კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-31(866)



– შეიძლება, მოვწიო? – იკითხა გოგსაძემ, თუმცა უკვე სიგარეტს უკიდებდა და რომ გააბოლა, ზურაბს უთხრა:
– აღიარებითი ჩვენება მინდა, მოგცეთ.
– კოდალაშვილის მკვლელობაზე, – განგებ თქვა ზურაბმა, თან გოგსაძეს თვალი თვალში გაუყარა.
– არა, არა, მკვლელობაში ნამდვილად არ ვარ გარეული და სულ სხვა საქმეზე მინდა, დაგელაპარაკოთ.
– ბრძანეთ.
– თუმცა, ეს აღიარებაც მკვლელობასთანაა დაკავშირებული.
– ბრძანეთ, გისმენთ.
ბაბულია გოგსაძემ ღრმა ნაფაზი დაარტყა, თავი გააქნია და ზურაბს უთხრა:
– როგორც ვხვდები, თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ჩემი სახლის გაჩხრეკა და ვერ ავცდები ამ პროცედურას. ისიც კარგად ვიცი, რომ მილიცია თივის ზვინში ნემსსაც პოულობს. ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ სახლში, სადაც მე ვცხოვრობ, საიდუმლო სამალავი მაქვს. იმ სამალავში კი ოცდახუთი ათასი მანეთი, ოქროს სამკაულები და ოთხი ამპულა კალიუმციანიდია.
– საინტერესოა, – თქვა გიგაურმა და გოგსაძეს ჰკითხა:
– საიდან გაქვთ ეს ყველაფერი?
– ოქროს სამკაულებს ჩემი საყვარლები მჩუქნიდნენ, მათ შორის, კოდალაშვილიც. ხოლო, ფული ერთი სპექტაკლისთვის მომცეს და კალიუმციანიდის ამპულებიც მოაყოლეს, – თქვა გოგსაძემ.
– ვინ და რა სპექტაკლისთვის. უფრო გარკვევით ბრძანეთ.
– ერთი ქალია, ირინა ვარლამოვა...
– ვინ, ვინ? – წამოიძახა ზურაბმა.
– ირინა ვარლამოვა, – გაიმეორა გოგსაძემ, – ჩემი დიდი ხნის ნაცნობია. იმან დამავალა ერთ ექიმ-კოსმეტოლოგთან მივსულიყავი და ფულის შეთავაზების სანაცვლოთ, მისთვის პლასტიკური ოპერაციის არალეგალურად გაკეთება მეთხოვა. ამისთვის კი ოცდახუთი ათასი მანეთი მომცა.
– უცნაურია, – თქვა გიგაურმა, – ამხელა ფული რაში გადაგიხადათ. ან საიდან აქვს მას ეს თანხა და საერთოდ, ვინაა?
ბაბულია გოგსაძემ გიგაურს დაწვრილებით უამბო ვარლამ კოვზირიძის კაბინეტში განვითარებული სცენა და ბოლოს უთხრა:
– აი, ამაში მომცა მან ეს თანხა, თან კალიუმციანიდის ოთხი ამპულაც მოაყოლა და იმ ექიმის მოკვლა დამავალა.
– როგორ მოკვლა?
– მითხრა, – როცა საჭირო იქნება, კვლავ მიხვალ იმ კაცთან და ეტყვი, თქვენი გათამაშება მინდოდა, უფრო სწორად კი, მომწონხართ და თქვენთან დაახლოება მინდაო. ირინას დავალებით, იმ ექიმზე ყველაფერი დაწვრილებით უნდა გამერკვია. სად ცხოვრობს, სად დადის, ვინ არიან მისი ახლობლები. შემდეგ, როგორმე კაფეში, რესტორანში ან სხვაგან უნდა შემეტყუებინა და მომეწამლა. სწორედ ამისთვის მომცა კალიუმციანიდის ამპულები. თანაც შემპირდა, რომ თუკი ექიმს მოვკლავდი, კიდევ ორმოცდაათ ათასს მომცემდა. ხოლო, თუ მილიციაში განვაცხადებდი, ან ვინმეს ვეტყოდი, მე მომკლავდა.
– რატომ მილიციაში არ განაცხადეთ?
– თქვენ ირინას არ იცნობთ. ის ნამდვილი ეშმაკია, დაუნდობელი და სისხლისმსმელი. სიტყვებს ჰაერზე არასდროს ისვრის. აუცილებლად მომკლავდა, მის სიტყვას რომ გადავსულიყავი.
– სად ცხოვრობს ეს ქალი?
– არ ვიცი. თავად არ უთქვამს და არც მე მიკითხავს. ამ სამი კვირის წინ ქუჩაში შემხვდა და გამომეცნაურა. შემდეგ ჩემთან წავედით სახლში. ვილაპარაკეთ, ძველი დრო გავიხსენეთ. მან ტელეფონის ნომერი გამომართვა და წავიდა. თავად მირეკავს და შეხვედრაზე მიბარებს.
– საიდან იცნობთ მას?
– სოჩაში გავიცანი ამ ათიოდე წლის წინ. მაშინ ვიღაც კაცთან ერთად იყო და მთელი ჩემი უბედურებაც მაშინ დაიწყო.
– რა უბედურება?
ქალმა პაუზა გააკეთა. ზურაბს თვალებში შეხედა და ჰკითხა:
– ადამიანის მკვლელობისთვის კანონი ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებს?
– მოკალით ვინმე?
– მე არა, მაგრამ თანამონაწილე ვარ.
– არა, არ ითვალისწინებს, მაგრამ გულწრფელი აღიარება კი, შეგიმსუბუქებთ სასჯელს. თქვით, რისი თქმაც გინდათ.
ქალი მერყეობდა და სიგარეტს ღრმა ნაფაზებით ქაჩავდა. ბოლოს საფერფლეში ჩაასრისა და გიგაურს უთხრა:
– რაც არის, არის. მე ყველაფერს მოგიყვებით და შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ ჩემი ბედი.
– ბრძანეთ. გისმენთ.
– ერთი სიტყვით, ირინა ვარლამოვა სოჩაში გავიცანი. ვიღაც კაცთან ერთად იყო. ასე ამბობდა, ჩემი ნათესავიაო, მაგრამ ვფიქრობ, ტყუოდა. იმ კაცს ოლეგს ეძახდა.
– უკაცრავად, – გიგაურმა სიტყვა გააწყვეტინა ქალს, – მათთან ერთად პატარა ბიჭიც ხომ არ იყო?
– არა, ბავშვი მე არ მინახავს, – მიუგო გოგსაძემ.
– ბოდიშს გიხდით, განაგრძეთ.
– ოლეგი და ირინა „ინტურისტში“ ცხოვრობდნენ. მე კი მდიდრებზე ვნადირობდი. იმ ოლეგის დათრევა მინდოდა, რადგან ეტყობოდა, რომ მაყუთიანი იყო. მე მეგონა, მარტო იყო და გავეარშიყე. იმანაც მიპასუხა. პლაჟზე განვმარტოვდით. ამ დროს გამოჩნდა ირინა და ჯერ მე მცემა, შემდეგ კი იმ კაცს, ანუ ოლეგს დაუწყო ლანძღვა და წავიდა. ლამის ძვირფასი მაისური შემოახია.
– ოლეგი მაისურით იყო პლაჟზე?
– დიახ. არასდროს იხდიდა მაისურს.
– უცნაურია, – თქვა ზურაბმა.
– დიახ. მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ ამის მიზეზი არ მიკითხავს.
– შემდეგ რა მოხდა, როცა გაბრაზებული ირინა წავიდა.
– რა და, ოლეგმა მითხრა, – ჩემი მამიდაშვილია. ძალიან ეჭვიანი და ბრაზიანია, ვერ იტანს, როცა ქალებს ვეარშიყები. მაგრამ, არა უშავს. მალევე მშვიდდება და აი, ნახავ, თუ უკანვე არ დაბრუნდესო. მართლაც, ათიოდ წუთში, პლაჟზე სულ სხვა ირინა დაბრუნდა. მართალია, ბოდიში არ მოუხდია ჩემთვის, მაგრამ თავაზიანად მეპყრობოდა. ერთი სიტყვით, დავახლოვდით. შემდეგ იალტაში გავემგზავრეთ. ჩემთვის ბინა იქირავეს. დროს საუცხოოდ ვატარებდით. უცხოელებისთვის განკუთვნილ პლაჟზე ვბანაობდით, სადაც შესვლა ორმოცდაათი მანეთი ღირდა არალეგალურად ერთი კაცისთვის. სამიოდე დღის ჩასული ვიყავით იალტაში, რომ ერთ საღამოს მანქანაში ჩამისვეს და ველურ პლაჟზე წამიყვანეს. იქ ერთი კაცი დამანახვეს, რომელიც თევზაობდა და მისი მოკვლა შემომთავაზეს, სანაცვლოდ კი, ათი ათას მანეთს გადამიხდიდნენ. ასე მითხრეს: მიდი, გამოეცნაურე, ვითომ შენც გაინტერესებს თევზაობა. შემდეგ კი ქვა დაარტყი კეფაში და რომ გაითიშება, ყელი გამოსჭერიო. მე უარზე დავდექი. აღარ დაუძალებიათ, მანქანაში ჩამსვეს. ის კაცი რომ თევზაობას მორჩა და ფეხით გაუდგა გზას, მანქანა დააჯახეს, მოკლეს და გავიქეცით.
ბაბულია გოგსაძის სიტყვებმა ზურაბ გიგაურს პავლე ევდოკიმოვის მონათხრობი გაახსენა, რომელიც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს იალტაში. პავლე ალა ევდოკიმოვას, იგივე ალა მოროზოვას, იგივე ირინა ვარლამოვას უმცროსი ძმა იყო...
„პასიანსი ეწყობა“, – გაიფიქრა გიგაურმა და ქალს უთხრა:
– შემდეგ რა მოხდა?
– ის კაცი რომ გავიტანეთ, გავიქეცით. ირინამ კი მითხრა, – მკვლელობის თანამონაწილე ხარ. მილიციაში რომ განაცხადო ან ვინმეს გაუმხილო  ეს ამბავი, იცოდე, დაგხვრეტენ. ხოლო, თუ სასჯელს გადაურჩი, ჩვენ ვერ გადაგვირჩებიო. ათასი მანეთი მომცეს. სოჩაში ჩამიყვანეს და სანამ იქ დამტოვებდნენ, მისამართი გამომართვეს. სოჩიდან იმავე ღამეს გავემგზავრე თბილისში და ირინას რომ არ მოვეძებნე, ბინის გაყიდვაზე დავიწყე ჩალიჩი. ამასობაში, თაღლითობაზე ჩამსვეს ციხეში და უნდა გამოგიტყდეთ, ის ორი წელი მოსვენებული ვიყავი. როგორც კი გავთავისუფლდი, კვლავ ბინის გაყიდვა დავაპირე, მაგრამ ვერ მოვასწარი. ერთ დღეს ირინა დამადგა თავზე და მოსკოვში წასვლას მაძალებდა, თან ათი ათასს მთავაზობდა, მაგრამ იქ რა უნდა გამეკეთებინა, არ უთქვამს. მე დავეთანხმე და შევთანხმდით, რომ სამი დღის მერე რკინიგზის სადგურზე შევხვდებოდით ერთმანეთს. ამ სამ დღეში ძველი ბინა გავყიდე. ახალი ვიყიდე ლოტკინზე, სადაც ახლა ვცხოვრობ და ირინა გადავაგდე. მას არც მოსკოვში წავყევი და არც შეხვედრაზე მივედი. ეს წლები მოსვენებული კი ვიყავი, მაგრამ, როცა ირინას გავიხსენებდი, ისეთი შიში შემიპყრობდა, გული ფეხებში მიმდიოდა. დროთა განმავლობაში, შიშმა გამიარა და უფრო თამამად ვიქცეოდი. მდიდრებზე ნადირობა განვაახლე და ქონების დაგროვებას შევუდექი. გავიცანი საცოდავი კოდალაშვილიც და  კარგადაც ვწველავდი, მაგრამ კვლავ ირინა გამოჩნდა. ისევ ყველაფერი უკუღმა წამივიდა. ახლა კი აქ, მილიციაში ვარ და საშინელება მელოდება.
მაიორმა პაუზა გააკეთა და აკანკალებული ბაბულია გოგსაძე ყურადღებით შეათვალიერა. შემდეგ ვასილი სტარკოვის სურათი ქალს წინ დაუდო და ჰკითხა:
– ეს კაცი თუ გეცნობათ?
– როგორ არა, ეგ ხომ ოლეგ ვარლამოვია! – წამოიძახა გოგსაძემ და სახეზე შეძრწუნება გამოეხატა.
– კარგი. დამშვიდდით. თუ დამიჯერებთ, ყველაფერი კარგად იქნება და ვერავინ გახლებთ ხელს, – უთხრა გოგსაძეს გიგაურმა.
ქალს ირონიულად გაეცინა და მიუგო:
– მკერავთ, უფროსო? ამდენი დანაშაული მაქვს ჩადენილი და ყველაფერი კარგად როგორ იქნება? მინიმუმ ათი წელი მომცენ. ამდენი ხანი ციხეში კი ვერ გავძლებ და წერილსაც წავიღებ საიქიოში. ტუფტაზე მამშვიდებთ. ეტყობა, ჩემი გამოყენება გინდათ რაღაცაში. ამდენ დანაშაულზე არავინ დახუჭავს თვალს.
– რა დანაშაულზე? – გაეღიმა ზურაბს.
– უპირველესად, მკვლელობაში თანამონაწილეობაზე იალტაში, ეს – ერთი. კალიუმციანიდის ამპულები რომ მაქვს სახლში, ეს – ორი. ექიმს რომ სახის არალეგალურად შეცვლა ვთხოვე, ეს – სამი. უამრავი ფული და ოქროულობა რომ მაქვს გადამალული, ეს – ოთხი. თანაც, თქვენ კოდალაშვილის მკვლელობას მტენით და ცოტაა? – თქვა ქალმა, მორიგი ღერი გააბოლა და თვალები აუცრემლდა.
ზურაბმა პაუზა გააკეთა და გოგსაძეს აცადა, სანამ ოდნავ დამშვიდდებოდა. შემდეგ კი უთხრა:
– კოდალაშვილის საქმეში საერთოდ არ გამოჩნდებით, ეს – ერთი. ფული ოქროულობა და კალიუმციანიდის ამპულები ჯერჯერობით არსადაა დაფიქსირებული და თუკი თანამშრომლობაზე დამთანხმდებით, არც არსად გამოჩნდება. ეს – ორი. ხოლო, რაც შეეხება მკვლელობაში თანამონაწილეობასა და დანაშაულის გაუმჟღავნებლობას, იალტაში არავინ მომკვდარა და არც არაფერში მიგიძღვით ბრალი, ეს – სამი. ასე რომ, დამშვიდდით და ყურადღებით მომისმინეთ.
ქალმა გაოცებისგან პირი დააღო და გიგაურს მიაჩერდა. შემდეგ გააბოლა და ჩაფიქრდა. ბოლოს სიგარეტი ჩააქრო და მაიორს უთხრა:
– მილიციელს არ ჰგავხართ. ვინ ბრძანდებით?
– დიახ, მასეა. უშიშროებიდან გახლავართ.
– „კაგებედან“?
– დიახ.
ქალმა ამოიხვნეშა და ჩაილაპარაკა: „კაგებეღა“ მაკლდა, შემდეგ კი მაიორს უთხრა:
– სამწუხაროდ, გვიან მივხვდი თქვენს წარმომავლობას.
– რატომ, სამწუხაროდ? – გაეცინა გიგაურს.
– იმიტომ, რომ „კაგებესთან“ ჩემს მტერს ჰქონდეს საქმე. ეს ხომ მილიცია არაა, სადაც მაყუთით გაჩარხავ საქმეს. ჯობდა, ისევ მილიციელი ყოფილიყავით.
გიგაურმა თავი გააქნია და გოგსაძეს უთხრა:
– გარწმუნებთ, რომ ცდებით.
– ვცდები? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ, ცდებით, – მიუგო გიგაურმა და დააყოლა, – თანახმა ხართ, რომ ჩვენთან ითანამშრომლოთ?
– რა უნდა გავაკეთო? – იკითხა ქალმა.
– თქვენი პროფესიული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა გამოიყენოთ. მოიკრიბოთ ნებისყოფა, სულიერი ძალები, რომ თქვენი როლი უზადოდ შეასრულოთ, – თქვა ზურაბმა,  – თბილისში დაბრუნდით და ისე იცხოვრეთ, როგორც ცხოვრობდით. ირინე ვარლამოვა რომ დაგირეკავთ, არ უნდა დაიბნეთ და თავი არ გაამჟღავნოთ, რომ ჩვენზე მუშაობთ. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად თქვენ გვერდით იქნებიან და ნურაფრის შეგეშინდებათ. ჩვენ გეტყვით, როგორ მოიქცეთ. გასაგებია?
– გასაგებია.
– თანახმა ხართ, ჩვენთან ითანამშრომლოთ?
– დიახ. – მიუგო ქალმა ზურაბ გიგაურს.
***
ბაბულია გოგსაძე თბილისში „კაგებეს“ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად დაბრუნდა. მაიორმა გიგაურმა ისე მოაწყო საქმე, რომ მილიციის ოქმებში ქალის ვინაობა საერთოდ არ დაფიქსირებულა. გოგსაძის ბინაში ფარულად შესულმა საგანგებო ჯგუფმა იქ სათვალთვალო პუნქტი მოაწყო. ტელეფონი მოსმენაზე ჩართეს და ოცდაოთხსაათიანი მორიგეობა დაწესდა. ბაბულია გოგსაძემ კი ჩვეულ რიტმში განაგრძო ცხოვრება. მართალია, ყოველ სატელეფონო ზარსა თუ კარის ჭრიალზე ლამის გული საგულედან უვარდებოდა, მაგრამ მას მორიგე ოპერები აწყნარებდნენ.
ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ, საღამოს რვა საათზე, გოგსაძის ბინაში ტელეფონმა დარეკა.
– აბა, ქალბატონო ბაბულია, მთელი ნებისყოფა მოიკრიბეთ და უპასუხეთ. როგორც შევთანხმდით, არ ინერვიულოთ და თავი არ გაამჟღავნოთ, – უთხრა გოგსაძეს ჩვეული ფრაზა ერთ-ერთმა ოპერმა და სანამ ქალი ყურმილს აიღებდა, ტელეფონის ყურმილზე მიერთებული მაგნიტოფონი ჩართო, რომელზეც საუბარი იწერებოდა.
– გისმენთ, – უპასუხა გოგსაძემ.
– მე ვარ, – მოესმა ქალს ირინა ვარლამოვას ხმა და ბაბულიამ ოპერს ორივე თვალი ჩაუკრა, რაც ნიშნავდა, ობიექტი რეკავსო.
– გისმენ, ჩემო კარგო. როგორ ხარ? – თქვა გოგსაძემ. ვარლამოვამ კი შეუღრინა:
– სად იყავი. ერთი კვირის წინ გირეკე მთელი დღე და არ მპასუხობდი.
– ბათუმში, – მიუგო გოგსაძემ.
– შენ კუროსთან ერთად, ხომ?
– კურო აღარაა.
– ეგ როგორ?
– მოკვდა.
– მერე, დამარხე?
– დამარხავდნენ, ალბათ.
– რა ქარაგმებით მელაპარაკები. მოხდა რამე?
– კი.
– რა მოხდა?
– ლოგინში შემომაკვდა და გაქცევა ვცადე, მაგრამ ჩამავლეს. თუმცა, მალევე გამომიშვეს.
– ეგ როგორ?
– დამნაშავე არ ვიყავი და იმიტომ. გულმა ვერ გაუძლო და შუა სექსის დროს დაიბრიდა.
– ესე იგი, გაიშიფრე?
– არანაირად. ძაღლებმა მაყუთი მიიღეს და გამომიშვეს. ჩემი ნამდვილი ვინაობაც კი არ იციან. მე ვუთხარი, ქუთაისელი ნატო ბუგაევა ვარ-მეთქი.
– კიდევ კარგი, – თქვა ვარლამოვამ და პაუზის მერე დააყოლა, – ხომ არ მატყუებ რამეს?
– შეგიძლია, თავად გადაამოწმო. გეტყვი, სადაც მაყურყუტეს, – უდარდელად თქვა გოგსაძემ, თუმცა სახეზე სიმწრის ოფლი ასხამდა.
– კარგი, კარგი, მჯერა. შენთან საქმე მაქვს.
– თქვი. გისმენ.
– უნდა შეგხვდე.
– როდის და სად?
– ერთ საათში ლენინის მოედნის მეტროსთან.
– კარგი. ცხრაზე მანდ ვიქნები, – თქვა გოგსაძემ და ყურმილი დაკიდა. შემდეგ შეკრებილ ოპერებს სიტყვასიტყვით გადასცა საუბრის შინაარსი, რომლებმაც ბაბინაზე გაკეთებული ჩანაწერიც მოისმინეს. ამ დროს რაცია ჩაირთო და ოპერების გასაგონად ზურაბ გიგაურმა იკითხა:
– მოისმინეთ საუბარი?
– დიახ, ამხანაგო მაიორო. რა მითითებები გექნებათ?
– პოსტზე დარჩით და ყურადღებით იყავით. ქალი კი შეხვედრაზე გამოუშვით. მას მეორე ჯგუფი მიიღებს და გააცილებს. ადგილზე უკვე ყველაფერი მზადაა და თუკი ობიექტი შეხვედრაზე მოვა, ხელიდან ვერ წაგვივა, – თქვა გიგაურმა და რაცია გათიშა.
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3