კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 სანდრო საათაშვილი: „აღმოჩნდა, რომ ძლიერია ჩვენი ქვეყანა. ვაჯობეთ საფრანგეთს, გერმანიას, მოგვიწია ჩინეთთან და ამერიკასთან გამკლავება“

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რიო-დე-ჟანეიროში წარმატება მოიპოვა. გუნდის ექვსივე წევრმა აიღო მედალი – ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ნიჭიერმა ახალგაზრდებმა გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილი დაიკავეს 112 ქვეყანას შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია სანდრო საათაშვილის შედეგი, რომელიც შინ ოქროს მედლით დაბრუნდა.
სანდრო საათაშვილი:
ზოგადად, საერთაშორისო ოლიმპიადები ტარდება ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკაში, ინფორმატიკასა და მათემატიკაში. ყოველ შემთხვევაში, საქართველო მხოლოდ ამ საგნებში იღებს მონაწილეობას. ყველაზე უფრო დიდი და პრესტიჟულია მათემატიკის ოლიმპიადა, რომელიც უკვე 52-ჯერ ჩატარდა. წელს მასში მონაწილეობა 112-მა ქვეყანამ მიიღო, ჯამში, 615 მონაწილე იყო. საქართველო პირველად, ამ ოლიმპიადაზე 1993 წელს გავიდა. წელს, 6-კაციანი ჯგუფი იყო წასული.
– აღნიშნულ ოლიმპიადაზე მერამდენედ მიიღე მონაწილეობა? შედეგით კმაყოფილი ხარ?
– ჩემთვის მესამე იყო. ორჯერ ბრინჯაო ავიღე და წელს ოქრო მოვიპოვე. აბსოლუტურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავედი. კმაყოფილი ვარ. შეიძლებოდა, უკეთ დაწერაც, მაგრამ, ობიექტურად რომ გითხრათ, ეს შედეგიც ძალიან კარგია. არცერთი ამოცანა არ ჩამიგდია.
– როგორი კონკურენცია იყო წელს და რამდენად სტრესულია გარემო?
–  სერიოზული კონკურენციაა. მონაწილეობას იღებს ყველა ქვეყნის საუკეთესო ბავშვი. მომზადების მხრივაც, ისინი უფრო კარგად არიან მომზადებულები. ჩვენ მოგვიწია ჩინეთთან და ამერიკასთან  გამკლავება, რომლებსაც ჩვენზე ბევრად მეტი მოსახლეობა ჰყავთ. შესაბამისად, თავად ქვეყანაშიც მაღალია კონკურენციის დონეს, რაც მომზადების ხარისხს ზრდის.  რა თქმა უნდა, სტრესული გარემოცაა. თან, ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდა. ყოველ წელს გვეგონა, რომ უკეთესი შედეგი გვექნებოდა. წელს ყველა ბავშვმა ძალიან კარგად დაწერა. ჩვენმა ნაკრებმა პირველად შეძლო, რომ ორივე სირთულის, როგორც მარტივი, ასევე რთული ამოცანები გაეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ ძლიერია ჩვენი ქვეყანა – ვაჯობეთ საფრანგეთს, გერმანიას, რუმინეთს, უკრაინას.
– საქართველოში კონკურენცია არ არის? რა ეტაპი უნდა გაიარო, რომ საერთაშორისო ოლიმპიადაზე მოხვდე?
საქართველოში კონკურენცია ისეთი მაღალი არაა, როგორიც იქ. ჩვენთან ტარდება ეროვნული ოლიმპიადა, რომელიც ძალიან რთული ამოცანებით არ გამოირჩევა. თუმცა, მარტივიც არაა.  საქართველოს, მოსახლეობიდან გამომდინარე, არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ბევრმა ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა. საჭიროა წინა შესარჩევი ტურის გავლა და ნაკრებში მოხვედრა. ერთი ქვეყნიდან 6 მონაწილე უნდა წარდგეს. წინა შესარჩევი ტური იმ ოლიმპიადასთან ახლოსაც არაა. თუმცა, ჩვენი მწვრთნელები ყოველთვის ცდილობენ, ისეთი ამოცანები მოიტანონ, რომ მაქსიმალურად გამოკვეთონ ის 6 ბავშვი. ჯამში, შესარჩევ ტურზე შეიძლება, 20 კაცამდე გამოცხადდეს, რაც საქართველოსთვის ბევრია თუ ცოტა, არ ვიცი.
– საერთაშორისო ოლიმპიადაზე რა სირთულის ამოცანები მოდის? დრო რამდენი გაქვთ?
– ძალიან რთული, თუმცა ლამაზი. წელს  იყო ამოცანა უჩინარ კურდღელსა და მონადირეზე, რომელსაც იმდენად ლამაზი პირობა ჰქონდა, უბრალო მსმენელისთვისაც სასიამოვნო იყო. უჩინარი კურდღელი დარბის და მონადირემ უნდა დაიჭიროს, რომელსაც აქვს დეტექტორი. დაიჭერს თუ არა მონადირე კურდღელს, ეს იყო შეკითხვა. ორი დღე გრძელდება ოლიმპიადა, სულ 6 ამოცანაა. პირველ დღეს სამი მოდის, მეორე დღესაც – სამი. დრო გვაქვს 4-საათნახევარი.
– როდის დაიწყე ოლიმპიადებში მონაწილეობა?
პირველ ოლიმპიადაზე მე-5 კლასში  გავედი, სადაც ათეულში მოვხვდი. მომდევნო წელს, პირველი ადგილი დავიკავე. თუმცა, იმ პერიოდში, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ ყოველივეს. ერთი ის იყო, რომ მათემატიკა ძალიან კარგად გამომდიოდა. „კომაროვში” გადმოსვლის შემდეგ, უფრო სერიოზული სახე მიეცა ჩემს ოლიმპიადებზე გასვლას. როცა ამ სკოლაში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, ვიცოდი, რომ შედარებით ძლიერი ბავშვები დამხვდებოდნენ. თუმცა, იმასაც არ ვფიქრობდი, რომ ჩემზე უკეთესები იქნებოდნენ, ან პირიქით. მე-7 კლასში დაგვიანებით გავიარე რეგისტრაცია და ბოლო ტურამდე ისე მივედი, დიაგონალი არ ვიცოდი, რა იყო. ერთი წლის შემდეგ, ეს ოლიმპიადა მოვიგე. რაც შეეხება საერთაშორისო ოლიმპიადას, მანდ ჩემი გასვლა და წარმატებები მე-9 კლასის ბოლოს დაიწყო, როცა საშუალება მომეცა, შესარჩევ ტურზე გავსულიყავი.  გავემგზავრე ყაზახეთში, სადაც ბრინჯაო ავიღე, თუმცა უკმაყოფილო ვიყავი. მედალს არ აქვს იმხელა მნიშვნელობა. მთავარია, იცი, რისი შესაძლებლობა გაქვს. არ ვიყავი კარგად მომზადებული. სხვა ბავშვები უფრო კარგი ნამეცადინები იყვნენ. ამის შემდეგ დავიწყე კარგად მეცადინეობა, მანამდე ცოტას ვზარმაცობდი. ამოცანები ხომ სხვადასხვა სირთულისაა, მე მაღალი დონისას არ ვეკარებოდი. სკოლაში დავდიოდი წრეებზე და რასაც იქ ვსწავლობდი, სულ ეგ იყო. დამატებით ჩემით, არაფერს ვაკეთებდი. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური დონე მქონდა, მაშინ ოლიმპიადაზე ერთი ძალიან ცუდი შეცდომა დავუშვი. ნერვიულობის გამო სისულელეები გავაკეთე, ერთიანის მიწერა დამავიწყდა და პასუხი ვერ მივიღე. ვიცოდი, ვერცხლს ავიღებდი, თუმცა გადმომცეს ბრინჯაო, რაც მეწყინა. როცა მე-11 კლასში ვიყავი და გავემგზავრე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ჩაგდება მქონდა. მაშინაც ბრინჯაო მოვიპოვე. არადა, ვერცხლსა და ოქროს შორის ვიყავი. ბრინჯაოზე გათვლა არც გვქონია. ძალიან უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით. სწორედ ამ ოლიმპიადამ მომცა დიდი სტიმული და უფრო სერიოზულ ამოცანებზე დავიწყე მუშაობა, რათა შედეგი გამეუმჯობესებინა.
– გარდა მათემატიკისა, ალბათ, ფსიქოლოგიურადაც გჭირდებათ მომზადება, როცა მსგავს ოლიმპიადაზე მიდიხართ.
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომენტს. თუმცა, ფსიქოლოგთან კონსულტაციების არ მჯერა და არ მგონია, ეგ რაიმეს შველოდეს. წელს მთავარი, რაც იყო, გამოცდილება მქონდა და კარგადაც ვიყავი მომზადებული. ორჯერ უკვე ჩავაგდე ეს ოლიმპიადა და მესამედ ვიცოდი, იგივე აღარ უნდა გამეკეთებინა. თან, წინა ოლიმპიადების დროს, ვერ ვიძინებდი, თვითმფრინავშიც არ მეძინა. წელს მოვახერხე დასვენებაც, არ ვინერვიულე და შედეგიც მივიღე.
– ტექნიკური საგნების მიმართ ბავშვობიდან გქონდა ინტერესი?
მათემატიკა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ კომაროვში გადმოსვლამდე, ჩვეულებრივად ვიყავი. მშობლებისგან ვიცი, რომ თვლა ძალიან სწრაფად ვისწავლე, ასევე, მიმატება-გამოკლება და საკმაოდ პატარა ასაკში, დიდ რიცხვებზეც ვანგარიშობდი. თუმცა, ეს არაფერია, ბევრ ბავშვს აქვს მსგავსი ნიჭი. ძირითადი განსხვავება დაიწყო მაღალ კლასებში. ჩემს თავს რომ ვუყურებ, სერიოზული ცვლილებები განვიცადე მე-9, მე-10 კლასში, რასაც ოლიმპიადებს ვუკავშირებ. როცა მსგავს კონკურსში მონაწილეობ, აზროვნების მხრივ იზრდები და არა ცოდნის. ბევრ რამეს გძენს, უფრო მეტს ფიქრობ და სხვა პიროვნებად ყალიბდები. დღეს უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე ადრე და ბევრად დაკვირვებულიც გავხდი.  
– წელს სკოლაც დაამთავრე, სად და რა მიმართულებით აპირებ სწავლის გაგრძელებას?
– წელს საერთაშორისო ოლიმპიადაზე არ მინდოდა რამეს ხელი შეეშალა. ამიტომ, დროებით ყველაფერი გადავდე. უცხოეთში სწავლაზე მეტად, ეს მედალი მინდოდა – ჩემი მიზანი სწორედ ეს იყო.  შესაბამისად, წელს ჩაბარება არ ყოფილა ჩემს გეგმებში. ისე, მათემატიკას გავაგრძელებ და უცხოეთის რომელიმე უნივერსიტეტში გავგზავნი CV-ს. წელს ალბათ, ჯავახიშვილში გავაგრძელებ სწავლას. ამერიკის უნივერსიტეტში, ამ ოქროს მედლით CV მყოფნის, მთავარია გამოცდები ჩავაბრო, თუმცა 100-პროცენტიან გარანტიას ესეც არ მაძლევს. შეიძლება CV სხვაზე უკეთესი მქონდეს, მაგრამ  არ მიმიღონ. სიმართლე გითხრათ, დიდად მინდა უცხოეთში წასვლა-მეთქი, არა. სასიამოვნო იქნება, მაგრამ ვნახოთ.
– რამდენი საათი მეცადინეობ დღეში?
– ბოლო წლის განმავლობაში 5-6 საათი ვმეცადინეობდი, თუმცა ხანდახან 5 არ გამომდიოდა, რადგან კატასტროფულ ენერგიას მოითხოვს.
– გარდა მატემატიკისა, კიდევ რით ხარ დაინტერესებული?
– მათემატიკის ნაკრებს გვიყვარს „პინგ-პონგის“ თამაში და თავისუფალ დროს ამით ვერთობით. ასევე, ვსეირნობ მეგობრებთან ერთად და გატაცებული ვარ კომპიუტერული თამაშებით.
– ოჯახში კიდევ გყავს მათემატიკოსი?
– არა, მათემატიკოსი არავინ გვყავს და არც საერთაშორისო ოლიმპიადებში მიუღია ვინმეს მონაწილეობა. მაგრამ, ჩემი მშობლები საკმაოდ ჭკვიანები არიან და მათემატიკური ნიჭიც აქვთ. ისე, ორივე კარდიოლოგია. ტყუპისცალი და მყავს, რომელიც უფრო ჰუმანიტარული საგნებისკენ იხრება. კომაროვში სწავლის გაგრძელებამ დიდი გავლენა იქონია ჩემი შემდგომი პროფესიის არჩევაზე.  გადაწყვეტილი მაქვს, რომ მეცნიერებას მივყვე და ავირჩიე მათემატიკა. ძალიან მიყვარს ფიქრი და არ მინდა, იმ პრიოფესიას დავუკავშირო ჩემი ცხოვრება, სადაც ფიქრი არ იქნება საჭირო.
скачать dle 11.3