კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-30(865)



კოვზირიძის სიტყვებზე გიგაურს სიცილი აუტყდა. შემდეგ თავი გააქნია და ვარლამს უთხრა:
– გაწვრთნილი ძაღლივით, ხომ? ჩაგეთვალა, ვარლამ, რამდენი მაცინე. მაინც ძალიან ფრთხილად იყავი და თავს გაუფრთხილდი.
– გავუფრთხილდები. დარდი ნუ გაქვს, მაიორო. მოროზოვსაც დავიჭერთ, ოქროსაც დავაბრუნებთ და შენც პოდპოლკოვნიკობას მიიღებ, – ვარლამმა მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა გიგაურს, – მხოლოდ ერთს გთხოვ, შენებმა ჩემი ცოლ-შვილი საიმედოდ დაიცვან და არ მოდუნდნენ.
ვარლამის სიტყვებზე გიგაურს ულამაზესი, ნორჩი ეკატერინე კოვზირიძე დაუდგა თვალწინ, რომლისადმი სიყვარულიც დღითი დღე უძლიერდებოდა. სასიმამროს გაუღიმა და მიუგო:
– ნუ გეშინია. შენს ცოლ-შვილს ვერავინ ვერაფერს ავნებს. საკუთარი თავით ვაგებ ამაზე პასუხს.
***
ვარლამი რომ წავიდა, ღამის ორი საათი სრულდებოდა. მთელი დღის დაძაბულობისგან დაღლილი მაიორი უკვე დაძინებას აპირებდა, როცა სპეცკავშირის ტელეფონმა დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა ზურაბმა.
– ამხანაგო მაიორო, კალანდაძე ვარ, – მოესმა ზურაბს ბათუმში მყოფი მოთვალთვალე-ოპერატიული ჯგუფის უფროსის ხმა.
– გამარჯობა, პეტრე. რა ხდება? – იკითხა გიგაურმა.
– ჩეპეა, ამხანაგო მაიორო.
– რა ჩეპე? თქვი, გისმენ! – გული აუბაგაბუგდა გიგაურს.
– ობიექტის საყვარელი სასტუმრო „ინტურისტის“ ნომერში მკვდარი იპოვეს. თავად ობიექტი კი მილიციამ დააპატიმრა. ახლა განყოფილებაშია.
– დაკითხვაზე?
– არა. მე ჩემი უფლებამოსილება გამოვიყენე და გამომძიებლის მოსვლის საბაბით, ობიექტის დაკითხვა შეჩერებულია. ის ცალკე საკანში ჰყავთ და არავინ ეკონტაქტება. თქვენ კი, იმიტომ დაგირეკეთ, რომ შემდგომი მოქმედებისთვის მითითებები მივიღო.
– ყოჩაღ, პეტრე. სანიმუშოდ მოქცეულხარ და დაწინაურება არ აგცდება. ახლავე გამოვდივარ და რამდენიმე საათში მანდ ვიქნები. მილიციას კი უთხარი, ქალს არ დაეკონტაქტონ.
– კარგი, ამხანაგო მაიორო. მე მილიციაში ვიქნები და პირადად გავაკონტროლებ ყველაფერს. შეხვედრამდე.
– შეხვედრამდე, პეტრე, – მიუგო გიგაურმა კალანდაძეს. შემდეგ თავის ერთ-ერთ ხელქვეითს დაუბარა, რომ ბათუმში მიემგზავრებოდა და „პობედით“ გაუდგა გზას აჭარისკენ.
უკვე კარგად იყო გათენებული, როდესაც მაიორი ზურაბ გიგაური ბათუმის მილიციის სამმართველოს შენობას მიადგა. სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და შენობაში შევიდა. პეტრე კალანდაძე მას სამორიგეოში დახვდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ზურაბი და კალანდაძე მილიციის უფროსის კაბინეტში მარტონი ისხდნენ და პირისპირ საუბრობდნენ. გიგაურმა სიგარეტი გააბოლა და ხელქვეითს ჰკითხა:
– აბა, დაწვრილებით მოყევი, რა მოხდა?
– რა და, ბაბულია გოგსაძე და მისი საყვარელი ანტონ კოდალაშვილი შუაღამემდე ქეიფობდნენ რესტორანში. შემდეგ ნომერში ავიდნენ. მანამდე კოდალაშვილს ერთ-ერთი მიმტანისთვის უთქვამს, პირველი საათისთვის ბორჯომი და კონიაკი „გრემი“ ამომიტანე ნომერშიო. ზუსტად პირველ საათზე მიმტან კოჟორიძეს შეკვეთა ნომერში აუტანია და უკვე დაკაკუნებას აპირებდა, რომ კარი გაღებულა, იქიდან ბაბულია გოგსაძე გამოვარდნილა და გაქცეულა. მიმტანი ნომერში შესულა და საძინებელში, საწოლზე პირაღმა დაგდებული ანტონ კოდალაშვილი დაუნახავს. კოჟორიძეს უფიქრია, – იმ ქალმა მოკლაო და გაჰკიდებია. ქუჩაში დაწევია და დაუკავებია. უფრო სწორად, ჩვენი დახმარებით დააკავა, რადგან ვუთვალთვალებდით. შემდეგ მილიციას გამოუძახეს და დადგინდა, რომ კოდალაშვილი მკვდარი იყო. ქალი იძახდა – გული გაუსკდა, არ მომიკლავსო. მე კი მილიციას გავუმჟღავნე ჩემი თავი და ვუბრძანე, სრულ იზოლაციაში ჰყოლოდათ სპეციალურ განკარგულებამდე. ახლა ის ცალკე საკანში ზის მარტო და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა.
– კოდალაშვილის ცხედარი, ალბათ, პროზექტურაშია.
– დიახ. გაკვეთაზე.
– მილიციის პირველადი მოკვლევის შედეგები თუ იცი?
– დიახ. როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა თქვა, – ძალადობას ადგილი არ ჰქონია და კოდალაშვილი, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირის დროს დაიღუპა. ანუ, როგორც ქალი ამბობს, მართლა გული გაუსკდა. თუმცა, საბოლოო სიტყვა მაინც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზეა.
– კეთილი, – თქვა ზურაბმა. ჩაფიქრდა და დაამატა, – მოდი, შენ აქ დარჩი და უდარაჯე, რომ ქალს არავინ გაეკაროს. მე კი პროზექტურაში წავალ და პათანატომს გავესაუბრები. შემდეგ უკან დავბრუნდები და ბაბულია გოგსაძეს მილიციის გამომძიებლად წარვუდგენ თავს.
გიგაური წავიდა. ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა და კალანდაძეს უთხრა:
– როგორაა საქმე, პეტრე? გოგსაძესთან ხომ არავის უცდია დაკონტაქტება?
– არა, ამხანაგო მაიორო. ობიექტს ახლა სძინავს. თქვენ რა გაარკვიეთ?
– პათანატომმა მითხრა, ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დარწმუნებული ვარ, რომ სექსის დროს გაუსკდა გულიო.
– ესე იგი, ობიექტი არ ტყუის, თქვა კალანდაძემ.
– როგორც ეტყობა, არ ტყუის. გაქცევა კი იმიტომ სცადა, რომ საკუთარი თავის გამჟღავნება არ უნდოდა, – თქვა ზურაბმა, – კარგი. ახლა ასე მოვიქცეთ. მე მილიციის უფროსის კაბინეტში დაგელოდები. შენ კი ბაბულია გოგსაძე გააღვიძე და უთხარი, – გამომძიებელი კოტე მამასახლისი მოვიდა და დაკითხვაზე მიმყავხარო.
– კარგი, – მიუგო მაიორს კალანდაძემ და ბრძანების შესასრულებლად გაემართა.
ათი წუთის შემდეგ სახედასიებული და მობერებული ბაბულია გოგსაძე გიგაურის პირისპირ იჯდა. ზურაბმა მას უთხრა:
– მე გამომძიებელი კოტე მამასახლისი ვარ და უნდა დაგკითხოთ.
– დიახ. მკითხეთ, რაც გაინტერესებთ, –  მიუგო ქალმა.
– უპირველესად, მითხარით, მილიციასთან ხომ არ გაქვთ რამე პრეტენზია. შეურაცხყოფა ხომ არ მოუყენებიათ თქვენთვის. მორალური ან ფიზიკურ-ფსიქოლოგიური ზეწოლა ხომ არ გამოუყენებიათ თქვენ მიმართ.
– მილიციას არა. აი, ოფიციანტმა კი, ვინც დამიჭირა, ჯერ ხელი ისე ამომიტრიალა, რომ კინაღამ მომაგლიჯა. თან, ძუძუებზეც მაწვებოდა, ვითომდა შემთხვევით. სინამდვილეში კი – მსრისავდა, – მიუგო ქალმა.
გოგსაძის სიტყვებზე გიგაურს კინაღამ სიცილი აუტყდა, მაგრამ თავი შეიკავა და უთხრა:
– ამ პრეტენზიას აუცილებლად განვიხილავთ და სათანადო შეფასებას მივცემთ. ახლა კი დაკითხვაზე გადავიდეთ.
– დიახ. გისმენთ.
– თქვენი ვინაობა, – უთხრა გიგაურმა ქალს.
– ბაბულია ჯონის ასული გოგსაძე, – რიხიანად უპასუხა ქალმა კითხვას.
– გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა?
– ანტონ ხვიჩას ძე კოდალაშვილი.
– რა ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– მეგობრული.
– დააკონკრეტეთ, თუ შეიძლება.
– მეგობრული. ანუ, მე და ცხონებული ანტონი ახლობლები ვიყავით.
– მოდი, მაშინ ასე გკითხავთ, – თქვა გიგაურმა, – თქვენ და გარდაცვლილს ერთმანეთთან ინტიმური ურთიერთობა გქონდათ?
– შეიძლება,  მოვწიო? – იკითხა ქალმა.
გიგაურმა მას სიგარეტი გაუწოდა. გოგსაძემ გააბოლა და მიუგო.
– დიახ. გვქონდა.
– ბათუმში ყოფნის მიზანი.
– სასიყვარულო ურთიერთობები და გართობა.
– გათხოვილი ხართ?
– არა.
– შვილი გყავთ?
– არა.
– ანტონ კოდალაშვილი დაოჯახებული იყო?
– დიახ. მას ცოლი და ორი შვილი ჰყავს.
– გასაგებია, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა გიგაურმა. პაუზა გააკეთა და გოგსაძეს შეეკითხა:
– რა ვითარებაში გარდაიცვალა თქვენი მეგობარი ანტონ კოდალაშვილი?
– სექსის დროს, – მოკლედ მიუგო ქალმა.
– დეტალურად ამიწერეთ, გამოძიებისთვის დეტალებია მნიშვნელოვანი.
– მე შიშველი ვიწექი საწოლში. ანტონი კი ჩაცმული იყო. უცებ ის მომეჭრა და ჯერ კოცნა დამიწყო, შემდეგ შარვალი გაიძრო და ჩემთან ურთიერთობა დაამყარა და ამ დროს გარდაიცვალა. მე მგონი, გული გაუსკდა. უკვე ასაკოვანი იყო და თანაც, ძლიერ მთვრალი.
– შემდეგ რა მოხდა?
– შემდეგ, როცა დავრწმუნდი, რომ მკვდარი იყო და ვერაფერს ვუშველიდი, ჩავიცვი და ნომრიდან გავიქეცი.
– დახმარება რატომ არ გამოიძახეთ?
– იმიტომ, რომ ის უკვე მკვდარი იყო.
– რატომ გაიქეცით?
– იმიტომ, რომ ჩვენი ამბავი არ გამჟღავნებულიყო. ხომ გითხარით უკვე, რომ ცოლ-შვილი ჰყავს. თანაც, შემეშინდა, ანტონის მკვლელობა ჩემთვის არ დაებრალებინათ.
– იქნებ, მართლა თქვენ მოკალით ანტონ კოდალაშვილი?
– მე მოვკალი? – გაიმეორა ქალმა.
– დიახ, თქვენ.
– კი მაგრამ, როგორ? მას ხომ გული გაუსკდა?
– ამას თქვენ ამბობთ, – თქვა გიგაურმა და დაამატა, – იქნებ მოკალით და იმიტომ გარბოდით?
– როგორ უნდა მომეკლა. მას ხომ გული გაუსკდა?! – გაიმეორა ქალმა, – ან, რატომ უნდა მომეკლა, რას ვერჩოდი?
– თუნდაც ანგარების მიზნით.
– რას გულისხმობთ?
– ეგ თქვენ უკეთ გეცოდინებათ, გოგსაძე და ჯობია, დროზე გამოტყდეთ. გულწრფელი აღიარება ბრალს შეგიმსუბუქებთ.
გოგსაძეს სახე აემრიზა. წამში შეიცვალა და გიგაურს ჟარგონით უთხრა:
– სველ საქმეს მტენი, მოქალაქე გამომძიებელო?
გიგაურმა გაოცებული მზერა ესროლა გოგსაძეს. ისეთი სახე მიიღო, ვითომ მისი სიტყვები გაუკვირდა და უთხრა:
– ისე ლაპარაკობთ, როგორც პირწავარდნილი რეციდივისტი. საიდან ასეთი ლექსიკა?
– ციხიდან, – აგდებულად თქვა ქალმა.
– თქვენ რა, ნასამართლევი და ციხეში ნაჯდომი ხართ?
– კი. ვარ. მერე შენ რა?
გიგაურს ჩაეცინა. შემდეგ პაუზა გააკეთა. ქალი ყურადღებით შეათვალიერა და უთხრა:
– მოქალაქე ბაბულია გოგსაძე, აქ მილიციაა და არა ციხის საკანი. მოგიწოდებთ წესრიგისკენ და გამოთქმები შეარჩიეთ.
– შენ, შენ თვითონ აზრზე ხარ, რას მტენი? – დაიღრინა ქალმა.
– მოქალაქე გოგსაძე, ნორმალურად იმეტყველეთ, თანაც კორექტულად მომმართეთ. მე თქვენობით გელაპარაკებით და შენობით არ მომიმართავს.
გოგსაძემ გიგაურს მგლური თვალებით შეხედა, პაუზის შემდეგ კი უთხრა:
– საიდან ამტკიცებთ, რომ მე მოვკალი ანტონი?
– ამას გამოძიება და ექსპერტიზა დაამტკიცებს, თუ მართლა ასეა, – მიუგო ზურაბმა.
– დაამტკიცოს, დაამტკიცოს. მე სუფთა ვარ ამ საქმეში და თქვენვე მოაწერთ ხელს ჩემი გათავისუფლების ორდერს.
– სუფთა ხართ?
– აბსოლუტურად, – თავდაჯერებით თქვა ქალმა, რაც ზურაბმაც მშვენივრად იცოდა. მაგრამ ეს სპექტაკლი გოგსაძის ტვინის ასარევად დადგა და მოულოდნელ დარტყმას უმზადებდა მას.
– კარგი. ამას ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს. თქვენ კი მითხარით, რას საქმიანობდა გარდაცვლილი კოდალაშვილი?
– ცეხავიკი იყო და ფულს აკეთებდა.
– ანუ, იატაკქვეშა საქმიანობას ეწეოდა?
– დიახ. სწორედ მასეა.
– თქვენ სად მუშაობთ?
– დროებით უმუშევარი ვარ.
– თქვენი პროფესია.
– მსახიობი. თეატრალური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული.
– მართლა ხართ ნასამართლევი?
– დიახ.
– რისთვის?
– თაღლითობისთვის ორი წელი ვიჯექი.
– გასაგებია, – თქვა ზურაბმა, – სად ცხოვრობთ?
– თბილისში, – მიუგო ქალმა და თავისი ნახალოვკის მისამართი უკარნახა ზურაბს.
– ესე იგი, კოდალაშვილი თქვენ არ მოგიკლავთ?
– არა.
– ნამდვილად?
– არა. რის გამო ან როგორ? – თქვა გოგსაძემ
– თუნდაც საწამლავით, – უთხრა გიგაურმა ბაბულია გოგსაძეს, რომელიც ამ სიტყვებმა შეაკრთო და მაიორს ეს არ გამოჰპარვია, თუმცა არ შეიმჩნია.
– საწამლავით? – გაიმეორა ქალმა დაბნეული ხმით და ნაძალადევად გაიცინა.
„შეტევაზე გადასვლის დროა“, – გაიფიქრა ზურაბმა და ქალს უთხრა:
– დიახ, საწამლავით. მაგალითად, კალიუმციანიდით. მომენტალურად კლავს მსხვერპლს, თანაც ვერავინ იგებს, რისგან დაიღუპა ადამიანი.
კალიუმციანიდის ხსენებაზე გოგსაძეს ოფლმა დაასხა. სახე წამოეჭარხლა და ზურაბს ხმის კანკალით უთხრა:
– მკვლელი არ ვარ და სასტუმროს ნომრიდან იმიტომ გავიქეცი, შარში არ ჩავვარდნილიყავი. დამიჯერეთ, უფროსო, რაში მჭირდებოდა ასეთი რამ?
– არ ვიცი, არ ვიცი. ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოდ ჩანს. პროკურორს თქვენი ბინის ჩხრეკის ნებართვას მოვთხოვე და იმედია, უარს არ მეტყვის. გული მიგრძნობს, რაიმე სამხილს მაინც აღმოვაჩენთ იქ, რაც თქვენს ბრალეულობას დაადასტურებს. არ მუშაობთ. ნასამართლევი ხართ. საეჭვოდ იქცევით და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მკვლელობის ადგილიდან გაიქეცით. ეს კი უკვე თავისთავად დანაშაულია და საფუძველს მაძლევს, ძირფესვიანად გამოგიკვლიოთ. მკვლელობაც რომ არ გქონდათ ჩადენილი, შემიძლია, პროსტიტუციისთვის მიგცეთ პასუხისმგებლობაში.
– პროსტიტუციისთვის? – გაიმეორა გოგსაძემ.
– დიახ, – მოკლედ მიუგო გიგაურმა ქალს, რომელმაც კისერი წაიგრძელა და ნაძალადევი სიამაყით, ხმააწეულმა უთხრა ზურაბს:
– მე პროსტიტუტკა არ ვარ და მაბრალებ!
გიგაურს ირონიულად გაეცინა. გოგსაძეს მწველი მზერა მიაპყრო და უთხრა.
– ცოლშვილიანი კაცის საყვარლობა, მით უმეტეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, მისი „მოწველის“ მიზნით, ანუ ანგარებით, სწორედაც რომ, პროსტიტუციაა და ეს თეთრზე შავადაა განმარტებული სისხლის სამართლის კოდექსში.
– როგორ დამიმტკიცებ?
– კორექტულად, გოგსაძე. მე თქვენობით მოგმართავთ.
– ხო, კაი, როგორ დამიმტკიცებთ?
– ეს ხომ თავად აღიარეთ. თქვენ თავად არ თქვით კოდალაშვილზე – სექსის დროს გარდაიცვალაო?
– რა, ვერ გადავთქვამ? წერილობითი ჩვენება ხომ არ მომიცია?
– როგორ ვერ გადათქვამთ, მაგრამ ფაქტებს ხომ ვერ გაექცევით?
– რა ფაქტებს
– ექსპერტიზის დასკვნებს.
– ექსპერტიზის?
– დიახ. ექსპერტიზის. კოდალაშვილის სხეულსა და ქვედა საცვლებზე თქვენი დნმ-ის კვალია. ისევე, როგორც თქვენს სხეულსა და საწოლის თეთრეულზეა გარდაცვლილის სპერმა. ასე რომ, მოქალაქე გოგსაძე, პროსტიტუციის მუხლი გარანტირებული გაქვთ. მიკვირს, ეს რატომ გეშლებათ. კრიმინალურ საქმეებში საკმაოდ განსწავლული ჩანხართ და ასეთი რამის მიხვედრა არ უნდა გიჭირდეთ, – ზურაბმა პაუზა გააკეთა და კვლავ აცახცახებულ ქალს, ერთხანს უხმოდ ათვალიერებდა, ბოლოს კი დააყოლა, – მაგრამ, ვფიქრობ, მკვლელობაშიც ხართ გარეული და ამის დასტურს თქვენი ბინის ჩხრეკა მოგვცემს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იქ სერიოზული სამხილები გაქვთ. ოპერატიულ ჯგუფს კი ვუბრძანებ, ყოველი კუთხე-კუნჭული გულდასმით დაათვალიერონ. ნემსიც კი არ დატოვონ შეუმოწმებელი და შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3