№31 რა რჩევა მისცა სტალინმა რომის პაპს
ისტორიკოსი პავლე ადამოვი წერს: „სტალინი ძველი სემინარისტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის (სტალინი), მარქსისტულ-რევოლუციური მოღვაწეობის გამო, სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს, მაინც მართლმადიდებლური ქრისტიანობის ტრადიციებზე იყო გაზრდილი. ამასთანავე, საბჭოთა ბელადმა ზედმიწევნით კარგად იცოდა საეკლესიო რიტუალების შესრულება და ღრმად წვდებოდა მის არსში. სტალინი იმდენად ღრმად იყო განსწავლული რელიგიაში, რომ ყველა რანგის ღვთისმეტყველთან შეეძლო თეორიული პაექრობა და მას ამ საკითხში ვერავინ ამარცხებდა. 1939 წლის 2 მარტს, კათოლიკური ეკლესიის ახალ მესაჭედ პაპი, პიუს მეთორმეტე აირჩიეს. რიგით 260-ე პონტიპიკოსი ღრმად განსწავლული და ძალაუფლებიანი ადამიანი იყო. მას მსოფლიოში კათოლიციზმის გაძლიერების საკუთარი, კარგად გააზრებული გეგმა ჰქონდა. პიუს მეთორმეტე იმედოვნებდა, რომ უზარმაზარ საბჭოეთშიც შეძლებდა კათოლიციზმის აღორძინება-განვითარებას და, როგორც ეს მოქნილ, ჭკვიან პოლიტიკოსს შეეფერება, სტალინთან დაახლოება სცადა. საამისოდ კი, მან (რომის პაპმა) 1939 წლის 30 მარტს, მოსკოვში თავისი ერთგული კარდინალი ალოიზიო მიავლინა. ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ვატიკანს, საბჭოთა კავშირში საკუთარი წარმომადგენლობა არ ჰქონდა. ამიტომ, იშვიათ კონტაქტებს ჩვენთან ვატიკანი იტალიის საელჩოს მეშვეობით ახორციელებდა. 1939 წლის 27 მარტს იტალიის საელჩოდან ახალი რომის პაპის, პიუს მეთორმეტეს წერილი მოვიდა, რომელშიც ის პირადად გვთხოვდა, სტალინს მისი წარმომადგენელი მიეღო. მე ეს წერილი სტალინს მივუტანე. მან წაიკითხა და მითხრა:
– როგორც ეტყობა, ახალ პონტიპიკოსს თავისი გავლენის სფეროს გაფართოება სურს, ახლა ჩვენ დაგვადგა თვალი და ამიტომ მთხოვს, რომ მისი წარმომადგენელი მივიღო. აი, ნახე, თუ ის ვატიკანის წარმომადგენლობის მოსკოვში გახსნაზე არ ალაპარაკდეს.
– მასე ფიქრობ? – ვკითხე სტალინს.
– ზუსტად ვიცი ეს, – ჩაეცინა სტალინს და დააყოლა, – ბერიას შპიკებმა რომის წმიდა ტახტზეც შეაღწიეს. ჩემი თანხმობის დასტური გაუგზავნე პაპს. მოვიდნენ, მოსინჯონ ნიადაგი. ვნახოთ, რა გამოვა აქედან.
1939 წლის 30 მარტს, ახალგაზრდა კარდინალი ალოიზიო საღამოს რვა საათზე, სტალინის კაბინეტში შემოიყვანა პოსკრებიშევმა, სადაც სტალინის სურვილით, მეც ვიმყოფებოდი. ძვირფას, რელგიურ სამოსში გამოწყობილმა ალოიზიომ კაბინეტს კათოლიკურ ყაიდაზე გადასახა ჯვარი. შემდეგ სტალინსა და მე ჩამოგვართვა ხელი და გამართული რუსულით ალაპარაკდა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა და პონტიპიკოსის ერთგული კარდინალი დიპლომატიური ხერხებით სინჯავდა ნიადაგს. ბოლოს სტალინს უთხრა:
– წმიდა მამას (რომის პაპს) დიდი სურვილი და დიდი იმედი აქვს, რომ მოსკოვში ვატიკანის წარმომადგენლობის გახსნის ნებას დაგვრთავთ.
სტალინი ელოდა ასეთ სიტყვებს და ალოიზიოს ჰკითხა:
– რა დატვირთვა ექნება ამ ნაბიჯს – რელიგიური თუ პოლიტიკური?
– რელიგიურიც და პოლიტიკურიც, – მომზადებული, მტკიცე პასუხი გასცა ალოიზიომ სტალინს.
– ვფიქრობ, ეს ნაბიჯი არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან, – თქვა სტალინმა.
– რატომ? – იკითხა პონტიპიკოსის ერთგულმა კარდინალმა.
– პოლიტიკურად იმიტომ, რომ მართალია, წმიდა ტახტი გამოყოფილია იტალიის სახელმწიფოდან, მაგრამ დუჩესადმი (ბენიტო მუსოლინი) პატივისცემიდან გამომდინარე, რომელიც ერთიანი ტერიტორიის მმართველია, სადაც დამოუკიდებელი ვატიკანიც შედის, არაპარტნიორული და პოლიტიკურად გაუმართლებელია, მისი ერთი ბეწო ანკლავთან პოლიტიკური კავშირი.
– ბოდიშს გიხდით, თქვენო აღმატებულებავ, მაგრამ ეს ერთი ბეწო ანკლავი, ანუ წმიდა ტახტი, მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს მართავს. მათი რიცხვი კი უზარმაზარია, დიდი გავლენა აქვს დედამიწაზე და პონტიპიკოსი უძლევამოსილესი ადამიანია. ამიტომ, ვფიქრობთ, ასეთი კავშირი მხოლოდ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.
სიტყვაგაწყვეტილმა სტალინმა ბოლომდე მოთმინებით მოუსმინა კარდინალს და უთხრა:
– უძლევამოსილესი მხოლოდ ღმერთია და არა მისი მეცამეტე მოციქული, როგორც პონტიპიკოსს კათოლიკეები უწოდებთ. რაც შეეხება, თქვენი წინადადების მიუღებლობას რელიგიური კუთხით, – რუსეთი ქრისტიანული მართლმადიდებლობის უმდიდრესი ტრადიციების ქვეყანაა. აქ კათოლიციზმის ცენტრის გახსნას მტკივნეულად მიიღებს ხალხი. ჩვენ კი, ვგულისხმობ, საბჭოთა მთავრობას, ისედაც მრავალჭირნახულ ადამიანებს ზედმეტ ტკივილს ვერ მივაყენებთ.
კარდინალმა პირი დააღო და მეორედ სცადა, სიტყვა გაეწყვეტინებინა სტალინისთვის, მაგრამ მან (სტალინმა) ხელით ანიშნა, – გაჩერდიო და განაგრძო, – თქვენ, ალბათ, იმის თქმა გინდათ, უღმერთო სახელმწიფო გაქვთ, სადაც ღმერთის ტაძრებს ანგრევდნენო. მაგრამ, გარწმუნებთ, ამ ბოროტების მქმნელნი დიდი ხანია, დასჯილები არიან და ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვიან. ხალხმა ეს იცის და ამიტომაც გვაქვს მათი დიდი მხარდაჭერა. ამიტომ სწამთ მათ ჩვენი და ამ რწმენას ვერ შევურყევთ.
სტალინის სიტყვებმა კარდინალი დაამუნჯა და დააბნია. სტალინმა კი მას ჰკითხა:
– რამდენი წლის ბრძანდებით?
– ოცდათხუთმეტის, – თქვა ალოიზიომ.
– მე სამოცის ვხდები. თქვენზე ბევრად უფროსი ვარ და არამც თუ უფროსებს, ჩემზე ბევრად უმცროსებსაც კი, არასდროს ვაწყვეტინებ სიტყვას.
აუდიენცია ამ ნოტზე დასრულდა და პონტიპიკოსის პირადი წარმომადგენელი იმავე ღამეს გაფრინდა რომში.“
სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ თვით რომის პაპისთვისაც დაეთმო რამე, თუკი ეს მას (სტალინს) ხელს არ აძლევდა. მაშინ კი საბჭოთა ბელადს ჰიტლერთან და მუსოლინისთან კარგი ურთიერთობა უფრო სჭირდებოდა. პონტიპიკოსი კი მათ არ სწყალობდა და პიუს მეთორმეტემ ალოიზიოს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, ფართო „ანტიდიქტატორული მოღვაწეობა“ გააჩაღა და ჰიტლერსა და სტალინს ეშმაკის მოციქულ უღმერთოებად მოიხსენიებდა. მათ სახელებს ანათემას გადასცემდა და შანსს არ უშვებდა ხელიდან, მათი მოქმედებები არ დაეგმო. ჰიტლერმა, სტალინის მსგავსად, პიუს მეთორმეტის პირადი წარმომადგენელი მიიღო და მანაც უარი უთხრა ვატიკანის წარმომადგენლობის გახსნაზე ბერლინში. პონტიპიკოსი განსაკუთრებით გააქტიურდა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დადების შემდეგ. პოლონეთის გერმანულ-საბჭოური ოკუპაციით გაღიზიანებულმა კი, თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, ევროპას სტალინ-ჰიტლერის კავშირის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლისკენ მოუწოდა. სტალინი მხოლოდ ულვაშებში იღიმებოდა პონტიპიკოსის ყოველ გამოსვლაზე. საბჭოთა ბელადმა ყოველთვის წინასწარ იცოდა ახალი პაპის მორიგი აზრები, რადგან, საბჭოთა პოლიტიკური დაზვერვის თანამშრომლები წმიდა ტახტის უმაღლეს ეშელონებში იყვნენ მოკალათებულები. პაპისგან იღებდნენ ინფორმაციას, რომელიც უმალვე სტალინთან ხვდებოდა. არცთუ იშვიათად, სტალინის სურვილისამებრ აკეთებდა განცხადებებს პონტიპიკოსი და ამის მიმართულებას მას წმიდა სამოსში გამოწყობილი „ენკავედეს“ აგენტები აძლევდნენ. საინტერესო ისტორიას იხსენებს იგივე მოლოტოვი: „საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომის დაწყებიდანვე, რომის პაპი მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა და ომის შეწყვეტისკენ მოგვიწოდებდა. სტალინი კი, ამაზე საერთოდ არ რეაგირებდა და რომის პაპის განცხადებებზე მხოლოდ ულვაშებში ეღიმებოდა. 1939 წლის 30 დეკემბერს იტალიის საელჩოს პოლიტიკურმა მდივანმა პონტიპიკოსის საპროტესტო წერილი მომიტანა, რომელიც სტალინისთვის იყო განკუთვნილი და ფინეთთან ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა. ორიგინალი ლათინურად იყო შედგენილი, იტალიელებს კი რუსული თარგმანიც დაერთოთ თან. მე საელჩოს მდივანი კრემლში წავიყვანე და ორივე ერთად ვეახელით სტალინს. სტალინმა იტალიელს ორივე წერილი გამოართვა. რუსული თარგმანი მაგიდაზე დადო და რადგან ლათინურს ჯერ კიდევ სემინარიიდან სანიმუშოდ ფლობდა, ორიგინალში წაიკითხა პიუს მეთორმეტის მკაცრი ტონით დაწერილი ბულა. რომ ჩაამთავრა, წითელი ფანქარი ამოიღო, წერილს რაღაც მიაწერა ლათინურადვე და მომტანს უთხრა: წერილი ამ წარწერით უკანვე გადაეგზავნა რომში, ვატიკანში. იტალიის საელჩოს პოლიტიკური მდივანი რომ წავიდა, სტალინს ვკითხე:
– კობა, რა მისწერე პაპს?
სტალინს გაეცინა და მიპასუხა:
– ასე რომ მემუქრებით, იქნებ გამიმხილოთ, რამდენი თვითმფრინავი და ტანკი გყავთ? ფუჭ მუქარებს, გირჩევთ, ჭეშმარიტ რწმენაში გაძლიერდეთ-მეთქი.
სტალინის პასუხის შემდეგ, პონტიპიკოსის ვნებები ოდნავ დაცხრა და სტალინისთვის წერილი აღარ გამოუგზავნია.“