№31 რატომ არის მათხოვარი პოლიტიკოსზე კეთილშობილი და რატომ იქცა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მილიონერების სამჭედლო-თავშესაფრად
ჩვენთვის უცხო ხილი არ არის, რომ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში ღარიბ მოსახლეობას, როგორც წესი, ჰყავს მდიდარი ხელისუფლება და არანაკლებ მდიდარი ბიზნესმენები და ბიზნესსექტორებიც აქვს. სიმდიდრეში ცუდი არაფერია, პირიქით, ცხოვრება კარგი რამაა, კარგად ცხოვრება, მით უმეტეს, შესანიშნავი. მეორე მხრივ, ჩვენი ტიპის ქვეყანაში გამდიდრება შეუძლებელი იყო, თუ არა არაკეთილსინდისიერი მეთოდებით (პირველი მილიონის წარმომავლობას ვინ ჩივის, ყოველი შემდგომიც არანაკლებ უჩივის სინდისიერების დეფიციტს). თუკი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე პოლიტიკაში მიდიოდნენ გამდიდრების მიზნით და არაერთმა ყოფილმა ჩინოვნიკმა თუ პოლიტიკოსმა პოლიტიკური ავანსცენა ფრიად ჯიბესავსემ დატოვა, აწ ისე მოხდა, რომ ხელისუფლებაში უკვე გამდიდრებულებიც მოდიან. განსაკუთრებით უხვად არიან (ადრეც იყვნენ) ასეთები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. გაზეთ „ბანკებისა და ფინანსების“ ინიციატივით დაარსებული მილიონერების კლუბის წყალობით, უკვე ვიცით მათი ნაწილის ვინაობაც: პარლამენტარი იოსებ მაკრახიძე – 12 მილიონი, პარლამენტარი სერგო რატიანი – 1 მილიონი; პარლამენტარი ელგუჯა გოცირიძე – 6 მილიონი, პარლამენტარი ნატო ჩხეიძე – 51 მილიონი; პარლამენტარი შოთა შალელაშვილი – 34 მილიონი; პარლამენტარი ლევან კობიაშვილი – 9 მილიონი; პარლამენტარები კახაბერ ოქრიაშვილი და დავით ჭიჭინაძე – 5-5 მილიონი, პარლამენტარი რევაზ არველაძე – 3 მილიონი, მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი – 11 მილიონი, სტაჟიანი პარლამენტარი კობა ნაყოფია – 8 მილიონი; მინისტრი კახა კალაძე – 36 მილიონი; პარლამენტარი ივლიანე წულაია – 5 მილიონი; პარლამენტარი თამაზ ნავერიანი – 3 მილიონი; პარლამენტარი ირაკლი კოვზანაძე – 2 მილიონი; პარლამენტარი ლერი ხაბელოვი – 2 მილიონი; პარლამენტარი კობა ნარჩემაშვილი – 7 მილიონი; პარლამენტარი ბექა ოდიშარია – 12 მილიონი; პარლამენტარი ნინო წილოსანი – მილიონების ოდენობა უცნობია, თუმცა, მინიმუმ, ერთი მილიონის არსებობის ფაქტი უდავოა; მრავალგზის პარლამენტარი, თვით უზენაესი საბჭოს წევრიც კი, აკაკი ბობოხიძე – 1 მილიონი; პარლამენტარი აკაკი ზოიძე – 1 მილიონი.
სია არასრულია და ეყრდნობა მხოლოდ ზემოჩამოთვლილ საჯარო პირთა მიერ საკუთარი ხელით შევსებულ საფინანსო-ქონებრივ დეკლარაციებს. ჩემი მხრიდან კი, დავამატებ საკუთარ დაკვირვებას (რაკი წლებია, ვწერ საჯარო პირთა ქონებრივი შეძლების შესახებ), რომ, როგორც წესი, დიდი სხვაობაა საჯარო სამსახურის დაწყებამდე და მის შემდეგ ქონებისა და შემოსავლების ოდენობას შორის (და ეს ტენდენცია სტაბილურია მას შემდეგ, რაც საჯარო პირები კანონმა დაავალდებულა, შეევსოთ დეკლარაციები). ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ არავინ ამოწმებს საჯარო პირთა მიერ დეკლარაციებში წარმოდგენილი ფაქტების სიზუსტეს, არ არის გამორიცხული, მათი რეალური ქონებისა და შემოსავლების ოდენობა გაცილებით მეტიც იყოს. აქვე დავძენ, რომ მარეგულირებელი კომისიების წევრები (მოქმედებიც და ყოფილებიც) ავტომატურად მილიონერები ბრძანდებიან, უბრალოდ მათი წლიური ხელფასის ოდენობიდან გამომდინარე.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ პოლიტიკისადმი სწრაფვა გამდიდრების მოტივითაა ნაკარნახები, ხოლო უკვე გამდიდრებულები კი, თავიანთი ქონების დაცვას ცდილობენ? ერთი სიტყვით, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მავანთა ჩართვის მოტივებსა და მიზნებზე ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– თუკი ადრე პოლიტიკიდან მიდიოდნენ გამდიდრებულები და ამის მაგალითი ბევრია შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობების პერიოდში, ახლა დაემატა ახალი მიმართულება: ბიზნესიდან მასობრივად მიდიან პოლიტიკაში. რა არის ამ ადამიანების მოტივი, როდესაც, ფაქტობრივად, არ იღებენ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრება-მართვაში, მაგრამ სტატუსით არიან პოლიტიკოსები?
– კვლევა არ ჩატარებულა მათ მოტივაციაზე და ამიტომ უფლება არ მაქვს, ისეთ რამეზე ვილაპარაკო, რაც ფაქტოლოგიურია, ანუ ფაქტებით დასტურდება. მე შემიძლია, ჩემი შეხედულება გამოვთქვა, რომელსაც ასპროცენტიან რეალობად ვერ გავასაღებ. სავარაუდოდ, მათი მოქმედების სფერო არალეგალური ბიზნესია, მათ აქვთ ფულის შემოსვლის არხი, მაგრამ ამ ფულის წყარო არსად ჩანს. თუმცა შემდეგ ფულით უკვე მარტივია უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა. ფულს, ალბათ, შოულობენ რაღაც ბიზნესით, რომელიც შეიძლება, იყოს არალეგალური ან ნახევრად არალეგალური. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ბიზნესს ეწევა, მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე, მილიონერი ვერასდროს გახდება. თუმცა შესაძლოა, იყიდოს სახლი ან მანქანა, ანუ ამ ტიპის ბიზნესსაქმიანობა არის საშუალო კლასის სამჭედლო და არა მილიონერების. ანუ ელიავას ბაზრობაზე მილიონერები ვერ „გამოცხვებიან“. ამისთვის არსებობს რაღაც ფარული გზა, ოღონდ მე არ ვიცი, როგორია ეს ფარული გზა, რომ ვიცოდე, მეც გავხდებოდი მილიონერი. ეს რაც შეეხებოდა გამდიდრების საშუალებებს. მკითხეთ, რატომ მიდიან ეს ადამიანები პოლიტიკაშიო, იმიტომ რომ, თავიანთი მილიონები შეინახონ და ცოტა წაუმატონ. ცხადია, არა იმ 3 000 თუ 4 000-ლარიანი ხელფასებით, მათ ეყოლებათ ახალი „დასაკრიშები“. მათ გააკეთებინებენ ფულს და თვითონაც გააკეთებენ. ანუ თავისებურად არალეგალური ინვესტორები ხდებიან, ოღონდ თავიანთი ავტორიტეტით და არა რეალური ფულით.
– რატომ არ იღებენ ხმას? ყასიდად მაინც თქვან რამე, რომ შექმნან ილუზია, თითქოს პოლიტიკურ ცხოვრებაში იღებენ მონაწილეობას?
– ისინი ვერაფერს მოიმოქმედებენ პარლამენტში ან ქვეყნის სასიკეთოდ, ისინი პასიურები უნდა იყვნენ, რადგან აქტიურობით ყურადღებას მიიქცევენ. მართალია, დეკლარაციები შეავსეს, მაგრამ ამაზე მაინც არავინ ლაპარაკობს, არცერთ სატელევიზიო შოუს ეს არ აინტერესებს, მაგრამ, როგორც კი აქტივობას დაიწყებენ, მათ ერთი მხრიდან დაარტყამს მოპირისპირე ძალა და მეორე მხრიდან – ჟურნალიზმი, ბოლოს კი, შეიძლება, პროკურატურა დაინტერსდეს მათი საქმიანობით. ამდენად, მათთვის ხელსაყრელი არ არის აქტიურობა და აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან. ეს წინასწარ მოფიქრებული სცენარია.
– აკაკი ბობოხიძეს კახეთში აქვს 45 კვადრატული კილომეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულეის მიწის ნაკვეთი, არადა სულ სახელმწიფო სამსახურშია, თვით უზენაესი საბჭოს დეპუტატობიდან მოყოლებული.
– დიახ. მაგალითად, აკაკი ბობოხიძემ თავისი ცხოვრებით აჩვენა, რომ პარლამენტი არის ფულის შოვნის ორგანო.
– უხერხული არ არის, რომ ეს ადამიანები იღებენ ხელფასს ბიუჯეტიდან, არადა მათი შემოსავლები გაცილებით მეტია. მეორე მხრივ, მათთვის მოტივი არ არის არც ხელფასი და არც პოლიტიკური აქტივობა ან პოლიტიკური აქტივობა ვიღაცის დაკვეთით?
– თავის დროზე იყო მსჯელობა, რომ საჯარო მოხელეებისთვის დაენიშნათ მაღალი ხელფასი, რომ მათ გვერდზე არ გაეხედათ და შემოსავლის უკანონო წყაროზე არ ეფიქრათ, მაგრამ ეს აღმოჩნდა ტყუილი. ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი მაინც იყურებოდნენ გვერდზე და მილიონები გააკეთეს. ფინანსებით უზრუნველყოფილი ადამიანი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ვერ გააკეთებს და ვერც აქტიური იქნება, იმიტომ რომ, მილიონერი ძალაუნებურად კონფორმისტია. მან თავი უნდა დააქნიოს ყველაფერზე, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, მას იმ მილიონებს „დააწერენ“ და სად მიაბრძანებენ, ღმერთმა უწყის.
– ეს არ აზიანებს ქვეყანას? ამ ტიპის ადამიანი შეძლებს, ქვეყნისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს? გაიგებს ქვეყნის პრობლემებს?
– ვერ გაიგებს ან რაში სჭირდება ამის გაგება?! ის იმისთვის კი არ არის მოსული ხელისუფლებაში, რომ სახელმწიფოს გაჭირვება გაიგოს, ის მისულია თავისი ფულის შესანახად. ჩვენ გვგონია, რომ ისინი მაღალი იდეალებით ცხოვრობენ, არადა ეს მათ არ აინტერესებთ. საერთოდ, თვითშენახვის ინსტინქტი ძალიან ძლიერია ცოცხალ ორგანიზმებში. ორი ინსტინქტი აქვთ ადამიანებსა და ცოცხალ ორგანიზმებს: ერთია თავისი თავის შენახვის და, მეორე, გვარის გაგრძელების. მაგრამ ეს შემდეგ ვრცელდება ფულზე, იმ გაგებით, რომ მეტაფორულად ფულიც ორგანიზმია: თუ ის არსებობს, მას სჭირდება მოვლა, შენახვა, რომ არ დაიკარგოს და, მეტიც, გამრავლება, რომ უფრო მეტი გახდეს. ეს უბიძგებს ბიზნესმენს, რომ ეს ორი რამ გააკეთოს ფულისთვის: შეინახოს და გაამრავლოს. სწორედ ამის საშუალებაა პარლამენტი, იმიტომ რომ, არსებობს საპარლამენტო იმუნიტეტი და ბევრი სიკეთე, რაც მას ეხმარება ფულის შენახვაში. მაგალითად, ოფშორულ ზონაში გაიტანს, იქ დააბანდებს და უფრო მეტ ფულს გააკეთებს. გამრავლების საშუალებაც ბევრი აქვს: ვიღაცის ბიზნესის „კრიშა“ იქნება და სხვა ბიზნესებსაც შეიერთებს, ვიღაცას ტენდერში მოაგებინებს და ფულს ჩაიდებს ჯიბეში.
– ეს ხომ ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ასე უბრალოდ ვერ შეიქმნება?
– მას ეს არ აინტერესებს? ეს არის თქვენი, როგორც ჟურნალისტის ლუკმა, იმ გაგებით, რომ გააკრიტიკოთ ისინი, ამაში იღებთ თქვენ ხელფასს.
– მე მათ ვაკრიტიკებ იმიტომ კი არა, რომ მშურს მათი ქონებისა და კონფორმიზმის, იმიტომ ვაკრიტიკებ, რომ ეს ვნებს ჩემს სახელმწიფოს და მვნებს მეც.
– თქვენ, როგორც პროფესიონალი, ხელფასს იღებთ კრიტიკაში, მხილებაში. ის კიდევ ფულს აკეთებს სხვანაირად, ანუ თქვენ თქვენსას იგებთ, ის – თავისას. საბოლოოდ, ყველა მოგებული რჩება. ვხუმრობ, მაგრამ ამით არსი არ იცვლება.
– ყველა მოგებული რჩება, გარდა სახელმწიფოსი.
– სახელმწიფო არის ფიქცია. უაზრო ფორმულა შემოიტანა შევარდნაძემ: ისწავლეთ სახელმწიფოებრივი აზროვნებაო. არადა უნდა ისწავლო ჰუმანური აზროვნება. სახელმწიფო არის ინდივიდის რეპრესირების მექანიზმი. სახელმწიფო არის ჯალათი და ყველა სახელმწიფო ბოჭავს ინდივიდს და არ არის ორიენტირებული მის თვითრეალიზაციასა და განვითარებაზე, ამიტომ სახელმწიფოებრივი აზროვნება კი არ არის მთავარი, არამედ ჰუმანური აზროვნება. ადამიანი კი არ უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანისთვის. სახელმწიფო აპარატი ისე უნდა მოეწყოს, რომ ადამიანებს ემსახურონ და არა ისე, რომ ადამიანები ემსახურონ სახელმწიფოს.
იმასაც კი ვფიქრობ ხოლმე, ჯარისკაცები რომ სწირავენ თავს, ამით ხომ საჯარო მოხელეები ხეირობენ?! და რისთვის სწირავენ ისინი თავს, რომ კვირიკაშვილი იყოს პრემიერ-მინისტრი ან „გირჩის“ კლიენტმა ჯაფარიძემ პოლიტიკა აწარმოოს?! რას შესწირეს მათ თავი?! თავის მრწამსს, რადგან სახელმწიფო არის აპარატი და აპარატის მუშაკები, ანუ სახელმწიფო ეს არ არის ხალხი. სახელმწიფო არის აპარატი და ეს აპარატი ითხოვს რჩენას. მათ არჩენენ ადამიანები, რადგან იხდიან გადასახადებს.
– გადასახადებს რომ იხდიან, იმიტომაც არსებობს პოლიცია, რომელიც კრიმინალისგან იცავს და ასე შემდეგ.
– ხალხი არჩენს მოხელეთა კლასს, მაგრამ ისინი ამას არ სჯერდებიან, ამიტომაც ბიზნესებს მფარველობენ ან უბრალოდ არეკეტებენ, ანუ რაღაც ისეთს აკეთებენ, რაც მათ ფულს აშოვნინებს. საჯარო სამსახური ფულის კეთების საშუალებად იქცა.
– ევროპაშიც და აშშ-შიც კანონი მას შემდეგ გახდა უზენაესი, როდესაც მდიდარი ადამიანები მიხვდნენ, რომ, თუ კანონი არ იკანონებდა, ისინიც დაუცველები იქნებოდნენ და მათი ქონებაც.
– არა მარტო მიხვდნენ, მდიდარმა ადამიანებმა ირწმუნეს, რომ ყველაზე ფასეული მაინც სამართლიანობაა, ანუ მათ რეალობად აქციეს ეს თავიანთი მრწამსი. ჩვენთან კი ასეთი ადამიანების დეფიციტია. ჰუმანიზმისა და კეთილშობილების დეფიციტია; გაბატონებულია უხამსობა, ერთმანეთის სიძულვილი და ამას ემატება ახალგაზრდებს შორის გაბატონებული საკუთარი დედის დაგინებები. ასეთ ქვეყანას რა უნდა მოსთხოვო?! მდიდრები ასეთები არიან. ისინი იმ ტიპის კლიენტები არიან, რომლებიც არც მორალს ცნობენ და არც უმაღლეს ღირებულებებს. ისინი არიან კარგად ჩაცმული, დაბანილ-დავარცხნილი ისეთი ბიოლოგიური არსებები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი ინსტინქტი: რაც შეიძლება, მეტი ფული მოიხვეჭონ და, იმავდროულად, თავისებური მათხოვრები არიან. იმ თვალსაზრისით, რომ სულ ეხვეწებიან ხალხს, ხმა მომეცითო. მათ მიერ დაპირებების გაცემა არის მათხოვრობა, სხვა არაფერი. შემსრულებელი რომ არ ხარ და ჰპირდები, ანუ ატყუებ, მათხოვარს ჰგავხარ. მათხოვარიც იმავეს აკეთებს, ოღონდ, სხვათა შორის, მათხოვარი უფრო კეთილშობილია, ის არაფერს გპირდება.
– მხოლოდ გატყუებს მცირეოდენი ფულის სანაცვლოდ.
– შეგაცოდებს თავს, რომ ფული მისცე და ესაა მისი ხელობა. საჯარო პირი კი ითხოვს ხმას, დაპირებებს გაძლევს და არ ასრულებს, ანუ ავაზაკია. როდესაც დაჰპირდები ადამიანს იმას, რასაც იცი, რომ ვერ შეუსრულებ და ხმას მოაცემინებ, ანუ მოატყუებ და ისიც თავს მოგატყუებინებს, ფაქტია, რომ მათხოვარი პოლიტიკოსზე გაცილებით კეთილშობილია.