№32 იმპლემენტაციის მოლოდინში
ანუ მინაცვალე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს გულითადადაც დავხვდით და მასთან შეხვედრაზეც დიდი ცილაობა იყო ამტყდარი. და, როგორც ჩანს, არც მისთვის თავის მომწონებელთა სიმცირეს უჩიოდა ჩვენი პოლიტსპექტრი.
ამ თუ სხვა მიზეზით, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმარს საკუთარი ინიციატივაც გაანდო: აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოსო.
როგორც თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გვაუწყა, ვიცე-პრეზიდენტიც დაინტერესებულა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით. ეს უკანასკნელი ღრმადაა დარწმუნებული, რომ სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობისა და კონკრეტული ინიციატივების უფრო სწრაფ და ეფექტიან იმპლემენტაციასო (დიახ, არც მეტი, არც ნაკლები, იმპლემენტაციას!).
კონგრესმენმა ჯო უილსონმაც შეგვაგულიანა: „განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცე-პრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.“
ერთი სიტყვით, მხარეები მეტად კმაყოფილნი დარჩნენ ერთმანეთის ხილვითაც და ერთმანეთთან საუბრითაც. თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით, როდის და საკუთრივ ვის დაგვინიშნავენ სპეცწარმომადგენლად (ოღონდ ვიცით, რომ, მაგალითად, ამ ჩვენს აფხაზსა და ოს სეპარატისტებთან ამ ჩვენი ოკუპანტის სპეცწარმომადგენელი სურკოვია, ჰოდა, ჩვენ რით ვართ ნაკლები?!).
მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ მეფისნაცვლისა და მოსკოვის მიერ დანიშნული ცეკას მეორე, ეროვნებით რუსი, მდივნის დანიშვნის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს, ინიციატივა მოწმობს, რომ ჰომო-სოვეტიკუსი ჯერ ისევ ცოცხალია (ცოცხალია, ვინაიდან, მე რომ მკითხოთ, ამერიკული დაზვერვის გააქტიურება აჯობებდა, რომ არ წაგვლეკონ აქეთ ოკუპანტის, იქით – სხვების სპეცსამსახურებმა).
სხვათა შორის, იბადება რიტორიკული კითხვაც: პრეზიდენტი თავის სასახლესაც ხომ არ დაუთმობდა თავისი ინციატივის ადრესატს?! –