კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№32 რა ტაქტიკური ხრიკი ურჩია სტალინმა საბჭოთა მხედართმთავრებს ბერლინის ოპერაციის წინ

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოს-პუბლიცისტი და სამხედრო ანალიტიკოსი სტალინს დილეტანტად მიიჩნევს სამხედრო საქმეში, ირკვევა, რომ მთლად ასეც არაა... პროფესორი სერჟ გოლოვინსკი წერს: „გლუვტვინიან ნიკიტა ხრუშჩოვს თუ დავუჯერებთ, სტალინი ბუნდოვნად ერკვეოდა სამხედრო სტრატეგიასა და ტაქტიკაში და ოპერატიული რუკების ნაცვლად, გლობუსს იყენებდა, რაც მტკნარი სიცრუეა, სინამდვილეს არ შეეფერება და საბჭოთა ბელადის გასაბიაბრუებლად მოგონილი. სახელოვანი საბჭოთა მარშალი გიორგი ჟუკოვი თავისი ცნობილი წიგნის, „ფიქრები და მოგონებების“, ტაბუირებულ, გამოუქვეყნებელ ნაწილში წერს: „სტალინი ისეთივე დიდი სტრატეგი და ტაქტიკოსი იყო სუფთა სამხედრო საკითხებში, როგორც პოლიტიკაში. მან ზედმიწევნით მაღალ დონეზე იცოდა ყველა საკითხი და შტაბის გენერალივით უბადლოდ ერკვეოდა ოპერატიულ რუკებში. მისი (სტალინის) რჩევები კი ამა თუ იმ ბრძოლის ტაქტიკურად წარმართვის თაობაზე, იყო ყოველთვის მახვილგონივრული, ზუსტი და უშეცდომო. ამაში პირადად მე არაერთხელ დავრწმუნებულვარ და ამასვე აღნიშნავენ სხვა საბჭოთა მხედართმთავრებიც. მარტო ის რად ღირს, რომ სწორედ უმაღლესი მხედართმთავრის იდეა გახლდათ ბერლინის მისადგომების მძლავრი პროჟექტორებით განათება და მოულოდნელი შეტევის დაწყება, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ფაშისტური გერმანიის დედაქალაქის აღებასა და მის დაცემაში.
1945 წლის მარტის მიწურულს საბჭოთა არმია ფაშისტური გერმანიის დედაქალაქს, ბერლინს მიადგა. მიუხედავად იმისა, რომ „წითელი არმია“ უკვე მტრის კარიბჭესთან იდგა, ადვილი არ იყო მისი აღება. ბერლინს ერთი მილიონი კარგად გაწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტი მეომარი იცავდა. გამაგრებული ზღუდე კი, ეგრეთ წოდებული „ზეელოვის სიმაღლეები,“ აუღებელ ციტადელად ითვლებოდა. მარშალი ჟუკოვი წერს: „სადაზღვევო ცნობების შეჯერებისა და გაანალიზების შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ბერლინის აღება ძალიან დიდ მსხვერპლად დაგვიჯდებოდა. ამიტომ, მხედართმთავრები გენერალურ შტაბში ვიკრიბებოდით და იმაზე ვიტეხდით თავს, ისეთი რა ხრიკი მოგვეფიქრებინა, რაც ფაშისტებს დააბნევდა, მორალურად და სულიერად გატეხდა და გზა გაგვეხსნებოდა ბერლინისკენ. 29 მარტს გენშტაბში ვართ და კვლავ ბერლინის ოპერაციაზე ვბჭობთ. ფაშისტური გერმანიის დედაქალაქთან ყველაზე ახლოს და ხელსაყრელ პოზიციებზე პირველი ბელორუსიის ფრონტი იყო, რომელსაც მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი მეთაურობდა. ამიტომ, ყველას მიგვაჩნდა, რომ ქალაქის აღების პატივიც სწორედ მას ხვდებოდა წილად. თავად როკოსოვსკის უკვე ბერლინში ეგონა თავი და ისეთი პოზა ეჭირა, თითქოს რაიხსტაგზე წითელი დროშა აღემართოს... საღამოს რვა საათზე, მოულოდნელად, სხდომის დარბაზის კარი გაიღო და ზღურბლზე სტალინი გამოჩნდა. ყველანი ფეხზე ავდექით. სტალინი მოგვესალმა და გვითხრა, დასხედითო. შემდეგ თავადაც მიუჯდა მაგიდას და იკითხა:
– როგორც ვხვდები, ბერლინის აღებაზე ბჭობთ?
– დიახ, ამხანაგო სტალინ, – ყველას დაასწრო როკოსოვსკიმ, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს კითხვა მას დაუსვა უმაღლესმა მთავარსარდალმა.
სტალინმა ჯერ მას შეხედა, მერე კი მე მომმართა:
– მერე, ამხანაგო ჟუკოვ, ვერაფერი მოიფიქრეთ ისეთი, რაც „ზეელოვის სიმაღლეების“ დამცველებს დააბნევს?
როკოსოვსკის შევატყვე, რომ სტალინის ასეთი გადასვლა არ ესიამოვნა. მე კი უმაღლეს მთავარსარდალს ვუპასუხე:
– ჯერჯერობით ვერა.
– მე მაქვს ერთი იდეა და თქვენი აზრი მაინტერესებს, – კვლავ ზოგადად თქვა სტალინმა და რადგან ეს ფრაზა ყველას ეხებოდა, გავჩუმდი.
სტალინმა შემომხედა და გაეცინა. შემდეგ როკოსოვსკის შეხედა და კვლავ მე მომიბრუნდა. მითხრა:
– ამხანაგო ჟუკოვ, ბოროდინოს ველზე უკვე ყველაფერი მზადაა და ყველანი წამოდით. ვნახოთ, რა გამოვა ჩემი ნააზრევიდან. მინდა, პროფესიონალებმა საკუთარი თვალით ნახოთ და შეაფასოთ. შემდეგ კი დანარჩენიც ვთქვათ.
სტალინი გავიდა და ყველანი უკან გავყევით. სადღაც, ათის ნახევარი იქნებოდა, ბოროდინოზე რომ მივედით. უკვე ძალიან ბნელოდა და ვერაფერს ვხედავდით. სტალინი სამეთაურო პუნქტის შუაში დადგა. ჩვენ მას აქეთ-იქიდან ამოვუდექით.
– ყველანი ვართ, ხომ? – თქვა სტალინმა და თავის პირად მდივანს, პოსკრებიშევს ანიშნა, დაიწყეთო.
უცებ ბოროდინოს უზარმაზარი ველი მძლავრმა პროჟექტორებმა გაანათა და ჩვენ დავინახეთ „ზეელოვის სიმაღლეების“ ზუსტი მაკეტი მოპირდაპირე მხარეს. ყველამ პირი დააღო, სტალინმა კი თქვა:
– აი, ჩემი ჩანაფიქრი. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, რომ მძლავრი საზენიტო პროჟექტორებით გავანათოთ მოწინააღმდეგის ზღუდე და ჯერ მიზანში ზუსტად დავცხოთ, შემდეგ კი, შეტევაზე გადავიდეთ. ვფიქრობ, ეს ფაშისტებს დააბნევს და ამით უნდა ვისარგებლოთო.
სტალინის ჩანაფიქრი, მართლაც რომ, ძალიან ორიგინალური და ეფექტური იყო. 143 მძლავრი საზენიტო პროჟექტორით განათებული მტრის ზღუდე ჩვენი არმიისთვის ბრწყინვალე სამიზნე აღმოჩნდა და დიდი სამსახური გაგვიწია. „აუღებელი ციტადელი“ სამ დღეში მიწასთან გავასწორეთ. ბერლინის ოპერაციის წარმატებით განვითარებასა და დასრულებას სწორედ ამ ტაქტიკურმა ფანდმა შეუწყო ხელი“.
საგულისხმო ფაქტია, რომ ბერლინის ოპერაციის დაწყების წინ სტალინმა მოულოდნელი როქი გააკეთა და პირველი ბელორუსიის ფრონტის სარდლად, როკოსოვსკის ნაცვლად, გიორგი ჟუკოვი დანიშნა, რომელსაც ბერლინის აღების პატივი ერგო. როკოსოვსკი კი მეორე, ბელორუსიის ფრონტის სარდლად გადაიყვანა და ბალტიის სანაპიროების გაწმენდა დაავალა. არსებობს აზრი, რომ სტალინმა ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ როკოსოვსკი წარმოშობით პოლონელი იყო. სტალინს კი უნდოდა, რომ ბერლინი რუსს აეღო. მარშალი სტეპან ჩუიკოვი იხსენებს: „სტალინთან ვიყავით შეკრებილები და ბერლინის ოპერაციაზე ვმსჯელობდით. ყველა საკითხი რომ ამოვწურეთ, სტალინმა ოთახში გაიარ-გამოიარა. გააბოლა და გაჩერდა. შემდეგ ჟუკოვს უთხრა:
– ამხანაგო ჟუკოვ, ამ წუთიდან თქვენ პირველი ბელორუსული ფრონტის სარდლად ინიშნებით, ხოლო როკოსოვსკი კი, მეორე ბელორუსულ ფრონტს უხელმძღვანელებს და ბალტიის ზღვის სანაპიროებს გაწმენდს.
– არის, ამხანაგო სტალინ! – თქვა ჟუკოვმა.
სახეწაშლილი როკოსოვსკი კი, რომელიც სტალინს არასდროს ედავებოდა ხოლმე, ჟუკოვივით, ფეხზე წამოდგა და სტალინს შეჰბედა:
– რით დავიმსახურე, ამხანაგო სტალინ, თქვენი ასეთი გულისწყრომა, რომ ბერლინის აღების პატივს ხელიდან მაცლითო?
სტალინმა როკოსოვსკის თვალი თვალში გაუყარა და მშვიდად მიუგო:
– თქვენ არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა გაკისრიათ და ეცადეთ, პირნათლად შეასრულოთ.
როკოსოვსკი უხმოდ დაჯდა. საკითხი ამოწურული იყო და დავიშალეთ“.
სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ ბერლინში პირველი რუსი არ შეეშვა და მისი აღების პატივი არარუსისთვის მიეცა? ბერიამ ეს გაკვეთილი კარგად აითვისა და რაიხსტაგის მედროშე მელიტონ ქანთარიას ავტომატიანი რუსები გააყოლა...“
скачать dle 11.3