№33 რა აკავშირებს ზოგიერთ ქალს ქმართან და რატომ არ სჭირდება კაცს ცოლის სიყვარული
ამბობენ, რომ სიყვარულში ერთი მხარე ყოველთვის მსხვერპლის როლშია, ანუ მას მეტად უყვარს და შესაბამისად, იჩაგრება კიდეც. იმიტომ რომ, უფრო ხშირად თმობს. თუმცა, დათმობასაც აქვს საზღვარი. გადის დრო და მსხვერპლს სწყინდება თავისი როლი, რომელიც იძულებით მოარგეს, ან მოირგო. სიყვარული ასეთ შემთხვევაში, ტვირთად იქცევა. ვინ უფრო ხშირად არის მსხვერპლი – მამკაცი თუ ქალი?! გამოკითხვებმა აჩვენა, რომ – თანაბრად. თუმცა, განსხვავებით ქალისგან, როცა მამაკაცი სიყვარულისთვის მსხვერპლს გაიღებს, ის შესაძლოა, რაღაცამ აიძულოს და ხმა ამოაღებინოს.
მარიკა (31 წლის): ჩემი ქმარი ყველა იმ ოცნების განხორციელება იყო, რაც კი მამაკაცის მიმართ მქონია. თეთრ რაშზე ამხედრებულ რაინდზე რომ ოცნებობენ გოგოები, ზუსტად ის იყო. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მე ჩემი უფლისწული და რაინდი მყავდა. სუბიექტური არ ვყოფილვარ, ჩემ გარშემო ყველა ასე ფიქრობდა და უზომოდ მეამაყებოდა, რომ ასეთმა მამაკაცმა მომაქცია ყურადღება. თურმე, ვცდებოდი. უკეთესი ყოფილა, კაცი „საშუალო მაჩვენებლების“ იყოს და უყვარდე, ძალიან უყვარდე... როგორ ვოცნებობდი, ჩემს ძვირფას მეორე ნახევართან ახალი და ბედნიერი ცხოვრება დამეწყო.
– საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო იყავით? ანუ იმას ვგულისხმობ – იმედგაცრუება გქონდათ სიყვარულში?
– ასე ვერ ვიტყვი. იმედგაცრუებას ვერ დავარქმევ საკუთარ გრძნობებში ჩამოუყალიბებლობას. მე უარი ვუთხარი მამაკაცს, რომელსაც უფრო მეტად სჭირდებოდა ჩემი სიყვარული, ვიდრე იმას, ვისაც ცოლად გავყევი. ჩემს ქმარს, როგორც გაირკვა, ჩემგან არც სიყვარული უნდა, არც ის მსხვერპლი, რაც მისთვის გავიღე.
– რა მსხვერპლს გულისხმობთ?
– ქორწინებამდეც და მერეც, ღალატი ვაპატიე. შეყვარებულები ვიყავით, როცა სხვა გოგოსთან ფლირტში გამოვიჭირე. თანაც, გავარკვიე, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ძალიან თავისუფლად გრძნობდა თავს, თითქოს ეს მე არ მეხებოდა და არ უნდა გავბრაზებულიყავი. მე გავჩუმდი. ვიფიქრე, რომ შეყვარებულს ჯერ კიდევ არ მქონდა მისთვის რამის აკრძალვის უფლება.
– საერთოდ არ დალაპარაკებიხართ?
– უკმაყოფილება გამოვთქვი, რა თქმა უნდა. ისე შემომიბღვირა, ლაპარაკის სურვილი დამეკარგა. თან, გაიბუტა და ორი დღე საერთოდ არ დაურეკავს. იძულებული გავხდი, მე დავურეკე და ისე დაველაპარაკე, თითქოს არაფერი მომხდარა. შევეცადე, ეს ამბავი დამევიწყებინა. ცოლად რომ გავყევი, რამდენჯერმე კიდევ შემეპარა ეჭვი, რომ მღალატობდა. ესეც გადავყლაპე და გავატარე. ურთიერთობის გაფუჭება არ მინდოდა. რეალურად კი, ყველაფერი გავაფუჭე. თუ კაცს შენი სიყვარული არ სჭირდება, ყველაფერს აზრი ეკარგება.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ქმარს არ უყვარხართ?
– დიახ. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ გრძნობა საერთოდ არ აკავშირებს ჩემთან და ამაზე ლაპარაკიც კი არ არის.
– მაშინ, რა აკავშირებს?
– ის მყუდრო გარემო და კომფორტი მოსწონს, რომელიც შევუქმენი. ყველა საზრუნავი ჩემს მხრებზე გადმოვიტანე და სასათბურე პირობებში ვაცხოვრებ. საერთოდ არიდებული აქვს ყოველდღიური წვრილმანები და პრობლემები. თბილი და გემრიელი საჭმელი არ აკლია, თანაც ის, რაც მას უყვარს. თითის განძრევაც არ სჭირდება, ისე უკეთდება ყველაფერი. ამასთან შელევა არ უნდა, თორემ ჩემგან არც თავდადება უნდა, არც სიყვარული და ეჭვიანობის სცენები.
– მოგიწყვიათ მისთვის ეჭვიანობის სცენა?
– არა და თურმე, უნდა მომეწყო. ახლა უკვე ვნანობ, მაგრამ, გვიანია. აზრი აღარ აქვს. იმიტომ რომ ქმრის თვალში უკვე ვარ ქალი, რომელიც ყველანაირ მსხვერპლს გაიღებს მისთვის – მსხვერპლს, რაც მას საერთოდ არ სჭირდება. ეს ისეთი დამთრგუნველია, თავს საშინლად ვგრძნობ.
– ანუ, უკეთესი იქნებოდა, თუკი სკანდალებს გაუმართავდით?
– ეგრე გამოდის. მითხრა, მე მჭირდება ქალი, რომელიც ტონუსში მამყოფებს და „ექშენს“ მომცემს. არ ხარ საინტერესო და ამიტომაც ვხვდები სხვა ქალებს პერიოდულადო. ღალატი „გააპრავა“, წარმოგიდგენიათ? თან, ცინიკურად მეუბნება, რომ შეგიძლია, მშვიდად იყოო.
– ეგ რას ნიშნავს?
– ანუ, ჩემგან წასვლას, ოჯახის დანგრევას არ აპირებს. თითქოს ეს დიდი შეღავათია ჩემთვის. შენთან სიყვარული არა, მაგრამ ბევრი სხვა რაღაც მაკავშირებს, ისეთი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანიაო – სახლი, ბავშვები, ნაცნობ-მეგობრები, მოკლედ, ყოფითი დეტალები. ანუ, როგორც ქალი, იგნორირებული ვარ. როგორი ასატანია ეს ყველაფერი? თურმე, რადგან მუდმივ საყვარელს არ გაიჩენს და არ მიმაგდებს, ბედნიერი უნდა ვიყო. თავს გამოყენებული ნივთივით ვგრძნობ. ნივთები ხომ არ უყვართ, არ იშორებენ იმიტომ, რომ შეჩვეული არიან. ასე ვარ მეც ჩემი ქმრისთვის და ამას უკვე აღარაფერი ეშველება. ძალიან მტკივა გული, მაგრამ ამას ჩემი ქმარი ვერ მიხვდება. როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება მასთან ერთად, არ ვიცი.
– ფიქრობთ, გაშორდეთ?
– ვერაფერს ვფიქრობ, დამიჯერებთ? ჩემი მთავარი პრობლემაც ეს არის. ახლა, როცა რეალობასთან პირისპირ აღმოვჩნდი, არ ვიცი, ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო. შინაგანად ხომ ვხვდებოდი, რაც მჭირდა, მაგრამ სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა საშინელება აღმოჩნდა. სულ ცუდი განწყობა და წინათგრძნობა მაქვს. ნელ-ნელა მიქრება ჩემს ქმარზე ზრუნვის სურვილიც. მერე კი, ოჯახი, ალბათ, მართლა დამენგრევა.
– ანუ, გირჩევნიათ, ოჯახი გქონდეთ და შეეგუოთ ქმრის ღალატს?
– არა. არ მირჩევნია, მაგრამ ამ რეალობაში ვცხოვრობ და ვერაფერს ვცვლი.