№32 რაზე არ დათანხმდება ნუცა ბუზალაძე თავდაცვის მინისტრს და როგორ გადაარჩინეს ის სამხედრო „ბიძიებმა“
გასულ კვირას, საერთაშორისო სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2017-ის” ოფიციალურად გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა. ცნობისთვის: სწავლებაში, რომელსაც საქართველო მესამედ მასპინძლობს, „ნატოს“ წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა მონაწილეობს – საქართველო, ამერიკა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ლევან იზორიაც დაესწრო. საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ჩართული ქართველი და უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე, ქართველი მომღერლები წარდგნენ და მათ შორის იყო ნუცა ბუზალაძეც. მან თავისი ჯადოსნური ენერგიის წყალობით, სამხედროები ააცეკვა და მიაჩნია, რომ ეს დღე, მისთვის დაუვიწყარია. იმას კი, მოახერხა თუ არა ნუცამ დასვენება ამ ზაფხულს, რატომ დაიდგამს რქებს და ვისთან ერთად აპირებს კუნძულებზე დასვენებას, თავად მოგვიყვება.
ნუცა ბუზალაძე: როცა დამირეკეს და „ღირსეული პარტნირი 2017-ის” გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე გამოსვლა და ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის სიმღერა მთხოვეს, ძალიან გამიხარდა. კონცერტს თავდაცვის მინისტრი, მისი მოადგილეები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. თავიდან ოფიციალური სახე ჰქონდა კონცერტს. ვიმღერე მშვიდი სიმღერები, რომელსაც, როგორც წესი, არ ვმღერი. არ არის ჩემი სტილი. მაგრამ, მერე „მოვიქოქე“ და ნამდვილი „გიჟი გავიჩითე“ (იცინის). მოკლედ, ჯერ ნელი სიმღერებით „შევიყვანე“ და მერე ავიწყვიტე. ისე ამყვნენ სამხედროები, ისე აცეკვდნენ და იმხიარულეს, მივხვდი, მათზე ჩემგან გაცემულმა ენერგეტიკამ იმოქმედა (იცინის). საოცარი შემართებით ვიყავი და ეს უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. სამხედროების წინ მდგომი სასწაულ პატრიოტულ სულისკვეთებას ვგრძნობდი. ყველა მათგანი მიყვარს. სულ ვამბობდი და ახლაც ვამბობ, სამხედროების ფანი ვარ და მათი შრომა აუცილებლად დასაფასებელია. სიმღერას რომ ვასრულებდი, ყვიროდნენ: „ნუცა, ნუცა!“ და, რაც კი სიმღერები მქონდა, ყველა მამღერეს. მერე, აბსოლუტურად ყველამ გადაიღო ფოტო ჩემთან და აღარ მიშვებდნენ. სათითაოდ ყველას ვთხოვდი, მეც გამომიგზავნეთ ჩემი ფოტოები-მეთქი (იცინის). ახლა გამახსენდა, პატარა ვიყავი, „პლეხანოვზე“ დავიკარგე და სამხედროებმა მიპოვეს, დედასთან მიმიყვანეს. ხელი რომ მომკიდეს და სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი ბიძიების შუაში აღმოვჩნდი, მახსოვს, რა ბედნიერი ვიყავი. ფაქტობრივად, მათ გადამარჩინეს და იმ დღიდან მიყვარს ისინი. მათი ფანი ვარ (იცინის).
– სამხედროებმა კი იხალისეს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას აცეკვება თუ შეძელი?
– არა, მინისტრი ვერ ავაცეკვე, მაგრამ ბედნიერი სახე ჰქონდა და ძალიან კმაყოფილი ჩანდა. მართლა სასწაული ხდებოდა. თავდაცვის მინისტრთან ფოტო გადავიღე.
– გავიგე, ამერიკელი ჟურნალისტი პირდაპირ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სამხედროებისა და თავდაცვის მინისტრის წინ, სიყვარულში გამოგიტყდა. ეს მართალია?
– ბევრი ჟურნალისტი იყო და მათ შორის, უცხოელებიც. ერთი ამერიკელი ჟურნალისტი მოვიდა, ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა. მეც, მეტი რა მინდოდა, ჩავირთე და ჩავაინგლისურე. ბოლოს მითხრა, ძალიან მომეწონეთ და სად შეიძლება, თქვენი ნახვა, სოციალურ ქსელში როგორ მოგძებნოო. არ მალავდა, რომ ძალიან მოიხიბლა ჩემით. მერე ვხუმრობდი, ამ ჩემი სიგიჟით, ერთი ნახვით არ შევაყვარე თავი-მეთქი (იცინის).
– სცენაზე, სამხედრო სტილში იყავი ჩაცმული და ძალიან გიხდებოდა. ეს სტილი ვინ შეგირჩია?
– რომ მითხრეს, სამხედროებისთვის უნდა იმღეროო, ბევრი არ მიფიქრია, როგორ ჩამეცვა სცენაზე. ძალიან მიყვარს სამხედრო სტილი და ბევრი რამ მაქვს. ამიტომ, გამოვაღე კარადა, გადმოვალაგე ჩემი ტანსაცმელი და გამოვეწყვე, სამხედრო „ბათინკებსა“ და კაბაში. კეპიც მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, ესეც რომ დავიხურო, „ძაან” სამხედრო ვიქნები-მეთქი (იცინის).
– ერთი პერიოდი იმაზე იყო საუბარი, რომ ქალებიც გაეწვიათ ჯარში. ასე რომ იყოს და სავალდებულო გახდეს ქალების გაწვევა ჯარში, მოიხდიდი სამხედრო ვალდებულებას? როგორი სამხედრო იქნებოდი?
– არა მგონია (იცინის). თუმცა, ერთი დღე, სიამოვნებით ვიცხოვრებდი ჯარისკაცის ცხოვრებით. მხოლოდ ერთი დღე! მეტი ვერა (იცინის). თუმცა, იმდენად პატრიოტი ვარ და ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ბიჭი, რომ ვიყო, აუცილებლად მოვიხდიდი სამხედრო ვალდებულებას და საკმაოდ თავდადებული ჯარისკაციც ვიქნებოდი. ასე რომ, პირადად, თავდაცვის მინისტრისგანაც რომ მომივიდეს გაწვევა ჯარში, არ დავთანხმდები და არ წავალ (იცინის). მირჩევნია, ჯარისკაცებს ვუმღერო და სცენიდან გავამხნევო.
– ნუცა, ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა შენთვის – ჩაწერე სიმღერები, დუეტები, კონცერტებზეც გამოდიოდი. დასვენება თუ მოასწარი?
– მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული ზაფხული მაქვს, დასვენებას მაინც ვახერხებ. სოფო ხალვაშთან ერთად ჩავწერე ულამაზესი, ინგლისურენოვანი სიმღერა „არჩევანი“ და გვინდა, კლიპიც გადავიღოთ, სადაც სოფო კეთილი ანგელოზი იქნება, მე კი პატარა ეშმაკუნა, რომელსაც თავზე პატარა რქები აქვს. ასე რომ, რქებიც მალე ამომივა (იცინის). ასევე, ჩავწერე, კიდევ ერთი სიმღერა. მართალია, ჯერ საქართველოს ფარგლებს ვერ გავცდი, მაგრამ სექტემბერში ვგეგმავ, სადმე კუნძულზე წასვლას და დასვენებას. ზაფხული ჩემთვის ბედნიერების პერიოდია და ყველაფერი მიხარია. გული მწყდება, რომ ეს ჩემი ბედნიერების პერიოდი მალე დასასრულს მიუახლოვდება. მაგრამ მერე, ზამთრის ბედნიერების პერიოდი დადგება და სადმე, თბილ ქვეყანაში წავალ. ვხუმრობ ხოლმე: მე, წინა ცხოვრებაში, კლეოპატრა ვიყავი და იმიტომ გამოვიყურები კარგად, იმ რძის აბაზანების ეფექტი, ახლაც მომყვება-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, მიყვარს რუჯი და რამდენჯერმე ვტყავდები, კანს ვიცვლი. წელს კი ერთხელ „დავიზაგრე“ და გავხდი ოქროსფერი. ერთხელ გამოვიცვალე ტყავი და ახლა, ნელ-ნელა ვამატებ რუჯს. „ძაან” შავები რომ არიან, აღარ მომწინს... ჩემი ოქროსფერი კანი მირჩევნია.
– ნუცა, ვისთან ერთად გეგმავ კუნძულებზე დასვენებას?
– ალბათ, მეგობრებთან ერთად, მარტო ვერ ვისვენებ, არ მიყვარს. ჯერ, ისიც არ ვიცი, რომელ კუნულზე ამოვყოფ თავს (იცინის). არ დამავიწყდება, კვიპროსზე ვისვენებდი და იმდენს ვჭამდი, სასტუმროს პერსონალი გადარეული იყო, ამ გოგომ გადაგვჭამაო. რასაც სასტუმროს რესტორანში ვჭამდი, ხომ ვჭამდი, შემდეგ – ნომერში ვუკვეთავდი. ოფიციანტები გაოგნებულები იყვნენ, ეს ერთი ციდა გოგო, რამდენს ჭამსო (იცინის). თან, ადმინისტრაციას ჰქონდა გასართობი პროგრამა და ყველა ჩემპიონატი მე მოვიგე. ნარდის ჩემპიონატში ბიძა კაცებს ხომ მოვუგე, სიგარეტს სიგარტზე უკიდებდნენ. ასე გავხდი კვიპროსში „ნარდის დედოფალი“ (იცინის).