№33 „მე აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო“
ანუ „დაიწო ჯიგარი“
იმ მარტივი მიზეზით, რომ არჩევნები, იმისდა მიხედვით, რისია (ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო), ხან სამ წელიწადში ერთხელაა, ხან – ოთხ, ხანაც – ხუთში. ამიტომაც ლამისაა, წელი ერთია და თითო არჩევნები გვაქვს გადასაგორებელი.
შესაბამისად, არც წლევანდელი შემოდგომაა გამონაკლისი. ხოლო, რაკი არაა (გამონაკლისი), პოლიტიკოსებიც გააქტიურდნენ. ცხადია, ახალ-ახალი სკამის დაუფლებისა თუ უკვე ძველის შენარჩუნების იმედით.
იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე მეტს, ნადირობა და ომი იქით იყოს, არჩევნებამდე იტყუებიან, ჩვენც თავზე დაგვეხვავა ნაირნაირი დაპირებები.
ერთნი – კბილების ჩამსხვრევას გვპირდებიან (თუ მე არ გავიმარჯვეო), მეორენი – ღამის თბილისის ცხოვრების გაცხოველებას, მესამენი – თვით „სითი პარკთან“ შეჭიდებას; მეოთხენი, პათოსს, ერის წყლული მაჩნდეს წყლულადო.
ჰოდა, რაკი მაჩნდესო, ქ-ნი ხოშტარია აგერ უკვე მერამდენე დღეა, რაც გლდანში, ერთ-ერთი მოსახლის ბინაში ცხოვრობს და გვპირდება, რომ მომავალი ორი თვის განმავლობაში კიდევ არაერთ თბილისურ ოჯახში დაიბუდებს (აი, იმას კი აღარ აზუსტებს, თავისი ხარჯით ირჩენს თავს თუ მასპინძლების ჯიბის იმედადაა?!).
როგორც უნდა იყოს (თუმცა ისიცაა, რას არ მოიფიქრებ სკამის დასაუფლებლად), ფაქტია, რომ მერობის ამ კონკრეტული კანდიდატის პათოსია: „მე აქ ჩემი ღამე უნდა გავათენო, ჩემი საქართველო აქ არის“, ანუ ვითომ „დაიწო ჯიგარი“?! –