№31 უსაფრთხოა თუ არა თბილისის ზღვაზე, ლისის ტბასა და კუს ტბაზე ბანაობა და რომელი წყლის თევზია სახიფათო ადამიანის ორგანიზმისთვის
ზაფხულის ცხელ დღეებში, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, ამ გაუსაძლის სიცხეში აუზებსა და ტბებზე გრილდება. თბილისის მოსახლეობა გასაგრილებლად, ძირითადად, თბილისის ზღვას, კუს ტბასა და ლისის ტბას მიმართავს. ამ ადგილებში ხალხმრავლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში შეინიშნება. საინტერესოა, სუფთაა თუ არა საბანაოდ და დასასვენებლად აღნიშნული ადგილები და რამდენად დასაშვებია საქართველოს მასშტაბით გამდინარე წყლებში ბანაობა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ეკოლოგ ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ნინო, რამდენად უსაფრთხოა თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე ბანაობა?
– ჩვენი ინფორმაციით, ბანაობა დაშვებულია, როგორც თბილისის ზღვაზე, ასევე ორივე ტბაზე. თუმცა, ზოგიერთ ზონებში არ შეიძლება ბანაობა, რაზეც ამკრძალავი ნიშნები მიუთითებს. როგორც თბილისის ზღვაში, ასევე დანარჩენ ტბებშიც დაწყებულია წყალმცენარეების გამრავლების პროცესი, რაც რეალურად მძიმე მდგომარეობას ქმნის. თუმცა, საქართველოში არსებული საბანაო ნორმებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ობიექტებში ბანაობა დაშვებულია. ჩვენ, საქართველოს მწვანეთა პოზიცია, მივიჩნევთ, რომ უკვე დროა, შემოვიდეს დირექტივა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ეწოდება საბანაო წყლების დირექტივა. თუ, ეს ყოველივე ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდება, ბევრი წყლის ობიექტი ვერ გაუძლებს იმ სტანდარტს, რასაც ევროკავშირი აწესებს ამ საკითხთან მიმართებით. დღევანდელი მდგომარეობით ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ტბები და წყალსაცავი ამ სტანდარტს გაუძლებს.
– წყალმცენარეების გამრავლება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის?
– სამწუხაროდ, ყველა ტბაში დაჭაობების პროცესია დაწყებული. ამ ეტაპზე, ერთჯერადი ბანაობისთვის საშიში არ არის, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება, აკრძალვითი ზომები მიიღონ. წესით, წყალმცენარეები არ უნდა ვრცელდებოდეს და არ უნდა მრავლდებოდეს ამ რაოდენობით. ამ შემთხვევაში, ეს იმის ნიშანია, რომ წყალი ვერ იწმინდება კარგად და დაწყებულია დაჭაობება.
– წყლის ანალიზები, როგორც ვიცით, ყოველწლიურად ტარდება. რა სიხშირით უნდა აიღონ სინჯები, სავალალო შედეგები რომ ავიცილოთ თავიდან?
– ღია წყალსაცავებში ყოველდღიურად სინჯის აღება არ არის აუცილებელი. ძირითადად, საბანაო სეზონზე ამახვილებენ ყურადღებას და შერჩეულია პერიოდი, როცა ხდება მისი თავიდან აღება. თუ საბანაო წყლების დირექტივა შემოვა, ჩვენ გვექნება განსაზღვრული საბანაო ადგილები. ამ შემთხვევაში შეიძლება, სეზონის განმავლობაში ყოველდღიური მონიტორინგიც კი დაწესდეს. დღევანდელი ანალიზების პასუხიდან გამომდინარე, აღნიშნულ ადგილებში ბანაობა საშიში ნამდვილად არ არის. თუმცა, თბილისის ზღვაზე არის ზონები, სადაც ბანაობა არ შეიძლება. მე რომ მკითხოთ, საერთოდ არ შეიძლება მანდ ბანაობა.
– რატომ?
– იმიტომ რომ, თბილისის ზღვა სასმელი წყლის რეზერვუარადაა მიჩნეული თბილისისთვის და ეს არ არის ობიექტი, რომელშიც შეიძლება ბანაობა. იქ იღებენ სასმელ წყალს, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს.
– არსებობს, თუ არა ამ ტბებიდან და წყალსაცავიდან რაიმე დაავადების გავრცელების საფრთხე?
– როცა ანალიზი გვიპასუხებს, რომ არანაირი პრობლემა არ არის, დაავადების გავრცელება გამორიცხულია. წელს აღებულ სინჯებში ამის საშიშროება ნამდვილად არ იგრძობა. ერთადერთი, რა პრობლმასაც ვხედავთ ამ შემთხვევაში, არის ის, რომ ბანაობის შემდეგ ნაპირზე რას სვამენ და რას მიირთმევენ, ყურადღებას არ აქცევენ, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
– საზოგადოების ნაწილი, ზაფხულის ცხელ დღეებს სოფელში ატარებს და იქ არსებულ მდინარეზე გრილდება. რა მდგომარეობაა გამდინარე წყლების თვალსაზრისით?
– ყველას გირჩევთ, თუ მდინარის სათავეში არ მოხვდებით, ქვედა ნაწილში არ იბანაოთ. ჩვენდა საუბედუროდ, ყველა მდინარე დაბინძურებულია ნარჩენებითა და კანალიზაციის სისტემით. შესაბამისად, რას ჩაეხუტება ადამიანი ბანაობის დროს, გაუგებარია. უფრო მეტიც, ზოგიერთი მდინარიდან თევზიც კი არ იჭმევა, რადგან საკანალიზაციო სისტემა ერევა წყალში და პროდუქტი ჩვენი ორგანიზმისთვის არასასურველი, მომწავლელი ხდება. ეს მდინარეები არის ყველაზე დიდი არტერიები, რომლებიც გამწმენდი ნაგებობების გარეშე უერთდება მტკვარს. ალაზანშიც იგივე პრობლემაა, ისევე, როგორც იორზე. თუმცა, იორი შედარებით სუფთაა, რადგან ზედა ნაწილში მცირეა მოსახლეობა. შემდეგი პრობლემა არაგვისპირია, ეს არის მდინარე, რომლითაც თბილისი იკვებება წყლით და ვსვამთ ნიტრატებს. რეალურად, აქაც ბევრი საკანალიზაციო მილი ჩაედინება დასახლებული პუნქტებიდან. დასავლეთ საქართველოშიც იგივე სიტუაციაა. ყველა მდინარეს ნაგავი მოაქვს. მაღალმთიან რეგიონებში ნაგვის ნარჩენები ზედ მდინარეზეა განთავსებული, აღარაფერს ვამბობ საკანალიზაციო სისტემაზე. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს მდინარეებში ბანაობისგან.
– მდინარე ყვირილაზე რას გვეტყვით? როგორც ცნობილია, იქაც ბანაობენ გაგრილების მიზნით.
– ყვირილას სხვა პრობლემა აქვს საწარმოო დაბინძურების სახით. მასში ჩაედინება ნარეცხი წყლები, რაც იწვევს მის შავ ფერს. ამ მდინარეში ჩასვლა და ბანაობა სასტიკად აკრძალულია. როგორ შეიძლება მსგავსი დაბინძურების მქონე წყალში შესვლა.
– შავი ზღვის სანაპიროებზეც არ არის სახარბიელო მდგომარეობა. შეინიშნება დელფინების სიკვდილიანობა. იქ რა საშიშროება გვაქვს?
– დელფინების სიკვდილიანობა არ არის პირდაპირ კავშირში ზღვის დაბინძურებასთან. უფრო კარგ მდგომარეობაში რომ იყო სანაპირობები, მაშინაც შეინიშნებოდა მსგავსი ფაქტი. დელფინების სიკვდილიანობა უფრო დაკავშირებულია ვირუსულ დაავადებებზე, რომელიც გავრცელებულია ამ ძუძუმწოვრებში. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, ცდილობენ, სუფთა იყოს, თუმცა მაინც შეინიშნება ზედაპირული წყლებიდან ნარჩენების ჩადინება, რაც აბინძურებს ზღვას. ბოლო პერიოდში ამასაც დიდი ყურადღება ექცევა. რაც შეეხება თვითონ ნაპირს, მას სჭირდება სისტემატური დალაგება და უპირველესად, ამაზე იმ საზოგადოებამ უნდა იზრუნოს, ვინც იქ ისვენებს და არ დაყაროს ნაგავი. ზოგადი თვალსაზრისით, ვერ ვიტყვი, რომ მძაფრი დაბინძურება გვაქვს. საერთოდ, შავი ზღვა ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ობიექტად მიიჩნევა, რადგან მასშიც დაწყებულია წყალმცენარეების გამრავლების პროცესი. საბედნიეროდ, ეს არ შეეხება ჩვენს სანაპიროს, უფრო მეტიც, ჩვენი ზღვისპირეთი ყველაზე სუფთაა, ვიდრე სხვაგან. ამას თევზის დიდი მარაგიც განაპირობებს - თევზი ცუდ წყალში არ ჩერდება. მაგრამ, ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ კმაყოფილები უნდა ვიყოთ. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ზღვისპირა ქალაქებში არ არის გამწმენდი ნაგებობები, რაც სერიოზული პრობლემაა.