№33 რა იყო მაიკო დათიაშვილისთვის, ფეხის ამპუტაციის შემდეგ, ყველაზე დიდი ძალა და სტიმული და ვინ გამოეცხადა მას ღმერთივით თურქეთის კლინიკაში
16 ივლისს, გამთენიისას, თურქეთში, ტრაპიზონთან 120 კილომეტრში, ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც ქართული ანსამბლის, „ლამპრების“ მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, ოპერატორი და მშობლები ისხდნენ. ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიემგზავრებოდა... ავარიის შედეგად, მძიმედ დაშავდა 7 ადამიანი. სამწუხაროდ, აქედან ერთი, ანსამბლის ოპერატორი – მერაბ ხუჭუა გარდაიცვალა. განსაკუთრებით მძიმედ დაშავდა ერთ-ერთი მშობელი – მაიკო დათიაშვილი. მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა. მაიკო, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომელია. ის გახლდათ გადაცემების – „იმედის გმირებისა“ და „გრიფით საიდუმლოს“ პროდიუსერი. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა სამი შვილის დედას ფეხი ვერ შეუნარჩუნეს. თურქეთში 2-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა და აქ გადის რეაბილიტაციას. ალბათ, იშვიათად შეხვდებით ისეთ ძლიერ ადამიანს, როგორიც მაიკოა.
მაიკო დათიაშვილი: ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უპირველეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ იმით, რომ ცოცხლები გადავრჩით. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, ჩვენი ოპერატორი. მას თავიდანვე ისეთი დაზიანებები ჰქონდა, რომ გადარჩენის იმედი აღარ იყო. დანარჩენი, 37 მგზავრი კარგად ვართ. რაც მთავარია, ბავშვებს, სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ. მადლობა ღმერთს, ასეთი შედეგისთვის. რამდენიმემ მივიღეთ სერიოზული ტრავმა. როგორც თურქეთში თქვეს, მსგავსი სიმძიმის ავარიისას 80 პროცენტი იღუპება. ჩვენ ღმერთმა გადმოგვხედა.
– რა მოხდა რეალურად?
– არ ვიცი, რამ გამოიწვია ავარია, რადგან მეძინა. როცა გავიღვიძე, ავტობუსი უკვე გადაბრუნებული იყო და მივხოხავდით. მანამდე, ჯერ ბორდიულზეა ავარდნილი, იქ რაღაც მანევრები ჩაატარა და მერეა გადატრიალებული. გამაღვიძა იცით, როგორმა შეგრძნებამ, ტკივილს ვერ დავარქმევ, უფრო წვა იყო... ბავშვი, რომ გადმოვსვი, ფეხები ვერსად წავიღე და შევაწყვე სკამსა და მანქანას შორის, პატარა ადგილი რჩება ფანჯარასთან იქ. ეტყობა, გადატრიალების მომენტში, მარჯვენა ფეხის გამოღება მოვასწარი, მაგრამ მარცხენა ფეხი მაშინვე ჩაითრია. მეწვოდა ხორცი, თუ რა, არ ვიცი. დიდხანს ასფალტზე ხელი რომ გაუსვა, შეიძლება, ბოლიც აგივიდეს, რაღაც მსგავსი შეგრძნება მქონდა. გარკვეული მანძილი ავტობუსმა იხოხა და ალბათ, იმ მომენტში უკვე ფეხი აღარ მქონდა. მარჯვენა მხარეს გადატრიალდა ავტობუსი და ჩემი შვილი დამეცა, პარალელური სკამიდან კიდევ ერთი ბავშვი გადმოვარდა. ერთადერთი, რაც შევძელი, ვიდრე ავტობუსი ხოხავდა, ხელებით ვიყავი დაყრდნობილი. მინები იმსხვრეოდა და მეშინოდა, ბავშვებს არ მოხვედროდა. ამიტომ, ვცდილობდი, მოვფარებოდი. ფანჯრიდან გადავარდნის საშიშროება არ იყო, რადგან ფანჯრები ასფალტზე იყო. ბავშვები, რომ დამეჭირა, მე ვიყავი ქვემოთ, ხოლო ისინი ზურგზე მყავდნენ. ავტობუსი რომ გაჩერდა, წივილი, კივილი, ბავშვების ტირილი ერთმანეთში ირეოდა. რომ ვიხსენებ, ვამბობ: ცოცხალმა ადამიანმა, თუ შეიძლება, ჯოჯოხეთი ნახოს, ალბათ, ეს შემთხვევა იყო-მეთქი. ჩემს თავს თუ მსგავსი რამ მოხდა, დღემდე არ მაქვს გააზრებული. როგორც კი მივხვდი, ავტობუსი გაჩერდა, მაშინვე ბავშვები დავათვალიერე. არცერთ მათგანს არაფერი სჭირდა, ნაკაწრიც კი არ ჰქონდათ და ჩავუშვი ტრანსპორტიდან. ნელ-ნელა დაიცალა იქაურობა. ყველაზე ბოლოს მე გამომიყვანეს, რადგან ძალიან გამიჭირდა. ისე გამოდიოდა, რომ ავტობუსის ქვეშ იყო ეს ფეხი. ფეხის რაღაც ნაწილი შენარჩუნებული მქონდა, რადგან ვცდილობდი და ვერ ვიღებდი. ვიდრე ტექნიკა არ მოიყვანეს, რომელმაც ავტობუსი დაჭრა, მანამდე ვერ მოხერხდა ჩემი გამოყვანა. სადღაც 40 წუთი ვიჯექი და ველოდებოდი, როდის გავიდოდი. გონი არ დამიკარგავს არცერთი წამით. ერთადერთი, მეშინოდა იმის, რომ ინფექცია არ წასულიყო. ფეხებს ვუყურებდი და ვადარებდი ერთმანეთს, გასიება ხომ არ ჰქონდა დაწყებული. რა სიტუაციაშიც მე ვიყავი, ეს შედეგი ყველაზე კარგი გამოსავალი გახლდათ. რა თქმა უნდა, დანაკარგი ძალიან მძიმეა ფსიქოლოგიური კუთხითაც და ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარეც. თუმცა, იმასაც სწორად აღვიქვამ, რა შეიძლება, ყოფილიყო კარგი და ცუდი. ავტობუსის ქვემოთა ნაწილიდან ვხედავდი, რომ ბავშვები დარბოდნენ. ყველა, რომ მოძრაობდა, ეს იყო იმხელა სტიმული და სიძლიერე, რომ აღარაფერს დავეძებდი. კი ჰქონდათ ბავშვებსაც დაზიანებები – ზოგმა თავი გაიტეხა, ზოგმა ხელი იტკინა, თუმცა ეს არ იყო სიცოცხლისთვის საშიში. რას ვიზამთ, შემთხვევა ხდება და მისგან არავინაა დაზღვეული. მეც მძღოლი ვარ და მესმის, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება, მოხდეს რამე. კონკრეტულ შემთხვევაში, მთავარია, როგორ გამოვედით ამ ყველაფრიდან. უფალმა გადაგვარჩინა. მადლობა ღმერთს, რომ მეორედ დავიბადე. ხანდახან ვამბობ, ორჯერ მაქვს დაბადების დღე-მეთქი.
– კიდურის ამპუტაცია რომ იყო საჭირო, იცოდი?
– კი, როგორ არა. ადგილზევე ვიცოდი, რომ ფეხი აღარ მქონდა – თითებს ვეღარ ვამოძრავებდი. ავტობუსში რომ შევიხედე, ის ნაწილი, რაც ზემოთ იყო დარჩენილი კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ, ქვემოთ ისეთი გაურკვევლი ხორცის მასა იყო, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ავტობუსი რომ გადაბრუნდა, მაშინვე წამწყდა კიდური. როგორც მერე ექიმებმა მითხრეს, სწორედ ეს იყო ის წვის შეგრძნებაც – მოწყდა კიდური და ხორცმა დაიწყო წვა. საავადმყოფოში მახსოვს, დიალოგი ჩემს ექიმთან. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ღმერთად გამომეცხადა. დღემდე ვაგრძელებთ მეგობრობას. დამადგა თავზე და მეუბნება: შენ კარგად ხარო და მიცინის. ეს ჩემთვის იმხელა ძალა და სტიმული იყო, ვერ გეტყვით. ვეკითხები, მართლა? კი, კი კარგად ხარ, მაგრამ ფეხი აღარ გაქვსო. ფეხის გადარჩენის შანსი საერთოდ არ იყო. მასალა არ ჰქონდათ, რომ აეწყოთ. ამის შემდეგ შემიყვანეს ოპერაციაზე.
– შოკური მომენტი არ გქონია?
– არა, საერთოდ არა, არცერთი წამით. უბრალოდ, ოპერაციიდან რომ გამოევდი და ნარკოზში ვიყავი, ის პირველი დღე არ მახსოვს. თურმე, ტელევიზიები ყოფილან და ინტერვიუც მიმიცია. ეს იყო ნარკოზის მდგომარეობა. საკუთარი მუხლი მაქვს შენარჩუნებული. ინფექციის წყარო იყო ძალიან დიდი. ბევრი უცხო სხეული იყო ფეხში. დიდ ყურადღებას და თანადგომას ვგრძნობდი, როგორც თურქების, ასევე ქართველების მხირდან. ჩვენს მთავრობას, თურქეთს, უცნობებს, ნაცნობებს, მეგობრებს – დიდი მადლობა. მე ასეთი თანადგომა ცხოვრებაში არ მინახავს. ფეხზე, რომ დავდგები, აუცილებლად ყველას სათითაოდ ჩამოვუვლი და მადლობას პირადად გადავუხდი.
– საკმაოდ აქტიური ცხოვრება გქონდა. როგორ შეეჩვიე ახალ მდგომარეობას?
– კი, აქტიურად ვცხოვრობდი და ახლაც ასე ვარ. ვერ ვჩერდები. ერთადერთი ცოტა დისკომფორტს მიქმნის, როცა ქვემოთ მაქვს ფეხი – სისხლი აწვება და მეწვის. ზოგჯერ დამავიწყდება და მარჯვენა ფეხს რომ დავადგამ ასადგომად, ვხვდები, მეორეს ვერ დავდგამ. ჩემი შვილი მეუბნება: დედიკო, სკოლაში შენ ხომ წამიყვანო. კი, დედიკო, როგორ არ წაგიყვან-მეთქი. მადლობა ღმერთს, მარჯვენა ფეხი მაქვს. აწი, ცხოვრებაში სულ მარჯვენა ფეხით ვივლი (იცინის). შვილებს არ მინდა რაღაც განსხვავებული ცხოვრება ვაჩვენო ამ პრობლემის გამო. სკოლამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა და იმედია, ისევ დავჯდები საჭესთან და ბავშვებსაც ვატარებ. ისე, როგორც ადრე.
– ავტოსაგზაო შემთხვევაში პირველად მოყევი?
– კი, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მქონია. ეს იყო პირველი სერიოზული ავარია და პირველი ოპერაცია. მარიამი უკვე მეოთხე წელია, ამ ანსამბლშია. თავიდან ილეთებს სწავლობდა 3 წელი და ახლა ჰქონდა პირველი გასტროლი. დღემდე ვერ გავითავისე, რომ ეს მე შემემთხვა, მიჭირს დაჯერება. თურმე, ასეთი რაღაცებიც ხდება. ზოგჯერ ვფიქრობ, ხალხმა არაადეკვატურად შეიძლება, გაიგიოს და თქვან: ეს რაღაც სიტუაციის შეუსაბამოაო, მაგრამ დამიჯერეთ, იმხელა ამბიდან ასეთი მდგომარეობით გამოსვლა, მართლა ბედნიერებაა. მე დღეს ჩემს შვილებთან, მეგობრებთან, ჩემს ოჯახში ვარ. გავიკეთებ ამ კიდურს, ვივლი და ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას. იქ, სადაც ადამიანური შესაძლებლობები გამორიცხულია, რას მივსტირო. ჩავვარდები დეპრესიაში, გადავიჭრები საშინელებაში და დავზაფრავ ყველას ისე, რომ ადამიანს არ მოუნდება ჩემთან მოსვლა. ამაში რა აზრია? ჩემი შვილები პატარები არიან და ახლა ვჭირდები მათ.
– მარიამი რას ამბობს? სტრესი ექნება ბავშვს...
– მარიამი იმავე ღამეს ჩამოიყვანეს საქართველოში. შიშის მომენტები აქვს. ავტობუსს რომ დაინახავს, ხელებს იფარებს სახეზე. ჩემთან შეხვედრის დრო რომ მოვიდა, მეუღლემ აუხსნა ბავშვებს მდგომარეობა, პირველი შეხვედრის მომენტი მძიმე რომ არ ყოფილიყო მათთვის. შუათანა გოგომ მკითხა, დედიკო ფეხი ხომ ამოგივა ისევო. მარიამმა, რკინის ფეხი ხომ არ გექნება, მანიკურებს ისევ წაისვამო. კი, აუცილებლად წავისვამ მანიკურებს-მეთქი, მაშინ მე წაგისმევ მაგ ფეხზეო (იცინის). მეც რომ მშვიდად ვარ, ბავშვებმაც გადალახეს.