№32 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: პროფესიით ექიმი ვარ. მორწმუნე ვარ და გაგონილი მაქვს წმიდა კოზმან და დამიანეს უვერცხლო საექიმო მოღვაწეობის შესახებ. მინდა, მათ მივბაძო, მაგრამ რა სახსრებით ვიცხოვრო?
პასუხი: წმიდა კოზმან და დამიანეს ცხოვრება იყო სულიერი გმირობა. ისინი ლოცვით უფრო კურნავდნენ, ვიდრე საექიმო საშუალებებით. ხოლო ჩვენი ექიმებისთვის მედიცინა პროფესიაა, რაზეც მათი არსებობაა დამოკიდებული და თუ ისინი პაციენტებს კეთილსინდისიერად მკურნალობენ, არ სთხოვენ გასამრჯელოს უპოვართ, ეს უკვე მათ მიერ ადამიანებისთვის გაწეული დახმარებაა. დღესდღეობით გასამრჯელოზე მთლიანად უარის თქმა ექიმს არ შეუძლია. მაშინ მას სხვა გზით მოუწევს საარსებო ფულის შოვნა, რაც ისევ მისივე პროფესიისთვის აღმოჩნდება საზიანო. მშვიდად და კეთილსინდისიერად აკეთეთ თქვენი საქმე და უფალი დაგიფასებთ ამას.
კითხვა: რით ვლინდება მფარველი ანგელოზის დახმარება ადამიანების მიმართ?
პასუხი: წმიდა დიმიტრი როსტოველი ასე განმარტავს: „ანგელოზები გვიფარავენ ჩვენს გზებზე. თუ სიკეთე გვსურს და ბოროტი საქმის ჩადენას არ ვეშურებით, თუ საქურდავად და ღვთისგან საძრახის საქმეზე კი არა, კეთილი საქმის საკეთებლად ვისწრაფვით სასიკეთო განწყობით“. ანგელოზები ადამიანებს ძილის დროსაც იფარავენ. წმიდა ანგელოზები გვარიდებენ ეშმაკის ბოროტებებს, რაც ყოველ ჩვენგანს დანთქავდა მფარველი ანგელოზები რომ არ გვიცავდნენ.
კითხვა: მეუღლე გარდამეცვალა და შემდეგ გავიგე, რომ თურმე მღალატობდა. ძალიან მიჭირს მის საფლავზე მისვლა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი ცხოვრებისეული ცოდვები – ღმერთისა და ადამიანის საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, მოინანია თუ არა მან ეს ცოდვა გარდაცვალებამდე. თქვენი ვალია იზრუნოთ ამ ადამიანის სულზე – ეს იქნება საფლავის მოვლა თუ პანაშვიდის გადახდა მისი სულის მოსახსენიებლად. ილოცეთ მისი სულისთვის.
კითხვა: ჩემს შვილს ჩემმა მეუღლემ დაარქვა თავისი ახლობლის სახელი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. ეს ძალიან მაწუხებს. როგორ უყურებს ეკლესია ასეთ ფაქტს?
პასუხი: როგორც წესი, ქრისტიანულ ოჯახებში ბავშვებს ამა თუ იმ წმიდანის სახელს არქმევე. თქვენი მეუღლის გარდაცვლილ ახლობელსაც რომელიმე წმიდანის სახელი ერქმეოდა. ასე რომ, მშვიდად იყავით, თქვენი შვილიც იმ წმიდანის სახელს ატარებს. სთხოვეთ იმ წმიდანს შემწეობა და ილოცეთ თქვენი შვილისთვის.
კითხვა: როდესაც ოჯახის წევრი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, გარდა იმისა, რომ უდიდესი ტრაგედიაა ახლობლის დაკარგვა, ორმაგად მძიმეა, რომ ის ამხელა ცოდვასა და ტვირთს გკიდებს. როგორ ვიპოვო ნუგეში?
პასუხი: თვითმკვლელობა უდიდესი ცოდვაა მართლაც, მაგრამ ის არ გადადის შთამომავლობაზე და თქვენ არანაირად არ აგებთ პასუხს ამ ცოდვისთვის. თუმცა, ეცადეთ, იცხოვროთ ქრისტიანულად, ეზიაროთ და ილოცოთ.
კითხვა: ამბობენ, ბავშვი რომელ დღესაც დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლებაო. ასე იქცეოდა დედაჩემიც. ახლა პატარა შვილი მყავს და მეც იგივეს მეუბნება. დავუჯერო თუ არა მას?
პასუხი: ამ საკითხში დედას არ უნდა დაუჯეროთ, რადგან ამგვარი საკითხები ცრურწმენაა და მათ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება.