№33 რატომ აპირებდა თბილისის ამირა, გაქცეოდა ბაგრატ მეოთხეს, რა ღირდა ერთი ლიტრა ვირის ხორცი 1039 წელს ტფილისში და რატომ
ბაგრატ მეოთხე სულ პატარაობიდან დიდი პოლიტიკის შუაგულში იყო. ჯერ იყო და სამი წლის ასაკში სამი წლით მოაცილეს დედ-მამას და მძევლად წაიყვანეს კონსტანტინოპოლში. შემდეგ, 1027 წელს, 8-9 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და სახელმწიფოს მეთაური გახდა.. ბიზანტიას დაპყრობილი ჰქონდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მიწების ნაწილი, დავით მესამე კურაპალატის მემკვიდრეობა. ასევე, ჩვენი ისტორიული მიწები, ტრაპიზონ-ლაზეთიც მითვისებული ჰქონდათ. იმპერატორმა კონსტანტინე მერვემ პარაკიმანოსის ხელმძღვანელობით საქართველოში მრავალრიცხოვანი ჯარი გამოაგზავნა, რომელთაც ახლდათ სამეფო ტახტის პრეტენდენტი გურგენ კლარჯი ბაგრატიონის ძე დემეტრე. პარაკიმანოსმა ვერ შეძლო საქართველოს დაპყრობა და იმპერატორმა ის უკან გაიწვია. მალე კონსტანტინე მერვე გარდაიცვალა და იმპერატორი გახდა მისი სიძე, რომანოზ მესამე არგირი.
ბიზანტიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დასალაგებლად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა კათალიკოს-პატრიარქი მელქისედეკ პირველი. შემდეგ კი მარიამ დედოფალი, ბაგრატ მეფის დედა. დედა-დედოფალს კონსტანტინოპოლში ეხმარებოდა ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი მნათობი, გიორგი მთაწმინდელი.
ბერძნებმა ყველა მოთხოვნა შეუსრულეს დედოფალ მარიამს, მისცეს ფიცი ერთობისა და სიყვარულისა, წერილობით, ოქროს ბეჭედდასმული, ჩვენს პატარა, 10-11 წლის ხელმწიფეს მიანიჭეს კურაპალატობის პატივი და საცოლედ გამოუგზავნეს რომანოზ იმპერატორის ძმის, ბასილის ასული, პრინცესა ელენე. კურაპალატი – ბიზანტიის იმპერატორის სასახლის დიდი მოხელის თანამდებობა იყო. შემდეგ გახდა საპატიო წოდება და იმპერატორები ანიჭებდნენ თავის ნათესავებს, დამსახურებულ პიროვნებებს, ხანდახან შვილებსაც, უცხოელ მეფე-მთავრებს. საქართველოს გაერთიანებამდე, ქართულ წყაროებში ხშირად კურაპალატი თითქმის იგივეა, რაც მეფე, ხელმწიფე.
დაბრუნდა მარიამ დედოფალი საქართველოში. ტაოში დახვდა გვირგვინოსანი შვილი. ელენე არგირს დიდი მაყრიონი ახლდა. აფხაზთა და ქართველთა სამეფოს დიდებულებიც მცირეწლოვან მეფეს თავს დასტრიალებდნენ. ქორწილი ბანაში გადაიხადეს. ხაზი გაუსვეს ქართველებმა – ტაო ჩვენიაო.
სამწუხაროდ, მცირეწლოვანი დედოფალი ელენე მალე გარდაიცვალა და კვლავ გართულდა ურთიერთობა ბიზანტიასა და საქართველოს შორის. ბაგრატ მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის, ურდურეს ასულ ბორენაზე, დორღოლელის დაზე.
ჩვენს მცირეწლოვან ხელმწიფეს ჰყავდა ნახევარძმა, დემეტრე. ოსთა სხვა მეფის ასულის, ალდეს ვაჟი, რომელიც მეორე ცოლად ჰყოლია გიორგი პირველს. ალდეს უნდოდა, გაემეფებინა დიმიტრი და დიდაზნაურებს შორის მომხრეებს ეძებდა. ანაკოფიის ციხე-ქალაქში იყვნენ გამაგრებული დედა-შვილი. ბაგრატ მეფეს და დედა-დედოფალ მარიამს სურდათ დემეტრეს გამოყვანა ანაკოფიიდან, როგორც ჩანს, უსაფრთხოების გარანტიასაც აძლევდნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ალდე დაუკავშირდა ბიზანტიელებს, გადასცა მათ ანაკოფია. ანაკოფიის ციხეში რომეების ჯარი ჩადგა.
ბაგრატ მეფის მცირეწლოვნობით სარგებლობდა განძაში დამკვიდრებული ამირა ფადლონი (ფადლ იბნ მუჰამედი), არად აგდებდა ჩვენი სახელმწიფოს მოთავეებს. ლიპარიტ ბაღუაშმა, ივანე აბაზას ძემ, კახთა და რანთა დიდმა ხელმწიფემ, შესანიშნავმა ქართველმა კვირიკე მესამემ, ტაშირ-ძორაგეტის სომეხმა მეფე დავით უმიწაწყლომ და ტფილისის ამირა ჯაფარმა, კვირიკე მეფის ინიციატივით გააერთიანეს სამხედრო რესურსები, მდინარე ეკლეცზე დაამარცხეს ფადლონი და გააქციეს. აიღეს დიდი ალაფი და განძი ურიცხვი.
ბაგრატის მცირეწლოვნობაშივე ლიპარიტ ლიპარიტის ძემ და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზასძემ, გამოიტყუეს ტფილისის ამირა ჯაფარი მუხათგვერდში და შეიპყრეს. ამირა, ეტყობა, ენდობოდა ყოფილ მოკავშირეებს და არხეინად შეხვდა მათ. საამიროს ჩამოართვეს ბირთვისი. კარგა ხანს იყო ტყვეობაში ჯაფარი, მერე კი დიდებულების რჩევით, შეიწყალა მეფე ბაგრატმა, გაათავისუფლა და ისევ ამირობა დაუტოვა. ეს ამბავი ლიპარიტმა თავის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩათვალა. მას შემდეგ დიდი მტრობა იყო ლიპარიტსა და ამირას შორის.
ცოტა ხანში ლიპარიტმა ურჩია მეფეს, ტფილისი ავიღოთო. 1037 წელს მოადგნენ ტფილისქალაქს. ორი მხრიდან საქართველოს სამეფოს ლაშქარმა შემოარტყა ალყა, მტკვრის ხეობები, ქალაქის დასაწყისი და ბოლო ჩაკეტეს. კახთა და ჰერთა ჯარი ისანს მიადგა და უტევდა. ამ დროს კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე დიდი მოკლული იყო. კვირიკე მესამე ვერაგულად, ნადირობის დროს ფიდრაზის (ფიარზის) მთაზე, მოკლა ვიღაც ოსმა მონამ, შური იძია ოსთა მეფე ურდურეს მოკვლის გამო, რომელიც დაამარცხა და მოკლა კვირიკემ. ურდურე იყო ბორენა დედოფლის მამა. სამიოდე წლით ადრე, დაახლოებით 1033 წელს, კახეთ-ჰერეთის სამეფოს ტერიტორიის, თიანეთისა და სხვა მიწების დასარბევად და გასაძარცვად, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძურძუკებისა და ღლიღვების მხარეების გავლით, მოულოდნელად გადმოსულ ურდურეს ოსთა ჯარს წამოეწია კვირიკე მესამე, დაამარცხა და ურდურე მოკლა. ურდურეს ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, დორღალელი, რომელიც გახდა ჩვენი ხელმწიფის, ბაგრატ მეოთხის ცოლისძმა. ვინაიდან შვილი არ ჰყავდა კვირიკე დიდს, კახეთ-ჰერეთის ტახტზე იჯდა მისი დისწული, გაგიკი – ქვემო ქართლში, სომხური დინასტიის, კვირიკიანების მბრძანებლობით არსებული ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს მეფის, დავით პირველი უმიწაწყლოს მეორე ვაჟი, რომელიც ქართულად იყო გაზრდილი ბიძის მიერ. დავით უმიწაწყლოს სამშვილდარსა და ძორაგეტელს უწოდებდნენ, ქართულ ციხე-ქალაქ სამშვილდეში რეზიდენციის ფლობის გამო. სამწუხაროდ, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ქვემო ქართლს სომხითს უწოდებდნენ ხოლმე ჩვენი წინაპრები. სინამდვილეში, აღნიშნული სამეფოს დიდი ნაწილი ჩვენი იყო ისტორიულად და მოსახლეობის დიდი ნაწილიც ქართული გახლდათ (ტაშირ-ძორაკეტის სამეფოში ნაწილობრივ ალბანური ტერიტორიებიც შედიოდა).
ორი წელი გრძელდებოდა ტფილისის ალყა. იმ დროს ამირა იყო ჯაფარი, ალის ძე (ჯაფარ მესამე იბნ ალი). ალყამ ძალიან დიდ გაჭირვებაში ჩააგდო ტფილისელები, შემოაკლდათ საკვები. ერთი ლიტრა ვირის ხორცი ხუთას დრამად იყიდებოდა თურმე. თბილური დრამა ვერცხლის ფული იყო და საკმაოდ მსყიდველობითი უნარი ჰქონდა, ხუთასი დრამა კი დიდი ფული გახლდათ. დიდი შიმშილობა ყოფილა ტფილისის საამიროში. შიმშილითა და ბრძოლებით შეწუხებული ტფილისელები დანებებას აპირებდნენ. ქალაქთან ბრძოლის პარალელურად, აფხაზთა სამეფოს ჯარებმა საამიროს აართვეს ორბეთისა და ფარცხისის ციხეები. ამირა ემზადებოდა ტფილისიდან გასაქცევად. გაამზადებინა ტივები, ნავები და ღამით აპირებდა წასვლას განძაში, ფადლონის შვილთან, ლაშქარიასთან (აბულ ჰასან ლაშქართან).
ქართველმა დიდებულებმა ახალგაზრდა მეფეს ურჩიეს, არ გაეგდო ამირა, არამედ კვლავ ყმადნაფიცობის პირობით შეეწყალებინა, და ლიპარიტისგან ფარულად, ზავი დადეს ამირასთან, დაუტოვეს ტფილისის ამირობა.
ბაგრატ მეფის ხალხმა გადმოიბირა კახელი დიდებულები, აშოტ მარილელი მთავარი, სიძე გარდაცვლილი კვირიკე მეფისა და სხვები. აშოტი იყო კვირიკე მეფის მეორე დის ქმარი. მას, ალბათ, არ მოსწონდა თავისი ცოლის დისწულის, გაგიკის, „ვიღაც სომხის“ გამეფება კახეთ-ჰერეთში, თვითონ მეფობის არანაკლები კანდიდატი იქნებოდა, ანდა, მისი ვაჟი. მეფე ბაგრატ მეოთხე კურაპალატი ძალიან ახალგაზრდა იყო და სამეფოს მართავდნენ დიდებულები. მათ ისარგებლეს კახური დინასტიის შეწყვეტით და მოკავშირეები გაიჩინეს კახეთში. ეტყობა ლიპარიტის გაძლიერებაც არ უნდოდათ. ბაგრატ მეოთხის სახელით დასავლეთ საქართველო, შიდა ქართლი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ნაწილი გაერთიანებული იყო. ტფილისის ამირა მეფის ვასალი გახლდათ. ახლა ქვემო ქართლში, ეგრეთ წოდებული სომეხთა სამეფოს გაუქმება და საქართველოსთვის დაბრუნება იყო საჭირო, მანამდე კი კახეთ-ჰერეთის შემოერთება, რათა სომხური დინასტია იქაც არ განმტკიცებულიყო. ბაგრატ მეფის სარდლებმა, ლიპარიტის უკითხავად მოხსნეს ალყა ქალაქ ტფილისს და კახეთზე გალაშქრება გადაწყვიტეს. ეს ვითარება ლიპარიტმა თავის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩათვალა და იმ დღიდან იქცა „ქვეგამხედვარად პატრონისა“, ანუ მეფის მტრად.