№31 როდის გაუჩნდა მამაკაცის ცემის სურვილი თამო ვაშალომიძეს და რა შემთხვევაში რცხვენიათ მამაკაცებს მასთან ურთიერთობისას თავიანთი კაცობის
თამო ვაშალომიძე ცხელ ზაფხულს თბილისში ატარებს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ის კუნძულ კრეტაზე იმყოფებოდა, სადაც დაბადების დღეც აღნიშნა და მეგობრებთან ერთადაც კარგად დაისვენა. სექტემბრისთვის თამოს საინტერესო გეგმები აქვს.
თამო ვაშალომიძე: ჯერჯერობით თბილისში ვარ, რადგან პატარა რემონტი მაქვს სახლში. თუმცა, უკვე ვიყავი კრეტაზე და ძალიან კარგად დავისვენე. მე და ჩემი მეგობარი, მიშო ბეგაშვილი წავედით და შემდეგ სხვა მეგობრებიც ჩამოვიდნენ. სანტორინზე გადავედი ერთი დღით, მაგრამ კრეტასგან განსხვავებით, ძალიან ცხელოდა.
– გიყვარს საკუთარი თავისთვის ძვირად ღირებული დასვენების მოწყობა?
– შეიძლება ითქვას, რომ არაფრით არ ვერთობი. კლუბში და რესტორანში მე არ დავდივარ, ნარკოტიკებს არ ვიღებ, არ ვეწევი, არ ვსვამ და ერთადერთი, ეს არის, თუნდაც წელიწადში ერთხელ სადმე წავიდე და კარგად დავისვენო – კარგ სასტუმროში, თუ ამის შესაძლებლობაც არის და თან, მყავდეს მეგობრები, რომლებიც გამომყვებიან. სხვათა შორის, სამომავლოდ ძალიან კარგი გეგმა მაქვს: მინდა, ჩემი სასტუმრო გავაკეთო. ტურმენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, თან, ერთი პერიოდი, სასტუმროს მენეჯერი ვიყავი. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა მინდა, საშუალო სტანდარტების, ბევრს რომ შეეძლოს დასვენება. ამ ყველაფერს კი დაახლოებით ერთი მილიონი სჭირდება. არ ვარ მილიარდერი, ერთ მილიონს ვერ ჩავდებ. ამიტომაც მეწილე დამჭირდება, რომელიც ამ საქმეში თანხას ჩადებს. გასაგებია, მოდელი ვარ: რეკლამები, გადაღებები... მაგრამ რეალურად, ამ ყველაფერს არ მოაქვს ის შემოსავალი, რომ იცხოვრო. ამიტომ, საჭიროა, მომავალში ჩემი ბიზნესი მქონდეს და სხვა რამეც ვაკეთო. ბევრი ცნობილი ადამიანი ხსნის თავის მაღაზიას, დიზაინერი ხდება, მაგრამ ამას მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ კი არა, რომ არ შემიძლია, მირჩევნია, ვაკეთო ის საქმე, რაც კარგად ვიცი და ვერავინ მომატყუებს. რთულია პარტნიორის მოძებნა, თან ისეთის, რომ ეს საქმე იცოდეს, არ მოგატყუოს. ამიტომ ამ ყველაფრისთვის დაახლოებით სამი წელი მაქვს გამოყოფილი: ფინანსური კუთხითაც, ადგილის საპოვნელად და პარტნიორის მოსაძებნად. შეიძლება, უცხოელიც იყოს, არაფერია გამორიცხული.
– როგორ აღნიშნე კრეტაზე დაბადების დღე?
– შარშან უკრაინაში ვიყავი გადაღებაზე და მაშინაც დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს. მომწონს ასე, კარგად ვერთობი, როგორც მე მინდა, ისე ვარ ხოლმე. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ზღვარს გადავდივარ და გადავთვრები. უბრალოდ, თავისუფლად ვარ, არავინ რომ მიყურებს, როგორ ვცეკვავ. არავინ მიღებს და მეორე დღეს არ ტვირთავს ინტერნეტში. დაბადების დღის გადახდას მირჩევნია, ეს თანხა მოგზაურობაში გამოვიყენო, წავიდე და დავისვენო. მეგობრებთან ერთად ბუშტებით, ტორტით, შამპანურით აღვნიშნე – ყველაზე კარგი დაბადების დღე მქონდა.
– სიურპრიზები მოგიწყვეს?
– სასტუმროს მენეჯერმა, მიმტანებმა ღამის 12 საათზე მომიწყვეს სიურპრიზი: ბუშტებით, ტორტით, ყვავილებით შემოვიდნენ – ძალიან გამიხარდა. მეგობრებმაც საჩუქრები გამიკეთეს.
– თაყვანისმცემლები არ გამოგიჩნდა?
– როდესაც ვისვენებ, ვისვენებ ყველაფრისგან. თან, კრეტაზე, ძირითადად, ოჯახებით ისვენებენ და მეც არავისკენ არ მინდოდა გახედვა. თავიდან მე და მიშო ცოლ-ქმარი ვეგონეთ. მერე, როცა მეგობრები ჩამოვიდნენ, გაიგეს, რომ არ ვიყავით ცოლ-ქმარი. სასტუმროს მთავარი მენეჯერის მხრიდან იყო ყურადღება: რაღაცეების გამოგზავნა, მაგრამ მე, ზოგადად, ძალიან ანჩხლი ვარ. ასეთ დროს ისეთი სახით ვუყურებ ხოლმე ადამიანს... მჯერა, რომ თუ ვიღაცამ რაღაცა გაჩუქა და შენ აიღე, ესე იგი, რაღაცაზე თანხმდები. ტყუილად არავინ არ გაჩუქებს ბინას, მანქანას. რეალისტი ვარ და ზღაპრული ამბების არ მჯერა. მამაკაცმა უნდა დაგაფასოს, პატივი გცეს, მაგრამ არასდროს არ უნდა აიღო ძვირად ღირებული საჩუქარი იმისგან, ვის გვერდით ყოფნაც არ გინდა. მანქანის უკან ყოველთვის სხვა ინტერესები დგას. კაცი კაცია და არავინ თქვას, მას მხოლოდ შენი ლამაზი თვალები მოსწონს. ჯობია, თვითონ იყიდო და საკუთარი თავი იყოს შენი ზურგი. უცხო ადამიანისგან – თამო, აი, შენ მანქანის გასაღები, აიღე – უკვე გასაგებია, რომ ამ ყველაფრის უკან საწოლია. ამიტომ მირჩევნია, არ ავიღო, თუმცა, ჭორები ბევრია ჩემს შესახებ. მაგრამ, რაც მაქვს, ყველაფერი ჩემით შევქმენი – ამაყი ვარ და მირჩევნია, თვითონ გავაკეთო ყველაფერი. შეყვარებული მყოლია, მეყოლება კიდეც და მისგან მივიღებ ძვირად ღირებულ საჩუქარსაც, რადგან აქ უკვე ურთიერთობაა, გრძნობაა. ქალებმა კაცები ისე გარყვნეს, რომ უმრავლესობას ჰგონია, თუ მანქანას გიყიდის, ლოგინში ჩაუწვები. როცა კაცი მოდის და გეუბნება: 60 ათასს გადაგიხდიო, შეიძლება იმ მომენტში გჭირდებოდეს, შემოთავაზება სარფიანი იყოს და ასეთ დროს, ალბათ, ყველა ქალი დაფიქრდება. მაგრამ, არის აქ მეორე მომენტი: შენ უკვე ხარ ხორცი – სახელი გაქვს, მოდის კაცი, გიხდის ფულს და გყიდულობს. როცა შეგიძლია, რომ ეს თანხა შენი შრომით იშოვო. ამიტომ, როდესაც ასეთ რამეს მთავაზობენ, მოკლედ და ლაკონურად ვპასუხობ ისე, რომ საკუთარი კაცობის შერცხვეს.
– შენს პირადში რა ხდება?
– ბევრი კარგი რამ ხდება და სექტემბერ-ოქტომბერში გაიგებთ. საქმიანი ამბები მარტისთვის გადავწიე: აზერბაიჯანული ჟურნალისთვის საფრანგეთში ან იტალიაში მექნება გადაღება. გათხოვებას არ ვაპირებ, თუმცა კარგი ამბები მაქვს. იცი, როგორი რაღაცაა, საპრეზიდენტო არჩევნები ხომ მოდის და ეს ამბავი ხალხს ერთი წლის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნებს დაავიწყებს.
– პოლიტაკაში ხომ არ აპირებ მოსვლას?
– არა. ახალი გამოჩენილი რომ ვიყავი, ერთმა მითხრა: საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღე მონაწილეობაო. არა, მე და პოლიტიკა შორს ვართ – ასეთი პიარი ნამდვილად არ მჭირდება. არასდროს მოვალ პოლიტიკაში.
– შენს ცხოვრებაში თუ იყო რთული მომენტები, თუნდაც ფინანსური პრობლემები, როდესაც დამოუკიდებლად იწყებდი ცხოვრებას?
– 16 წლის ვიყავი, თავზე „ბანწიკით” და ფეხზე კედებით მუშაობა რომ დავიწყე. მიმტანობის არაფერი გამეგებოდა, მაგრამ ამიყვანეს სამსახურში, რადგან მხიარული გოგო ვიყავი, ყველასთან ღიმილით ვკონტაქტობდი. ერთგან რომ ამიყვანეს, მეორეგანაც მინდოდა მუშაობის დაწყება, რადგან არ მყოფნიდა ის თანხა: საწოლს, ბალიშს, თეფშს, ასეთ რაღაცეებს ვყიდულობდი. ჩემს დაქალთან ერთად ვცხოვრობდი, ქირას ვიყოფდით. ორგან ვმუშაობდი მიმტანად: ხალხი ფულს მჩუქნიდა: კაცები კი არა, ქალები, ბავშვები. მეც უფრო მეტი სტიმული მომეცა, მეტი მეკეთებინა. ბრტყელტერფიანი ვარ, თან, ავარიაში მოვყევი, ძვალი მაქვს დაზიანებული. მიმტანობამ უფრო დამიზიანა ფეხები, მძიმეებს რომ ვეწეოდი. დამეწყო ფეხების ტკივილი. რომ არ მემუშავა, ვერ ვიცხოვრებდი და დავიწყე ძალიან ბევრი ტკივილგამაყუჩებლის მიღება. ერთ დღესაც შუა დარბაზში გული წამივიდა. სამსახურიდან არ გამომიშვეს, პირიქით, სამი თვის ხელფასი წინასწარ მომცეს. სამსახურში ვეღარ დავბრუნდი, მაგრამ მერე სხვაგან დავიწყე მუშაობა. იყო მომენტი, სანამ ხელფასს ავიღებდი, ავლაბარში ვცხოვრობდი და იქიდან დიღომში ფეხით მივდიოდი. ძალიან კარგი უფროსი მყავდა, მხარში ამომიდგა. იქვე იყო სასტუმრო, ადმინისტრატორს დავუმეგობრდი და ვისწავლე ეს საქმე. შემდეგ სასტუმროში გამოჩნდა ადმინისტრატორის ვაკანსია და მივედი: მოვიტყუე, თითქოს სამუშაო გამოცდილება მქონდა და ამიყვანეს – მინდოდა მეტისთვის მიმეღწია. ბევრი რთული პერიოდი გამოვიარე, თუმცა დეპრესიული არასდროს ვყოფილვარ. როცა რაღაც ცუდი ხდება, ვიცი, რომ ეს საჭიროა, რომ ისწავლო, რაღაცას გაუფრთხილდე. არ ვფიქრობ, რომ სუსტი ქალი ვარ – ბევრ კაცზე ძლიერი ვარ. ისეთი არ ვარ, რაღაცას ხელს რომ არ მოჰკიდებს – ზოგი ამრეზით რომ უყურებს მიმტანებს ან სხვა ვინმეს. ბავშვობაში ჩემი მეზობელი გოგო ვცემე, რადგან სხვას ჩაგრავდა.
– კაცის ცემის სურვილი გაგჩენია?
– კი, ძალიან ცუდი ქმარი იყო, ცუდად ექცეოდა ცოლს. ვიფიქრე: ერთი თმაში ვეტაკები-მეთქი, მაგრამ არ შეიძლება. სცემ და მერე დაგიჭერენ.