№32 როგორ გაიხსნა მსხვილი შპიონაჟის საქმე ქუდის მეშვეობით
როგორც არც თუ იშვიათად ხდება ხოლმე, დიდი დანაშაული ან რეზონანსული ანტისახელმწიფოებრივი ბოროტება, მცირე, ყოვლად უმნიშვნელო დანაშაულის გახსნის შედეგად აშკარავდება. ასეთ კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება, ეგრეთ წოდებული, „ანდატრის ქუდის“ საქმე, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ.
გავრცელებული დანაშაული
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირში მოდაში შემოვიდა, ეგრეთ წოდებული, ანდატრის თავსაბურავები. მღრღნელის ბეწვისგან შეკერილი ამ ძვირფასი, თბილი, ქალისა და მამაკაცის ქუდების ფასი 50-70 მანეთს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ საქონელი დეფიციტური იყო და მაღაზიაში იშვიათად გამოჰქონდათ, ყოველ მესამე საბჭოთა მოქალაქეს სიცივეში სწორედ ანდატრის ქუდი ეხურა. საქონლის დეფიციტურობამ და მასზე დიდმა მოთხოვნამ კი საბჭოეთში ახალი ტიპის დანაშაული წარმოშვა. ეს იყო ქუდის გატაცება, რომელზეც, ძირითადად მოზარდები „მუშაობდნენ“.
ეს კი ასე ხდებოდა – ანდატრისქუდიან მოქალაქეს, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელში ან მეტროში ჩადიოდა კიბით, დადარაჯებული ბოროტმოქმედი თავიდან აძრობდა ქუდს და გარბოდა... ეს დანაშაული იმდენად გავრცელდა, რომ ყოველი მეოთხე საქმე სწორედ ანდატრის ქუდის გატაცებაზე აღიძრებოდა. თუმცა, დანაშაულის მხოლოდ 10 პროცენტი იხსნებოდა. ამიტომ, მილიციაში სპეციალური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ანდატრის ქუდის გამტაცებლებზე სპეციალიზდებოდნენ. მსგავსი ჯგუფი თბილისის მილიციის სამმართველოშიც შექმნეს და მასში, ძირითადად, სტუდენტი-იურისტები იყვნენ გაერთიანებულები, რომლებიც სწავლასა და მილიციაში მუშაობას ერთმანეთს უთავსებდნენ.
უცნაური აღმოჩენა
თბილისის მილიციის სამმართველოს გადაცმული ოპერი-სტუდენტები მთელ ქალაქს იყვნენ მოდებულები და დანაშაულის ადგილები განაწილებული ჰქონდათ. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, ვანო პატარიძე და კაკო იაშვილი „სადკაობდნენ“, რომლებიც დინჯად მიმოდიოდნენ აქეთ-იქით და სიტუაციას ზვერავდნენ. ორივე 20-20 წლისანი იყვნენ. იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსზე, დაუსწრებლად სწავლობდნენ და მილიციაში მუშაობდნენ შეთავსებით. 27 დეკემბერს საღამოს 17 საათსა და 45 წუთზე, მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცი ჩადიოდა, რომ ეკლესიის მხარეს გადასულიყო. უცებ ქვევიდან მომავალმა, შავქურთუკიანმა მოზარდმა მას ანდატრის ძვირფასი ქუდი მოხადა და მთაწმინდის მიმართულებით მოკურცხლა. დაზარალებული ინსტინქტურად შებრუნდა უკან. „მილიციელები ვართ, დაგველოდეთ“! – ერთხმად შეჰყვირეს ოპერებმა მამაკაცს და ქუდის გამტაცებელს დაედევნენ, რომელმაც ფაქტი გადააგდო და სირბილს უმატა. 18 წლის ავთო ბერუზაშვილი კონსერვატორიასთან დააკავეს და ხელბორკილდადებული კალინინის რაიონის მილიციაში, მას მერე მიიყვანეს, რაც შემთხვევის ადგილზე დაზარალებული ვერ აღმოაჩინეს. მამაკაცი არც მილიციაში მივიდა. ავთო ბერუზაშვილი კი საკანში გაამწესეს. მორიგე კაპიტანმა, გამოცდილმა გივი ჯოჯუამ კი ქუდს დახედა და თქვა: „საეჭვოა, ეს ყველაფერი. დაზარალებული გაქრა. საამისოდ კი მას, ალბათ, მიზეზი ექნებოდა. აბა, ბიჭებო, მოდი, გატაცებული ქუდი შევამოწმოთ“. ანდატრის ქუდი გულდასმით დაათვალიერეს და მის მარჯვენა სარჩულში საიდუმლო ჯიბე აღმოაჩინეს. ჯიბეში კი ასმანეთიანების დასტა იდო, რომლის ტკიცინა ბანკნოტები საბანკო ქაღალდით იყო შეკრული. იქვე იპოვეს ბლოკნოტიდან ამოხეული ფურცლის ნაკეციც, რომელზეც რიცხვები ეწერა...
– უცნაური აღმოჩენაა, – თქვა გამოცდილმა ჯოჯუამ, – გული მიგრძნობს, ამ ყველაფერს უშიშროების სუნი უდის.
– ეგ როგორ? – იკითხეს სტუდენტ-ოპერებმა, რომლებიც ვერ მიხვდნენ კაპიტნის სიტყვების არსს.
– ამის შესახებ „კაგებეს“ უნდა შევატყობინოთ. ეს ნაწერი შიფრს ჰგავს, ხოლო ასეთ საქმეებს კომიტეტი იძიებს, – მიუგო ჯოჯუამ ბიჭებს.
გამწყდარი ჯაჭვი
„კაგებეს“ კრიპტოგრაფებმა შიფრი ამოხსნეს. ქაღალდზე ეწერა, რომ ცენტრს სჭირდებოდა დამატებითი ინფორმაციები საიდუმლო ობიექტზე წარმოებული პროდუქტის ხარისხის შესახებ. „კაგებეში“ საქმე შპიონაჟის მუხლით აღიძრა და გამოძიებას პოდპოლკოვნიკი სერგო ვასაძე ჩაუდგა სათავეში. ოპერატიულმა სამსახურმა კი, ჯერ ფოტორობოტი შეადგენინა რიგითებს – პატარიძესა და იაშვილს, შემდეგ „დაზარალებულის“ ტოტალური ძებნა დაიწყო. ვასაძე ვარაუდობდა, რომ „დაზარალებული“ უცხოეთის დაზვერვაზე მუშაობდა და მტერს სტრატეგიულ ინფორმაციას გადასცემდა. იმავე ვერსიით, უცნობმა ჯაშუშმა ინფორმაცია გადასცა და სანაცვლოდ, 10 ათასი მანეთი და ახალი დავალება მიიღო, რომელსაც ანდატრის ქუდში მალავდა. კვალიფიციურმა ძებნამ შედეგი გამოიღო. სულ რაღაც ოთხ დღეში, ანუ 31 დეკემბერს, დიღმის მასივის ერთ-ერთ ოროთახიან ბინაში, 43 წლის ფიზიკოსის, კოტე კელენჯერიძის ცხედარი აღმოაჩინეს. პატარიძემ და იაშვილმა მასში სწორედ დაზარალებული ამოიცნეს, რომელსაც ბერუზაშვილმა ქუდი გასტაცა. კელენჯერიძე „პესეემის“ მაყუჩიანი პისტოლეტით იყო მოკლული თავში ორი გასროლით. „კაგებემ“ დაადგინა, რომ „დაზარელებული“ მცხეთის რეაქტორზე მუშაობდა. იქ კი, საიდუმლო ლაბორატორიაში ურანს ამდიდრებდნენ, რომელიც საბჭოთა ატომური ბომბების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ვასაძე მიხვდა, რომ მორიგი დავალება, სწორედ გამდიდრებული ურანის ხარისხსა და რაოდენობას ეხებოდა და გამოძიება ამ კუთხით გაგრძელდებოდა. თუმცა, დაბუქსავდა, რადგან მტერზე გასასვლელი ჯაჭვი – ფიზიკოსი კელენჯერიძე, გამწყდარი იყო მისი გარდაცვალების გამო.
რეზიდენტის შეცდომა
გამწყდარი ჯაჭვის მიუხედავად, „კაგებემ“ მაინც აღმოაჩინა ხელჩასაჭიდი. მოკლულის ბინის დათვალიერებამ ცხადყო, რომ კელენჯერიძის ბინიდან ბლოკნოტი იყო დაკარგული. „კაგებეს“ ოპერებმა იმავე დღეს საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს კელენჯერიძის საცხოვრებელი კორპუსი, მისი მიმდებარე ტერიტორია და უახლოეს სანაგვე ბუნკერში, თოვლისგან დასველებული, შავი ფერის ტელეფონების წიგნაკი აღმოაჩინეს. წიგნაკში ერთი ფურცელი ამოხეული იყო. ნაპოვნი სამხილი გრაფიკულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს და დადგინდა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც იქ იყო აღნიშნული. დაიწყო ყველას დამუშავება და გამორიცხვის მეთოდით, 49 წლის ავთო კოკურიშვილზე გავიდნენ. ის ინგლისური ენის მასწავლებელი იყო და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში პედაგოგობდა. გაირკვა ისიც, რომ მასწავლებლობამდე, კოკურიშვილი თარჯიმნად მუშაობდა „მორფლოტში“ (საბჭოთა საზღვაო ფლოტი) და ერთი წელი ბულგარეთში იყო „მორფლოტის“ წარმომადგენლობაში. ეჭვმიტანილზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დაწესდა და კოკურიშვილი იმ დროს აიყვანეს მოსკოვში, გორკის სახელობის პარკში, როდესაც ქვად შენიღბულ კონტეინერში სტრატეგიულ ინფორმაციას ათავსებდა. ოპერაციას ვასაძე ხელმძღვანელობდა და ლუბიანკაზე მიყვანილმა ჯაშუშ-რეზიდენტმა ყველაფერი აღიარა. ის გამოტყდა, რომ ბულგარეთში „ცეერუმ“ გადაიბირა და კელენჯერიძეც მან მოკლა. ამერიკელებზე მომუშავე ქართველი ჯაშუში გაასამართლეს და მოსკოვში დახვრიტეს. ვასაძეს პოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი უბოძეს. რიგით პატარიძესა და იაშვილს 1 000-1 000-მანეთიანი პრემია შეხვდათ. ანდატრის ქუდის გამტაცებელი ბერუზაშვილი კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლეს.
რეზიდენტის შეცდომა კი ის გახლდათ, რომ კოკურიშვილმა ბლოკნოტი არ მოსპო და ის ნაგვის ურნაში ჩააგდო.