კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 როგორ გაიმარჯვა „მის თბილისმა“ – აისელ მამედოვამ მსოფლიო მასშტაბით, ფიზიკაში გამართულ გამომგონებელთა კონკურსში და რატომ გადაწყვიტა მან ქართულ პოლიტიკაში მოსვლა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 მომღერალი, მსახიობი, მოცეკვავე – აისელ მამედოვა წარმოშობით აზერბაიჯანელია, თუმცა თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანშიც განსაკუთრებულად პოპულარულია. გარდა იმისა, რომ მღერის, არაერთ რეკლამაში, ფილმში, სერიალშია გადაღებული და სამომავლოდაც, ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. ერთ-ერთი – პოლიტიკაში მოსვლაა.
აისელ მამედოვა:
თბილისში დავიბადე, სოფელიც კი არ მაქვს. ძირძველი თბილისელი ვარ, ვერაზე დაბადებული. დავამთავრე ინგლისური სკოლა. უნივერსიტეტიც ინგლისურ ენაზე მაქვს დამთავრებული – დიპლომატიური ფაკულტეტი. თუმცა, ეს არ არის ჩემი პროფესია, შინაგანად ხელოვანი ვარ. უბრალოდ, მამის თხოვნით ჩავაბარე აქ. ვიცი 6 ენა. აზერბაიჯანელი ვარ ეროვნებით, თუმცა სუფთა ქართულ ადათ-წესებზე აღზრდილი და მიყვარს ჩემი საქართველო.
– რას გულისხმობ ქართულ ადათ-წესებზე აღზრდაში?
– მუსლიმანურ ქვეყნებში და ზოგადად, აზერბაიჯანულ ეთნოსში, აკრძალულია ქალის აქტიურობა, საზოგადოებაში გამოჩენა. მაგრამ, მამაჩემმა, ასე თუ ისე, გადალახა ეს წინააღმდეგობა და მითხრა: შეგიძლია, იაქტიურო, კონცერტებში მიიღო მონაწილეობაო. თუმცა, „მის თბილისის“ პერიოდში ცოტა პრობლემები მქონდა.  რადგან მაინც სამოდელო სფეროა. წინააღდეგობებიც იყო, მაგრამ მერე აღარ გაუწევია. მუსლიმანი ვარ, გარკვეულ ტრადიციებს ვიცავ, მაგრამ ჩადრით არ დავდივარ. „მის თბილისზე“ დავრწმუნდი, რომ საქართველოში სიტყვა – ნაციონალიზმი არ არსებობს, რადგან აზერბაიჯანელი რომ გავიდა პირველ ადგილზე, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ეროვნება არ თამაშობს როლს.
– როგორ განვითარდა „მის თბილისის“ შემდეგ შენი კარიერა?
– „მის თბილისის“ შემდეგ წავედი თურქეთში – საბავშვო „ევროვიზიაზე“, სადაც ვასახელე საქართველო და მესამე ადგილზე გავედი. ამის მერე იყო შემოთავაზებები – სახელმწიფო კონცერტებზე გამოვდიოდი, ვმღეროდი ქართულად, აზერბაიჯანულად. როგორც იცით, ეთნიკურ უმცირესობებზე საქართველოში დიდი აქცენტი კეთდება. დიდი მხარდაჭერა მქონდა სახელმწიფოს პირველი პირებისგან. ამჟამად „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობის სახე ვარ. ყველა არჩევნებზე, კონცერტებზე მხარს ვუჭერ ეთნიკურ უმცირესობას. ძალიან ბევრი აზებაიჯანელისთვის გავხდი სტიმული: სტერეოტიპები დავარღვიე, ქალებს მივეცი იმის სტიმული, რომ იყვნენ თავისუფლები და აკეთონ ის, რაც უნდათ.
– როგორც ვიცი, აზერბაიჯანთან მჭიდრო კავშირი გაქვს. ხშირად გაქვს საქმიანი ვიზიტი იქ?
– აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. ჯერ კიდევ „მის თბილისის“ შემდეგ დაინტერესდნენ. იყო სატელევიზიო ეთერები, ინტერვიუები. წელს მივიღე ჰეიდარ ალიევის სახელობის ჯილდო, დიპლომი – „აზერბაიჯანისა და საქართველოს წარჩინებული ახალგაზრდა, სახალხო არტისტი.” ახლახან მქონდა სოლო კონცერტი ჰეიდარ ალიევის სასახლეში. ორი მომღერალიც მყავდა წაყვანილი. ჰეიდარ ალიევის სასახლეში რომ გამოხვიდე და იმღერო, ძალიან რთულია, იგივეა „ლა სკალაში” იმღერო.
– თუ იცნობ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პირველ ლედის?
– ჩემს შესახებ იციან სახელმწიფო დონეზე, ამიტომაც მომცეს ეს ჯილდო. სხვადასხვა ღონისძიებაზე შევხვდი ორივეს და გავიცანი. მეჰრიბანი ცხოვრებაში ბევრად ლამაზია, ჰოლივუდის ბევრ მსახიობს ჯობია. აზერბაიჯანში ცნობილი მომღერლების კლიპებშიც ვარ გადაღებული. ჩემს სიახლეებს აქტიურად აშუქებენ ხოლმე.
– როდის დაიწყე სიმღერა?
– ბავშვობიდან. ნუნუ გაბუნიას მოსწავლე ვიყავი და ქართულ ფესვებზე ავიდგი ფეხი. 2014 წელს „თურქვიზიონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა – „ევროვიზიასავითაა“, ოღონდ თურქულენოვანი მაყურებლისთვის. საქართველოდან გავიმარჯვე მე. საკმაოდ დიდი ქასთინგი იყო, ამირჩიეს და წავედი კაზანში, სადაც საქართველო ვასახელე. უბრალოდ, ფინალში ვერ გადავედით, რადგან რუსეთი მონაწილეობდა და საქართველო ვერ მოხვდა მათ გამო. მაგრამ ძალიან ღირსეულად ვიდექი რუსეთის მიწაზე და ვაფრიალებდი ქართულ დროშას. სერიოზული ზეწოლაც იყო ჟურნალისტებისგან. ისეთ კითხვებს მისვამდნენ: არ გეშინიათ, რუსეთის მიწაზე დგახართ და საქართველოს დროშას აფრიალებთ. ეს თურქულენოვანი მაყურებლისთვისაა. აზერბაიჯანელი ხარ და თქვენს დროშაზე ჯვრებიაო... მოკლედ, რელიგიური თემები იყო. მაგრამ, გავუძელი ზეწოლას და ღირსეულად წარვდექი. ამ კონკურსის შემდეგ ბევრი შემოთავაზება წამოვიდა. საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მივიღე, რადგან სერიოზული კონკურსია. მერე ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „ვაგიფი“ ჩავწერე და კლიპი გადავიღე. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და ამის შემდეგ, სულ ახალ-ახალ რაღაცებს ვაკეთებ.
– მითხარი, აზერბაიჯანში სერიალში მიღებენო.
– ვთამაშობ გოგოს როლს, რომელსაც ევროპაში აქვს განათლება მიღებული, შეძლებული ოჯახიდან არის და მამა ჰყავს გარდაცვლილი. აზერბაიჯანული კი ვიცი კარგად, მაგრამ ცოტა აქცენტი მაქვს, ამიტომ ვითომ ევროპაში ვსწავლობდი. 16 სერიაა, ორი სერია უკვე გადავიღეთ. ახლა კიდევ მივდივარ და გადავიღებთ. სექტემბრიდან ნახავს უკვე მაყურებელი აზერბაიჯანის არხზე. ახლა ჩემთან დაკავშირებით დიდი რეკლამები მიდის სერიალიას გამო. თბილისში ჰეიდარ ალიევის დრამატულ დასშიც ვარ. მიწვევენ ხოლმე და ვთამაშობ სპექტაკლებში. ბავშვობიდან ვიყავი არტისტული. ერთ დღესაც თეატრში წავედი, რეჟისორმა მნახა და მითხრა: არტისტულობა გაქვსო და დავიწყე თამაში. რამდენიმე სპექტაკლი ვითამაშე. „დარისპანის გასაჭირში“ ვთამაშობდი ლაურა რეხვიაშვილთან ერთად, შემდეგ ერთ-ერთ თურქულ სპექტაკლში – მთავარ როლს და ასე შემდეგ. ფილმში თამაში ცოტა გამიჭირდა, რადგან თეატრისგან განსხვავდება. მაგრამ, ნელ-ნელა გამოვასწორე. პირველი ფილმი იყო აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებზე, სიყვარულზე. კიდევ გადამიღეს თურქულენოვან ფილმში, ინდურ სერიალში. ბოლივუდის რეჟისორიც იყო ჩამოსული და მოცეკვავე გოგონას როლში გადამიღეს ინდურ ფილმში. ასევე, გადაღებული ვარ რეკლამებში. აზერბაიჯანში ჩაის სახე გავხდი, ჩემი ფოტოები ბილბორდებზე, მეტროში იყო გაკრული. განათლების ცენტრის სახეც ვარ. ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ აზერბაიჯანიდან და შემომთავაზეს, ყაზახეთში, სამთვიან კონკურსში მონაწილეობა. ოფიციალური მოწვევა გამომიგზავნეს, რომელიც ალმა-ატაში ჩატარდება და გაშუქდება ტელევიზიით. მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, ისე დამპატიჟეს და ჩემ გარდა, ბევრი მონაწილე იქნება. კონკურსები მიყვარს და სხვათა შორის, არასდროს დავმარცხებულვარ, რადგან თავდაჯერებული ვარ. თან, ვცეკვავ და როცა სცენაზე ვმღერი და ვცეკვავ, უფრო მრავალფეროვანი გამოდის. ეს ხელოვნებასთან არ არის კავშირში, მაგრამ მე-12 კლასში რომ ვსწავლობდი, ფიზიკის გამომგონებელთა კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით, პირველ ადგილზე გავედი. ალტერნატიული ენერგიებისგან, კონვექციის საშუალებითა და ტემპეტარატურათა ცვალებადობით, ენერგიის გამომუშავება და ელექტროენერგიად გარდაქმნა სამი მეთოდით: გეო-თერმული წყლებისგან, გამოქვაბულებისა და მზის ენერგიისგან.  ფიზიკა სულ მაინტერსებდა და სხვათა შორის, კემბრიჯიდან მქონდა მიწვევა, რომ მათთან მესწავლა უფასოდ, მაგრამ მამამ არ გამიშვა.
– რა ხდება პირადში?
– გათხოვილი არ ვარ. თუმცა, აზერბაიჯანელებისთვის უკვე დავრჩი გაუთხოვრად, რადგან 23 წლის ვარ. ჩემი ოჯახის წევრები ქართულ ტრადიციებს იცავენ და შესაბამისად, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევენ.
– ალბათ ეროვნებას, სარწმუნოებას აქვს მნიშვნელობა.
– რელიგიის მხრივ, ცოტა პრობლემა შეიქმნება. ქრისტიანზე რომ დავქორწინდე და მაიძულოს, მის სარწმუნოებაზე გადავიდე. მაჰმადიანი ვარ და არ მგონია, ამაზე ჩემები დათანხმდნენ. თუმცა ხომ ამბობენ: სიყვარული ყოვლის შემძლეაო, ვნახოთ. ზოგადად, მომწონს სერიოზული, განათლებული, ძლიერი, დიპლომატი პიროვნებები. შეყვარებული ახლა არ მყავს და ზოგადად, თაყვანისმცემლების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება მაქვს ხოლმე.
– კიდევ რა არის შენი ინტერესის სფერო?
– პოლიტიკა, ოღონდ ხალხს რომ დავეხმარო და გვერდში დავუდგე. პოლიტიკა 50 პროცენტი დაპირებებია. მე ერთი პროცენტით მივცემდი დაპირებებს ხალხს და 99 პროცენტით დავეხმარეობდი. მინდა, პოლიტიკაში მოსვლა და ახლა არჩევნებიც მოდის. შესაბამისად, გეგმები მაქვს. სიტყვა „ენთიკური უმცირესობა“ არ მიყვარს და მინდა, ფრჩხილებისგან გავათავისუფლო. ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს და მიეცეს საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალება. არ მინდა პოლიტიკა იყოს ჩემთვის შემოსავლის წყარო, არამედ – ხალხისთვის დახმარების საშუალება. საკმაოდ რეალისტი ვარ და ვისაც რამეს ვპირდები, იმას აუცილებლად ვასრულებ.
скачать dle 11.3