№31 თათია სამხარაძე: „ჩემთვის შეურაცხმყოფელია განცხადება, რომ მათ რამიშვილის მოშორება უნდოდათ და მე ამისთვის გამომიყენეს“
თითქმის ერთი წლის წინ თათია სამხარაძემ საზოგადოების წინაშე ღიად დასდო ბრალი შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების მცდელობაში, რასაც რამიშვილი კატეგორიულად უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე თვეა, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს განაჩენს მოსამართლე. თათია სამხარაძემ ერთწლიანი დუმილი დაარღვია და ჩვენთან ისაუბრა ამ ფაქტსა და შემდგომ მის ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებზე.
თათია სამხარაძე: ყველაფერი ტელეკომპანია „იმედში,“ შალვა რამიშვილის „პროდაქშენში“ მუშაობის დროს დაიწყო. ის ამზადებდა გასართობ გადაცემებს, რომლის მონაწილე მეც ვიყავი. ერთ საღამოს სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, შალვამ მითხრა, რომ ჩემგან ინტიმურ ურთიერთობას ითხოვდა, კარიერის სანაცვლოდ. თუ არადა, გამიშვებდა სამსახურიდან და გამოიყენებდა ყველა გავლენას იმისთვის, რომ სატელევიზიო სივრცეს დავმშვიდობებოდი. პასუხი არ გამიცია, სამსახურიდან წამოვედი და მეორე დღეს აღარ მივსულვარ.
– თუ მეორე შეთავაზების შემდეგ წამოხვედი? როგორც მახსოვს, ამბობდი, რომ რამდენჯერმე გითხრა მსგავსი რამ.
– პირველად ამას ულტიმატუმის სახე არ ჰქონდა. იყო მხოლოდ მინიშნებები ინტიმური ურთიერთობისკენ და ვცადე, რაღაცნაირად თავი ამერიდებინა. მაშინაც ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არ მივედი სამსახურში. დამირეკა და ვუთხარი, რომ ამ შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ, მისვლა არ მინდოდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე დამირეკა და მთხოვა, მივსულიყავი და გველაპარაკა, მივედი. ოჯახს და შვილებს იფიცებდა, რომ ასეთ „ნამიოკებს“ და უსიამოვნო საუბრებს ადგილი აღარ ექნებოდა. თუმცა, შემდეგ, რამდენიმე ხანში, როცა ეს თემა ულტიმატუმის სახით წამომიყენა, სამსახური დავტოვე. ზარებზე აღარ ვპასუხობდი და გადავწყვიტე, სასამართლოში წავსულიყავი ჩემი უფლებების დასაცავად.
– ამ პერიოდის განმავლობაში შეხვდით შენ და შალვა ერთმანეთს?
– ერთხელ შევხვდით სასამართლო დარბაზში. ემოციურად ძალიან რთული შეხვედრა იყო. ორივემ ჩვენ-ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ერთმანეთში დიალოგი არ გვქონია. რომც გვქონოდა, ყველანაირად ვეცდებოდი, ამისთვის თავი ამერიდებინა. მხოლოდ ჩვენი იურიდიული წარმომადგენლები კონტაქტობენ პროცესისთვის საჭირო საკითხებზე.
– როცა შენ მისი მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე დაიწყე საუბარი, თქვი ისიც, რომ სარგებლობდა შენი მდგომარეობით. კერძოდ, იმ ფაქტით, რომ მეუღლეს დაშორდი და მატერიალურად სამსახურზე იყავი მთლიანად დამოკიდებული.
– პრინციპში, ყველაზე ხელსაყრელი მომენტი შეარჩია, ახალი გაშორებული ვიყავი მეუღლეს და ფინანსურად მთლიანად სამსახურზე ვიყავი დამოკიდებული. ამით სცადა მანიპულირება, რაც არ გამოუვიდა.
– თუმცა, მე მახსოვს ამ ამბებამდე შენთან ჩაწერილი ინტერვიუც, სადაც ამბობდი, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ, შალვა რამიშვილი განსაკუთრებულად დაგიდგა გვერდში.
– მეუღლესთან დაშორების შემდეგ, თითქმის ორი კვირა სამსახურში არ დავდიოდი. იმ პერიოდში ნამდვილად მირეკავდა და ინტერესდებოდა ჩემი მდგომარეობით. თუმცა, ეს იყო სუფთა სამსახურებრივი ინტერესი, რომ მე ფარ-ხმალი არ დამეყარა და სამსახურიდან არ წავსულიყავი. როგორც აღმოჩნდა, სინამდვილეში ჩემს ამბებზე კი არ შესტკიოდა გული, პირიქით, ეს მდგომარეობა მის წისქვილზე ასხამდა წყალს. როცა მიხვდა, რომ უკვე ფინანსურად სამსახურზე ვიყავი დამოკიდებული, ვაპირებდი სატელევიზიო კარიერის გაგრძელებას, საუბარი იყო დამატებით პროექტებზე და მაშინ დაიწყო სექსუალური შევიწროების მცდელობები.
– ამ ამბის გაჟღერებას დიდი ამბავი მოჰყვა. ბევრმა მხარდაჭერა გამოგიცხადა, თუმცა, იყო უარყოფითი კომენტარებიც. როგორ გრძნობდი ამ დროს თავს?
– როცა ტრადიციულ საზოგადოებაში ხარ გაზრდილი და მით უმეტეს, როცა ტრადიციული ოჯახი გაქვს, ძალიან რთულია, გადაუხვიო თავდაცვის იმ ტრადიციულ ბერკეტებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია მიღებული. ბევრი კომენტარი წავიკითხე შემდეგი შინაარსით: რატომ არ გაუსწორდა ჩემი ოჯახის რომელიმე მამრი ფიზიკურად შალვა რამიშვილს?! თითქოს ეს გამოსავალი იქნებოდა. სინამდვილეში, ეს იქნებოდა შურისძიება ძალადობრივი მეთოდებით, რომელსაც მე მხარს არ ვუჭერ. ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც კანონი უნდა იცავდეს ყველა ადამიანს და მე ავირჩიე სამართლებრივი მხარე, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ისევ ტრადიციული საზოგადოებისგან. თუმცა, იყვნენ მხარდამჭერებიც და მათ დიდი მადლობა, რადგან იმ სტრესულ სიტუაციაში, როცა მთელი საქართველოს განსახილველი გავხდი, ამ ადამიანების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვისაც არ ესმის, რატომ წავედი ამ გზით, მას ვეტყვი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი გოგო მეკონტაქტება. არ წყდება წერილები, მწერენ, რომ სამსახურში ძალიან ხშირად გამხდარან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი. უფროსები ქალებისგან, სამსახურის ან დაწინაურების სანაცვლოდ ინტიმურ ურთიერთობას ითხოვენ. თუმცა, ამაზე აქამდე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. შალვას რაც შეეხება, მის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა ქალებისადმიც ჰქონია მას ანალოგიური შეთავაზება და ამას აკეთებდა სისტემატურად. მას მარტო ჩემ წინააღმდეგ არ გამოუყენებია ეს მექანიზმი. თუმცა, სხვებს ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სურთ და მათ ნაცვლად, ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, ვადასტურებ, რომ ასეთი ბევრი გამომეხმაურა. სექსუალური შევიწროება დანაშაულია და ჩვენ ამ მხრივ საგანგაშო სტატისტიკა გვაქვს. ამიტომ დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებლად უნდა შევიდეს ძალაში და ის ქალები გათავისუფლდნენ.
– ბევრმა მოგნათლა „სკანდალისტკა გოგოდ“, რომელიც შალვასთვის რაღაცის დაშავებას ცდილობდა.
– ეს არ არის სკანდალი. ეს არის მცდელობა, დაიცვა საკუთარი უფლებები. როდესაც სამსახურში სექსუალურად გავიწროებენ, შენ უნდა გიცავდეს კანონი. რას დაწერს პეტრე, პავლე და ივანე სოციალურ ქსელში, ეს არ არის მნიშვნელოვანი. როცა საზოგადოების დიდი ნაწილი გამოდის შენ წინააღმდეგ, არ ესმით ამბის არსი და ამ ყველაფერს „სექსუალურ სკანდალად“ ნათლავენ, ეს არასწორია. ეს მათ გაუნათლებლობაზე მიუთითებს.
– თუმცა, რამიშვილის თქმით, შენ „იმედის“ დირექციამ მის თავიდან მოსაშორებლად გამოგიყენა.
– ეს იყო მცდელობა, საკუთარი ამორალური საქციელიდან ყურადღება გადაეტანა გამოგონილ ფაქტებზე, რომელიც არ არსებობს. თუ არსებობს, სასამართლოში დაამტკიცოს. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ჩემსა და „იმედის“ ხელმძღვანელობას შორის, არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა შალვა რამიშვილის მოშორებასთან დაკავშირებით. ჩემთვის შეურაცხმყოფელია განცხადება, რომ მათ რამიშვილის მოშორება უნდოდათ და მე ამისთვის გამომიყენეს.
– თუმცა, მანამდე ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა რამიშვილთანაც და მის მეუღლესთანაც.
– კი, შალვას ცოლთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. ამას არ უარვყოფ. არა მხოლოდ მის ცოლთან, მის შვილებთანაც. სახლშიც ვარ მათთან სტუმრად ნამყოფი. ვიცნობ მის ცოლისძმას, სიდედრს, სიმამრს, პირველ ცოლს და ყველას. ჩვენ არ გვაკავშირებდა ერთთვიანი თანამშრომლობა, წლები ვმუშაობდით ერთად. ანალოგიურად, ისიც იცნობდა ჩემი ოჯახის წევრებს.
არ ვიცი, ამაზე რთული რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში, ოჯახის წევრის დაკარგვის გარდა, როდესაც ნახევარი საქართველო გლანძღავს და ბევრი კარი იხურება შენ ცხვირწინ, იმიტომ რომ, შენ საზოგადოებაში აღგიქვამენ, როგორც „სექსუალურ სკანდალისტს“. ეტყობა, არ გვესმის სექსუალური სკანდალის დეფინიცია და საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლისგან ვერ ვასხვავებთ. ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ბევრი კარი დაიხურა ზუსტად ამ შემთხვევის გამო. რაც შეეხება ჩემ მიმართ უარყოფით კომენტარებს, ვცდილობდი, არ წამეკითხა, უფრო მეტად რომ არ დამძიმებულიყო ჩემი ემოციური მდგომარეობა. რთულია, როცა საკუთარ თავზე ამდენ ბინძურ და მოგონილ ჭორს იგებ. რამდენიმე თვე დამჭირდა რეაბილიტაციისთვის და იმ ტრავმიდან გამოსასვლელად, რა მდგომარეობაშიც ამ ამბების შემდეგ აღმოვჩნდი ფსიქოლოგიურად. ვესწრებოდი ფსიქოლოგთან სეანსებს და დღემდე ვესწრები, რაც ძალიან მეხმარება, მყარად დავდგე მიწაზე და გავაგრძელო ის ბრძოლა, რომელშიც ჩავერთე. ეს დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ტრავმები რაღაცნაირად ჩემს ფსიქიკას გადაეხარშა. არავის ვუსურვებ მსგავს რამეს, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ფსიქოლოგიურად გადახარშვა. მაგრამ, ვიცი, არსებობენ ქალები, რომელებიც დღესაც ამ მდგომარეობაში არიან და მინდა, ჩემი საუბრით მათ დავეხმარო. ჩემთვის გაუგებარია დუმილი ამ თემაზე. საზოგადოებისგან იყო მოწოდება, რომ უნდა გავჩუმებულიყავი და სახლში წავსულიყავი, რადგან თურმე, ამ თემაზე ლაპარაკი სირცხვილია. სირცხვილი ამაზე ლაპარაკი კი არა, ისაა, როცა შენგან ცდილობენ რაღაცის მიღებას მუქარისა და ულტიმატუმის გზით.
– ამ თვეების განმავლობაში სად იყავი, რას საქმიანობდი?
– „იმედის“ შემდეგ „მაესტროში“ ვმუშაობდი. შემდეგ ვაკაჭისთან ერთად ვაკეთებდი „ვაკაჭინიუსს“. თუმცა, მანამდე, საკმაოდ დიდხანს ვცდილობდი სამსახურის შოვნას არასატელევიზიო სფეროში და ყველა გასაუბრებაზე, მთავარი მიზეზი, რატომაც სამსახურში არ ამიყვანეს, იყო აზრი, რომ „ამას საზოგადოება აღიქვამს, როგორც სექსუალურ სკანდალს.” ყველა ცდილობს მეტ-ნაკლებად სექსუალური სკანდალისგან დისტანცირებას. გასაუბრებებზე პირველი შეკითხვა იყო, როგორ მიდის სასამართლო პროცესი?! „იმედშიც“ მინდოდა დაბრუნება. რამდენიმე საპილოტე ვერსიაც ჩავწერეთ, მაგრამ თანამშრომლობა არ შედგა. თუმცა, მიზეზი მათ უნდა ჰკითხოთ. ოთხი თვის წინ ჩემი და „მაესტროს“ თანამშრომლობაც დამთავრდა, რადგან რეორგანიზების შედეგად, ბევრი თანამშრომელი, განსაკუთრებით გასართობი პროგრამებიდან და მათ შორის მეც, დამითხოვეს. ეს იყო აპრილში. მას შემდეგ ვცდილობ, კონცენტრაცია განათლებაზე გავაკეთო. მინდა, მაგისტრატურაში ჩავაბარო უცხოეთში. კომუნიკაციების განხრით ვაპირებ ამერიკის ერთ-ერთ ძალიან კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებას და იმედია, ყველაფერი გამომივა. შეიძლება, მომიწიოს სასწავლებლად საქართველოდან წასვლა, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები.