№31 როგორ ცდილობს რუსეთი აზერბაიჯანის გადაბირებას და რატომ ნიშნავს ეს საქართველოს სრულ სამხედრო ალყაში მოქცევას
მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი მარშირებით იყო გართული, მეორე ნაწილი კი – სანახაობით, რუსეთის „დუმამ“ იმ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა, რის მიხედვითაც სომხეთ-რუსეთის ერთობლივი შეიარაღებული ძალები იქმნება. მანამდე კი რფ-მ, უფრო ზუსტად, რფ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უბრალოდ შეირწყა „იუჟნაია ოსეტიას“ „შეიარაღებული ძალები“, ხოლო უფრო ადრე, 2014-ში რუსეთისა და აფხაზეთის ერთობლივი შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა (ოკუპანტმა სეპარატისტებთან სამხედრო ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აფხაზეთის სამხედრო ფაქტორი სრულად დაიქვემდებარა და ეს ხელშეკრულება, ფაქტობრივად, სამუდამოა). ბრმისთვისაც აშკარაა, რომ რუსეთმა ჩვენ გარშემო საბედისწერო სამხედრო რკალი შეკრა, თუმცა ისიც ცხადია, რომ სამიზნე მხოლოდ საქართველო არ არის. იმას, თუ რა სტრატეგიულ მიზანს ისახავს რუსეთის ეს ტაქტიკური ნაბიჯები, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.
– გასაგებია, რომ ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში ვიჭყლიტებით, მაგრამ, ზოგადად, რა სამიზნე ჯგუფებს მოიაზრებს რუსეთის ფედერაციის ეს აქტივობა და კონკრეტულად, რა საფრთხეების წინაშე აყენებს საქართველოს?
– ეს, უდავოდ, რუსეთის სტრატეგიული ნაბიჯებია. მან, ფაქტობრივად, შექმნა ალიანსური, კოალიციური დაჯგუფებები ორი მიმართულებით: რუსეთი-სომხეთისა და რუსეთი-დე-ფაქტო აფხაზეთის და ეს უკავშირდება გეოსტრატეგიულ მიზანს. ბუნებრივია, ეს აძლევს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ქმედების განხორციელების საშუალებას, მაგრამ საქართველოს გარდა, ამის მიზანია „ნატოს“ შეჩერება შავიზღვისპირეთის, განსაკუთრებით, კავკასიის მიმართულებით. და რუსეთმა უკვე, მე ვიტყოდი, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების, ანუ კასპიისპირეთისა და მთლიანად, კავკასიური სივრცის კიდევ უფრო უკეთ გასაკონტროლებლად შექმნა სპეციალური არმია – მერვე არმია. ანუ სამი არმია მოქმედებს უკვე კავკასიურ სივრცეში. ეს კოალიციური დაჯგუფებები პირდაპირ ექვემდებარება მოსკოვს. იმიტომ რომ, თუკი მშვიდობიანობის პერიოდში შესაძლებელია, ამ კოალიციური ჯარების სარდალი სომხეთში იყოს ეთნიკური სომეხი, დე-ფაქტო აფხაზეთში კი – ეთნიკური აფხაზი, საომარ ვითარებაში კოალიციური დაჯგუფებების მეთაური ხდება უკვე ეთნიკურად რუსი სარდალი. მოგეხსენებათ, ცხინვალის რეგიონში რუსეთმა მთლიანად შეირწყა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეთ წოდებული „შეიარაღებული ძალები“ და ისინი მოსკოვის უშუალო დაქვემდებარებაშია. ამით რუსეთმა საქართველოში ყირიმიზაციის პროცესი დაიწყო და ეს არის ანექსიის პირველი ნაბიჯი. ძალიან მიკვირს, რომ ამას არავინ მიაქცია ყურადღება.
– მე დავწერე მასალა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ცვლის.
– მე მიკვირს ხელისუფლებისა და საზოგადოების პასიურობა. ეს მიანიშნებს, რომ სამხედრო გეოსტრატეგიულ საკითხებში სრული პროფანაციაა. საქართველოში მხოლოდ სამი-ოთხი ადამიანია, ვისაც სამხედრო სტრატეგია გაეგება. სწორედ დილეტანტიზმმა მიგვიყვანა მცოცავი ოკუპაციის ძალიან საშიშ ზღვრამდე. ყირიმშიც, თავდაპირველად, პირდაპირ დაიქვემდებარა შეიარაღებული ძალები და შემდეგ გამოაცხადა, რომ ყირიმი შევიდოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ეს პროცესი საქართველოშიც დაიწყო უკვე. რუსეთში 2015 წელს შეიქმნა ეგრეთ წოდებული ეროვნული თავდაცვის მართვის ცენტრი, რომელიც მოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, იღებს ოპერატიულ ინფორმაციას სამი მიმართულებიდან და ახორციელებს ოპერატიულ მართვას. იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალის შეიარაღებული ძალები პირდაპირ დაიქვემდებარა მოსკოვმა, იქიდან იღებენ ყველა ბრძანებას, მათ შორის, მცოცავი ოკუპაციის ტაქტიკური ამოცანების შესახებაც.
– ცინიზმია, როდესაც ოკუპანტები მიგვითითებენ ელაპარაკეთ ოსებსო, მაშინ, როდესაც სეპარატისტების სამხედრო ძალები უკვე ოფიციალურად ექვემდებარება მოსკოვს.
– ხშირად მიწევს გორში ჩასვლა. გორის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორიც ვარ, და უშუალოდ შევისწავლე ის ზონები. სამხედრო ნაწილები, რომლებიც ორჭოსანსა და სხვაგან დგას, არის არა მხოლოდ ფედერალური სამსახურის ნაწილები, არამედ თავდაცვის სამინისტროსი. ანუ რუსები აკვირდებიან ჩვენს ტერიტორიას, როგორც სამხედრო ოპერაციის განხორციელების არეალს და არა, როგორც სამხედრო უსაფრთხოების ზონას. მხოლოდ სასაზღვრო ძალების წარმომადგენლები რომ იყვნენ, ჩაითვლებოდა, რომ მუშაობენ სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით, დღეს კი ისინი მოქმედებენ, სუფთა სამხედრო-ოპერაციული ამოცანებიდან გამომდინარე. ერთ ნიუანსსაც გეტყვით: 2015 წელს ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინა, რომლის 32-ე პარაგრაფში, რომელშიც გაწერილია შეიარღებული ძალების ამოცანები და მიზნები, პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაცია თავის შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს ქვეყნის ეკონომიკური მიზნების დაცვისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეკონომიკური ინტერესები, ცხადია, გულისხმობს ენერგოუსაფრთხოებას.
– გამოდის, რომ „რაო ესს“, რომელმაც უჩივლა საქართველოს, რადგან ტარიფის მომატების საშუალებას არ აძლევენ, შეუძლია, გამოიყენოს ზემოხსენებული 32-ე პარაგრაფი?
– დიახ. ჯერ კიდევ 2007 წელს, სანამ რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყებოდა, რუსეთში მიიღეს სპეციალური კანონი. მისი მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებს, რომლებშიც სახელმწიფო ფლობდა საკონტროლო პაკეტს, მიეცათ საკუთარი საჯარისო ფორმირებების შექმნის უფლება.
– კი, ეს ფაქტი კარგად მახსოვს.
– დიახ. და ეს კომპანიებია: „როსნეფტი“, „გაზპრომი“ და „რაო“. უფრო ადრე, 2012 წელს კი, შემუშავდა კანონი, კერძო სამხედრო კომპანიების შექმნის შესახებ. ანუ კერძო კომპანიებს მიეცათ კერძო არმიების შექმნის უფლება.
– სხვაგანაც არსებობს მსგავსი გამოცდილება?
– დიახ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში ეს მიღებული ფორმაა. კერძო კომპანიებს აქვთ უფლება, დაიქირაონ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები და გაუშვან სამხედრო ობიექტების დასაცავად. რუსებმა უბრალოდ ეს პრაქტიკა გადაიტანეს. იქ არსებობს კერძო კომპანია „თურანი“, რომლის შენაერთიც მონაწილეობას იღებს სირიის სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც ახორციელებს რუსეთის შეიარაღებული ძალები. ამას გარდა, სხვა კერძო არმიებიც არის რუსეთში.
– უფრო დავაზუსტებ მაგალითს: „რაო ესის“ კუთვნილებაა გადამცემი ხაზები და ჰესები, ანუ, თეორიულად, მათ დასაცავად კომპანიას შეუძლია, შემოიყვანოს თავისი საჯარისო დანაყოფიც და ის კერძო ჯარიც?
– დიახ. რუსეთმა შემოიტანა ასეთი ტერმინი: „მიროვაია ოკეანია“, რაც ნიშნავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილს.
– „ნატოს“ შეკავება ახსენეთ, რას გულისხმობთ? ხმალდახმალ ბრძოლას გაუმართავს „ნატოს“, ეს მხოლოდ თეორიული პერსპექტივა არ არის?
– ბალტიის სახელმწიფოებსა და პოლონეთში პირდაპირ განიხილება რუსეთის სამხედრო აგრესიის სცენარები. ლიტვაში ემზადებიან რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის და ვრცელდება სპეციალური ბუკლეტები, თუ როგორ უნდა მოემზადოს საომარი მოქმედებებისთვის მოსახლეობა, როგორ უნდა დაიცვან თავი სამხედრო აგრესიის შემთხვევაში. რეალურად მუშავდება სცენარები, თუ რუსეთისა და „ნატოს“ შეიარაღებულ ძალებს შორის დაიწყება საომარი მოქმედებები.
– ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი „ნატოს წევრები არიან“. ჩვენთან ეს სცენარი ივარგებს?
– რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს „ნატოს“ სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება არის სამხედრო საფრთხე და არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა, რომელშიც ეს ინფრასტრუქტურაა განთავსებული, არის თუ არა „ნატოს“ წევრი. მაგალითად, საქართველო შეიძლება, გაწევრიანდეს ალიანსში, მაგრამ რუსეთი საფრთხედ მიიჩნევს არა წევრობას, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურას. იმიტომ რომ, რუსეთის დოქტრინაში საფრთხედ შეფასებულია „ნატოს“ სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა უშუალოდ, „ნატო.“ „ნატო“ პირდაპირ საფრთხედ არ არის მითითებული. ამიტომაც ჰქონდათ ისეთი მძაფრი რეაქცია ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო სისტემების დაყენებისადმი.
– „ნატოს“ სასწავლო ცენტრი, რომლის დაფინანსებაც გათვალისწინებულია აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში, შეიძლება, განიხილონ, როგორც სამხედრო ინფრასტრუქტურა?
– „ნატოს“ სასწავლო ცენტრი არ არის „ნატოს“ ინფრასტრუქტურა. ეს ცენტრი მოქმედებს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ეგიდით. ანუ მოქმედებს „ნატოს“ ეგიდით, მაგრამ არ არის „ნატოს“ ინფრასტრუქტურა. თეორიულად, ამ ცენტრში სწავლება შეიძლება, გაიარონ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმაც. ისევე, როგორც სომხეთისა და ბელორუსიის. მაგალითად, სომეხმა ოფიცრებმა გაიარეს სწავლება საჩხერის სამთო ბაზაზე ამ პროგრამის ეგიდით.
– აფხაზების დამოკიდებულება ჩვენდამი გასაგებია. მაგრამ სომხეთისგან რისი სიგნალია ამ კოლექტიური შეიარაღებული ძალების შექმნა? თუმცა გვესმის, რომ ერევნისთვის მოსკოვი გაცილებით მნიშვნელოვანი პარტნიორია, ვიდრე თბილისი.
– რუსეთ-სომხეთს შორის ახალი კოალიციური სამხედრო დაჯგუფების შექმნა ხდება კოლექტიური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წესდებაში. ეს ორგანიზაცია იმიტომაც შეიქმნა, რომ სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ დაცული და სომხეთს, როგორც ჩანს, აქვს დაუცველობის განცდა თურქეთის მხრიდან.
– ამ სამკუთხედების სამიზნედ თურქეთიც ხომ მოიაზრება?
– რა თქმა უნდა, სომხები მოიაზრებენ თურქეთს, მაგრამ რუსეთი მოიაზრებს საქართველოსაც. რუსეთმა შექმნა, დავარქვათ ასე: სტრატეგიული სამკუთხედი: პირობითად ვიტყვი, გუდაუთა, სადაც მეშვიდე სამხედრო ბაზაა განლაგებული და, როგორც ჩანს, აფხაზურ-რუსული კოალიციური ძალები ამ ბაზის საფუძველზე შეიქმნა; ცხინვალისა და გიუმრის სამხედრო ბაზები. რუსებმა გამოიყენეს კლასიკური სამხედრო ფორმულა: სამკუთხა საოპერაციო სტრატეგიული ხაზის მოდელი და ჩვენ მოვექეცით სამხედრო ხაფანგში.
– ჩვენ რა შეიძლება, დავუპირისპიროთ ამას? თუ ჩვენი უსაფრთხოება მთლიანადაა დამოკიდებული „ნატოს“ უსაფრთხოების მოდელზე და იმაზე, იქნება თუ არა მასში გათვალისწინებული საქართველოს, როგორც „ნატოსთვის“ სტრატეგიული ტერიტორიის, უსაფრთხოება?
– დღევანდელი ჩვენი შეიარაღებული ძალების მდგომარეობის გათვალისწინებით, გამორიცხულია, რომ თავის დაცვა შევძლოთ. ამდენად, რუსეთ-საქართველოს მეორე ომი კატასტროფული შედეგით დასრულდება. თუმცა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჰქონდათ საშუალება, მეტ-ნაკლებად ღირსეული პასუხი გაეცათ რუსი ოკუპანტებისთვის, რაც ვერ მოხერხდა უთავბოლო და მე ვიტყოდი, ავადმყოფური სამხედრო ხელმძღვანელობის გამო: გასაგები იყო, რომ წავაგებდით, როდესაც გენშტაბს პოლიციის ოფიცერი ხელმძღვანელობდა.
– პუტინმა და ტრამპმა ერთ საათს ისაუბრეს მხოლოდ რუსი თარჯიმნის თანდასწრებით. როგორ უჩანს მათი შეხვედრის შემდეგ საქმეს პირი: ვრჩებით „ნატოს“ დაცვის ზონაში?
– ძალიან საინტერესო მომენტია პუტინისა და ალიევის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რომელზეც მათ, გარდა ყარაბაღისა, სავარაუდოდ, ილაპარაკეს სირიაზე. კერძოდ, თითქოს პუტინმა ალიევს სირიის ოპერაციაში მონაწილეობა შესთავაზა, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად.
– სირიაში რაში სჭირდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები, რომ აზერბაიჯანმა მკაფიოდ გამოხატოს, არ არის „ნატოსა“ და დასავლეთის სამხედრო მოკავშირე?
– დიახ, რომ აზერბაიჯანი შევიდეს მის ორბიტაში. თუ ეს მოხდა, ჩვენ მოვხვდებით სრულ ალყაში. ჩვენ ძალიან დაგვეხმარა ის ფაქტი, რომ 2008 წელს, თუმცა აზერბაიჯანი ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს, ეს იყო პოზიტიური ნეიტრალიტეტი. ამდენად, ბლოკადაში ვერ მოგვაქცია რუსეთმა და სომხეთის ხელისუფლებამაც დადებითი როლი შეასრულა, მაგრამ, თუ იგივე სცენარი განმეორდა, ამჯერად ჩვენ დაუცველები ვრჩებით სამხრეთიდან, ანუ სომხეთიდან. მეორე მხრივ, აშკარაა აზერბაიჯანის გადაბირების მცდელობაც. გავიხსენოთ, რომ ახლახან რუსეთმა დიდი ოდენობით შეიარაღება მიჰყიდა ბაქოს. ის ცდილობს, აზერბაიჯანის შეყვანას თავისი გავლენის სფეროში. ამას დაამატეთ, თურქეთ-ირანის ინტერესები და ჩინეთის გააქტიურება როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მსოფლიოში და აშკარა ხდება, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ტემპერატურის აწევა სწორედ საგარეო ვექტორებს უკავშირდება.
– ყველა თავის პატრონს აწონებს თავს.