№31 როგორ უგზავნიან ძვირად ღირებულ საჩუქრებს მონაკოში უცნობი თაყვანისმცემლები ჯანეტ ქერდიყოშვილს და რატომ თქვა მან უარი ცნობილი იტალიელი რეჟისორის ფილმში თამაშზე
ჯანეტ ქერდიყოშვილმა ცოტა ხნის წინ მილანში „მარანგონის“ ერთწლიანი ინტენსიური კურსი დაამთავრა და მოდის დიზაინერის პროფესიას საფუძვლიანად დაეუფლა. სწავლის პერიოდში მან სამი კოლექცია გააკეთა და როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო სტუდენტმა, ლექტორების მაღალი შეფასება დაიმსახურა. სამომავლოდ, მშვენიერი ჯანეტი საკუთარი მოდის სახლის, ატელიეს გახსნას გეგმავს. ჯანეტი ამჟამად მონაკოშია, ისვენებს და შემოდგომაზე უკვე ლონდონში აპირებს სასწავლებლად წასვლას.
ჯანეტ ქერდიყოშვილი: ბედნიერი ვარ იმით, რომ ივნისში მილანში დავამთავრე, ინსტიტუტი „მარანგონი“ და ავიღე დიპლომი ფეშენ-დიზაინერის განხრით. დიდი ხანი ველოდებოდი ამას და საკმაოდ რთული, დატვირთული წელი მქონდა. ახლა დიპლომი ხელში მაქვს და უკვე ისახება ახალი მიზნები, რომელთა განსახორციელებლად მჭირდება დრო, ფინანსები. მაგრამ, ყველაზე მთავარია ის, რომ მივიღე ცოდნა, რომელიც დამჭირდება, ჩემი ერთ-ერთი ოცნება განვახორციელო. შეიძლება ითქვას, დღეს ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მინდოდა და რისი სურვილიც მქონდა. ის, რაც „მარანგონიმ“ მომცა, ვერცერთი კურსი და მასწავლებელი ვერ მომცემდა. ახლა ვგრძნობ, რომ ბოლომდე შევსებული ვარ – ვაკეთებ იმას, რაც მინდა, არაფრის მეშინია. ვმოდელობდი, ვცეკვავდი, ვმღეროდი, წამყვანი ვიყავი და ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც მაკლდა. იმ დოზით ვერ ვიღებდი სიამოვნებას, რაც საჭირო იყო. ახლა ეს დანაკლისი შევივსე და ზუსტად იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს. მასწავლებლების შეფასებებითაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუდენტი ვიყავი – კარგად ვხატავდი და რაც მთავარია, ყველაზე კარგად ვკერავდი. ამ მხრივ პირველი ვიყავი ჯგუფში. როცა რაღაც დავალებას მოგვცემდნენ – უნდა შეკეროთ ასეთი კაბა, გარდა იმისა, რომ ერთ კვირაში ვასრულებდი დავალებას, ქსოვილს ვყიდულობდი და ჩემთვისაც ვკერავდი კაბას. ამაზე გიჟდებოდნენ.
– როგორი იყო პედაგოგების შეფასებები?
– გამოცდაზე ჩემი შეკერილი კაბით მივედი და პლუს, დავალებაც შევასრულე. მითხრეს: ვერ გავიგეთ, მოდელი რომელია – შენ თუ ეს გოგონაო. შეკერილს
მოდელები იზომებენ ხოლმე და როცა მოდელები არ იყვნენ, მე ვიყავი, როგორც მოდელი: ხან ერთ კლასში მივიდოდი, ხან – მეორეში და ძალიან სახალისო იყო. მთელ სკოლაში 2-3 გოგონას ჰქონდა სამოდელო გამოცდილება. ცოტა გვაწვალებდნენ, მაგრამ სახალისო და სასიამოვნოც იყო. ისეთი დატვირთულები ვიყავით, დავალების გარდა, ვინმეს კიდევ თავისთვის რომ შეეკერა კაბა, ასეთი რამ არ ხდებოდა. მაგრამ, მე მაინც ვახერხებდი და ეს სულ უკვირდათ. დაბადების დღეზე ჩემებმა საჩუქარი გამიკეთეს: საკერავი მანქანა მაჩუქეს და უკვე ჩემს მანქანაზე ვკერავდი სახლში. გამოსაშვებ საღამოზეც ჩემი შეკერილი სამოსი მეცვა: ქვედა და ზედა. უფრო „დიორს“ ჰგავდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, არ იყო „დიორი“ და იყო „ჯანეტი“. სამომავლოდაც, ალბათ, „დიორის“ გოგო ვიქნები: ქალური, ყველგან იქნება გამოკვეთილი წელი, მხრები, რადგან ჩემი აზრით, ეს ქალს ყველაზე ლამაზი აქვს. მომავალშიც შევქმნი ისეთ რამეს, რასაც ყველა ქალი ისურვებს და ჩაიცვამს.
– აპირებ შენი კოლექციის შეკერვას?
– გამოცდისთვის შევქმენით კოლექცია, რომელიც ვაჩვენეთ ესკიზების სახით და ერთი მოდელი შევკერეთ. ერთი წლის განმავლობაში უკვე სამი კოლექცია გავაკეთეთ, თითოში 15 მოდელი შედიოდა. იმდენად დეტალურადაა ყველაფერი აღწერილი, რომ უკვე შემიძლია, მივცე ატელიეს და შევაკერინო. არ მინდა, პირველი ჩვენება საქართველოში გავაკეთო. ახლა მონაკოში ვისვენებ და მონაკოს მოდის კვირეულზე შემომთავაზეს პირველი ჩვენების გაკეთება. არ მინდა, საქართველოში გადავდგა პირველი ნაბიჯები. მაინც იქნება: ვაიმე, რა კარგი კოსტუმია და სად არის შექმნილი? „შექმნილია საქართველოში“. რადგან ევროპაში მივიღე განათლება, მინდა, ჩემი პირველი კოლექცია იყოს Made in Italy, მაგრამ ქართველი დიზაინერისგან. თან, მე ყოველთვის ვიყენებ პატარა ქართულ დეტალებს. მინდა, პირველი კოლექცია ევროპაში შევქმნა, ეს მაინც სხვა დონეა და სხვა საფეხურზე დგახარ. ჯერჯერობით საქართველოში არ ვბრუნდები და მინდა, ლონდონში, შემოდგომიდან „მარანგონიში” გავაგრძელო მაგისტრატურაში სწავლა. პარალელურად, ამ ერთი წლის განმავლობაში გავიცნობ ხალხს, გავიგებ, სად უკეთესია ატელიეს გახსნა და ასე შემდეგ. ალბათ, უფრო მილანში, რადგან, ჩემი ქალაქია, თბილისივით მიყვარს. მეგობრებიც გავიჩინე. იტალიურიც კი მასწავლეს. მარკეტინგიც გავიარეთ, პრეზენტაცია გავაკეთე, რომელიც მასწავლებელს ძალიან მოეწონა. შეიძლება, ორი ხაზი გავაკეთო: „ჰაი”, რომლის ფასები 500-600 ევროდან იქნება და მეორე ხაზი, რომელსაც ყველა ჩაიცვამს. ამიტომაც, ქართულ ბაზარზე გატანა რთული იქნება და მინდა, ევროპიდან დავიწყო.
– ამ ყველაფერს დიდი ფინანსური ბაზა სჭირდება. ვინ დაგეხმარება ამ მხრივ?
– მასწავლებელთან ერთად გავიარე და ბრენდის შექმნას მინიმუმ 200-250 ათასი ევრო სჭირდება. რადგან, თუ დავიწყებ, უნდა გავხსნა ატალიე, ჩემი მოდის სახლი, ჩვენებები, ჟურნალებში პიარი და ასე შემდეგ. მამაჩემსაც ავუხსენი და მითხრა: მოიცა, ერთი წელი ისწავლე კიდევ და მერე მივხედოთო. ჩემმა ძმამაც დაამთავრა სწავლა და შვეიცარიაში უშვებს მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.
– როგორც ვიცი, ახლა მონაკოში ხარ. ვისთან ერთად ისვენებ?
– ჩემს მეგობართან, „მის უკრაინასთან“ ერთად. ახლა დედამისიც აქ არის, დაბადების დღე ჰქონდა. დედაჩემიც ჩამოვიდა. მონაკოში უნდა ვიყოთ დაახლოებით ერთი თვე. დღეს მივდივართ სანტროპეში (ინტერვიუ ჩაწერილია 26 ივლისს – ავტორი). ლეონარდო დიკაპრიო აკეთებს საქველმოქმედო გალა-ივენთს. აქ მოხვედრა ძალიან რთული იყო. ბილეთების ფასი 10 ათასი ევროდან იწყება და არც იყო.
– 10 ათას ევროს იხდით?
– არა, არა. მეგობრები, ნაცნობები ჩავრიეთ და საკმაოდ ხელმისაწვდომ თანხას ვიხდით. ლეო კი გვიყვარს, მაგრამ მაგდენადაც არა.
– მონაკოში პრინცესულად ისვენებ?
– ისე ვიცვამ, რომ, როცა რესტორანში მივდივართ სავახშმოდ, ჩემი მეგობარი ანა მეღადავება: დღესაც პრეზიდენტის ცოლი მოდისო. მიყვარს კლასიკურად ჩაცმა, ლედივით, თან, აქ ასეთი სიტუაციაა.
– თაყვანისმცემლები არ გამოგიჩნდნენ?
– ბევრია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ბედი გამოჩნდა-მეთქი. აქ იციან ყურადღების გამოჩენა. ნომერში გიგზავნიან საჩუქრებს, ყვავილებს კი არა, სამკაულებს, ან ძვირად ღირებულ ჩანთებს. ყველაზე მაგარია ის, რომ ამაში არაფერს გთხოვენ. ხშირად ვერც კი იგებ, ვინ არის. თუ გაიგებ და მადლობას გადაუხდი – ესეც საკმარისია. სულ ვამბობდი: ამას როგორ ავიღებ, ისე არავინ არაფერს გაჩუქებს-მეთქი. მაგრამ, მერე მიხსნიდნენ: არაფერში ხარ ვალდებული, თუნდაც რესტორანში გაჰყვე, რადგან რაღაც გაჩუქაო. აქ ცოტა სხვა დონეა.
– „ინსტაგრამზე” ვნახე შენი ფოტო ერთ-ერთი უცხოური კომპანიის რეკლამაში.
– ცნობილმა ფოტოგრაფმა გადამიღო. „ინსტაგრამზე” ნახა ჩემი ფოტოები და მილანში უნდოდა ჩემი დაჭერა, მაგრამ ვერ მოახერხა და შემდეგ მონაკოში ჩამოფრინდა, რომ გადავეღე. სამკაულების კომპანიის რეკლამაა, იტალიური ბრენდის და მალე ჟურნალებშიც დაიბეჭდება. მითხრა: არ გრცხვენია, ერთი წელია, მილანში ხარ და როგორ არ წახვედი სააგენტოშიო. მთელი დღე უნივერსიტეტში ვიყავი და არ მეცალა. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ბრენდის რეკლამებში გადაღებაც შემომთავაზა, მაგრამ არ მეცალა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ქუჩაში გამაჩარეს, შემომთავაზეს მათი კომპანიის სახე გავმხდარიყავი, მაგრამ ვერ წავედი. ერთ-ერთ ივენთზე ძალიან ცნობილი რეჟისორი მოვიდა, დაახლოებით 20 ფილმი აქვს გადაღებული: მხოლოდ მოდი, შენი არაფერი გვინდაო. ზაფხულში უნდა ყოფილიყო გადაღებები და ამაზეც უარი ვთქვი. არც ეს არის სწორი, რადგან, როცა შანსი გეძლევა, უნდა გამოიყენო. შეიძლება, ლონდონში წავიდე სამოდელო სააგენტოში, თუმცა ჰობის დონეზე, რადგან მოდელობა ჩემი ძირითადი პროფესია არასდროს ყოფილა.