№32 როგორ დაამარცხა ერთ ღამეში სიკვდილი მამუკა ლომაშვილმა და როგორ გახდა მისი ოჯახის ტრაგედიის მიზეზი საზოგადოების სიჩუმე
პაროდისტ მამუკა ლომაშვილს ცხოვრებაში არაერთი რთული პერიოდის გამოვლა მოუწია. ის იურისტია და მუშაობდა კიდეც თავისი პროფესიით, თუმცა, ყველა პაროდისტად იცნობს. მამუკას ოჯახში, თვეების წინ, ტრაგედია დატრიალდა – მისი 25 წლის ბიძაშვილი, ანა აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს მისთვის საკმაოდ რთული გადასატანი აღმოჩნდა და დღემდე, სიმართლის დადგენისთვის იბრძვის.
მამუკა ლომაშვილი: საკმაოდ ლაღი ცხოვრება მქონდა. ცელქი ბავშვიც ვიყავი. მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი და ყველაფერს, რაც ხელში მომხვდებოდა, ფანჯრიდან ვყრიდი. სამი წლის მეცხრე სართულის სახურავზე ავძვერი, იქიდან დანახული ეზო მომეწონა და სანამ მომძებნეს და ჩამომიყვანეს, მშობლებსა და მეზობლებს ნამდვილი შოკი ჰქონდათ. დიდი შანსი იყო, გადმოვვარდნილიყავი და ახლა, სად ვიქნებოდი, კაცმა არ იცის (იცინის).
– როდის მიხვდი, რომ გაიზარდე, პრობლემები გაჩნდა და დაინახე ცხოვრება არც ისე მარტივი ყოფილა, როგორც ბავშვობაში გვგონია?
– როცა ახლობლები გარდამეცვალნენ, დავკარგე ოჯახის წევრები, მომაკლდა ბებიის ჩურჩხელები, მურაბები, კომპოტები, პაპას თბილი გამოხედვა, ბალიშის ქვეშ დადებული კანფეტები... აი, მაშინ მივხვდი, რომ ბავშვობა დასრულდა. გავიზარდე და მივხვდი, რომ ცხოვრება რთულია. ბევრი პატარ-პატარა დარტყმაც მივიღე ცხოვრებისგან. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით იურისტი ვარ, მაინც ყველა პაროდისტად მიცნობს. ერთხელ დავდექი სცენაზე და ამ ერთი გასვლით გავხდი პოპულარული. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ცნობადობა უცბად მოვიდა. კიდევ ვამბობ, ცხოვრებაში ურთულესი პერიოდები გავიარე, მაგრამ ეს სცენიდან არავის უგრძნია. ვერავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა შიგნით, მე რას ვგრძნობდი და განვიცდიდი. მახსოვს, ბებია გარდაიცვალა, კონცერტები იყო დანიშნული და იმ პერიოდში მომიწია სცენაზე დგომა. ძალიან მიჭირდა შინაგანად, მაგრამ, სცენაზე მაინც პაროდიას ვაკეთებდი, ხალხი ჩემს დანახვაზე იცინოდა. რთულია, გტკიოდეს, დარდი არ შეიმჩნიო და სხვას არ აჩვენო.
– წლების წინ, საკმაოდ მძიმე პერიოდი იდგა შენს ცხოვრებაში, როცა საწოლს იყავი მიჯაჭვული და ფაქტობრივად, სიკვდილს ელოდი. როგორც მახსოვს, ექიმებმა ვერ დაადგინეს დაავადების ტიპი და მიზეზი.
– ძალიან ცუდად ვიყავი. ერთ თვეზე მეტი საწოლს ვიყავი მიჯაჭვული და ექიმებმა დიაგნოზი ვერ დამისვეს. მიჭირდა ადგომა, სიარული, წონასწრობას ვერ ვიცავდი, თავბრუ მეხვეოდა. დიდი შანსი იყო, ერთ დღესაც, დამეძინა და აღარ გამეღვიძა. სიკვდილზეც ვფიქრობდი, თუმცა, შინაგანად ვიცოდი, რომ აუცილებლად კარგად გავხდებოდი. ერთ დღესაც, თვითონ გამოვედი მდგომარეობიდან. ეს პერიოდი ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო და გავიარე. სხვათა შორის, მაშინ კონცერტები იყო დანიშნული ფილარმონიაში. კულისებამდე მიმიყვანდნენ, მერე სცენაზე გავდიოდი, ვაკეთებდი პაროდიას, ხალხი იცინოდა, ხალისობდა... მერე ისევ კულისებში ვბრუნდებოდი, მიმიყვანდნენ სახლში და ისევ, საწოლში ვწვებოდი.
– მახსოვს, ერთხელ თქვი, ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას წინასწარ ვგრძნობო...
– კი, ნამდვილად ასეა, წინასწარ ვგრძნობ ადამიანის გარდაცვალებას და ეს საშინელი განცდაა. არ ვიცი საიდან, მაგრამ გონებაში მოდის ინფორმაცია, ვიცი, ის ადამიანი მალე გარდაიცვლება და არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ამ შემთხვევაში, ინტუიცია არაფერ შუაშია, უბრალოდ, ინფორმაცია მოდის და ვგრძნობ, რომ ცუდი ამბავი უნდა გავიგო ან ახლობელი გარდაიცვლება. ხშირად მეგობრებიც გამიფრთხილებია, დამირეკავს და მითქვამს, ფრთხილად იყავით-მეთქი. წინასწარმეტყველური სიზმრებიც მაქვს. ღამით ვნახავ სიზმარს, დილით გავააანალიზებ მის შინაარსს და ზუსტად ვიცი, რა მოხდება.
– რამდენიმე თვის წინ, შენს ცხოვრებაში საშინელი ფაქტი მოხდა – შენი 25 წლის ულამაზესი ბიძაშვილი, ანა ლომაშვილი, აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამ ფაქტამდეც, რაიმეს გრძნობდი?
– ანას სიკვდილს ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვინელებ ის ჩემი ტკივილია და ყველაფერს გავაკეთებ, სიმართლე დავადგინო – რატომ მომიკლეს ოჯახის წევრი? სანამ ამ საშინელ ამბავს გავიგებდი, სიზმარი ვნახე, გარდაცვლილი სანათესაო იყო შეკრებილი და ცარიელი კუბო იდგა. რომ გავიღვიძე, მივხვდი, ვიღაცის სიკვდილი უნდა გამეგო, მაგრამ, ანას გარდაცვალებას ნამდვილად ევრ წარმოვიდგენდი და ვერც დავუშვებდი გონებაში. 12 წლამდე ანა და მე ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ, დედასთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ძალიან თბილი, სიცოცხლით სავსე და ლამაზი გოგონა იყო. სამი წლისას მამა გარდაეცვალა და ობლობაში გაიზარდა. გათხოვდა, ბავშვი შეეძინა. შემდეგ, ქმარს გაშორდა, თუმცა, შაბათ-კვირას ბავშვი მიჰყავდა და აჩვენებდა მამას. როგორც აღმოჩნდა, ქმრისგან ძალადობას მალავდა, არაფერს იმჩნევდა, ამაზე არ ლაპარაკობდა და ერთ დღესაც, ქმრის აბაზანაში იპოვეს ჩამომხრჩვალი. როგორც ახლა გავიგე, ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონია ქმართან – სცემდა, შეურაცხოფას აყენებდა. ეს რომ გამეგო, აუცილებლად ჩავერეოდი და დღეს ანა ცოცხალი იქნებოდა. საქმე მკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, არადა ოთხივე კიდურზე, სახეზე, თავზე, სხეულზე – წამების კვალი ემჩნეოდა. ისეთი ნაწამები იყო, ხორცები ჰქონდა ამოგლეჯილი. შემდეგ იყო დამხრჩვალი და თოკზე, აბაზანაში, ჩამოკიდებული.
– ექსპერტიზამ თუ დაადგინა, რომ ეს სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები იყო?
– რასაკვირველია, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ანა სიცოცხლეშივე იყო ნაწამები, მაგრამ ვერ დაადგინა, თავად ჩამოიხრჩო თავი თუ სხვაც იყო ამაში გარეული. 18 თებერვალს მოხდა ეს ამბავი. ამ დროს, ფესტივალზე მყავდა ჩემი სტუდიის ბავშვები წაყვანილი და იქ გავიგე. ზუსტად ვიცი, ანას თავი არ მოუკლავს, ის წამებით მოკლეს! მას წესი ავუგეთ და მამაოც გვყავდა მიყვანილი. ქმრის ოჯახში იყო დასვენებული და ისე ჰყავდათ შეფუთული, არავის რომ არ დაენახა მისი ნაწამები სხეული. 2 საათზე დანიშნული გასვენების ნაცვლად, პირველის ნახევარზე გაასვენეს, რომ ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლები არ მისულიყვნენ და არ გაეშუქებინათ. მიცვალებული ქმარმა და მისმა ნათესავებმა არ გამოგვატანეს და პანაშვიდზე მისულ ანას სანათესაოს დაკითხვებს უწყობდნენ – ვის მხარეზე ხარ, ვისიანი ხარ და ასე შემდეგ. 4 წლის ბავშვიც ისე დააპროგრამეს, რომ ეკთხები, როგორ ხარო, ისტერიკაში ვარდება – არ ვიცი, არ ვიციო...
– თუმცა, ანას გარდაცვალების შემდეგ უამრავი ვერსია გავრცელდა...
– მეც გავიგე ეს ვერსიები ანას გარდაცვალებაზე. თითქოს ტოტალიზატორში თამაშობდა, ვალები ჰქონდა, სვამდა, სხვა კაცისგან იყო ორსულად და ასე შემდეგ. ამას ქმარი ამბობს, მისი შვილის დედაზე. ანუ იმას, რასაც თავად აკეთებდა, ანას აბრალებს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ანა არც ნასვამი იყო და არც ორსულად. ამ ზღაპრებით დანაშაულს ვერ აიცილებენ. მითხრეს, სანამ ანა ქმრის ოჯახში წავიდოდა, უთქვამს, მეშინია არ მომკლასო...
– ანას ქმართან არ გქონია პირადად საუბარი?
– ანა მამის, ანუ ბიძაჩემის გვერდით დავასაფლავეთ. მისმა ქმარმა გაბედა და საფლავზე ამოვიდა. მეც იქ ვიყავი და კიდევ კარგი, გააპარეს, თორემ ნამდვილად შემომაკვდებოდა. ჩემი ანა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, სადაც არა მარტო ქმარი, არამედ მეზობლებიც არიან დამნაშავენი, ვინც ამას ხედავდა, უსმენდა და რეაქცია არ ჰქონდა, შორიდან ადევნებდა თვალს. შვილს დედა თვალწინ უწამეს, მოუკლეს და ეს როგორ შევარჩინო? კიდევ ვამბობ, სანამ ანა გარდაიცვლებოდა, ზუსტად ვიცოდი, რომ სანათესაოში ვიღაც მოკვდებოდა, ჩემს ოჯახში ტრაგედია დატრიალდებოდა, მამაოსთნაც ვიყავი. მაგრამ ანაზე არც კი მიფიქრია, მის ამ ქვეყნიდან წასვლას ვერ წარმოვიდგენდი. ანას სიკვდილმა დამანახვა, რომ არავის ვენდო. ჯერ კიდევ ვერ გავიაზრე, მისი გარდაცვალება, მისი არყოფნა. 25 წლის, სიცოცხლით სავსე, ულამაზესი ჩემი ანა სიჩუმის მსხვერპლია, საზოგადოების სიჩუმის! დღეს ანას ღირსება შელახულია და რადგან თვითმკვლელად გამოიყვანეს, ბევრი ცილი დასწამეს, მე მისი ღირსების აღდგენისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. არავის ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე და რასაც ახლა ვგრძნობ – ამას ვერავის შევარჩენ, ვერავინ შემაჩერებს! ჩემი ოჯახის ტრაგედია, საზოგადოების ტრაგედიაცაა და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს.