კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№31 როგორ მოკლეს აფხაზებმა ბერიას ორეული

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ისტორიკოსი, სპეცსამსახურების ექსპერტ-მკვლევარი, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ვასილი კავალეროვი წერს: „ჭკუანაკლულმა, უწიგნურმა, ინტრიგანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა შეთქმულთა ბანდამ ბერიას ისეთი „შავი პიარი“ აუგორა და ისეთი რამეები დააბრალეს, რომ „ლუბიანკის მეუფესთან“ ჯოჯოხეთის მეუფე უწყინარი, რიგითი ბოროტი სული ჩანს. რა თქმა უნდა, ბერია არც „ღვთიური კრავი“ იყო და არც „მეორე ლოყის შემშვერი“ –  მას თუ ვინმე სილას შემოჰკრავდა გამანადგურებელ, საპასუხო დარტყმასაც აყენებდა მეტოქეს, მაგრამ ვინ იყვნენ მისი მეტოქეები? ძირითადად, ის ხალხი, ვინც ძალაუფლებაში ეცილებოდა ლავრენტი ბერიას და სურდათ, მისი ტრიუმფალური სვლა შეეჩერებინათ პოლიტიკური ოლიმპოსკენ. ან სულაც კრიმინალ-ტერორისტები, ვინც, კერძო თუ კლანური მოსაზრებიდან გამომდინარე, ბერიას ფიზიკურ მოსპობას ცილობდა. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი  ბერიას ბიოგრაფიიდან, ლაკობებთან დაკავშირებული ისტორიაა. როგორც უკვე დოკუმენტალურადაა დასაბუთებული, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში, ბერიამ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი – ძველი ბოლშევიკი ნესტორ ლაკობა და მისი კლანი გაანადგურა. ამ შემთხვევაშიც, როგორც ეს ბერიას არაერთხელ გაუკეთებია და სხვათა შორის, არსებული კანონის გადაუცდენლად, თავისი სოციალისტური, დიდი სამშობლოს, საბჭოეთის ინტერესები საკუთარი პატარა სამშობლოს, საქართველოს ინტერესებს დაამთხვია... საქმე ის იყო, რომ ქართველების მოძულე ლაკობა ყოველმხრივ ავიწროებდა აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს და აფხაზებში ეთნიკურ სეპარატიზმს აღვივებდა. ბერიამ ლაკობა თურქულ დაზვერვასთან თანამშრომლობასა და სამშობლოს ღალატში ამხილა. ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს. მალევე, ლაკობას ბედი გაიზიარა მისმა კლანმაც. ბერიამ კი ლაკობას ადგილზე თავისი ერთგული ადამიანი დანიშნა და სამართლიანობაც აღდგა. მაგრამ, როგორც ცნობილია, კავკასიელებში ღრმადაა გამჯდარი სისხლის აღების ტრადიცია. ამიტომ, ბერიას არ დაუვიწყეს ლაკობასა და მისი კლანის განადგურება და აფხაზური სეპარატიზმის მიმდევრები საპასუხო დარტყმის მიყენებას ცდილობდნენ. „ჩეკამ“ ოთხი შეთქმულება გაანეიტრალა ბერიას წინააღმდეგ, რომელსაც აფხაზი სეპარატისტები გეგმავდნენ და დამნაშავეებს სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ ბერია მოსკოვში, „ჩეკას“ ხელმძღვანელად გადაიყვანეს და ბერიაზე თავდასხმის მცდელობა დროებით შეწყდა. 1942 წელს ბერია კავკასიის დაცვას ხელმძღვანელობდა. ფრონტის ამ ურთულეს მონაკვეთზე შექმნილი მძიმე ვითარების გამო, სტალინმა სწორედ ბერია მიავლინა სიტუაციის გამოსასწორებლად. ენერგიულმა, მკაცრმა და სამხედრო საკითხებში არცთუ ისე ურიგოდ გარკვეულმა ბერიამ, თავის ჩვეულ სტილში მოჰკიდა ხელი საქმეს. კავკასიაში ჩამოვიდა და ფრონტის შტაბ-ბინას სოხუმში მოუძებნა ადგილი. ბერია იქ თათბირებს ატარებდა, რომლებზეც ოპერატიულად იხილებოდა და წყდებოდა ყველა პრობლემა. თუმცა, ბერია უმეტეს დროს მაინც ფრონტის წინა ხაზზე ატარებდა, სადაც კიდევ ერთი შტაბი ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომელიც მტრის საცეცხლე წერტილებიდან ხუთასიოდე მეტრში მდებარეობდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მტრის საარტილერიო შეტევის შედეგად, გამსკდარი ნაღმის ნამსხვრევები სწორედ იმ კომუფლირებული ბლინდაჟის თავზე დაცემულა, სადაც ბერია იმყოფებოდა. ბერიას პირადი მძღოლი და შემდგომში მისი დაცვის უფროსი, რაფაელ სარქისოვი იხსენებდა: „კავკასიის ფრონტზე ერთ-ერთი ყოფნის დროს, ფრონტის სამხედრო ხელმძღვანელობა, კონსტანტინე ლესელიძის მეთაურობით, ლავრენტი პავლოვიჩი და ჩვენ, მისი თანმხლებნი, კავკასიონის ქედის ერთ-ერთ კომუფლირებულ ბლინდაჟში ვიმყოფებოდით და ფაშისტების მოწინავე პოზიციებიდან ექვსასი მეტრით ვიყავით დაშორებულები. ბერიას უზარმაზარი ბინოკლი ეჭირა ხელში და მტრის პოზიციებს ათვალიერებდა, თან მითითებებს აძლევდა კონსტანტინე ლესელიძეს. მე, ბერია რომ არ გამეღიზიანებინა, მისგან ორიოდე მეტრის მოშორებით, წინ ვიდექი, რომ ყოველი შემთხვევისთვის, ფაშისტი სნაიპერის ტყვიისგან დამეცვა. ლავრენტი პავლოვიჩმა გამაფრთხილა, რომ წინ არ დავდგომოდი, მაგრამ მე ეს მევალებოდა და ამიტომ ორიოდე მეტრით წინ წავიწიე. ბერიამ ითმინა, ითმინა და ბოლოს მითხრა:
– რაფიკ! გვერდზე გაიწიე და წინ ნუ მიდგეხარ, ხომ გაგაფრთხილეო.
ბერიამ ეს სიტყვები რომ მითხრა, მარცხნივ გაიწია, რომ იქვე მდგომ გენერალ ლესელიძისთვის ხელით რაღაც ეჩვენებინა. მე მარჯვნივ გავიწიე და ჩვენ ორის მოძრაობა ერთდროულად განხორციელდა. იმავე წამს კი მტრის პოზიციებიდან ნატყორცნი ნაღმის ნამსხვრევი კომუფლაჟში გაძვრა და ზუსტად იმ თავისუფალ სივრცეში გაიარა, მე და ბერიამ რომ დავტოვეთ. უკან მაგიდა იდგა, მასზე კი, ზუსტად ბერიას გულ-მკერდის სიმაღლეზე, შენიღბული სამოვარი, რომელშიც ჩაი ესხა. ნამსხვრევმა სამოვარი გაგლიჯა და ბერია და მე ერთდროულად რომ არ გავწეულიყავით, შესაძლოა, ნაღმის ნამსხვრევს ორივე გავეგლიჯეთ. ყოველ შემთხვევაში, მე სიკვდილი არ ამცდებოდა. სამოვრის გაგლეჯა იყო და მე და გენერალმა ლესელიძემ ერთდროულად „დავაფარეთ“ ბერიას, როგორც ამას პირადი დაცვის სამსახურში უწოდებენ. ანუ, ბერია მიწაზე დავაგდეთ და ორივე ერთდროულად გადავეფარეთ, ისე, რომ პენსნეც კი გავუტეხეთ. მეტი გასროლა აღარ ყოფილა და ბერია რომ ფეხზე წამოდგა, ჯერ გატეხილ პენსნეს დახედა და თავი გააქნია. შემდეგ დასვრილი ტანსაცმელი გაიბერტყა და მე და ლესელიძეს ნახევრად ხუმრობით გვითხრა:
– ისე დამაგდეთ ძირს, ლამის კისერი მომტეხეთ და ტყვია მომკლავდა თუ თქვენ, რა მნიშვნელობა ჰქონდაო.
– ნაღმის ნამსხვრევი იყო, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვუთხარი ბერიას და გაგლეჯილ სამოვარზე მივანიშნე, საიდანაც თქრიალით მოდიოდა ცხელი ჩაი.
ბერიამ სამოვარს შეხედა, შემდეგ სამოვრის წინ არსებულ სივრცეს, სადაც სამიოდე წუთის წინ ვიდექით და მითხრა:
– კიდევ კარგი, რომ იძულებით გაგწიე გვერდით, თორემ ახლა მკვდარი იქნებოდი. ჯიუტი კაცი ხარ, რაფიკ. შენნაირი სომეხი ჯერ არ შემხვედრია. თანაც, პენსნეც გამიტეხე. ახალი შენზეაო.
რაც მართალია, მართალია, რომ არა ბერიას იძულება, ნაღმის ნამსხვრევი მომკლავდა და ლავრენტი პავლოვიჩმა სიკვდილს გადამარჩინა.“
იმავე დღეებში, როგორც რაფაერ სარქისოვი ყვებოდა, ბერია თათბირს ატარებდა სოხუმში. საღამოს ექვსი საათისთვის კი, თავის რეზიდენციაში ბრუნდებოდა, რომელიც ეშერაში მდებარეობდა. ბერიას ავტომობილს დაცვის ერთი მანქანა მიუძღოდა წინ. რეზიდენციამდე ორასიოდე მეტრში მოსახვევი იყო, სადაც მანქანებმა სვლა შეანელეს. უცებ, ფიჭვნარიდან უწყვეტი ავტომატური ცეცხლის ნაკადი წამოვიდა ორივე მანქანის მიმართულებით. ინტენსიური სროლა სულ რაღაც ნახევარ წუთს გაგრძელდა, თანაც ისე, რომ დაცვამ საპასუხო გასროლა ვერ მოასწრო. მოკლეს რვა ადამიანი. შვიდი დაცვის წევრი და ბერიას ორეული – რასულ კოკინიანი... საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას საჭიროებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სტალინის სპეციალური განკარგულებით, მას ორეული მოუძებნეს და მტრის თვალის ასახვევად და დასაბნევად, კოკინიანს უწევდა ბერიას როლის თამაში. მთელი „ჩეკა“ ფეხზე დადგა და იმავე ღამეს დააკავეს ჩოლიკ აშუბას რვაკაციანი ტერორისტული ჯგუფი, რომელიც ბერიას მიერ განადგურებული ლაკობასა და მისი კლანის ნარჩენებს წარმოადგენდა. დიდი ხანია, ბერიაზე კბილებს ილესავდნენ და ფაშისტური გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობდნენ. ტერორისტები ორი დღის განმავლობაში სასტიკად აწამეს სოხუმის „ჩეკაში“, ბერიამ კი ისინი საკუთარი ხელით დახვრიტა.“
скачать dle 11.3