№31 დედაჩემის საყვარლის გამო ქმარი სიცოცხლეს მიმწარებს
ინტიმური საუბრები
პატარა ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. არც კი მახსოვს მისი სითბო და სიყვარული. თუმცა, დედა მასზე გამუდმებით მიყვებოდა, როგორი თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი მამა მყავდა. მე და დედა მარტო ვცხოვრობდით. ათი წლის ვიყავი, სკოლიდან სახლში მისულს, უცხო მამაკაცი რომ დამხვდა სავარძელში ჩამჯდარი. გამიკვირდა და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. დედამ მიპასუხა, ჩემი მეგობარიაო. სულ ეს იყო. იმ დღის მერე, ის კაცი ხშირად ამოდიოდა ჩვენთან. მოჰქონდა საჩუქრები, სათამაშოები, ათასნაირი ტკბილეული. მისი დანახვა მიხაროდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი, ვინ იყო და რატომ მოდიოდა ჩვენს სახლში ასე ხშირად. რომ გავიზარდე, ყველაფერს მივხვდი, მაგრამ, იმდენად მიჩვეული ვიყავი სიტუაციას, მის გარეშე ვერც კი წარმომედგინა. ჩემს ცხოვრებაში დედას საყვარელმა მამაკაცმა საკმაოდ დიდი და დადებითი როლი ითმაშა. მას ცოლი ჰყავდა და ჩვენ, უბრალოდ, ყურადღებას გვაქცევდა. თან, დედა საკმაოდ ლამაზი ქალია, თბილი და მშვიდი. მის გვერდით კარგად გრძნობს თავს, ცოლთან კი, როგორც ვიცი, ცუდი ურთიერთობა აქვს. მახსოვს, სკოლა რომ დავამთავრე, ფული მაჩუქა და მითხრა, რაც შენ გინდა, ის იყიდეო. საბანკეტო კაბა და ფეხსაცმელი იმ ფულით ვიყიდე. ჩემს მასწავლებლებთან მომზადების ფულსაც ის იხდიდა და დღეს, თუ დიპლომი მიდევს სახლში, მისი დამსახურებაა. ერთი სიტყვით, ამ მამაკაცმა მამა შემიცვალა და ცუდს ვერაფერს ვიტყვი. მართალია, არც მამის სტატუსი აქვს და არც მამინაცვლის, მაგრამ ისიც საკმარისია ჩემთვის, რაც დედას და მე – ორივეს გაგვიკეთა და გვიკეთებს დღესაც. ოცი წლის ასაკში გავთხოვდი და საკმაოდ მკაცრი ქმარი შემხვდა. რასაკვირველია, არ დამიმალავს, დედას რომ საყვარელი ჰყავდა. არც დაიმალებოდა და მერჩივნა, მე მეთქვა. ყველაფერი მოვუყევი. თუმცა, ისეთი ეჭვიანია, მარტოს არ მიშვებს საკუთარ დედასთან. ის კაციც ამოიძულა და ხშირად მახსენებს, დედაშენს საყვარელი ჰყავს და დიდი შანსია, შვილიც მის კვალს დაადგეს, თუ ფხიზლად არ ვიქნებიო. გულს მიკლავს ასეთი ლაპარაკი. თანაც, მაშინ იწყებს ამ თემაზე საუბარს, როცა მარტო არ ვართ. მისმა მეგობრებმაც იციან, ოჯახის წევრებმაც და ალბათ, სამსახურშიც ყვება ჩემი ოჯახის ამბებს. ამის გამო, კამათიც მოგვივიდა. მკაცრად გავაფრთხილე, დედაჩემზე არ დაგცდეს ცუდი და ის კაცი, მართალია, მამაჩემი არ არის, მაგრამ არანაკლები წვლილი მიუძღვის ჩემს გაზრდაში-მეთქი. ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა. აითვალწუნა, არა მარტო ის ადამიანი, დედაჩემიც. არადა, აღარ იცის დედამ, რით ასიამოვნოს – ხან რას ყიდულობს, ხან რას. საქორწილო საჩუქარი ვერ გაგვიკეთა და ამას წინათ, ეგვიპტის საგზური გვაჩუქა. გვითხრა, ქორწილი რომ გადავიხადე, ფული არ დამრჩა, სულ უნდოდა ჩემს შვილს, თაფლობის თვე უცხოეთში გაეტარებინა და ეს ოცნება ახლა აიხდინეთო. წავიდა თუ არა, ჩემმა ქმარმა ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა – რა პრობლემაა, ვაჟბატონი დააფინანსებდა, მაგისი რა მიდისო. გული დამეწვა ასეთ დაუნახაობაზე. დედა თავისთვის იკლებს, ჩვენ გვაძლევს, ჩემი ქმარი კი, ამას არ აფასებს. მის მიმართ სიყვარულის გრძნობა ნელ-ნელა მიქრება. ხშირად მიფიქრია, დედას და იმ კაცის გამო, ქმარს დავთმობ-მეთქი და ალბათ, ეს დღეც დადგება. არ მინდა, ჩემს ოჯახზე ცუდად ილაპარაკონ და ამით შეურაცხყოფა მომაყენონ.
ნატა, 26 წლის.