№32 როგორ „აიძულებს“ ზოგიერთი ქმარი ცოლს „ჩასაფრებულის“ პოზიციაში ყოფნას
ამბობენ, რომ თუკი ცოლი მუდმივად ფხიზლად არ იქნება, ქმარი აუცილებლად უღალატებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ცოლი იზიარებს ამ მოსაზრებას და მუდმივად „ჩასაფრებულის“ პოზიციაშია. ასეთი ყოფა კი ძალიან დამთრგუნველია. რას ნიშნავს „ჩასაფრებულის“ პოზიციაში ყოფნა – ეს არის ეჭვის კარნახით ცხოვრება და მოქმედება. მუდმივი სიფხიზლე და პარტნიორის თითოეული ნაბიჯის კონტროლი. ნერვიულობა, უძილო ღამეები... არის კი ღალატის პრევენცია მაძებრად გადაქცევა და ქმარზე მუდმივი, გაფაციცებული კონტროლის დაწესება.
თეონა (37 წლის): სანამ გავთხოვდებოდი, ჩემს ყველა დაქალს ჭკუას ვარიგებდი და ჩავჩიჩინებდი, რომ ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. თუ შენი პარტნიორის მიმართ ნდობა არ გაქვს, მის გვერდით როგორ უნდა იცხოვრო-მეთქი – ამის დამტკიცებას ვცდილობდი. ბუნებრივია, სწორედ ამ პრინციპების ერთგული გავთხოვდი, სიყვარულით, რა თქმა უნდა.
– „რა თქმა უნდა“ – რატომ?
– იმიტომ რომ, მე ვერც სიყვარულის გარეშე წარმომედგინა ურთიერთობა. თანაც, ისეთი სიყვარულის გარეშე, რომელიც მთლიანად გიპყრობს, გიმორჩილებს და გვერდზე გახედვის სურვილს არ გიტოვებს. სამწუხაროდ, მარტო მე ვფიქრობდი ასე. ჩემი ქმარი კი შორს იყო „სიღრმეებისგან“. იმას ვგულისხმობ, რომ ზღაპრული კოშკები ქვიშაში ავაგე, რომლებიც ჩემ თვალწინ ჩამოიშალა, თანაც მტკივნეულად. პირველად როდის მივხვდი, რომ რაღაც ისე არ ხდებოდა? ანუ, როდის დავინახე რეალობა? როცა ჩემი ქმარი ტყუილში გამოვიჭირე. მანამდე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელზეც ბოლომდე დაყრდნობა შემეძლო, ვისიც მჯეროდა და მეიმედებოდა. რომ გგონია, მყარად დგახარ მიწაზე და უცებ ფეხქვეშ ნიადაგი გამოგეცლება – სამყარო ამოყირავდა. ერთბაშად მივხვდი, რომ ქმარზეც და ცხოვრებაზეც რადიკალურად მცდარი შეხედულება მქონდა.
– კერძოდ, კონკრეტულად რას გულისხმობთ?
– კონკრეტულად იმას ვგულისხმობ, რომ ვარდისფერშუშებიანი სათვალე მეკეთა და ისე ვუყურებდი ყველაფერს. გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ჩემი ქმარი ისეთი ბედნიერი იქნებოდა ასეთ მშვიდ, კომფორტულ და უპრეტენზიო ცოლთან, რომ გვერდზე არ გაიხედავდა. როცა დავინახე, მარჯვნივაც იხედებოდა და მარცხნივაც, ეგრევე გამოვფხიზლდი. გულხელდაკრეფილი არ დავმჯდარვარ და არ დავლოდებივარ, ოჯახი როგორ მენგრეოდა.
– ანუ, იცოდით, რომ გღალატობდათ?
– იცით, რაშია საქმე? – ამის გარკვევა აღარ დამიწყია. ჩემთვის საკმარისი იყო, რასაც მივხვდი, – რომ ჩემი ქმარი სანდო არ იყო. გადავწყვიტე, ყველაფერი სასწრაფოდ შემეცვალა. გავხდი „ჩასაფრებული“ ცოლი. გინდათ, იცოდეთ, ეს რას ნიშნავს? უპირველესად, ქმართან ძალიან სერიოზული საუბარი მქონდა. ვუთხარი, თუ გეყოფა სითავხედე და მიღალატებ, შენი საქციელით შეურაცხყოფას მომაყენებ და არაფრად ჩამაგდებ, საშინელებას დაგმართებ-მეთქი. უნდა გენახათ, როგორი თვალებგაფართოებული მიყურებდა. ჩემგან ასეთ რაღაცას არ ელოდებოდა და დაფრთხა. ერთბაშად თავიდან აღმომაჩინა და ხელახლა გამიცნო.
– ჭრის ასეთი მეთოდები? მამაკაცს აშინებს და ღალატის სურვილს უკლავს?
– ერთხელ შეშინება არ შველის. ჯერ სათანადოდ უნდა გააფრთხილო, მერე კი, როგორც გითხარით, მუდმივად „ჩასაფრებული“ უნდა იყო. ჩემმა ქმარმა იცის, რომ ფხიზლად ვარ და მის ერთ ნაბიჯსაც არ ვტოვებ უყურადღებოდ. დარწმუნებულია, ერთ ამბავს ავტეხ, რამე საეჭვო თუ შევამჩნიე.
– და ეშინია?
– არ ვიცი, ეშინია თუ არა, მაგრამ ჯერჯერობით ეჭვიანობის უმნიშვნელო საბაბსაც არ მაძლევს. ხმას არ იღებს, როცა მის ტელეფონს ვიღებ და მესიჯებს ვნახულობ, ან ვეკითხები, ვის ელაპარაკებოდა ცოტა ხნის წინ. სახლში დაგვიანებით მოსვლის საშუალებას არ ვაძლევ. დღეში რამდენჯერმე ვურეკავ და ვამოწმებ. წინააღმდეგობას არ მიწევს. იცის, რომ სერიოზულ ისტერიკებს მოვუწყობ.
– შეგიძლიათ, ისტერიკის მოწყობა?
– შემიძლია და მოვახდინე კიდეც ჩემი ამ ნიჭის დემონსტრირება. ეტყობა, ძალიან ეფექტურად გამომივიდა, იმიტომ რომ, ჩემი ქმარი საკმაოდ დასერიოზულდა. ისე თავდაჭერილად იქცევა, ზოგჯერ მაკვირვებს კიდეც, მაგრამ არ ვიმჩნევ.
– არ ფიქრობთ, რომ წამგებიან პოზიციაში ხართ? როდემდე გაუძლებთ? ან თქვენს ქმარს რამდენ ხანს ენდომება „ჩასაფრებული“ ცოლი?
– წამგებიან პოზიციაში ნამდვილად ვარ. მუდმივად დაძაბული, გაღიზიანებული, შემართული და მობილიზებული ვარ, არაფერი არ უნდა გამომეპაროს. საკუთარ თავს მოდუნების უფლებას ვერ ვაძლევ. მარტო ვერსად წავა, ყველგან ერთად დავდივართ. პრინციპში, ეს ცუდი არ არის, მაგრამ, როცა ნებაყოფლობითია და ორივე სიამოვნებას იღებს ამისგან. რა ვქნა, განა მე მომწონს ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ჩემმა ქმარმა მაიძულა თავისი საქციელით. მიმანიშნა, რომ რომანტიკული თავგადასავლების წინააღმდეგი არ იყო. შეიძლება, ახლა ამას ძალიან ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია. არავინ თქვას, რომ ასე ცხოვრება იოლია. არ ვიყავი ასეთი ეჭვიანი და გამხადა. ვერ შეიფერა და შეირგო მშვიდი ცხოვრება. ეჭვის მარცვალი ჩამიგდო გულში და გამიღვივა. საკუთარ თავს დააბრალოს. კაცები ვერ ხვდებიან, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, როცა ცოლს სხვა ქალთან ღალატობენ. თუმცა, ყველა ცოლიც არ იწყებს ბრძოლას, მე კი ვფიქრობ, ოჯახი ბრძოლად ღირს.