№33 წითელი თუმნიანები
ანუ წყობილებიდან გამოსული
როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობამ ეს ჩვენი ოკუპანტი ისე გამოიყვანა წყობილებიდან, რომ 8 აგვისტოს, არც აცია, არც აცხელა და, აფხაზეთისკენ გაექანა.
თუმცა მთლად სოხუმშიც არ ხლებია კოლეგა „პრ.-ს“, ბიჭვინთაში მოისიყვარულეს (ოკუპანტურ-სეპარატისტულად).
„ტასსის“ ცნობით, პრ. პუტინს უბრძანებია, ჩვენი მთავარი მიზანი აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევაა, ეფექტიანი და თვითკმარი ეკონომიკითო.
მომყავს ციტატა: „აფხაზეთი რუსეთის მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ისტორია და სულიერი ნათესაობა (როგორც ილიკო და ილარიონი იტყოდნენ, აქ ცოტა შეეშალა). რუსეთი მომავალშიც შეუწყობს ხელს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და გაუწევს ყველანაირ პოლიტიკურ დახმარებას.“
იქვე შეახსენა, რომ მილიარდი რუბლის ოდენობის დახმარება უკვე გაუწია (ასე, 15 მილიონ აშშ დოლარზეა ლაპარაკი). უფრო მეტიც, თითქოს 2017-2019 წლებში რფ ამ ჩვენ აფხაზი სეპარატისტებისთვის 6 მილიარდი რუბლის (ასე – 100 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფასაც გეგმავს.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სეპარატისტული რეგიონებისთვის გამოყოფილი კრემლური დაფინანსება, როგორც წესი, რუსი (მეტი წილი) და სეპარატისტი (ნაკლები წილი) ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება, ამ დაპირებულ თანხასაც იგივე ბედი ელის (თანაც, არავინ იცის, რა მოხდება სამ წელიწადში). იმას გარდა, რომ სწორედ დრო გამოაჩენს, რის ყიდვას აპირებს ამ წითელი თუმნიანებით რფ აფხაზეთში?! –