორ პოდდუბნის პენსიაზე გასვლის შემდეგ კი, მე დავინიშნე ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელად. ფაქტობრივად, რუსეთში 35 წელი ვმოღვაწეობდი.
– ბატონმა ფრიდონ თოდუამ შემოგთავაზათ საქართველოში ჩამოსვლა და მუშაობა. ადვილად მიიღეთ აქ დაბრუნების გადაწყვეტილება?
– უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ფრიდონი უაღრესად დიდი ადამიანია, რომელმაც დააარსა ამხელა ინსტიტუტი და დააკომპლექტა წამყვანი ფირმების მიერ წარმოებული საუკეთესო აპარატურითა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით. ეს უდიდესი საქმეა. მან ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქართულ სამედიცინო სფეროში. ეს არის უმაღლესი დონის ინსტიტუტი და აქ, ასეთ პიროვნებასთან მუშაობა, ჩემთვის ძალიან საამაყოა. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში დამხვდა ის აპარატურა, რაც მჭირდებოდა მუშაობისთვის. საუბარია ისეთ ტექნიკურ აღჭურვილობაზე, რაც იმ პერიოდში მოსკოვშიც კი არ მქონდა. ბრონქოლოგიის კაბინეტისთვის შეძენილია საუკეთესო აპარატურა. პირველად საქართველოში, ჩვენ გავაკეთეთ ენდობრონქული ულტრასონოგრაფია და ტრსანბრონქული ლიმფური კვანძებისა და სიმსივნეების ბიოფსია.
– თქვენთვის, როგორც პროფესიონალითვის, რა არის მთავარი მიზანი?
– ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ მე, ჩემი პატარა წვლილი შემაქვს ადამიანების კეთილდღეობაში. როდესაც დასვამ სწორ დიაგნოზს და სწორ გზაზე დააყენებ პაციენტს, თუ საით წავიდეს, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი მიზანი და დიდი სურვილია, ადამიანები ექიმთან მიდიოდნენ არა უკვე დაავადების მძიმე ფორმებით, არამედ ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაავადება არ არის ჩამოყალიბებული. პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. სიმსივნის დიაგნოსტიკა ნაადრევ სტადიაში, დაავადებისგან სრული განკურნების მაღალ შანსს იძლევა.
– და ბოლოს, რას ურჩევთ და უსურვებთ ჩვენს მკითხველს?
– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა საშუალებით მოხდეს ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა. არავითარ შემთხვევაში არ მოწიოთ სიგარეტი. დადგენილია, რომ მწეველი, როცა აღწევს 60-70 წლის ასაკს, ხშირ შემთხვევაში, უვითარდება ფილტვის და ზემო სასუნთქი გზების ავთვისებიანი სიმსივნე. ნუ დააყენებთ თქვენს ჯანმრთელობას კიბოს რისკის ქვეშ, მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და იცხოვრეთ დიდხანს და ჯანმრთელად!
скачать dle 11.3