№32 რატომ არის თანამედროვე ადამიანი ძალიან ამპარტავანი და რატომ უნდა უსმენდეს სასულიერო პირი სულიერ შვილებს ბოლომდე
როგორც სახარებაში წერია: რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, ისევე როგორც საქმე რწმენის გარეშე. დღეს ადამიანები ძირითადად რწმენაზე ვმსჯელობთ, მართლმადიდებლობაზე, მაგრამ მას ჩვენს საქმეებში, ცხოვრებაში არ აღვასრულებთ. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– წმიდა მამები გვირჩევენ, აუცილებლად სულიერად უნდა გაიღვიძოთ, რომ შემცირდეს მანძილი ჩვენსა და უფალს შორის. ხორციელი მანძილი, ეს არის, როდესაც ჩვენი ახლობელი უცხოეთშია, გვინდა შევხვდეთ, ჩავეხუტოთ და მოვეფეროთ. სულიერი მანძილის შემცირება კი ნიშნავს, როცა ვხვდები, რომ ძალიან შორი მანძილია ჩემსა და ღმერთს შორის და უნდა ვეცადო, მარხვით, აღსარებით, ზიარებით, ლოცვით შემცირდეს მანძილი ჩემსა და ღმერთს შორის. ვინც ახლოს არის ღმერთთან, ის ძალიან კარგად გრძნობს თავს. ჩვენც კარგად რომ ვიგრძნოთ თავი, უნდა შევამციროთ მანძილი ჩვენსა და ღმერთს შორის.
– ბევრი ამბობს, რომ ღმერთი ჩემთან ახლოს არის, ბევრი, პირიქით – შორს იმყოფებაო. ასეთი დამოკიდებულება სწორია?
– იმის თქმა, რომ ღმერთი ახლოს არის, ან შორს – არასწორია. ღმერთის ადგილმდებარეობას ვერ განსაზღვრავ, ის გარეშემოუწერელია. ღმერთი ყველგან არის, ყოველივეს აღავსებს და შენ თუ გინდა, ღმერთთან ახლოს იყო, ისე უნდა მოიქცე, როგორც მან გასწავლა, როგორც განკაცებული ღმერთი იქცეოდა. ადამიანი, რომელიც ვერ მოდის ტაძარში, ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან სულიწმიდა არ უშვებს მას ტაძარში. რადგან თქვენ გიშვებთ სულიწმიდა ტაძარში, ამაზე მადლობელი უნდა იყოთ მუდმივად. უპირველეს ყოვლისა, მადლი და წყალობა იმ ადამიანებზე გადმოდის, რომლებიც ეკლესიაში დადიან და მხოლოდ ბზის წასაღებად კი არა, არამედ ცოდვების მოსანანილებლად, საზიარებლად, თავმდაბლობის მოსაპოვებლად. მარიამ ეგვიპტელმა 47 წელი გაატარა სიმარტოვეში, სინანულში და უერთგულა ქრისტეს. ბოლოს ღვთის განგებულობით მამა ზოსიმე მოდის, მიიღებს ზიარებას და განუტევებს სულს. ჩვენ 47 წელი კი არა, 47 დღეც, 47 საათიც არ შეგვიძლია, ვუერთგულოთ ღმერთს. რამდენი წუთია თქვენს ცხოვრებაში ღმერთი? რამდენ წუთს ვუთმობთ მასთან ურთიერთობას? ძალიან მცირედს. დილითაც რაღაცას წავიკითხავთ, შემდეგ სამსახური, ბირჟა, ეზო... საღამოს ისევ, უცებ წავიკითხეთ ლოცვები, მერე სერიალები, ინტერენტი. რამდენი წუთი რჩება ღმერთი შენთან? რამდენი ხანი ხარ ღმერთთან და შემდეგ სთხოვ: რატომ ღმერთო, რატომ ასე?! უცბად გვავიწყდება ყველაფერი. უნდა იცოდეთ, რომ ღმერთი სიყვარულია და ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც მზრუნველი მამა შვილებისთვის. ის ყველაფერს აკეთებს ადამიანებისთვის, მაგრამ თუ ჩვენ არ გამოვსწორდებით...
– რის კეთება გვიჭირს ყველაზე მეტად ქრისტიანებს?
– პირველი – აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ეს გვეხება ჩვენ – სასულიერო პირებსაც. ხშირად არ ვუსმენთ ადამიანს ბოლომდე, განსაკუთრებით აღსარების დროს და პირდაპირ ვთავაზობთ გამზადებულ სწავლებას. არადა, მან შეიძლება, ბოლოს სულ სხვა რამ თქვას, სულ სხვა მდგომარეობაში იყოს. როცა ადამიანს არ უსმენ, არ გიყვარს ის და დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე: გგონია, რომ სისულელეს გეუბნება და გინდა, შენი აზრები, ან მამათა აზრები მოახვიო თავს. ხშირად გვიყვარს სხვისი დადანაშაულება, ჭკუის დარიგება. თანამედროვე ადამიანი ძალიან ამპარტავანია და რამეს რომ ეტყვი, მაშინვე ბრაზდება, გულში ამბობს: შენ რა, ჩემზე ცოდვილი არ ხარ?! განსაკუთრებით ცოლებს უყვართ ქმრების დადანაშაულება. ამ დროს უმჯობესია, სხვა მაგალითები მოიყვანოთ: მე გავიგე, რომ ასეთი მამაკაცი არსებობს და კიდევ კარგი, შენ არ ხარ ასეთი. შესაძლებელია, რომ ყველაფერს მიხვდეს და ეცადოს, გამოასწოროს თავის ქცევა. პირში რომ ეუბნები და ადანაშაულებ, ამით უფრო ცუდ მდგომარეობაში აგდებ მას. ასევე, ნურავის ნურაფერს შეჰპირდებით, რადგან ყოველგვარი სიტყვის მიცემისგან უღონო ვართ – ასე წერია ბიბლიაში. განსაკუთრებით ნუ შეჰპირდებით ღმერთს ნურაფერს: ამას გადამარჩინე, ეს შემისრულე და ამდენ სანთელს დაგინთებ, დიდ ჭედილას დაგიკლავ და ასე შემდეგ. ღმერთს მსგავსი რამეები არ სჭრიდება ჩვენგან. ისე უნდა უპასუხო ადამიანს, რომ არ შეეკამათო. კამათში ხანდახან ინგრევა ოჯახები, სასულიერო პირებს შორისაც ხდება კამათი და ხშირად – მრევლსა და სულიერ მოძღვარს შორის. ცოლ-ქმარიც ხშირად კამათობს ისეთი საკითხებზე, რაზეც კამათი არ შეიძლება. რაც ქალის საქმეა, ის უნდა აკეთოს ქალმა: არ მგონია, კარადისა და ფარდების ფერი კაცის საქმე იყოს. რაც კაცის საქმეა, კაცმა გააკეთოს და ამაში ნუ ჩაერევა ქალი: რა მარკის მანქანა იყიდოს ან მეზობელთან ჩავიდეს თუ არა დასალევად. მშვიდად შეგიძლია, უთხრა: ჩადი, მაგრამ ბევრი არ დალიო, რადგან ცუდი სიმთვრალე გაქვს. კარგი ურთიერთობით შეიძლება, დარეგულირდეს ყველაფერი. სიყვარულით ნათქვამით, ყველაფერი კარგად იქნება და რამეს რომ გაუკეთებთ, არ უნდა დაამადლოთ. ღმერთის გამო უნდა გააკეთო სიკეთე და არა იმიტომ, რომ ვინმემ დაინახოს. მერე პატივმოყვარეობა იღვიძებს შენში, მოდიხარ აღსარებაზე გაბერილი: ვერ დავანახვე სიკეთე და აღარ მიჩნდება სიკეთის კეთების სურვილი. გააკეთე სიკეთე, ოღონდ, ნუ დააყვედრი. ადამიანმა, რომელმაც იცის სიკეთის ქმნა და არ აკეთებს, მასზე იყოს, – ბრძანებს იაკობ მოციქული. როცა მაცხოვარი მეორედ მობრძანდება, საშინელი სამსჯავროს დროს იმ ადამიანებს, ვინც მარცხნივ აღმოჩნდება მკაცრად მიმართავს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, სამარადისო სატანჯველში.
– ვინ იქნება ეს ხალხი?
– აქ არ არის საუბარი იმაზე, რატომ არ ეზიარებოდით, რატომ არ დადიოდით ეკლესიაში. მაცხოვარი მათ ეუბნება: მშიოდა და რატომ არ დამაპურეთ, მწყუროდა და რატომ არ მასვით, უძლურებაში ვიყავი და არ მანუგეშეთ, საპყრობილეში ვიყავი და არ მინახულეთ. ვინც არ იქნება მოწყალე და ქველმოქმედი, ის ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს. უფრო მეტიც: „უწყალო სასამართლო წყალობის არა მქნელს. წყალობა აღმატებულია სამსჯავროზე”. ანუ, ვინც მოწყალეა, ქველმოქმედია, როდესაც მაცხოვარი მეორედ მოვა, მისი სამსჯავრო უფრო მსუბუქი იქნება. სიკეთე ათბობს ადამიანის გულს და ხშირად ის ახალ ცხოვრებას იწყებს. ხშირად, როცა ეკლესიაში მივდივართ, წირვაზე ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ვაშორებთ თვალს. სახარებისეული იგავი გვავიწყდება: როგორ ჩაუარა მღვდელმა გაჭირვებულ ადამიანს, შემდეგ მას ჩაუარა ლევიტელმა და მხოლოდ სამარიტელმა აღმოუჩინა დახმარება. ეს არის მარადიული სწავლება ჯერ ჩვენთვის – სასულიერო პირებისთვის, რომლებიც მაგალითი უნდა გავხდეთ მრევლისთვის. მაგრამ ამ ყველაფერს ფარული აღსრულება სჭირდება – მარჯვენამ არ უნდა იცოდეს რას აკეთებს მარცხენაო. თუმცა, ბევრი ანგარების მიზნით აკეთებს სიკეთეს. ქებას და დიდებას აქვე იღებენ და ისინი ღმერთის მიერ აღარ მიიღებენ წყალობას. ნაყოფი სულისა არს სიყვარული, სიხარული, სახიერება, მოწყალება და მარხვა. ჩვენ ყოველივეს სიყვარულით უნდა ვაკეთებდეთ და მივიღებთ სიხარულს. დაეხმარე ადამიანს და უფალმა იცის, ის ამის ღირსია თუ არა. ადამიანი ხშირად შეშინებულია იმით, რომ ჯოჯოხეთი არსებობს და სურს, თავი დააღწიოს. ამიტომ, მოვალეობის გრძნობის გამო, შიშიდან გამომდინარე, გაიღებს მოწყალებას. ის მონურ მდგომარეობაში იმყოფება, შეშინებულია და სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთვნებით ჩვენ. მეორე – ეს არის დაქირავებული მდგომარეობა – სიკეთეს აკეთებს იმიტომ, რომ რამე მიიღოს, სასუფეველში დადგეს მაცხოვრის მარჯვნივ. ეს არ არის ცუდი, მაგრამ ყველაზე აღმატებული მესამე მდგომარეობაა: გინდა დაფარულში, მამაშვილურად გააკეთო სიკეთე და ასეთ დროს ადამიანები აღარც იყვედრებიან, აღარც წუწუნებენ და არაფერს ითხოვენ. სახარებაში წერია: მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე და მე გაჩვენებ ჩემს საქმეებს რწმენის გარეშე. მხოლოდ სიტყვის მქადაგებლები კი არ უნდა დავრჩეთ, არამედ აღმსრულებლებიც.